საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№719აპ-16 ქ. თბილისი
ა-ი ა, 719აპ-16 5 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენით ა. ა-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა აეთვალა 2015 წლის 30 ოქტომბრიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის პირველი პუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი 1 წლითა და 6 თვით პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდა 2004 წლის 4 მარტს.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განაჩენით ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი, 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,108–ე მუხლით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას განესაზღვრა 23 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 სექტემბრიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განაჩენით ა. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,108–ე მუხლით, სსკ–ის 55–ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20000 ლარი. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 20000 ლარი. მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები და სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 სექტემბრიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, ა. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,108–ე მუხლით – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ მას განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განაჩენსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, სსკ–ის 19,108–ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ა. ა-ს განესაზღვრა 6 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 6 სექტემბრიდან. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 3 ივლისის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ა. ა-ი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2014 წლის 5 თებერვალს.
ა. ა-მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,002372 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც უკანონოდ ინახავდა პირადად და რომელიც მისგან პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ქ. გ-ში 2015 წლის 31 ოქტომბერს.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-ემ და ითხოვეს მსჯავრდებულ ა. ა-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დასტურდება მსჯავრდებულ ა. ა-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი; ა. ა-ს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, იგი „ჩაუდო“ პოლიციის თანამშრომელმა გ. ა-ემ, რაც დასტურდება დაცვის მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ვიდეოჩანაწერით, რომელზეც ასახულია ა. ა-ის ჩხრეკის პროცესი. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ დაკავებისას ა. ა-ს სცემეს და მიაყენეს სხეულის მრავლობითი დაზიანება, შესაბამისად, დაკავება და ჩხრეკა–ამოღება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც დაკავებისა და ჩხრეკის ოქმი არის დაუშვებელი მტკიცებულება.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან მსჯავრდებულ ა. ა-ისთვის შერაცხული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №171აპ-14, №515აპ-14, ), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ჩხრეკა–ამოღება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ წარმოდგენილი ვიდეოფირითა და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება ხსენებული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის კანონთან შესაბამისობა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ დაკავებისას შესაძლოა (როგორც დაცვის მხარე უთითებს), დამკავებელმა მოხელემ გადააცილა იძულების პროპორციულ ზომას, სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ აღნიშნული შესაძლოა, გახდეს დამკავებელი მოხელის მიმართ დევნის დაწყების საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში გავლენას ვერ მოახდენს ა. ა-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე