დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 29.07.2016
საქმის ნომერი
2კ-338აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.07.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №338აპ-16 ქ. თბილისი

ზ-ი გ. 338აპ-16 29 ივლისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ქეთევან ვაშაკიძის

მსჯავრდებულ - გ. ზ-ს

ადვოკატების - დ. ა-ს, ფ. ს-ს

კანონიერი წარმომადგენლის - ხ. ზ-ს

დაზარალებულ - თ. მ-ს

ადვოკატ - გ. ფ-ს

კანონიერი წარმომადგენლის - ა. მ-ს

მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძისა და მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ა-სა და ფ. ს-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით გ. ზ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

2. გ. ზ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. გ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 3 ივლისიდან.

3. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: გ. ზ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი, თ. მ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი, თ. მ-სა და გ. ზ-ს კუთვნილი ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ნაცხის ნიმუში, სისხლის, ნერწყვისა და თმის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

4. განაჩენით მსჯავრდებულ გ. ზ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 2 ივლისს ქალაქ ….., ….. სტადიონთან არსებულ ფიჭვნარში, ე.წ. „…..“ ….. მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ზ-მ ძალადობითა და ძალადობის მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი თ. მ-თან.

5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად, კერძოდ: გ. ზ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

6. გ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ გ. ზ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 3 ივლისიდან.

7. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: გ. ზ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი, თ. მ-ს კუთვნილი მობილური ტელეფონი, თ. მ-სა და გ. ზ-ს კუთვნილი ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; ნაცხის ნიმუში, სისხლის, ნერწყვისა და თმის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

8. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ გ. ზ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი.

9. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია; საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ზ-მ ჩაიდინა თ. მ-ს გაუპატიურება; სასამართლომ არ გაიზიარა მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ. ზ-მ იცოდა თ. მ-ს ასაკი.

10. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების დამადასტურებელი ყველა გარემოება მოცემულ საქმეში გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან და მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზიდან. არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ გ. ზ-სათვის არ იყო ცნობილი თ. მ-ს არასრულწლოვანება, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.

11. სასამართლო კვალიფიკაციის შეცვლისას დაეყრდნო მხოლოდ ბრალდებულის ჩვენებას, რომელმაც აჩვენა, რომ არ იცოდა თ. მ-ს ასაკი. განაჩენით კი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ გ. ზ-მ გააუპატიურა თ. მ-ი, ხოლო ჩვენების მიცემისას იგი ცრუობდა.

12. მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - დ. ა-ი და ფ-ნ ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენის გაუქმებასა და გ. ზ-ს უდანაშაულოდ ცნობას მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების საქმეში არარსებობის და საქმის განხილვისას დაშვებული საპროცესო კანონის მოთხოვნების არსებითი დარღვევების გამო.

13. კასატორები საჩივარში მიუთითებენ, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებით და არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დებულებებით, რომელიც ძალაში იყო 2016 წლის 1 იანვრიდან და ამოქმედდა განაჩენის დადგომამდე 1 თვითა და 12 დღით ადრე, რაც წარმოადგენს დარღვევას.

14. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს იცავდა ადვოკატი, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული კურსი, არ გააჩნდა შესაბამისი სერთიფიკატი, რითაც ცალსახად დაირღვა ბრალდებულის დაცვის უფლება.

15. სასამართლომ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა მძიმე კატეგორიის დანაშაულზე და არ განიხილა განრიდების განხილვის შესაძლებლობა.

16. სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ზ-ს ჰქონდა შავტარიანი დანა და ემუქრებოდა თ. მ-ს, რითაც დგინდება ძალადობის ფაქტი. კასატორების მოსაზრებით, აღნიშნული არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ მოქმედებს გ. ზ-ს ბინის ჩხრეკისა და დაკავების ოქმი.

17. განაჩენს საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ გ. ზ-ს სხეულზე გააჩნდა ნაკაწრები, ხოლო თ. მ-ს აწყვეტილი ჰქონდა საქამრე და გააჩნდა სისხლნაჟღენთები მკერდსა და ყელთან, რაც ძალადობაზე მიუთითებს. კასატორების მოსაზრებით, გ. ზ-ი იყო თავისუფლებაში დაკავებამდე და მისი და ასევე მისი მეგობრის ჩვენებებით დადგენილია, რომ გ. ზ-მ იჭიდავა მეგობართან და ეს ნაკაწრები ამ დროს იყო შეძენილი.

18. სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ ძალადობა გამოიხატა გ. ზ-ს მიერ თ. მ-ს ტყეში ძალით შეყვანაში, რაც, კასატორების მოსაზრებით, არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. დაზარალებული თ. მ-ი ბევრ შემთხვევაში ტყუილით მალავს სიმართლეს, იგი თავის ჩვენებებში გამორიცხავს საკუთარ ბრალეულობას და ძალადობაზე მიუთითებს თავის გასამართლებლად.

19. სასამართლომ არ გაითვალისწინა სატელეფონო კონტაქტი დაზარალებულსა და კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს შორის სქესობრივი კონტაქტის შემდეგაც. განაჩენში საერთოდ არ არის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თ. მ-მა- სქესობრივი კონტაქტის დამალვის მიზნით სასწრაფოდ გარეცხა ტანსაცმელი და ტრუსი, რამაც განაპირობა ის, რომ არცერთი სახის ბიოლოგიური კავშირი გ. ზ-ს და თ. მ-ს შორის არ დადასტურდა.

20. საქმეში არსებული ჩვენებები ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს იმ დასაბუთებას, რომ გ. ზ-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა თ. მ-ე ძალადობას.

21. კასატორების მოსაზრებით, გ. ზ-ს მხრიდან თუნდაც ნებაყოფლობითი სქესობრივი კონტაქტი დაზარალებულ თ. მ-თან არ დგინდება არცერთი მტკიცებულებით, შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ რომ გ. ზ-ს ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა თ. მ-თან; გ. ზ-ს აღიარება ნებაყოფლობითი კონტაქტის შესახებ გამოწვეული იყო მისი დაშინებითა და საპროცესო შეთანხმების სურვილით. ის ფაქტი, რომ სწორედ გ. ზ-ს მხრიდან მოხდა თ. მ-ს საქალწულე აპკის დარღვევა არ დგინდება და საეჭვოა, ვინაიდან თ. მ-ს მობილური ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოღებული შეტყობინებებით დგინდება, რომ მას სასიყვარულო მიმოწერები ჰქონდა პარალელურად სხვა პირებთან. მიმოწერებს შორის განსხვავება ზოგან არის წამები და ამდენად ადვილად შესაძლებელია თ. მ-ს სხვამ დაურღვია საქალწულე აპკის მთლიანობა. აღნიშნულ არგუმენტს ამყარებს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, არ აღმოჩნდა ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები, გ. ზ-ს სპერმის კვალი, არ არსებობს მოწმე, რომელიც მათი კავშირის თვითმხილველია, არ არსებობს ბიოლოგიური მასალა, რაც კავშირში იქნება გ. ზ-თან. ამგვარად არ არსებობს მხარეთა შორის სქესობრივი კონტაქტის მტკიცებულება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ჩვენების გარდა, რომელიც მიღებულ იქნა კანონის არსებითი დარღვევით და ასეთ მტკიცებულებებს ძალა არ გააჩნია.

22. საკასაციო პალატის სხდომაზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

23. საკასაციო პალატის სხდომაზე კანონთან კონფლიქტში მყოფი მსჯავრდებულის - გ. ზ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - დ. ა-მ და ფ. ს-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები და იშუამდგომლეს მათ მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რასაც მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა გ. ზ-მ და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა - ხ. ზ-მ.

24. საკასაციო პალატის სხდომაზე დაზარალებულ თ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ფ-მ მხარი დაუჭირა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმნენ დაზარალებული თ. მ-ი და მისი კანონიერი წარმომადგენელი ა. მ-ი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძისა და მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ა-სა და ფ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა კასატორთა მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ზ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, 1-ლი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა.

3. საკასაციო პალატას მიაჩნია რომ, მსჯავრდებულ გ. ზ-ს ჰქონდა სქესობრივი კავშირი დაზარალებულ თ. მ-თან, რასაც ადასტურებს 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას როგორც დაზარალებულ თ. მ-ს, ასევე თვით მსჯავრდებულ გ. ზ-ს მიერ მიცემული ჩვენებები. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც: ის ფაქტი, რომ არასრულწლოვან დაზარალებულსა და ასევე არასრულწლოვან მსჯავრდებულს შორის ნამდვილად მოხდა სქესობრივი კავშირი, დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ არც სააპელაციო საჩივრით.

4. აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ პირდაპირ ჩვენებებს, რომელთა სარწმუნოობა დასტურდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა დაცვით საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ, მხედველობაშია საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსერტიზის საფუძველზე გაცემული დასკვნა, ექსპერტ ე. ჩ-ს ჩვენება, დაზარალებულის დედის, მოწმის სახით დაკითხული თ. მ-ს ჩვენება და მოწმე ო. ს-ს ჩვენება. სამედიცინო ექსპერტიზის №….. დასკვნითა და ექსპერტ ე. ჩ-ს ჩვენების თანახმად, თ. მ-ს საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია - არ არის მთელი, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (შესაძლებელია მამაკაცის ერეგირებული სასქესო ასოს) მოქმედებით. მისი დარღვევის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 02.07.2015წ.

5. მოწმე თ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ივლისს, როდესაც ის სამხახურში იმყოფებოდა, მისმა შვილმა - თ. მ-მ მობილური ტელეფონით გაუგზავნა შეტყობინება, რომ 13.00 საათიდან ნახევარი საათით გადიოდა სახლიდან ამხანაგთან შესახვედრად. დაახლოებით 15.00 საათზე დაურეკა თ-ს და ჰკითხა სად იმყოფებოდა იმ მომენტისათვის, თ. იმ დროსითვის უკვე სახლში იყო. როდესაც თ-ს ესაუბრა ტელეფონზე, მას აღელვებული ხმა ჰქონდა და ჰკითხა სახლში ჰქონდათ თუ არა „საფენები“, რადგან ჰქონდა სისხლდენა, რაზედაც უპასუხა, რომ არ ჰქონდათ, თან ასევე გაუკვირდა, რადგან მას სამი დღის უკან დაუმთავრდა მენსტრუაციული ციკლი. თვითონ სახლში საღამოს ცხრის ნახევრიდან ცხრა საათამდე დაბრუნდა, თ. დახვდა ქუჩაში, მოეფერა მას, რა დროსაც შეამჩნია, რომ ყელზე ჰქონდა ორი დიდი შავი ლაქა, ლურჯი სისხლჩაქცევა. თ. და თვითონ სახლში როცა შედიოდნენ, მან დაინახა, რომ თ. უკნიდან იყო სისხლიანი და ძალიან შეშინებული. მოწმის ჩვენებით, თ. ცუდად გახდა, გული მისდიოდა, რის გამოც გამოიძახა სამედიცინო სასწრაფო დახმარება და ის გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას გაუკეთდა ოპერაცია. აღნიშნულის გამო საავადმყოფოში პოლიციის თანამშრომლების გამოცხადების შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმ პერიოდში, როდესაც თ. სახლიდან გავიდა, იგი შეხვდა მსჯავრდებულ გ. ზ-ს, რომელთა შორის მოხდა სქესობრივი ურთიერთობა, თ-ს განცხადების მიხედვით, მსჯავრდებულის მხრიდან მის მიმართ ძალადობის გამოყენებით.

6. მსჯავრდებულ გ. ზ-ს მეგობრის - მოწმე ო. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ივლისს, დაახლოებით ორი საათისაკენ გ. ზ-ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ შეხვდა თ-ს და მათ შორის იყო ინტიმური ურთიერთობა თ. მ-ს ნებით.

7. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2015 წლის 2 ივლისს ქალაქ ….., ….. სტადიონთან არსებულ ფიჭვნარში, ე.წ. „…..“ ….. მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ზ-მ ძალადობითა და ძალადობის მუქარით დაამყარა სქესობრივი კავშირი თ. მ-თან, რას ასევე დასტურდება საქმეში არსებული სარწმუნო მტკიცებულებებით.

8. არასრულწლოვანი მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ თ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ივლისს მას დილის 10 საათზე გ-მ მიწერა და მოიკითხა. შემდეგ 12 საათისთვის მიწერა, რომ მასთან შეხვედრა სურდა, იგი დათანხმდა შეხვედრაზე და შეთანხმდნენ, რომ ….. სტადიონზე, ….. შეხვდებოდნენ ერთმანეთს. შეხვედრის ადგილი მისი სახლიდან 5-10 წუთის სავალზე იყო. მისი იქ მისვლიდან დაახლოებით ორ წუთში გ-ც მივიდა, ჰკითხა რომ იყო თუ არა ის თ., დასხდნენ ….. კიბეზე და საუბრობდნენ. შემდეგ გ-მ მას უთხრა, რომ იქ ხალხი მოძრაობდა, ვერ ილაპარაკებდნენ და სადმე მოფარებულ ადგილას გასულიყვნენ. ისიც დათანხმდა და შევიდნენ სტადიონზე, ე.წ. „…..“. დაზარალებულის ჩვენებით, გ-მ მას უთხრა, რომ მოსწონდა და „ცოტა რაღაცნაირად უყურებდა“, რის გამოც თავი უხერხულად იგრძნო და იქიდან გამოვიდა, თვითონ ჩქარი ნაბიჯით მიდიოდა, ისევ კიბეებისკენ ფიქრობდა წასვლას, რადგან გარეთ ხალხიც მოძრაობდა და აღარ შეეშინდებოდა. გ-მ მას მაჯაში წაავლო ხელი და ტყეში შეათრია, იგი ყვიროდა, მაგრამ იმ დროს იქ არავინ მოძრაობდა. მათ გაიარეს დიდი მანძილი, რომ მიიხედ-მოიხედა გარშემო იყო ბარდები, მან დაინახა, რომ გ-ს ჯიბეში ედო შავტარიანი დანა. გაჩერდნენ, გ-მ მას უბიძგა, რომ დამჯდარიყო, წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ გ-მ მხრებზე დაადო ხელი და ძალით დასვა. მან ასევე აჩვენა, რომ დანა იყო შავი, დასაკეცი, დაახლოებით 5-6 სმ, რითაც გ. მას აშინებდა. იმ მომენტში ძალიან შეშინებული იყო. როდესაც გ-მ ძალით დასვა ძირს, იმ დროს ამოიღო დანა, დანა გახსნილი იყო. გ-მ დაიჩოქა, ერთი ხელით შარვალს იხსნიდა, მეორე ხელში დანა ეჭირა და თვითონ რაც ძალი და ღონე ჰქონდა ფეხებს უჭერდა, რომ არ გაეხსნა. მას შავი ჯინსი, კეტები და მუქი ლურჯი მაისური ეცვა. მის მაისურს ალუბლები ახატია, ჯინსი შავი ფერის იყო. გ-ს ჯინსი ეცვა, რომელიც მუხლებზე იყო ოდნავ ყავისფერი და მოკლე შავი მაისური, ასევე ეხატა ყავისფრად რაღაც. ფეხზე შავი კლასიკური ფეხსაცმელი ეცვა. მისი ჩვენებით, როცა გ-მ თვითონ გაიხსნა შარვალი და ქამარი, შემდეგ უკვე ცდილობდა რომ მისთვისაც შარვალი გაეხსნა. იგი ცდილობდა, რომ გ-სთვის ამის საშუალება არ მიეცა, მაგრამ მაინც გაუხსნა. ერთ ფეხზე გახადა კედი და შარვალი, როდესაც საცვალს ხდიდა, იგი წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ ამაოდ. გ. მას მაღლიდან დააწვა, მის შარვალს ჰქონდა სამი ღილი, გ-მ ჯერ ხელი გააშვებინა, რადგან იმ მომენტში რაც შეეძლო ჩქმეტდა და ფხაჭნიდა გ-ს. მისი განმარტებით, მის შარვალს სანამ ჩაიცმევდა დილით არანაირი დაზიანება არ ჰქონია. ამის შემდეგ კი საქამრეები ჰქონდა აგლეჯილი, თვითონ საერთოდ არ ხმარობს ქამარს. მისი ჩვენებით, საქამრე ჯაჯგურის დროს აწყდა. მას ასევე ეცვა შავი ბიუსჰალტერი, წვრილი, თეთრი კოპლებით. ეცვა წითელი ტრუსი, რომელსაც ჰქონდა შავი სარტყელი და თეთრი კოპლები. გ-ს ნაცრისფერი ტრუსი ეცვა, შავში გაწყობილი. გ-მ შარვალი გაიხადა, შემდეგ მაღლიდან დააწვა, მაისური აუწია მკერდამდე, ცდილობდა გ-ს გაეშვა ხელი, ზურგზე ხელებს ურტყამდა, ტიროდა. გ-მ უთხრა, რომ ტირილს არანაირი აზრი არ ჰქონდა. შემდეგ მან დაინახა რომ მის მარცხენა ფეხთან იდო გ-ს დანა და ცდილობდა მის აღებას, გ-მ შეამჩნია, რომ იღებდა, ყელთან ახლოს მიუტანა და უთხრა, თუ რამეს გააკეთებ აქვე გამოგასალმებ სიცოცხლეს, არ დაგინდობო. გ-ს მხრიდან სქესობრივი აქტის დროს იგი გრძნობდა საშინელ ტკივილს, უმატებდა ტირილს და კიოდა, ეს დაახლოებით ხუთი წუთი გაგრძელდა. მას ამ დროს ტელეფონი შარვლის ჯიბეში ედო და არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სადმე დაერეკა. გ. რომ მორჩა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას, მან თავის შარვალს დახედა და ის მთლიანად სისხლიანი იყო, ასევე დასვრილი იყო მისი ტრუსიც. შემდეგ ადგა, დასუსტებული იყო, ჩაიცვა, ბალახზე შეამჩნია სისხლი. მისივე ჩვენების თანახმად, ამის შემდეგ გ-მ დანა ამოიღო და უთხრა, რომ თუ ვინმესთან რამეს იტყოდა მისი პოვნა არ გაუჭირდებოდა. სქესობრივი აქტის დროს გ. ზემოდან ეწვა და თვითონ სახე ზეცისკენ ჰქონდა, გ-ს შარვალი მუხლებამდე ჰქონდა გახდილი. მას ცალფეხზე ჰქონდა მხოლოდ გახდილი. ამის გარდა მას დაზიანება ჰქონდა მიღებული ხელებზე, სადაც ჰქონდა ნაფხაჭნები და ყელზე ორივე მხარეს ჰქონდა სილურჯეები, მკერდთან ჰქონდა გაკაწრული. ის გ-ს ზურგზე ფხაჭნიდა და ჩქმეტდა. ჯერ გ. წავიდა, საით არ იცის, შემდეგ თვითონ სახლში დაბრუნდა. მის სახლში არავინ არ იმყოფებოდა. მისი შარვალი მთლიანად სისხლიანი იყო, გაიხადა და სხვა ჩაიცვა.

9. გარდა არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენებისა, ძალადობის ფაქტი დადასტურებულია აგრეთვე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც: 2015 წლის 3 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსით, რომელშიც შეტანილია ჩვენების ადგილზე შემოწმებისას დაზარალებულ თ. მ-ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენება, რომელშიც ის ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მის მიმართ გ. ზ-ს მიერ ფიზიკური ძალადობითა და დანის გამოყენების მუქარით მასთან იძულებითი სქესობრივი კავშირის ფაქტს, რა დროსაც ის დეტალურად მიუთითებს როდის, რა ადგილზე და რა ვითარებაში მოხდა ყოველივე ზემოაღნიშნული.

10. სამედიცინო ექსპერტიზის №…..დასკვნითა და ექსპერტ ე. ჩ-ს ჩვენებით დადგენილია აგრეთვე, რომ თ. მ-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ერთი ნაკაწრის სახით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, არსებული დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. თ. მ-ს სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით ირგვლივ სისხლნაჟღენთებით და საშოს კედელზე არსებული 1კვ. ნაკერის სახით, წარმოადგენენ სამედიცინო მანიპულაციის კვალს.

11. კანონთან კონფლიქტში მყოფი გ. ზ-ს მიერ არასრულწლოვან დაზარალებულ თ. მ-ს მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი დადასტურებულია ტრასოლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნით, რომლის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილ თ. მ-ს ჯინსის შარვლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები სალტეების ამოგლეჯისა და ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

12. არასრულწლოვან დაზარალებულ თ. მ-ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ ის უწევდა აქტიურ წინააღმდეგობას გ. ზ-ს მასთან ძალადობრივი სქესობრივი კავშირის დამყარებისას, ასევე დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტის №….. დასკვნითა და ამ დასკვნის გამცემი ექსპერტის - გ. კ-ს ჩვენებით, რომლის თანახმად, გ. ზ-ს 2015 წლის 4 ივლისს ….. დროებითი მოთავსების იზოლატორში პირადი შემოწმების დროს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: ნაჭდევები გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ, ბეჭის ხაზზე, გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ, ბეჭის ხაზზე, II ნეკნის დონეზე, გულმკერდის ამავე ნახევარში XII ნეკნის დონეზე ბეჭის ხაზზე და მარჯვენა წინამხრის ქვემო მესამედში წინა ზედაპირზე. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით 24-48 საათისა.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს საფუძველი მითითებული მტკიცებულებების უტყუარობასა და სანდოობაში ეჭვის შესატანად, ვინაიდან ისინი იმყოფებიან ურთიერთთანხვედრასა და ლოგიკურ ურთიერთკავშირში, რის გამოც ვერ იქნება მიღებული დაცვის მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ თითქოს დაზარალებულ თ. მ-ს ჩვენებებში, ასევე ამ ჩვენებებსა და სხვა მტკიცებულებებს შორის არსებობს არსებითი წინააღმდეგობები.

14. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მსჯავრდებულ გ. ზ-ს მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის თაობაზე და ვერ გაიზიარებს პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას გ. ზ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისა და ამ კვალიფიკაციით მისთვის სასჯელის დანიშვნის თაობაზე.

15. საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა დასკვნისათვის, რომ გ. ზ-თვის ცნობილი იყო თ. მ-ს ასაკი. მართალია დაზარალებულ თ. მ-ს ჩვენების მიხედვით, მსჯავრდებულ გ. ზ-თვის მის მიერ ქმედების ჩადენისას ცნობილი იყო მისი ასაკი, რაც თვითონ აცნობა მას, მაგრამ მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება, რომლის უტყუარობა ვერ მოწმდება რაიმე სხვა კანონიერი და სარწმუნო მტკიცებულებით, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის საფუძვლად მსჯავრდებულის ინტერესების საწინააღმდეგო სამართლებრივი დასკვნის გამოსატანად. საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება და არც რაიმე დადგენილი ისეთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ქმედების ჩადენისას მსჯავრდებულისათვის დანამდვილებით იყო ცნობილი ან მას შეიძლება სცოდნოდა დაზარალებულის ასაკი.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ზ-ს მიერ დაზარალებულ თ. მ-ს მიმართ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობითა და ძალადობის მუქარით.

17. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ზ-თვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი შეესაბამება როგორც ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ასევე მისი ჩამდენის პიროვნებას: გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ გ. ზ-ს მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების თანმხლები შედეგი იყო ის, რომ მას მოჰყვა არასრულწლოვანი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება, კერძოდ, მას გაუპატიურების შემდეგ დაეწყო სისხლდენა, ამასთან დასჭირდა სამედიცინო ჩარევა - ოპერაციის გაკეთება. ამავე დროს, სასჯელის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მსჯავრდებულის პიროვნების ის მახასიათებლები, რომლებიც გამომდინარეობს მისი, როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშიდან. ამ ანგარიშის მიხედვით, მისი პიროვნება ხასიათდება დადებითად და ასევე, სახეზეა საპატიმრო სასჯელის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების სათანადო შემთხვევა. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ხორციელდება საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, უკიდურესი ზომის სახით და შესაფერისი ვადით. მისი გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის სასამართლოს მიერ მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა, არის სამართლიანი და შეესაბამება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მოთხოვნებს. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა არის მსჯავრდებულის საჭიროებებიდან გამომდინარე, რათა განხორციელდეს შესაბამისი ინტერვენცია. (გაერთიანებული ერების წესები თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვანთა დასაცავად (ჰავანის წესები); გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა, 1990წ. წესი 2)

18. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ მსჯავრდებულ გ. ზ-ს მიმართ განსაზღვრული საბოლოო სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა არ ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების „არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ (პეკინის წესების) მე-5.1 წესით დამკვიდრებულ პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპს. ამავე წესების მე-17.1 წესის მიხედვით, გადაწყვეტილება სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით არ არის მხოლოდ დანაშაულის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მდგომარეობასა და მოთხოვნებს, ამასთან დაკისრებული სასჯელი საზოგადოების დაცულობის მოთხოვნის შესაბამისია.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 316-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებამდე (2016 წლის 1 იანვარი) საპროცესო კანონმდებლობა უზრუნველყოფდა სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის მიმართ უფლებათა საერთაშორისო გარანტიების დაცვას.

20. ბრალდებულ გ. ზ-ს მიმართ გარანტირებული სამართლიანი და სწრაფი სასამართლო პროცესის უფლება კანონის უზენაესობის პრინციპის ქვაკუთხედია. საერთაშორისო დონეზე სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გათვალისწინებულია ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) 50-ე მუხლით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-6 და მე-7 მუხლებით, ბავშვის უფლებათა და კეთილდღეობის საფუძვლების აფრიკული ქარტიის (ACRWC) მე-17 მუხლით. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ზოგადი პრინციპია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა (მე-11მუხ.)

21. გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #10 (ბავშვის უფლებები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში (CRC/c/gc/10, პარ.84;2007წ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სამართალდარღვევის ჩადენიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გასული უნდა იყოს რაც შეიძლება მცირე დრო. ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) მე-40 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონთან კონფლიქტში მყოფს აქვს საკითხის დაუყონებლივ განხილვის უფლება.

22. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ზ-ს მიმართ აღნიშნული გარანტიებიდან გამომდინარე, 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ვადები, შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების - განაჩენის ჩათვლით, (2015 წლის 29 სექტემბრიდან 2016 წლის 12 თებერვლამდე) გონივრული ვადის სტანდარტს აჭარბებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბრალდებული გ. ზ-ი იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში 2015 წლის 3 ივლისიდან. როგორც ბავშვის უფლებათა კონვენცია (CRC), ასევე „არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ (პეკინის წესების) მე-13.2 წესი ხაზს უსვამს წინასწარი პატიმრობის, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომის გამოყენებას რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ გ. ზ-ს მიმართ ბრალდება, წარდგენილი იყო საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც მიუთითებდა მის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესაძლო ჩადენაზე და დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, იმ ეტაპზე, სხვა გარემოებებთან ერთად სავარაუდოდ აკმაყოფილებდა წინასწარი პატიმრობის გამოყენების პირობას. გ. ზ-ს სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა, საქართველოს სსსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო უწყვეტად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში. საპროცესო კანონის ეს მოთხოვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წინასწარ პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის განხილვისას.

23. არასწრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ, სასამართლოს მიერ, წინასწარი პატიმრობის გამოყენების საკითხის შემოწმება როგორც აღკვეთის ღობისძიების შეფარდებისას, ისე წინასასამართლო სხდომაზე და შემდგომ სასამართლო პროცესის განმავლობაში განხილულ უნდა იქნეს იმ პრინციპის დაცვით, რომ ის უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ღონისძიებას და შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტს, რომელზეც იმპერატიულად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 316-ე მუხლი. არასრულწლოვანი ბრალდებულის მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშიც კი წინასწარი პატიმრობის ვადა უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში.

24. ამასთან, დაცვის მხარის მითითება იმის შესახებ, რომ წინასასამართლო სხდომამდე არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობის ვადა არ უნდა ყოფილიყო 40 დღეზე მეტი, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან იმ პერიოდისათვის, როდესაც გ. ზ-ს საქმეზე დაინიშნა წინასასამართლო სხდომა, 2015 წლის 18 სექტემბერს, მართალია, ამოწურული იყო პატიმრობის მითითებული ვადა, მაგრამ ამ დროს არ მოქმედებდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, თუ არასრულწლოვანი ბრალდებული პატიმარია, წინასასამართლო სხდომამდე მისი პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს მისი დაკავებიდან 40 დღეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ არასრულწლოვან ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, მოსამართლე ვალდებულია პირველივე წინასასამართლო სხდომაზე თავისი ინიციატივით განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, დააყენა თუ არა მხარემ შუამდგომლობა პატიმრობის შეცვლის ან გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ, მოსამართლე ვალდებულია თავისი ინიციატივით, ყოველ 20 დღეში ერთხელ მაინც განიხილოს პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

25. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ. ზ-ს ბრალდების საქმეზე საქმის არსებითი განხილვა დაინიშნა 2015 წლის 29 სექტემბერს, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით კი, სრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ ვრცელდებოდა 9-თვიანი პატიმრობის ვადა, რაც სასამართლო პრაქტიკით ვრცელდებოდა არასრულწლოვან ბრალდებულთათვისაც. ეროვნული კანონმდებლობისა და თავისუფლებააღკვეთილ არასრულწლოვან ბრალდებულთა უფლებების დაცვის მექანიზმის ჰარმონიზაციის მიზნით, მხოლოდ საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღების შედეგად განისაზღვრა წინასწარი პატიმრობის შეფარდების სპეციალური წესი და მაქსიმალური ზღვარი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში. (კოდექსის 60-ე-64-ე მუხ).

26. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამ კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, მასში წარმოდგენილ დებულებებს, გარდა ამ კოდექსის საპროცესო ნორმებისა, აქვს უკუძალა, თუ ამით უმჯობესდება არასრულწლოვნის მდგომარეობა. ამრიგად, არასრულწლოვან გ. ზ-ს მიმართ 2016 წლის 1 იანვრამდე ადგილი არ ჰქონია საპროცესო ნორმების დარღვევას პატიმრობის ვადებთან დაკავშირებით და არც პატიმრობის 6-თვიანი ვადა იყო გასული. ეს ვადა ამოიწურა 2016 წლის 3 იანვარს. შესაბამისად, ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ, სასამართლო ვალდებული იყო, 6-თვიანი საპატიმრო ვადის გასვლამდე, 2016 წლის 1 იანვრიდან, თავისი ინიციატივით ემსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. მით უფრო, რომ ახალი კოდექსი ავალდებულებდა სასამართლოს, თავისი ინიციატივით ყოველ 20 დღეში ერთხელ მაინც განეხილა საკითხი ბრალდებულის პატიმრობაში შემდგომი ყოფნის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, 2016 წლის 3 იანვრიდან იმავე წლის 12 თებერვლამდე არასრულწლოვანი ბრალდებულის - გ. ზ-ს მიმართ დაირღვა პატიმრობაში ყოფნის 6-თვიანი ვადა.

27. ამავდროულად, საყურადღებოა ის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს მიერ პატიმრობაში მყოფი ბრალდებულ გ. ზ-ს მსჯავრდებისას და სასჯელის სახედ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებისას, სასამართლომ არასრულწლოვანი გ. ზ-ს წინასწარი პატიმრობა სრულად მოაქცია სასჯელის - ვადიანი თავისუფლების აღვეთის - ზომაში ანუ თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განაჩენით გ. ზ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 3 ივლისიდან ანუ გ. ზ-ს დაკავების მომენტიდან.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან ითვალისწინებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის პრიორიტეტულობის დაცვით (მუხ.4). ამ კოდექსით არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის მწარმოებელ სამართლდამცავ ორგანოებსა და სასამართლოს ეკისრებათ ვალდებულება განუხრელად დაიცვან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ზოგადი პრინციპები.

29. საკასაციო პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივარში დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ პოზიციას იმის თაობაზე, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს, მას შემდეგ, რაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ. ზ-ს მიერ ჩადენილი იყო არა განსაკუთრებით მძიმე, არამედ მძიმე კატეგორიის დანაშაული, უნდა ემსჯელა ბრალდებულის მიმართ განრიდების ღონისძიების შესაძლო გამოყენების თაობაზე და ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტისათვის საქმე უნდა დაებრუნებინა პროკურატურისათვის. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ განრიდების ღონისძიების გამოსაყენებლად, სხვა პირობებთან ერთად, აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი აღიარებდეს ჩადენილ დანაშაულს. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებული გ. ზ-ი საქმის წარმოების არცერთ სტადიაზე არ აღიარებდა დანაშაულს. შესაბამისად, განრიდების საკითხი სასამართლოს მიერ ვერ იქნებოდა განხილული.

30. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბრალდებულის - გ. ზ-ს მიმართ 2016 წლის 1 იანვრიდან 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მისი ბრალდების საქმის წარმოებისას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი მოთხოვნის შესრულება, რომლის მიხედვით არასრულწლოვნის საქმეს აწარმოებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი არ იქნა დაცული. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 1-ლი ინსტანციის წესით, სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას, რომელიც დაიწყო 2015 წლის 29 სექტემბერს და დამთავრდა 2016 წლის 12 თებერვალს, ანუ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებიდან 1 თვესა და 12 დღეში - რამდენად შესაძლებელი იყო არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვით, სპეციალიზებული ადვოკატის მონაწილეობა, საქმეში ჩაბმულ ადვოკატთან ერთად ან დამოუკიდებლად. აღნიშნულზე 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია. კანონის მოთხოვნა დაცული იქნა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საქმის წარმოებაში გ. ზ-ს ინტერესების დასაცავად ჩართული იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატი. ამასთან, არასრულწლოვან გ. ზ-ს დასწრებით მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმის განხილვა 1-ლი, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში ანუ ის გასამართლდა მისი თანდასწრებით. მას ჰქონდა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების გაცნობისა და თავის დაცვის უფლება. აღნიშნული მიეკუთვნება სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტურ პრინციპს, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი (ICCPR) მუხ.14(3).

31. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული დარღვევები სისხლის სამართლის საქმის საბოლოო შედეგზე ინკრიმინირებულ ქმედებაში მსჯავრდებული გ. ზ-ს ბრალეულობის თვალსაზრისით გავლენას ვერ იქონიებს. ეს დარღვევები ვერ გახდება კანონთან კონფლიქტში მყოფი გ. ზ-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი. ამასთან, მსჯავრდებულ გ. ზ-ს, სასამართლოს განაჩენში აღნიშნული დარღვევების გამო, უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

32. საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმეში, სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, მონაწილე არასრულწლოვან დაზარალებულ თ. მ-სა და მის კანონიერ წარმომადგენელს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გ. ზ-ს მსჯავრდებას, აცნობებს რა აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის საბოლოო შედეგებს, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. მსჯავრდებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ. ა-სა და ფ. ს-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის განაჩენი გ. ზ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი