დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №104აგ-16 24 ოქტომბერი , 2016 წელი
ნ. გ., 104აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განაჩენით გ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 6 სექტემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. 2016 წლის 11 მარტს მსჯავრდებულმა გ. ნ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად – მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა: გ. ნ-ეს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. მსჯავრდებული გ. ნ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ დაკავების მომენტიდან დღემდე იყენებდა დუმილის უფლებას; ასაკიდან გამომდინარე, ჰქონდა დაპატიმრების შიში, ამიტომ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და საერთოდ არ მისცა ჩვენება. მსჯავრდებული უთითებს, რომ სურს დუმილის დარღვევა, ჩვენების მიცემა და ითხოვს მისი სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 314–ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის დროს სასჯელის განსაზღვრისას მოქმედი საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდებოდა ერთი მეოთხედით.
3. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულ გ. ნ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილი აქვს 17 წლის ასაკში და სასჯელი განესაზღვრა საქართველოს სსკ–ის 88–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე.
4. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, 16–დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანს სასჯელი ენიშნება იმავე პრინციპით; ამდენად, მოცემულ შემთხვევაში გადასასინჯი განაჩენით დანიშნული სასჯელის ზომა არ იცვლება.
5. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის მსგავსად, გ. ნის მსჯავრდებისას მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისადაც, უპირატესობა ენიჭებოდა კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვის ყველაზე მსუბუქ ფორმას. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გ. ნ-თვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, ხოლო რაიმე ახალ გარემოებაზე, რაც შესაძლოა, ამ ნაწილში განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო, კასატორი არ უთითებს.
6. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის თაობაზე იმ მოტივით, რომ სურს ჩვენება მისცეს სასამართლოს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესაძლებლობას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალსწინებს, რის გამოც პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მსჯავრდებულის მოთხოვნა.
7. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც გასაჩივრებული განაჩენის მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე