განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №176აგ-16 თბილისი
ბ-ი ზ., 176აგ-16 24 თებერვალი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ზ. ბ-ს შორის. ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (48,72 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანისა“ და 3,98 გრამი „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვა) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 15 აგვისტოდან იმავე წლის 18 აგვისტოს ჩათვლით. ზ. ბ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. 2016 წლის 16 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ადვოკატმა ლ. ბ-მ და მოითხოვა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ადვოკატ ლ. ბ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ადვოკატმა ლ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, ისე, რომ არ ამოწმებს მის დასაშვებობას. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ძალაში დატოვოს სააპელაციო სასამართლოს განჩინება ან გააუქმოს იგი და მიუთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 15 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული (100 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება - „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის.
5. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ზ. ბ-ი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ - 48,72 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანისა“ და 3,98 გრამი „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვის გამო და მისჯილი აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული ოდენობები ჯამში არ აღემატება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებითა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით ნარკოტიკული საშუალება - 70 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანისა“ და 100 გრამამდე „ნედლი მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა, შენახვისათვის განსაზღვრულ ოდენობას.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ადვოკატ ლ. ბ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ადვოკატ ლ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობის დასაშვებად ცნობისა და განაჩენის გადასინჯვისათვის მსჯავრდებულ ზ. ბ-ს სასჯელის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. ბ-ს ადვოკატ ლ. ბ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი