დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.05.2017
საქმის ნომერი
2კ-15-I-17
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.05.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

15I-17 ქ. თბილისი

გ. შ-რ, 15I-17 10 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნანიკო ზაზუნაშვილის

ადვოკატ _ ნ. მ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ შ. გ-ის

თარჯიმან _ მ. მ-ას

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2010 წლის 26 აგვისტოს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს განაჩენით შ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121–ე მუხლის მე–2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. 2014 წლის 7 აგვისტოს ხერსონის ოლქის ბელოზერსკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით შ. გ-ს 2010 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სასჯელით - 3 წლით, 9 თვითა და 16 დღით თავისუფლების შეზღუდვით, საიდანაც შ. გ-ს მოსახდელი დარჩა 3 წელი, 1 თვე და 2 დღე.

3. 2014 წლის 30 ოქტომბრიდან ხერსონის ოლქის ბელოზერსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს დადგენილების საფუძველზე შ. გ. ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ქერჩის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 აგვისტოს განაჩენით დადგენილი სასჯელის დარჩენილ ნაწილს იხდიდა უკრაინის სახელმწიფოს პენიტენციური სამსახურის ვ-ის ოლქის სამმართველოს №- კრიჟოპოლსკის გამასწორებელ ცენტრში. აღნიშნულ ცენტრში მოთავსების დღეს შ. გ-ს გააცნეს გამასწორებელ ცენტრში არსებული თავისუფლების შეზღუდვის სახით სასჯელის მოხდის პირობები.

4. 2015 წლის 21 აპრილს შ. გ-ს გაუჩნდა დანაშაულებრივი განზრახვა მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების განზრახ შეუსრულებლობაზე, რომლითაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა თავისუფლების შეზღუდვით. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, უკრაინის იუსტიციის მინისტრის №... 2014 წლის 29 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე შ. გ-მა განცხადებით მიმართა შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციას გამასწორებელი დაწესებულების ფარგლებს გარეთ, მაღაზიაში გასვლის თაობაზე. განცხადება დაკმაყოფილდა და შ. გ-ს მიეცა ნებართვა გასულიყო მაღაზიაში, რის საფუძველზეც, 2015 წლის 21 აპრილს, 17 საათსა და 30 წუთზე, დაწესებულების თანამშრომლის თანხლებით, მან დატოვა უკრაინის სახელმწიფოს პენიტენციური სამსახურის ვ-ის ოლქის სამმართველოს №- კრიჟოპოლსკის გამასწორებელი ცენტრის ტერიტორია. როდესაც შ. გ. კრიჟოპოლსკის გამასწორებელი ცენტრის სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, დაწესებულების თანამშრომლის ზედამხედველობით, გაიყვანეს დაწესებულების ტერიტორიიდან ვ-ის ოლქის კრიჟოპოლსკის რაიონის სოფელ გ-ას მაღაზიაში, მან თვითნებურად დატოვა მაღაზია და მიიმალა.

5. 2015 წლის 11 ივნისს ვინიცის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიჟოპოლსკის პოლიციის განყოფილების საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა შეტყობინება ეჭვის თაობაზე, რომლის შესაბამისად, შ. გ. ეჭვმიტანილია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 382–ე მუხლის პირველი ნაწილით (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

6. 2015 წლის 12 ივნისს შ. გ-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა. 2016 წლის 15 ივნისს ვინიცის ოლქის კრიჟოპოლსკის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა შ. გ-ის დაკავების ბრძანება. 2016 წლის 1 ნოემბერს ვინიცის ოლქის კრიჟოპოლსკის რაიონული სასამართლოს განჩინებით შ. გ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია პატიმრობა. შ. გ. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

7. 2016 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ. გ..

8. 2016 წლის 2 ნოემბერს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შ. გ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

9. 2016 წლის 22 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალური პროკურატურიდან მიიღო შ. გ-ის ექსტრადიციის თაობაზე უკრაინის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და შესაბამისი საექსტრადიციო მასალების დედნები.

10. 2017 წლის 13 იანვარსა და 7 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია შ. გ-ის უკრაინაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

11. 2017 წლის 26 იანვარსა და 14 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია შ. გ-ის უკრაინაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტების დედნები მიღებულია 2017 წლის 31 იანვარსა და 20 მარტს.

12. 2017 წლის 26 იანვარს შ. გ-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 30 აპრილამდე.

13. 2017 წლის 28 აპრილს შ. გ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა კვლავ გაგრძელდა 3 თვით - 2017 წლის 30 ივლისამდე.

14. 2017 წლის 28 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა, სასამართლოს დასაშვებად ეცნო შ. გ-ის ექსტრადიცია უკრაინაში, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილით (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

15. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი შ. გ-ის ექსტრადიცია უკრაინაში, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილით (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

16. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. გ-ის ადვოკატი ნ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 მაისის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ უკრაინაში ექსტრადიციის შემთხვევაში შ. გ. დაექვემდებარება არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას, ვინაიდან შ. გ-ის გადმოცემით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ყოფნის დროს დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები სრულად ითვისებდენენ მის მიერ გამომუშავებულ თანხას, ასევე ითვისებდენენ მისი ახლობლების გადმორიცხულ თანხას, ეპყრობოდნენ არადამიანურად; ადვოკატი მიუთითებს ასევე, რომ შ. გ-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე მისი წარმომავლობისა და ეროვნების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ. გ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 30 ოქტომბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება შ. გ-ის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ შ. გ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ შ. გ-ს უკრაინაში მისი ეროვნების გამო ემუქრება საფრთხე, ვინაიდან ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც მისი უსაფრთხოების თაობაზე ეჭვს წარმოშობდა. კასატორის მიერ გაკეთებული ზოგადი განცხადება, რომ შ. გ-ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ,,სოერინგი გაერთინებული სამეფოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირის ექსტრადიციის თაობაზე შესაძლოა, წარმოშვას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი და აქედან გამომდინარე - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ იქნა არსებითი დასაბუთება მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში პირის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის საფრთხის შესახებ.[1]

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხოლოდ კასატორის მითითება, რომ მას ეპყრობოდნენ არაადამიანურად და კვლავ იმავე პირობებში ჩააყენებენ, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და საფუძვლიანი არგუმენტების გარეშე, ვერ იქნება გაზიარებული.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს რა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას, მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი შ. გ-ის ექსტრადიცია უკრაინაში, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილით (კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის გამო მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – შ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] ,,სოერინგი (Soering) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, განაცხადი no. 14038/88, 1989 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, 91-ე პუნქტი. იხ. აგრეთვე ,,შამაევი და სხვები (Shamayev and others) საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, განაცხადი no. 36378/02, 2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება, 335-ე პუნქტი. ,,კრუზ ვარასი და სხვები (Cruz Varas and others) შვედეთის წინააღმდეგ“, განაცხადი no. 15576/89, 1991 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, 69-70-ე პუნქტები. ,,ჩაჰალი (Chahal) გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, განაცხადი no. 22414/93, 1996 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, 74-ე პუნქტი.