დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №456აგ-15 21 ნოემბერი, 2016 წელი
კ. კ., 456აგ-15 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ჩ-სა და კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით კ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 17 ნოემბრიდან; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე კ. კ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. 2015 წლის 9 ოქტომბერს მსჯავრდებულ კ. კ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჩ-მ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კ. კ-ას მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ეს განაჩენი ემყარება ორ ირიბ ჩვენებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულის ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
7. მსჯავრდებულ კ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატები – რ. ჩ. და კ. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას და განხილვას. ადვოკატები მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დაუშვებელი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის დაფუძნება ირიბ ჩვენებებზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 მაისის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ კ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ჩ-სა და კ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების: ,,გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის თაობაზე იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც იძლევა „ირიბი ჩვენების“ საფუძველზე გამამატყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებით კონსტიტუციური წარდგინება არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად იმ მოტივით, რომ მოცემული წარდგინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, უზენაესი სასამართლო ითხოვდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეექმნა ფაქტობრივი საფუძვლები საქმისწარმოების განახლებისათვის, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ კ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ჩ-სა და კ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:
2. პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ (არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი) ქვეპუნქტის შესაბამისად, რის საფუძვლადაც მიუთითებს, რომ არაკონსტიტუციურადაა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მკაფიოდაა განსაზღვრული, რომ განაჩენის გადასინჯვის საფუძველს წარმოადგენს იმ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნორმების ნორმატიული შინაარსი, რომლებიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ უდევს საფუძვლად კ. კ-ას მიმართ დადგენილ გამამტყუნებელ განაჩენს, პალატა კანონისმიერადაა მოკლებული შესაძლებლობას, გადალახოს საპროცესო კოდექსით დადგენილი დასაშვებობის კრიტერიუმი.
4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია მსჯავრდებულ კ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ჩ-სა და კ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე, მაგრამ სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი შუამდგომლობის დასაშვებობის ეტაპზე ემსჯელა საქმეში არსებულ მტკიცებულებათა უტყუარობასა და საკმარისობაზე.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ კ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ჩ-სა და კ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ჩ-სა და კ. ჩუ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულ კ. კ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების – რ. ჩ-სა და კ. ჩ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე