საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 24.04.2017
საქმის ნომერი
2კ-672აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.04.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№672აპ-16 ქ. თბილისი

ბ. მ-ნ, 672აპ-16 24 აპრილი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით მ. ბ., – - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით მიესაჯა ჯარიმა - 1000 ლარი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც პირობით იყო ჩათვლილი და საგამოცდო ვადა - 3 წლითა და 9 თვით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ბ-ს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, საიდანაც 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი და 9 თვე. მ. ბ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 8 აგვისტოდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

· 2015 წლის 7 ივლისს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერმა ი. ჭ-ამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საცხოვრებელ ოთახში რამდენჯერმე მოინახულა მოშიმშილე მსჯავრდებული მ. ბ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, რის გამოც 2015 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 10:30 საათზე, თ-ში, ო. ხ-ის ქუჩა N--ში მდებარე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ეზოში მ. ბ. სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ი. ჭ-ას, თუ იგი ისევ გაბედავდა მის საცხოვრებელ ოთახში შესვლას.

· 2015 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, ო. ხ-ის ქუჩა N--ში მდებარე თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების N--ე ოთახში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა მ. ბ-მა, ხსენებული დაწესებულების თანამშრომლებს არ მისცა საშუალება მისთვის ჩაეტარებინათ გეგმიური შემოწმება, რა დროსაც უსაფრთხოების განყოფილების უფროსს ბ. თ-ეს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით და ხელი შეუშალა დაწესებულების საქმიანობას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ოქტომბრის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ სასამართლოს განაჩენი ეფუძნება ირიბ მტკიცებულებებსა და ვარაუდებს. განაჩენში მოსამართლემ არ შეაფასა საკითხები, რაც დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა. აღნიშნულის გამო დაირღვა სამართლიანი სასამართლოს, კერძოდ, მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილების მიღების უფლება. მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასა და ბრალდებას წინ უძღოდა მ. ბ-სა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის კონფლიქტი. ადმინისტრაცია გაღიზიანებული იყო მისი კანონიერი მოთხოვნებით. მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში ქრონოლოგიურად აღწერს კომპეტენტურ პირებთან მის მიერ გაგზავნილ საჩივრებს (თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებული სიტუაციის თაობაზე). კასატორის განცხადებით, აღნიშნულის პარალელურად, ციხის ადმინისტრაციის მუშაკები ადგენდნენ დოკუმენტებს, რომელთა თანახმადაც, მ. ბ-ი თითქოსდა ლანძღავდა თანამშრომლებს, რის გამოც ორი დისციპლინური პასუხისმგებლობაც დაეკისრა. მ. ბ-ის მოსაზრებით, ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან მიკერძოებულები და საქმით დაინტერესებულნი. სასამართლო სხდომაზე ი. ჭ-ას აგდებული და დამამცირებელი ტონიდან გამომდინარე, ადვილად წარმოსადგენი იყო, როგორ ექცეოდა იგი პატიმრებს. ი. ჭ-ამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მან მ. ბ-ის გვერდით დაინახა დ. რ., ხოლო მ. შ-მა კი განაცხადა, რომ ი. ჭ-ას გარდა სხვა პირი არ დაუნახავს. მ. შ-მა აღნიშნული გარემოება ვერ ახსხნა, რის გამოც მისი ჩვენების გაზიარება დაუშვებელია. ამასთან, შემთხვევის ამსახველ ვიდეოფაილში ჩანან მხოლოდ ი. ჭ., მსჯავრდებული და მ. შ.. სხვა პირი მასში ასახული არ არის. კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს განმარტება სხვა პირთა არსებობასა და მათი მხრიდან საუბრის შესაძლო გაგებაზე, სცდება სამართლიანი სასამართლოს ცნების ფარგლებს.

6.რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებას, კასატორის პოზიციით, ბ. თ. არის პირი, რომელიც მ. ბ-ის წინააღმდეგ იბრძვის და, ბუნებრივია, იგი განმსჭვალულია მსჯავრდებულის დასჯის სურვილით. ვიდეოკადრების თანახმად, დაწესებულებაში დაძაბულობა არ ყოფილა. ვიდეოფირზე აშკარად ჩანს, რომ აგრესიული თავად ბ. თ., ხოლო მ. ბ. კი მშვიდი. ვიდეოფაილები სახელად - „მე-2 სართული“ დროის მიხედვით არ შეესაბამება ერთმანეთს, რის გამოც მტკიცებულება უტყუარი არ არის. ამასთან, გამოძიების მიმდინარეობისას საკანთან ახლოს მყოფი პატიმრების ნაცვლად, 20 და მეტი მეტრით მოშორებით მყოფი პატიმრები დაიკითხნენ.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ, მსჯავრდებულ მ. ბ-თვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №23აპ-13, №283აპ-09, №572აპ-16, №155აპ-14). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

10. რაც შეეხება კასატორის პოზიციას, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოტანილია ირიბი და არასარწმუნო მტკიცებულებების საფუძველზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება პირდაპირი და ირიბი სახის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელთა უტყუარობა და ურთიერთშეთანხმებულობა დასაბუთებულია.

11. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილი ნამდვილად, მოითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას, მაგრამ აღნიშნული მოთხოვნა არ შეიძლება გაგებულ იქნეს მხარეების მიერ წამოჭრილ ყოველ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მავალდებულებლად,[1] კერძოდ, ევროპული სასამართლოს პოზიციით, ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს ის არსებითი სახის გარემოებები, რომელთა გამოყენებითაც მან კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო.[2]

12. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, მსჯავრდებულ მ. ბ-ის პოზიციას, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს, კერძოდ, მოტივირებული გადაწყვეტილების მიღების უფლება.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „სუომინენი ფინეთის წინააღმდეგ,“ (Suominen v. Finland), 37801/97, 01/07/2003, §34

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გეორგიადისი საბერძნეთის წინააღმდეგ,“ (Georgiadis v. Greece), N21522/93, 29/05/1997, §43