საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№756აპ-16 ქ. თბილისი
კ-ი ე, 756აპ-16 13 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 ივლისის განაჩენით ე. კ-ი, –ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის მომენტისათვის), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2014 წლის 1 ივლისს მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 1 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2016 წლის 16 აპრილიდან (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდიდან); მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის განაჩენით მთლიანად მოხდილი სასჯელი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა (სასჯელის ვადის ათვლის თარიღი – 2015 წლის 16 აპრილი) და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 21 ნოემბრიდან იმავე წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. კ-მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ე. კ-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და ქარხნული წესით დამზადებული „7,62 mm Nagant-ის“ ვაზნა, რომლებსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. 2014 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 02:00 საათიდან 03:00 საათამდე პერიოდში, თ-ში, ნ-ის ქ. №..-ში მდებარე ყოფილი ს. ჰ-ის შენობაში, მე-5 სართულზე, ე. კ-ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღსა და მასში მოთავსებულ ვაზნას, რა დროსაც, გ. გ-სთან შელაპარაკების გამო, გაისროლა. მითითებული ადგილიდან ამოიღეს ე. კ-ის მიერ გასროლილი ტყვია, რომელიც წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ „7,62 mm Nagant-ის“ ვაზნის შემადგენელ ნაწილს და გასროლილია 7,62 მმ კალიბრიანი „ნაგანის“ სისტემის რევოლვერიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენის, როგორც უსაფუძვლოს, უკანონოსა და დაუსაბუთებლის, გაუქმებას, სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანას იმ მოტივით, რომ ე. კ-ი უდანაშაულოა.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა. ე. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების – თ. შ-ასა და მ. გ-ას ჩვენებებით, 2014 წლის 9 ივლისის №... ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ვ. ბ-ემ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. მოწმე ნ. ს-ის (ს-ი) ჩვენებით, 2014 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 01 საათზე, გააღვიძა იარაღიდან გასროლის ხმამ. სადარბაზოში გასულმა დაინახა, რომ გ. გ-ა ჩარბოდა კიბეზე, მას უკან მისდევდა მათივე მეზობელი ე. კ-ი, რომელმაც ამ ფაქტის შემდეგ არაერთხელ სცადა მასზე ზემოქმედების მოხდენა, მოსთხოვა ჩვენების შეცვლა და იარაღიდან გასროლის ხმის ნაცვლად ე.წ. „ხლაპუშკის“ გასროლის ხმის დაფიქსირება. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 იანვრის განაჩენით ე. კ-ს საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ზემოქმედების განხორციელება მოწმე ნ. ს-ზე, ე.ი. მოწმის დაყოლიება, მოწმისათვის მიმართვა ჩვენების შეცვლისათვის) განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ე. კ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №420აპ-16, №628აპ-10).
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. კ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე