დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 28.04.2016
საქმის ნომერი
2კ-561აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №561აპ-15 ქ. თბილისი

ტ-ი ზ. 561აპ-15 28 აპრილი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ქეთევან ვაშაკიძის

ადვოკატების - დ. დ-ისა და ჯ. მ-ის

გამართლებულების - ზ. ტ-ისა და ვ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ბრალი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, კერძოდ:

2. ზ. ტ-მ მოიპოვა სათამაშო აპარატების მეხსიერების ბარათები. აღნიშნულ ბარათებზე განთავსებული იყო ინფორმაცია და სათამაშო აპარატში მისი ჩამონტაჟებისა და სპეციალური კოდის შეყვანის შემთხვევაში, სათამაშო აპარატი კომპანიის მიერ დადგენილი ზღვრული ოდენობის მიუხედავად, იწყებდა თანხის ულიმიტო გაცემას. ზ. ტ-ი შეუთანხმდა შპს „…..“ ….. ფილიალის თანამშრომელ ვ. გ-ს, რომ აღნიშნულ ფილიალში განთავსებულ აპარატებში არსებული მეხსიერების ბარათების ნაცვლად ჩაემონტაჟებინა მის მიერ მოპოვებული მეხსიერების ბარათები, რის შემდეგაც ზ. ტ-ი, სპეციალური კოდის გამოყენებით, ითამაშებდა მეხსიერების ბარათშეცვლილ აპარატებზე. ამ გზით ისინი თაღლითურად დაეუფლებოდნენ ფულად თანხას და გაინაწილებდნენ ერთმანეთში. ვ. გ-მ სათამაშო აპარატებში ჩაამონტაჟა აღნიშნული ბარათები.

3. ზ. ტ-ი 2013 წლის ივნისიდან 2013 წლის ოქტომბრამდე სპეციალური კოდის გამოყენებით სისტემატურად თამაშობდა ქალაქ ….. არსებულ შპს „…..“ ფილიალში იმ აპარატებზე, რომლებშიც ვ. გ-ს ჰქონდა ჩამონტაჟებული მოდიფიცირებული ინფორმაციის შემცველი მეხსიერების ბარათები. მოგებულ თანხას კი სს „…..“ ….. ფილიალში არსებული სწრაფი ჩარიცხვების აპარატის მეშვეობით რიცხავდა ვ. გ-ის მეუღლის - ნ. წ-ის საბანკო ანგარიშსა და თავისი მეგობრის, ლ. ქ-ის მეუღლის - შ. ს-ას კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, ხოლო თანხის ნაწილს თავისთვის იტოვებდა.

4. ზ. ტ-მ მოიპოვა და გადარიცხა ნ. წ-ის ანგარიშზე 13243 ლარი, ხოლო შ. ს-ას ანგარიშზე - 16650 ლარი. ზ. ტ-მ ვ. გ-ს ასევე გადასცა შპს „…..“ თაღლითურად დაუფლებული თანხა - 500 ლარი. ასევე ზ. ტ-საგან ჩხრეკისას ამოღებულ იქნა შპს „…..“ თაღლითურად დაუფლებული თანხა 6500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხერხის გამოყენებით ზ. ტ-ი და ვ. გ-ი ქ. ….. 2013 წლის ივნისიდან 2013 წლის ოქტომბრამდე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ შპს „…..“ კუთვნილ ფულად თანხას დიდი ოდენობით, კერძოდ - 36893 ლარს.

5. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განაჩენით:

6. ზ. ტ-ი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.

7. ვ. გ-ი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდა.

8. გამართლებულებს უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.

9. ნივთმტკიცება: ფულადი თანხა - 6500 ლარი, ერთი „ეპლის“ ფირმის ნოუთბუქი, ორი შავი ფერის კომპიუტერის პროცესორი, ერთი „ეპლის“ ფირმის მობილური ტელეფონი „აიფონ“ 4, ერთი „htc“ ფირმის მობილური ტელეფონი, ვ. ჯ-ს მიერ წარმოდგენილი ორი ცალი მიკროსქემა, ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 9 ცალი მიკროსქემა, ნ. მ-ის მიერ წარმოდგენილი ორი ცალი მიკროსქემა, აპარატი №1-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №2-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №3-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №4-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №9-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №10-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №13-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №14-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №15-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №16-დან ამოღებული მიკროსქემა, აპარატი №20-დან ამოღებული მიკროსქემა, რომლებიც დალუქული ინახება შსს თელავის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს. ერთი ცალი CD დისკი სს „…..“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

10. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

11. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ზ. ტ-სა და ვ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და შესაბამისი სასჯელების დანიშვნას.

12. საკასაციო პალატის სხდომაზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

13. საკასაციო პალატის სხდომაზე გამართლებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. მ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა ვ. გ-ი.

14. საკასაციო პალატის სხდომაზე გამართლებულ ზ. ტ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. დ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, რასაც დაეთანხმა ზ. ტ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ზ. ტ-სა და ვ. გ-ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ. ტ-სა და ვ. გ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

3. მოწმე, დაზარალებულის წარმომადგენელ ნ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის აპრილიდან მუშაობს „…..“ მენეჯერის თანამდებობაზე. იმავე სამსახურში ტექნიკოსის თანამდებობაზე მუშაობდა ვ. გ-ი. მას ევალება, დღის ბოლოს მონიტორიდან ამოიწეროს აპარატების მაჩვენებლები, რა თანხა შევიდა და გავიდა აპარატიდან და გააგზავნოს სათავო ოფისში. ვ. გ-ს ევალებოდა უზრუნველეყო აპარატის პროგრამული გამართულობა. მასვე შეხება ჰქონდა აპარატის იმ ნაწილებთან, რითაც ფუნქციონირებს აპარატი. სამსახურში ასევე მუშაობდა სხვა ტექნიკოსი, მ. მ-ი, მაგრამ მას მხოლოდ ელექტროობის გამართულობა ევალებოდა. აპარატი შეიძლება გაიხსნას ხშირად, მაგალითად, გაჭედილი ფულის ამოსაღებად. აპარატის ნაწილები არის რკინის ყუთში, რომელსაც ვერავინ ეხება. როდესაც აპარატი იხსნება, ესწრება თვითონ, დაცვის თანამშრომელი და ტექნიკოსი. ფულის ჩასაყრელი ნაწილი მოთავსებულია აპარატის კართან, ხოლო ის ნაწილი, სადაც პროგრამაა ჩაწერილი, რკინის ყუთში, უშუალოდ აპარატში მდებარეობს. მას აქვს ცალკე გასაღები. გასაღები ინახებოდა ტექნიკოსთან. მისი მუშაობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც დაზიანდა აპარატის ის ნაწილი, სადაც თამაშებია ჩაწერილი და შეცვალეს. ამ ნაწილის გამოწერა ხდება სათავო ოფისიდან, კონკრეტულად რა საშუალებით, მისთვის უცნობია. მაისიდან შენიშნეს, რომ ფილიალი წაგებაზე მუშაობდა, სექტემბრის თვეში წაგებამ იმატა. მან ვ. გ-ს დაავალა, რომ შეემოწმებინა აპარატები, გ-მ უთხრა, რომ აპარატები მწყობრში იყო. შემდეგ ამის თაობაზე შეატყობინა ლ. ჯ-ს, თ. წ-ს და გ. გ-ს, რომელთაც გამოგზავნეს ტექნიკოსი. გამოგზავნილმა ტექნიკოსმა შეამოწმა აპარატები, განმარტა, რომ ტექნიკურად ყველა აპარატი გამართული იყო. ზ. ტ-ი მათი ყოველდღიური კლიენტი იყო. თამაშისას ზ. ტ-ი ხშირად დიდ თანხებს იგებდა. საერთოდ ასე არ ხდება, აპარატმა ყოველთვის იცის, რა თანხა გასცეს, ისე, რომ საბოლოოდ ,,მოგებაში დარჩეს“. ამ შემთხვევაში სხვაგვარად ხდებოდა. ზ. ტ-ი ჩეკით იღებდა მოგებულ თანხებს, რაც არსად არ ფიქსირდებოდა. მისთვის ცნობილია, რომ თბილისში, სათავო ოფისში, ვ. გ-მ აღიარა, რომ ვინაიდან მას სჭირდებოდა ფული, ზ. ტ-ის დახმარებით, აპარატებს შეუცვალა ჩიპები. ხსენებულ საუბარს თვითონ არ დასწრებია, იცის გადმოცემით. ზ. ტ-ს თამაშისას რაღაც კოდი შეჰყავდა და იგებდა ფულს. აღნიშნული ზ. ტ-მ დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. მანვე განმარტა, რომ აპარატის ის ნაწილი, სადაც მიკროსქემებია მოთავსებული, ამოიღეს და ექსპერტმა გასცა დასკვნა, რომ აპარატი დაჩიპული იყო. ტექნიკოსმა დაჩიპულივე დალუქა და ისევ მოათავსეს სათამაშო აპარატში. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ დაკვირვებოდნენ, ვინმეს ისევ ორიგინალი არ ჩაედო, ამის მერე უფრო ცუდად წავიდა ფილიალის მოგების საქმე, ფილიალს მიადგა 151000 ლარის ზიანი.

4. მოწმე თ. წ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა შპს „…..“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. შპს „…..“ ….. ფილიალმა განიცადა 154152,74 ლარის ზიანი. ზიანი გაიანგარიშეს 2013 წლის ივლისიდან ოქტომბრის თვის ნახევრამდე. ბრალდებულმა მიუთითა დაჩიპული აპარატების თაობაზე გ-ს, რომელმაც მას უთხრა, რომ ამ აპარატების ზიანი გამოეთვალა. ივლისში კომპანიამ განიცადა მინუს 3479,40 ლარის ზიანი. მათ გაიანგარიშეს წინა ექვს თვეში აპარატების შემოსავალი ოდენობა და აქედან გამოთვალეს საშუალო შედეგი, თუ რა მოგება უნდა მიეღო აპარატს. დაჩიპული აპარატების ცალკე მინუსი ივლისის თვეში არის 17755 ლარი, მიუღებელი მოგება - 15870,42 ლარი, სულ მთლიანი ზარალი - 33625 ლარი. აგვისტოს თვეში მთლიანი მინუსი არის 308 ლარი და 29 თეთრი, დაჩიპული აპარატების მინუსი - 25642,76 ლარი. მიუღებელი მოგება - 12206,40 ლარი, სულ - 37849 ლარი და 16 თეთრი. სექტემბრის თვეში მთლიანი ზარალი არის მინუს 23696 ლარი და 80 თეთრი. დაჩიპული აპარატების მინუსი არის 50444 ლარი და 61 თეთრი, მიუღებელი მოგება - 15933 ლარი და 15 თეთრი. მთლიანად კომპანიის ზარალი არის - 57377 ლარი და 76 თეთრი. ოქტომბერში მთლიანი ზარალი არის მინუს 4103 ლარი და 77 თეთრი, დაჩიპული აპარატების მინუსი - 16783 ლარი და 82 თეთრი, მიუღებელი მოგება - 8516 ლარი და 59 თეთრი. სულ ზარალი - 25300 ლარი და 25 თეთრი. მანვე განმარტა, რომ სათამაშო ბიზნესი არ არის წამგებიანი, ზარალს არასდროს განიცდის კომპანია. ისინი გათავისუფლებულნი არიან მოგების გადასახადისაგან, იხდიან მოსაკრებელს. ვინაიდან კომპანია ,,გავიდა მინუსზე“, მან გ. გ-ს დავალებით და ნ. მ-ს მიერ ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიანგარიშა ზიანი. აპარატების მრიცხველები აჩვენებენ შესულ და გასულ თანხებს და მათ შორის სხვაობით ანგარიშდება მოგებული თანხა. აპარატმა შესაძლოა ერთ თვეს აჩვენოს ,,ცოტა მინუსი“, მაგრამ მეორე თვეს აუცილებლად გამოსწორდება. აპარატი იძლევა საშუალებას, რომ გაკეთდეს ყოველდღიური ბალანსი.

5. მოწმე გ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „…..“ დირექტორის თანამდებობაზე. 2013 წლის ოქტომბრის თვეში იყო შპს „…..“ დირექტორის მინდობილი პირი. მას ევალებოდა ყველაფრის კონტროლი. დაახლოებით ივლისიდან სექტემბრის თვემდე შეამჩნიეს, რომ მათ აპარატებს ჰქონდათ არანორმალურად მაღალი გაცემა. მან მიმართა შპს „…..“, ვისგანაც მათ აპარატები ჰქონდათ იჯარით აღებული. შპს-მ გაუშვა ტექნიკოსების ჯგუფი, მაგრამ პირველად დარღვევა ვერ აღმოაჩინეს. მეორე ჩასვლაზე დაადგინეს, რომ აპარატები იყო დაჩიპული და დალუქეს. იმ პერიოდში „…..“ ….. ფილიალის ტექნიკოსი იყო გ-ი, სახელი არ ახსოვს. მანვე განმარტა, რომ „…..“ არის სავაჭრო ნიშანი, რომლითაც სარგებლობის უფლება ჰქონდათ შპს „ფ “ და შპს „ჯ “. კომპანიას „…..“ სახელწოდება მიენიჭა 2013 წლის ოქტომბერში. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ დაანგარიშდა სააგენტოს წინა პერიოდის საშუალო შემოსავალი და პრობლემური თვეების, ივლისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მიღებული შემოსავალი, გამოიყვანეს სხვაობა. კომპანიამ ზარალი მიუღებელ მოგებასთან ერთად განიცადა დაახლოებით 154000 ლარი. უშუალოდ დაუფლებული თანხა იყო 101000. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, მათ შეიტანეს განცხადება კიბერდანაშაულის განყოფილებაში. თვითონ, დაცვის სამსახურის უფროსი და ლ. ესაუბრნენ ტექნიკოს გ-ს. უთხრეს, რომ ჩიპები იყო დალუქული და ელოდებოდნენ ექსპერტიზას. მათ კომპანიაში აპარატების გამართულობის საკითხი ეხება ტექნიკოსს. ტექნიკოსს უფლება ჰქონდა გაეხსნა აპარატი და შეეკეთებინა. პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, ტექნიკოსს აპარატი კონკრეტული პირის დასწრებით უნდა გაეხსნა. გ-მ მათთან საუბარში აღიარა, რომ აპარატებში ჩიპები მან მოათავსა, რის გამოც ზარალის ანაზღაურება მოსთხოვეს გ-ს. მანვე განმარტა, რომ იმ პერიოდში არ ყოფილა ისეთი სხვა ფაქტორი, რასაც შეეძლო კომპანია ,,ზარალზე გაეყვანა“.

6. მოწმე ნ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის ოქტომბრის ბოლოდან მუშაობდა კომპანია „ჯ “ ….. ფილიალის დირექტორად. მან გადმოცემით იცის, რომ ტექნიკური საშუალებების მოწყობილობებით მისთვის უცნობი ადამიანები იღებდნენ მისთვის უცნობი რაოდენობის ფულს. ზიანი დაიანგარიშეს ბუღალტრებმა. დაანგარიშების პრინციპი მისთვის უცნობია. დაანგარიშების მეთოდი არის სტატისტიკური მონაცემები და დადგინდა, რომ ზიანის ოდენობა არის 151000 ლარი. მისი დირექტორობის პერიოდში ბუღალტერი იყო ი. ბ-ა, რომელმაც მისი დავალებით დაიანგარიშა ზიანი, ხოლო უშუალოდ იმ პერიოდში, როდესაც მოხდა დანაშაული, ვინმე თ. იყო ბუღალტერი, გვარი არ ახსოვს, ხოლო მენეჯერი არის ნ. მ-ი. მანვე განმარტა, რომ იმ დროს, როდესაც დანაშაული მოხდა, არ იცის, სათამაშო აპარატები იყო თუ არა დალუქული.

7. მოწმე ი. ი-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იცნობს ვ. გ-სა და ზ. ტ-ს. ვ. გ-ი იყო მისი თანამშრომელი, ხოლო ზ. ტ-ს დიდი ხანია იცნობს და მეგობრობს. იგი მუშაობდა „ე “ მოლარედ. ტოტალიზატორში მოლარე ბილეთს ბეჭდავს, შემდეგ თანხის სანაცვლოდ გადასცემს მოთამაშეს, ხოლო მოგების შემთხვევაში ანაღდებს თანხას. სათამაშო აპარატები მას საერთოდ არ ეხებოდა. მან უბრალოდ გაიგო, რომ ზ. და ვ. დააპატიმრეს, სხვა არაფერი არ იცის.

8. მოწმე შ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „გ “. მას აქვს „…..“ საკრედიტო ბარათი, სადაც, როგორც კარგ გადამხდელს, დაერიცხა თანხა, რასაც იყენებდა. როდესაც თვითონ იმყოფებოდა რუსეთში, მისი ბარათით სარგებლობდა მეგობარი - დ. გ-ა, მის ბარათს ასევე იყენებდა მეუღლე, ლ. ქ-ი. დ. გ-მ უთხრა მას, რომ მისი ვალი ჰქონდათ სხვა პირებს და ვალი რომ დაებრუნებინათ, უნდა დაერიცხათ ბარათზე. ამ მიზნით გამოართვა მას საკრედიტო ბარათი. დ. გ-მ მას ასევე სთხოვა, რომ გადარიცხული თანხები მას გამოეტანა, ეს თანხები იყო ხან 1000 ლარი, ხან - 800 ლარი. ეს ხდებოდა 2013 წლის ზაფხულის პერიოდში. მისი მეუღლეც იცნობდა დ. გ-ს და მისმა მეუღლემაც იცოდა, რომ დ. გ-ა სარგებლობდა მისი ბარათით. მოგვიანებით მას მეუღლემ უთხრა, რომ სინამდვილეში ბარათი არა დ. გ-ს, არამედ მას სჭირდებოდა, მოატყუა იგი და ბარათით ის სარგებლობდა.

9. მოწმე ნ. წ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ვ. გ-ი არის მისი მეუღლე, მასთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მას 2013 წელს „…..ბანკში“ გახსნილი ჰქონდა ანგარიში. იგი შორიდან იცნობს ზ. ტ-ს. 2013 წელს მოლარედ მუშაობდა „ე “. ტ-ი იქ სათამაშოდ მიდიოდა, თუმცა რამდენად ხშირად, არ ახსოვს. მას არ ახსოვს, მეორე საბანკო ანგარიში გახსნილი აქვს თუ არა, მაგრამ თუ არსებობს, აუცილებლად მისი გახსნილი იქნება.

10. მოწმე ლ. ქ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 5 წელია იცნობს ზ. ტ-ს და მეგობრობს მასთან. მას როდესაც ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ხშირად ეხმარებოდა ზ. ტ-ი, სესხის სახით აძლევდა ფულს. 2013 წელს რა რაოდენობის ნასესხები თანხა ჰქონდა ზ-სგან, ზუსტად არ ახსოვს. ისინი ხან ხელზე აძლევდნენ ერთმანეთს ფულს, ხან მისი მეუღლის კუთვნილ „…..ბანკის“ საკრედიტო ბარათზე რიცხავდნენ. ზ. საიდან ჰქონდა შემოსავალი, არ უკითხავს და არ იცის. მანვე განმარტა, რომ რადგან მისი მეუღლე ეჭვიანობდა მასზე, მისი თხოვნით დ. გ-მ მის მეუღლეს გამოართვა საკრედიტო ბარათი და დ. გ-ს არანაირი კავშირი არ აქვს თანხების გადარიცხვებთან.

11. მოწმე მ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ზ. ტ-ი არის მისი მეუღლე. მის მეუღლეს არ ჰქონდა შემოსავალი, მათ მისი მეუღლისა და მისი მშობლები ეხმარებოდნენ და მისი სახლიდან ამოღებული 6500 ლარი არის მამამისის მიცემული.

12. მოწმე ვ. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2013 წლის ოქტომბერში მუშაობდა ქალაქ თბილისში „ე “ სამორინეში მენეჯერის პოზიციაზე. მას ევალებოდა ….. გახსნილი ელექტრონული სამორინის, კომპანია „ჯ “ აპარატურისათვის თვალყურის დევნება. აპარატები არის სხვადასხვა ფირმის - „იგროსოვთის“, „ნოვომატიკის“ და „ოდრისქსის“ ერთი ელექტრონული „რულეტი“. აპარატებზე იყო სხვადასხვა თამაშები. „იგროსოვთის“ ფირმის აპარატზე იყო თამაში „მარწყვები“. კომპანიას აქვს სხვადასხვა ტიპის თამაშები. მათ კომპანიას შეძენილი აქვს თამაშების ორიგინალები. აპარატს აქვს ფუნქცია მენიუ „in“ და „out“ რომელშიც შედიან და ნახულობენ რა გააკეთა აპარატმა. „in“ არის შესული თანხა, ხოლო „out“ გაცემული თანხა. მენიუში აპარატს აქვს ასევე ქარხნულად რამდენი უნდა გასცეს და რამდენი დაიტოვოს პროცენტულადაც. აპარატებს შეიძლება სხვადასხვა გაცემის პროცენტები ჰქონდეთ - როგორც მისთვის ცნობილია 92-დან 96 პროცენტამდე და დარჩენილი პროცენტი არის კომპანიის მოგება. აპარატებს ექსპლუატაციის ვადა არ აქვთ. კომპანიაში არიან ტექნიკოსები, რომელთაც ევალებათ აპარატების კონტროლი, თუ რამე დარღვევაა აპარატზე, ტექნიკოსი აკეთებს რეაგირებას. ნებისმიერი აპარატი მოწმდება რეგულარულად, შეიძლება დღეში რამდენჯერმე. აპარატში თამაშები ჩაწერილია დედა პლატაზე მიმაგრებულ ჩიპებში. ვ. გ-ი იყო კომპანია „ჯ“ ტექნიკოსი, მას აპარატის დედა პლატაზე წვდომა ჰქონდა. დედა პლატა არის აპარატის შიგნით ჩამონტაჟებული. მათ კომპანიას ჰყავს ტექნიკური ჯგუფი და ჯგუფის მენეჯერი და თუ რამე დაზიანდებოდა, ….. ფილიალში აწვდიდნენ მენეჯერს. მასაც მოუსმენია, პირადადაც ჩამოსულა ….. ტექნიკოსი და ტექნიკოსების ჯგუფისთვის აუხსნია რა სჭირდა აპარატებს. იმ აპარატებზე, რომლებიც შეცვლილი აღმოჩნდა, ვ. გ-ს არ მიუწვდია ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მიაწოდა მენეჯერმა ნ. და აპარატები ტექნიკურმა ჯგუფმა გადაამოწმა, მაგრამ იმ წუთას ვერ შეიტანეს ვერანაირი ეჭვი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნ. ისევ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აპარატები აგებდნენ დიდ თანხას, რაც არ შეიძლება მომხდარიყო. იგი თვითონაც ჩავიდა ….. და დალუქა აპარატები. ერთი კვირის განმავლობაში არაფერი შეიცვალა, არ ჩადგა აპარატები ნორმალურ რიტმში. ერთი კვირის შემდეგ კვლავ ჩავიდა ….. და ნახა, რომ დედა პლატებზე დადებული ლუქები დაზიანებული არ იყო. მან ტექნიკოსთან ერთად გახსნა აპარატები, რამდენიმე დააზიანა კიდეც, რისი ნებართვაც ჰქონდა და რამდენიმე დედა პლატა თბილისში ჩაიტანა, სადაც შეამოწმეს, მაგრამ სრული პასუხი იქაც ვერ მიიღეს. შემდეგ ორიგინალი დედა პლატები შეადარეს აპარატებში ჩამონტაჟებულ დედა პლატებს და სხვაობა აღმოჩნდა. სამი-ოთხი თვის განმავლობაში, დაახლოებით ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, მენეჯერი ნ. აწვდიდა ინფორმაციას, რომ აპარატები სულ აგებდა. არსებობს შემდეგი წესი: მოგების შემთხვევაში აპარატზე აღინიშნება თანხა, რასაც მოლარე ოპერატორები ნახულობენ. შემდეგ გასცემენ ჩეკს ან თანხას ადგილზე აძლევენ, გააჩნია რა თანხაა მოგებული. კომპანია „ჯ“ კლუბში დადგმული აპარატების შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებულია შემოსავლების სამსახურში. მენეჯერი აღწერს დღის მანძილზე აპარატში შესული თანხის ოდენობას. აპარატი როდესაც მუშა მდგომარეობაშია, შესული და გასული თანხები აუცილებლად ემთხვევა მენიუში (მონიტორზე) აღნიშნული თანხების ოდენობას. დედა პლატიდან თამაშის ვერსიის წაშლა თუ მოხდებოდა, აპარატი განულდებოდა. მანვე განმარტა, რომ ვ. გ-ი როდესაც მიიღეს სამსახურში, ,,თბილისში დაატრენინგეს“. მას შეეძლო ნებისმიერი აპარატის შეკეთება. მათ თბილისში დაიბარეს ვ. და მენეჯერი ნ., რომ გაერკვიათ რა ხდებოდა. ვ-მ გენერალურ დირექტორთან აღიარა, რომ იგი მარტო არ მოქმედებდა. პიროვნებამ, ვინმე ტ-მ, ვ-ს გადასცა რამდენიმე ჩიპი და გ-მაც ორიგინალები ამოიღო და ჩააყენა გადაცემული ჩიპები. ეს ჩიპები იმისთვის სჭირდებოდათ, რომ მათთვის ცნობილი კოდის გამოყენებით გაეზარდათ მოგების თანხა. ვინაიდან ვ. გ-ს არ ჰქონდა აპარატთან თამაშის უფლება, თამაშობდა ტ-ი. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ როდესაც კომპანიას აპარატებს იჯარით გადასცემენ, ვალდებულებას კისრულობენ, რომ ტექნიკურად გამართული იყოს აპარატი და ხარვეზის შემთხვევაში თვითონვე ასწორებენ.

13. მოწმე მ. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ ის ელექტროტექნიკოსად მუშაობს „ე“ ….. ფილიალში. იცნობს თანამშრომელს, ტექნიკოს ვ. გ-ს. ასევე იცნობს ზ. ტ-ს. მის მოვალეობაში შედიოდა ელექტრომომარაგება და სათამაშო მანქანებს, მხოლოდ მექანიკური დაზიანებების შემთხვევაში, მაგალითად, გასაღების დაზიანების და ა.შ. უწევდა მომსახურებას. მან მიიღო მონაწილეობა ვ. გ-ის ჩვენების ადგილზე შემოწმებაში. მან გამოძიების მითითებით გახსნა აპარატები და მათ ამოიღეს მიკროსქემები და დალუქეს. ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა 3 პიროვნება. ვ. გ-ი დარბაზში იმყოფებოდა, მაგრამ აპარატებიდან მიკროსქემების ამოღებასა და დალუქვაში მონაწილეობა, როგორც ახსოვს, არ მიუღია. მან წაიკითხა და ხელი მოაწერა შედგენილ ოქმს. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ აპარატს შიგნიდან აქვს პატარა უჯრა, სადაც მოთავსებულია ჩიპი - მიკროსქემები. ვისაც აპარატის გასაღები ექნებოდა და გახსნიდა აპარატს, მას შეეძლო თავისუფლად გაეხსნა ის ადგილი, სადაც მიკროსქემა იყო. როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს მიკროსქემები, იმ პერიოდში აპარატი დალუქული არ ყოფილა. ამჟამად დალუქულია.

14. მოწმე ი. ჯ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტის თანამდებობაზე. მან ჩაატარა ორი კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზა, რასაც ადასტურებს და ეთანხმება. გამოსაკვლევად წარმოდგენილი იყო 14 პაკეტი, ჩაატარა კვლევა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: ექსპერტიზაზე ვ. ჯ-ს მიერ წარმოდგენილ ორ ცალ, „Amic“ ფირმის, „…..“ ტიპის პროგრამირებად მეხსიერებაზე არსებული ინფორმაცია, ასევე ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ №1-დან №8-მდე მიკროსქემებზე არსებული ინფორმაცია ერთმანეთის იდენტურია. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული №9 „Amic“ ფირმის, „…..“ ტიპის მიკროსქემაზე არსებული ინფორმაცია №1-დან №8-მდე მიკროსქემებზე არსებული ინფორმაციის იდენტური არ არის.

15. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ზარალზე მომუშავე სათამაშო აპარატებიდან ამოღებულ 8 ცალ „Amic“ ფირმის, „…..“ ტიპის მიკროსქემაზე არსებული ინფორმაცია ერთმანეთის იდენტური არ არის და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან 1 ბაიტიდან 5 ბაიტამდე მოცულობის მონაცემებით.

16. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ზარალზე მომუშავე სათამაშო აპარატებიდან ამოღებულ 8 ცალ „Amic“ ფირმის, „…..“ ტიპის მიკროსქემაზე არსებული ინფორმაცია, ვ. ჯ-ის მიერ წარმოდგენილ ორ ცალ მიკროსქემაზე არსებული ინფორმაციის და ვ. გ-ის ჩხრეკისას ამოღებულ №1-დან №8-მდე მიკროსქემებზე არსებული ინფორმაციის იდენტური არ არის.

17. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, ვ. ჯ-ს ორ ცალ მიკროსქემასა და ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ №1-დან №8-მდე მიკროსქემებზე ჩაწერილია სათამაშო ავტომატის პროგრამა „Fruit Coctail …..-სათვის“ განკუთვნილი ლოგიკის მართვის პროგრამა და შეუძლებელია, დადგინდეს ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ №9 მიკროსქემასა და ზარალზე მომუშავე სათამაშო აპარატებიდან ამოღებულ 8 ცალ მიკროსქემაზე თუ რა სახის ინფორმაციაა დატანილი.

18. ნ. მ-ის კუთვნილ 2 ცალ „ადმირალის“ ორიგინალ მიკროსქემაზე არსებული ინფორმაციისა და ზარალზე მომუშავე სათამაშო აპარატ „ადმირალზე“ მოხსნილ სამ ერთეულ მიკროსქემაზე არსებული ინფორმაციის იდენტურობის დადგენა არსებული ტექნიკურ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია.

19. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ, აპარატ №4-დან და აპარატ №13-დან ამოღებულ მიკროსქემებზე ბეჭდური ასოებით შესრულებულია ერთმანეთის იდენტური წარწერა „Amic …..“, ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ №6 და №9 მიკროსქემებზე და აპარატ №2-დან ამოღებულ მიკროსქემაზე ბეჭდურად შესრულებულია ერთმანეთის იდენტური წარწერა „Amic …..“, ხოლო ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ და სათამაშო აპარატებიდან მოხსნილ დანარჩენ მიკროსქემებზე ერთმანეთის იდენტური წარწერები არ იკითხება. მანვე ჩაატარა სხვა ექსპერტიზა, სადაც დასმული იყო შემდეგი კითხვები: 1. წარმოდგენილ მიკროსქემებზე ჩაწერილია თუ არა კომპანია „gamesoft-ის“ წარმოებული ოფიციალური პროგრამა; 2. დადებით შემთხვევაში რომელ მიკრო სქემებზეა „gamesoft-ის“ ოფიციალური პროგრამა და რომლებზე არ არის. ჩაატარა კვლევა და დაადგინა შემდეგი: ნ. მ-ისაგან წარმოდგენილ 2 ცალ „ადმირალის“ მიკროსქემაზე და სათამაშო აპარატ №9, №10 და №20-დან ამოღებულ მიკროსქემებზე არსებული ინფორმაციის კვლევა არსებული ტექნიკურ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელია.

20. ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ მიკროსქემებზე, პირობითი ნომრებით №1-დან №8-მდე, და ვ. ჯ-ს წარმოდგენილ ორივე მიკროსქემაზე კომპანია „IGROSOFT-ის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, ჩაწერილია კომპანია „IGROSOFT-ის“ წარმოებული, სათამაშო ავტომატების პროგრამა „FruitCoctail-ის“ ლოგიკის მართვის პროგრამის „…..“ ოფიციალური ვერსია, ხოლო დანარჩენ მიკროსქემებზე, კომპანია „IGROSOFT-ის“ წარმოებული, სათამაშო ავტომატების პროგრამების ლოგიკის მართვის ოფიციალური ვერსიები ჩაწერილი არ არის.

21. მისივე ჩვენებით დადგენილი, რომ მიკროსქემაზე არსებული ინფორმაციის წაკითხვა ჩვეულებრივ შესაძლებელია, იგი ლიცენზიებს არ ამოწმებს, იგი ადარებს კომპანია „IGROSOFT-ის“ ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციასთან და ადგენს იდენტურობას. ინფორმაცია ჩვეულებრივი ფაილია, რომელიც იწერება მიკროსქემაზე და ამის გადაწერა რომელიმე საიტიდან არ წამოადგენს პრობლემას. რამდენადაა კომპანიაში ინფორმაცია დაცული, მან არ იცის.

22. მოწმე ო. მ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შპს „ჯ“, მის მოვალეობაში შედის აპარატების ტექნიკური გამართულობა და შეკეთება. იგი იცნობს ბ. (იგივე ვ.) გ-ს. მას ხელმძღვანელმა დაავალა შპს „ჯ“ ….. ფილიალში აპარატები შეემოწმებინა. მან შეამოწმა აპარატების პროცენტულობა და გაარკვია, რომ აპარატი აჩვენებდა 110 და 120 პროცენტ მოგებას. მან განმარტა, რომ აპარატებისათვის არ არის დამახასიათებელი აჩვენოს 100 პროცენტზე მეტი. შეიძლება მოგების დროს აჩვენოს 100 პროცენტი, მაგრამ მალევე დგება 96 პროცენტზე. არ შეიძლება სამი თვის განმავლობაში იდგეს 100 პროცენტზე. როდესაც ლ. ჯ-სთან ერთად ….. ფილიალში ჩავიდა, იქ დახვდნენ ბ. და ვ. მან გასაღები გამოართვა გ-ს, გახსნა აპარატის მრიცხველი, ასევე გახსნა და დალუქა პლატის ყუთი, რომელიც გასაღებით იხსნება. გახსნის დროს ნახა, რომ „ადმირალის“ აპარატებზე ერთ-ერთი მეხსიერება იყო სხვა ფერის და ამიტომ შეიტანეს ეჭვი. სხვა შეფერილობის მეხსიერება შეცვალეს ახლით, ხოლო საეჭვო კი მიიტანეს ექსპერტთან. ექსპერტმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა შესაბამისი აპარატურა, რის გამოც უკან დააბრუნეს და დააყენეს აპარატზე. მოგვიანებით, გამოძიების დროს, თვითონ ჩავიდა ექსპერტი, გახსნა და წაიღო ის ჩიპი.

23. მოწმე მ. რ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. მან ექსპერტის სახით მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. „ე-ში“ ზ. ტ-მ მიუთითა, თუ რომელ აპარატებზე თამაშობდა. მან გადაიღო ფოტოები. ზ. ტ-მ ჯერ ხუთი ლარი ჩარიცხა, მერე კოდი აკრიფა, შემდეგ 20 ლარი ჩატვირთა და ითამაშა. კოდის კომბინაცია არ ახსოვს. იგი ეთანხმება ოქმს, რომელიც შეადგინა გამომძიებელმა და თვითონ მოაწერა ხელი.

24. მოწმე თ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს საექსპერტო- კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კახეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე. იგი მონაწილეობდა ვ. გ-ის ჩვენების ადგილზე შემოწმებაში, რაც ჩატარდა 2013 წლის 26 ოქტომბერს. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო შსს კახეთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან, საიდანაც გამოიყვანეს ვ. გ-ი. მივიდნენ „ე-ში“, სადაც უშუალოდ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება. იგი იღებდა ფოტოებს. ვ. გ-ი უთითებდა მათ სათამაშო აპარატებზე. დანაშაულთან კავშირში მყოფი აპარატები, რაზეც მიუთითა ვ. გ-მ, გახსნეს გასაღებით და გადაუღო ფოტოები. იგი ეთანხმება იმ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებს, რაზეც ხელი მოაწერა.

25. მოწმე ვ. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ. მ-სთან ერთად მონაწილეობდა ნივთიერი მტკიცებულების - ფულადი თანხის (6500 ლარის) გახსნასა და დათვალიერებაში. შედგა შესაბამისი ოქმი და მან მოაწერა ხელი. აღნიშნული ფულადი თანხა ზ. ტ-ის საცხოვრებელი სახლიდან იყო ამოღებული.

26. მოწმე ჯ. ქ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2013 წლის 26 ოქტომბერს მონაწილეობდა ვ. გ-ის ჩვენების ადგილზე შემოწმებაში. მასთან ერთად მონაწილეობდა ექსპერტი თ. ბ-იც. ჩვენების ადგილზე შემოწმება ჩატარდა „ე-ში“, სადაც ვ. გ-მ მიუთითა ის სათამაშო აპარატები, რომლებიც დაჩიპული იყო. მიკროჩიპები ექსპერტმა ამოიღო და დალუქეს. აღნიშნულზე შედგა ექსპერიმენტის ოქმი, რომელსაც თვითონაც მოაწერა ხელი. „ე-ში“ ასევე იმყოფებოდა მენეჯერი ნ. მ-ი.

27. მოწმე ა. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2013 წლის 26 ოქტომბერს მონაწილეობდა ვ. გ-ის ჩვენების ადგილზე შემოწმებაში. მასთან ერთად მონაწილეობდნენ ექსპერტი თ. ბ-ი, გამომძიებელი ჯ. ქ-ი და გ. მ-ე. ჩვენების ადგილზე შემოწმება ჩატარდა „ე-ში“, სადაც ვ. გ-მ მიუთითა ის სათამაშო აპარატები, რომლებიც დაჩიპული იყო. მიკროჩიპები ექსპერტმა ამოიღო და დალუქეს. აღნიშნულზე გ. მ-ემ შეადგინა ექსპერიმენტის ოქმი, რომელსაც თვითონაც მოაწერა ხელი. ადვოკატის შეკითხვაზე განმარტა, რომ აპარატი გახსნა, სავარაუდოდ, „ე-ს“ წარმომადგენელმა, იქიდან ამოიღეს ჩიპი, მაგრამ საიდან და როგორ, არ იცის.

28. მოწმე მ. ბ-ის ჩვენებითა და 2013 წლის 10 დეკემბრის საბუღალტრო დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ მუშაობს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ზ. ტ-ის და ვ. გ-ის სისხლის სამართლის საქმეზე მან დაკითხა „ჯ-ს“ დირექტორი დ-ი, რომლის სახელი არ ახსოვს. აღნიშნულმა პიროვნებამ მას წარუდგინა „ე-ს“ ….. ფილიალის საბუღალტრო დოკუმენტაცია, რომელიც თანხების ბრუნვას შეეხებოდა. მან დაათვალიერა ეს დოკუმენტაცია. შეადგინა 2013 წლის 10 დეკემბრის დათვალიერების ოქმი და დაადასტურა მისი სისწორე. მანვე განმარტა, რომ ზუსტად არ ახსოვს, არის თუ არა საქმეში ამოღებული დოკუმენტაცია.

29. მოწმე გ. ჭ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ზ. ტ-ის და ვ. გ-ის სისხლის სამართლის საქმეზე იგი 2013 წლის 26 ოქტომბერს დაესწრო ვ. გ-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას. ვ. გ-ის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქ……, ….. გამზირზე №…..-ში. მათ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 9 ცალი ე.წ. მიკროჩიპი, თეთრი ფერის კომპიუტერი და ერთი ცალი კომპიუტერის პროცესორი. აღნიშნული ნივთები ჩხრეკის ოქმში აღიწერა დეტალურად, იგი გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი.

30. მოწმე ი. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. იგი მონაწილეობდა ვ. გ-ის ჩხრეკაში. ვ. გ-ი დააკავა ლ. ბ-მ 2013 წლის 26 ოქტომბერს. ჩხრეკის შედეგად ვ. გ-ს ამოუღეს მობილური ტელეფონი.

31. მოწმე - შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ. მ-ს ჩვენებით, ასევე, 2013 წლის 26 ოქტომბრის ჩხრეკის ოქმით, 2013 წლის 26 ოქტომბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით, 2013 წლის 26 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და 2013 წლის 27 ოქტომბრის სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ გ. მ-ე 2013 წელს მუშაობდა თელავის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან გაჩხრიკა ზ. ტ-ის სახლი, ამოიღო ფულადი თანხა, კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი. მან ასევე ადგილზე შეამოწმა ვ. გ-ის ჩვენება „ე-ს“ ….. ფილიალში. ვ. გ-მ მიანიშნა იმ დაჩიპულ სათამაშო აპარატებზე, რომლებზეც თამაშობდა ზ. ტ-ი. მათ ამოიღეს ჩიპები და დალუქეს. მან 2013 წლის 27 ოქტომბერს ასევე ჩაატარა კამერების დათვალიერება, სადაც ჩანს აპარატებთან მოთამაშე ზ. ტ-ი. მან დაადასტურა მის მიერ შედგენილი საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე. მანვე განმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ოქმებში მიმდინარე პროცესი სრულად დააფიქსირა.

32. მოწმე ა. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს თელავის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაიწყო გამოძიება მენეჯერ ვ. ჯ-ს განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ მისი კომპანიიდან მითვისებული იყო დიდი ოდენობით თანხა. ვ. ჯ-ემ უჩვენა, რომ მისმა თანამშრომელმა, ტექნიკოსმა ვ. გ-მ, ზ. ტ-თან ერთად, მიითვისა თანხები. მათ ჩაატარეს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. დააკავეს ვ. გ-ი, ჩხრეკისას ზ. ტ-ის სახლიდან ამოიღეს ფულადი თანხა. მან პირადად გაჩხრიკა ვ. გ-ის ბინა და ამოიღო მიკროსქემები. ამოღებისას ვ. გ-მ განაცხადა, რომ ამ მიკროსქემებზე იყო ორიგინალი ვერსია, ხოლო აპარატებში არ იყო ორიგინალი ვერსიები, რაზეც ექსპერტმაც გასცა დასკვნა. ვინაიდან იყო ფინანსური დანაშაული, და ფიგურირებდა ელექტრონული კომუნიკაცია, ბრალდებულების სახლებიდან ასევე ამოიღეს კომპიუტერები და მობილური ტელეფონები. ზ. ტ-მ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ითამაშა აპარატებზე და კონკრეტულად მიუთითა, თუ როგორ იგებდა თანხებს. ზ.ტ-მ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, კოდის აკრეფის შემდეგ მოიგო თანხა, შემდეგ კვლავ აკრიფა კოდი და აპარატი მოიყვანა ჩვეულებრივ მდგომარეობაში და მაშინ წააგო თანხა. მანვე განმარტა, რომ სათამაშო აპარატის მიკროსქემა არის დაცულ ადგილზე, რომელიც იღებოდა გასაღებით, ამ გასაღებზე ხელი მხოლოდ მომსახურე პერსონალს მიუწვდებოდა, მაგრამ მიკროსქემის ადგილმდებარეობა მხოლოდ ტექნიკოსმა იცოდა. იმ დროს, როდესაც ვ. გ-მ შეცვალა მიკროსქემები, ისინი დალუქულები არ ყოფილა. შემდეგ გაამკაცრეს უსაფრთხოება და მაშინ დაადეს ლუქები. მან ასევე დაათვალიერა ვ. ჯ-ს მიერ წარმოდგენილი მიკროსქემა. ჯ-მ წარმოადგინა ის მიკროსქემა, რაზეც ვ. გ-მ მიუთითა, რომ იყო დაპროგრამებული, ექსპერტმაც გასცა ამაზე დასკვნა. მან დანიშნა საბუღალტრო ექსპერტიზა, მაგრამ ექსპერტმა ვერ დაადგინა ზიანი, ვინაიდან არის სპეციფიკური და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი დასკვნისთვის. მანვე დაათვალიერა და შეისწავლა ვ. გ-ის მეუღლის - ნ. წ-ის და შ. ს-ას გადარიცხვები. დადგინდა, რომ ტ-ი შ. ს-ას და ნ. წ-ს კი ორ ანგარიშზე ურიცხავდა თანხებს. შ. ს-ას ქმარი იყო ზ. ტ-ის ახლო მეგობარი და ამიტომ ურიცხავდა ზ. მას თანხებს.

33. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა მიუთითეს ზიანის სხვადასხვა ოდენობა, კერძოდ: შპს „ჯ-ს“ მთავარი ბუღალტრის თ. წ-ის ჩვენებით, დაჩიპული აპარატების ცალკე მინუსი ივლისის თვეში არის 17755 ლარი, მიუღებელი მოგება - 15870,42 ლარი, სულ მთლიანი ზარალი - 33625 ლარი; აგვისტოს თვეში მთლიანი მინუსი არის 308 ლარი და 29 თეთრი, დაჩიპული აპარატების მინუსი - 25642,76 ლარი, მიუღებელი მოგება - 12206,40 ლარი, სულ 37849 ლარი და 16 თეთრი; სექტემბრის თვეში მთლიანი ზარალი არის მინუს 23696 ლარი და 80 თეთრი, დაჩიპული აპარატების მინუსი - 50444 ლარი და 61 თეთრი, მიუღებელი მოგება - 15933 ლარი და 15 თეთრი, მთლიანად კომპანიის ზარალი არის - 57377 ლარი და 76 თეთრი; ოქტომბერში მთლიანი ზარალი არის მინუს 4103 ლარი და 77 თეთრი, დაჩიპული აპარატების მინუსი - 16783 ლარი და 82 თეთრი, მიუღებელი მოგება - 8516 ლარი და 59 თეთრი, სულ ზარალი - 25300 ლარი და 25 თეთრი.

34. გ. გ-ის ჩვენებით, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში იყო შპს „ჯ-ს“ დირექტორის მინდობილი პირი, ირკვევა, რომ კომპანიამ მიუღებელ მოგებასთან ერთად განიცადა დაახლოებით 154000 ლარის ზიანი. უშუალოდ დაუფლებული თანხა იყო 101000 ლარი. დაზარალებულის წარმომადგენლის - ნ. მ-ის ჩვენებით, შპს „ჯ-ს“ მიადგა 151000 ლარის ზიანი. ზიანის გაანგარიშების კუთხით საყურადღებოა ნ. მ-ის ჩვენება, სადაც მან განმარტა, რომ ზ. ტ-ი ჩეკით იღებდა მოგებულ თანხებს, რაც არსად ფიქსირდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრულად არსად დაფიქსირებული არ არის, თუ რა რაოდენობის თანხა აქვს მიღებული ზ. ტ-ს.

35. მოწმე ა. ბ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დანიშნა საბუღალტრო ექსპერტიზა, მაგრამ ექსპერტმა ვერ დაადგინა ზიანი, ვინაიდან არის სპეციფიკური და წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი დასკვნისთვის.

36. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ზ. ტ-მ ნ. წ-ის ანგარიშზე გადარიცხა 13243 ლარი, ხოლო შ. ს-ას ანგარიშზე - 16650 ლარი. ვ. გ-ს გადასცა 500 ლარი, ხოლო ზ. ტ-ის სახლიდან ამოღებულია 6500 ლარი, რაც შეადგენს 36893 ლარს. ამასთან, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი არ არის, რომ ნ. წ-ისა და შ. ს-ას ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა დანაშაულებრივი გზით იყო მოპოვებული. ხოლო ბრალდების მოწმე მ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბინის ჩხრეკისას ამოღებული თანხა, 6500 ლარი, მას მამამისმა მისცა.

37. ამდენად, როდესაც შპს „ჯ-ს“ წარმომადგენლები მიუთითებენ ზიანის სხვადასხვა ოდენობას, ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტაცია არასაკმარისი აღმოჩნდა ზიანის გაანგარიშებისათვის და ბუღალტრულად არსად დაფიქსირებული არ არის, თუ რა რაოდენობის თანხა აქვს მიღებული ზ. ტ-ს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა, რა რაოდენობის ზიანი მიაყენეს ზ. ტ-მ და ვ. გ-მ, ან საერთოდ მიაყენეს თუ არა, შპს „ჯ-ს“. აღნიშნული კი ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია.

38. რაც შეეხება ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებულ მიკროსქემებს, მ. მ-ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ სათამაშო აპარატები დალუქული არ ყოფილა. ასევე არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომ ვ. გ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული მიკროსქემები მოთავსებული იყო სათამაშო აპარატებში და ეს დაფიქსირებული იყო რაიმე დოკუმენტით, ვ. გ-მ კი გამოიყენა დუმილის უფლება და არ განმარტა, მიკროსქემების წარმომავლობა. მოწმეების - ვ. ჯ-ს, გ. გ-ის, ნ. მ-ის, მ. რ-ის, თ. ბ-ის, ჯ. ქ-ის, ა. კ-ს, გ. მ-სა და ა. ბ-ის ჩვენებების ის ნაწილი, რომლებშიც ისინი გადმოსცემენ ბრალდებულების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არის ირიბი ჩვენება, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

39. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. ტ-ისა და ვ. გ-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია მათთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით.

40. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.

41. საქმის მასალების მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადამოწმდა პროკურორის მიერ მოპოვებული ვერსია. ვ. გ-მ და ზ. ტ-მ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანეს იმ აპარატთან, რომელშიც ვ. გ-მ ზ.ტ-თან შეთანხმებით შეცვალა აპარატის მეხსიერების ბარათები ზ. ტ-ის მიერ გადაცემული მეხსიერების ბარათებით, რომლის საშუალებითაც შემდგომში სპეციალური კოდის გამოყენებით პერიოდულად ითვისებდნენ თანხებს. ამ დროს აპარატი გადადიოდა მოგების რეჟიმზე, ხოლო მოგების შემდგომ კრეფდნენ კოდს და აპარატი გადადიოდა ჩვეულ თამაშის რეჟიმზე.

42. სასამართლოში საქმის განხილვისას ვ. გ-მ და ზ. ტ-მ გამოიყენეს დუმილის უფლება და უარი განაცხადეს გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებზე.

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა, ასევე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის დემონსტრირება და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ გარემოებას: როდესაც ზ. ტ-ისა და ვ. გ-ის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების სტადიაზე მათი მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, ისინი ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ არა მოწმის, არამედ - ბრალდებულის სახით, თანახმად მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილის (გარდამავალი დებულებები) 2016 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი რედაქციისა, მაგრამ მის მიერ პროცესის აღნიშნულ სტადიაზე, მათ შორის - საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიცემული ჩვენების სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოქვეყნება და შემდგომში მტკიცებულების სახით მისი გამოყენება მაშინაც დაუშვებელი იყო (იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია, მუხლი 447, ნაწილი პირველი), თუკი ბრალდებული, განსასჯელი ამის წინააღმდეგი იქნებოდა.

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს რამდენადმე განსხვავებულ ვითარებასთან, რადგან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში.

45. ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებას: ზ. ტ-ისა და ვ. გ-ის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების გარდა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მტკიცებულებებიც მოწმეთა ირიბი ჩვენებების სახით, მაგრამ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც.

46. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის აღნიშნული გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობისა თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. მოცემული სტანდარტის შესაბამისი მოთხოვნების დაცვით პირის მიმართ განაჩენის დადგენა უკვე მტკიცედ არის დამკვიდრებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში სისხლის სამართლის საქმეებზე (მაგალითისათვის იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 3 აპრილის განაჩენი, №448აპ-14 და 2015 წლის 5 მაისის განაჩენი, №440 აპ-14).

47. ამრიგად, საკასაციო პალატა დაასკვნის: საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 130–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, პროკურატურამ ზ. ტ-ისა და ვ. გ-ის ბრალდების საქმეზე მის მიერ ჩამოყალიბებული ვერსიები გადაამოწმა და საამისოდ განხორციელებული მოქმედებები ასახა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, რომელიც, როგორც კანონიერი და პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლოს შეეძლო გამოექვეყნებინა საქმის არსებითი განხილვისას. მაგრამ მხოლოდ ეს ერთი პირდაპირი მტკიცებულება, თუნდაც მოცემულ საქმეში რეალურად არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, არ იძლევა საკმარის საფუძველს იმისათვის, რათა ზ. ტ-სა და ვ. გ-ს კანონიერად და დასაბუთებულად დაედოთ მსჯავრი იმ კონკრეტული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რაშიც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, რადგან საქმეში არსებული, ზემოხსენებული ყველა სხვა მტკიცებულება, მოწმეთა ჩვენებების სახით, არის ირიბი, რის გამოც უტყუარად და დამაჯერებლად ვერ დასტურდება, რომ ნამდვილად მათ ჩაიდინეს აღნიშნული ქმედებები. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება კი, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის.

48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი