დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.06.2017
საქმის ნომერი
2კ-18-I-17
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.06.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

18I-17 ქ. თბილისი

ა-ი ვ, 18I-17 6 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატ _ დ. ნ-ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ვ. ა-ის

თარჯიმან _ ნ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, 2014 წლის 22 ივლისს რუმინეთის რესპუბლიკის ბუქარესტის სასამართლოს პირველი სამმართველოს განაჩენით ვ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ:

ა) ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ N39/2003 კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით (ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ბ) რუმინეთის რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის N86/2006 კანონის 270-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით (კონტრაბანდა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, როდესაც საქონლის ღირებულება აღემატება 40 000 რუმინულ ლეის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

გ) სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ N84/1998 კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

დ) რუმინეთის რესპუბლიკის N86/2006 საბაჟო კოდექსის 272-ე მუხლით (საბაჟო ორგანოებში ფიქტიური დოკუმენტების გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ე) რუმინეთის რესპუბლიკის N86/2006 საბაჟო კოდექსის 273-ე მუხლით (საბაჟო ორგანოებში ყალბი დოკუმენტების გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

ვ) ფულის გათეთრების, ისევე როგორც ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის N656/2002 კანონის 23-ე მუხლის (ამჟამად 29-ე მუხლი) პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ფულის გათეთრება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

ზ) სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 289-ე მუხლით, 25-ე მუხლზე მითითებით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

თ) სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 290-ე მუხლით, 25-ე მუხლზე მითითებით (კერძო პირის ხელმოწერის მქონე დოკუმენტების გაყალბების წაქეზება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით.

ი) სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 297-ე მუხლის პირველი პუნქტით (საქონლის ხარისხის შესახებ მოტყუება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

ამავე განაჩენით ვ. ა-ი გამართლდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ N11/1991 კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ბუქარესტის სასამართლომ ზემოაღნიშნული დანაშაულებისთვის დანიშნული სასჯელები გააერთიანა და საბოლოოდ ვ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

2. წარმოდგენილი მასალების თანახმად, ვ. ა-ის მიერ რუმინეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2009 წლის მარტში ვ. ა-მა, ვ. ვ-თან, ა. მ-ასა და კ. მ-თან ერთად სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით, ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც მისი მოქმედებისა და განვითარების მანძილზე (2009 წლის მარტიდან 2010 წლის მარტამდე) შეუერთდა სხვა მრავალი ადამიანი.

ვ. ა-ი და ა. მ-ა წარმოადგენდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერებს და კოორდინირებას უწევდნენ დაჯგუფების საქმიანობას რუმინეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში. ასევე, ისინი, ვ. ვ-ის მეშვეობით, ცალკეული რუმინული კომპანიის სახელით უზრუნველყოფდნენ ჩინეთიდან და თურქეთიდან ფალსიფიცირებული საქონლის იმპორტს და ყიდდნენ. მათი მითითებების შესაბამისად, მნიშვნელოვანი ოდენობის საქონლის ევროკავშირში იმპორტი ხორციელდებოდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით. ამ მიზნით, ისინი დოკუმენტებს აყალბებდნენ და ასევე, სხვა უკანონო გზებს იყენებდნენ.

ვ. ა-ი, როგორც დაჯგუფების ლიდერი, ა. მ-ასთან ერთად, ვ. ვ-ის მეშვეობით, გასცემდა ბრძანებებს დადგენილი ადგილებიდან საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, სპეციალურ საბაჟო რეჟიმს დაქვემდებარებული მნიშვნელოვანი ოდენობით სიგარეტისა და პარფიუმერიის რუმინეთში კონტრაბანდული გზით შემოტანისთვის. ვ. ა-ის მითითებების შესაბამისად, ვ. ვ-ი ტვირთის საბაჟო კონტროლს თავს არიდებდა სხვადასხვა გზით, მათ შორის მებაჟეებს ტვირთს უმალავდა, დეკლარირებული საქონლის მსგავსად, ტვირთის შეფუთვას და საბაჟო კონტროლისთვის გვერდის ავლას მებაჟეებისათვის მატერიალური დაინტერესების შეთავაზების გზით ახერხებდა. ამრიგად, ევროპის კავშირში ტვირთის შეტანისას, თურქული ბეჭდით დალუქული და წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საქონელი იმყოფებოდა საბაჟო ტრანზიტის რეჟიმში, ხოლო რუმინეთში ტრანსპორტირების შემდეგ საქონელი საბაჟო პუნქტში წარუდგენლად პირდაპირ გადაიზიდებოდა ჩამოსატვირთად და იმპორტისათვის გამიზნული დოკუმენტები საბაჟო ორგანოების თანამშრომლებს წარედგინებოდათ მხოლოდ ჩამოტვირთვის და მათი სხვა სატრანსპორტო საშუალებებზე გადატვირთვის შემდეგ.

ვ. ა-მა, ა. მ-ასა და ვ. ვ-თან ერთად, რამდენიმე კომპანიის (მათ შორის მათ მიერ კონტროლირებადი კომპანიების) სახელით, მათი მფლობელებისაგან ფარულად, 11 სხვადასხვა შემთხვევაში განახორციელა ფალსიფიცირებული საქონლის (3-ჯერ სიგარეტების, ხოლო 8-ჯერ პარფიუმერიის) ჩინეთიდან და თურქეთიდან იმპორტი. აღნიშნული საქონლის საიმპორტო მომსახურება უნდა შეესრულებინათ რუმინულ საბაჟო ორგანოებს. ვ. ა-ი ა. მ-ას ავალებდა საბაჟო ადმინისტრაციისთვის ისეთი დოკუმენტების წარდგენას, რომლებიც არასწორად ასახავდა ინფორმაციას გადამზიდი კომპანიებისა და დეკლარირებული საქონლის ბენეფიციარი პირების შესახებ.

საბაჟო ადმინისტრაციას წარედგინებოდა ანგარიშფაქტურები, რომლებიც შეიცავდა მცდარ ინფორმაცის. კერძოდ, ხსენებულ ანგარიშფაქტურებში იმპორტირებული საქონლის ბენეფიციარად ნაჩვენები იყო ბუქარესტში რეგისტრირებული კომპანია M-.., ხოლო ბაჟის ღირებულების დასადგენად მითითებული იყო, რომ თითქოს თურქეთსა და რუმინეთს შორის საერთაშორისო გადაზიდვას ასრულებდნენ ბუქარესტში არსებული კომპანია R.. და ორადეაში არსებული კომპანია - S.. თუმცა, რეალურად ხსენებული ანგარიშფაქტურები არ გაუციათ ამ კომპანიებს.

გარდა ამისა, წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, საქონლის მომწოდებლად ფიქსირდებოდა თურქული კომპანია, რომელსაც მიეწოდებოდა S.. -ის მიერ გაცემული მცდარი მონაცემების შემცველი ანგარიშფაქტურები, რომელთა თანახმად, თითქოს ტვირთის გადაზიდვას ეწეოდა იგივე კომპანია, მაშინ, როდესაც კომპანიის საბუღალტრო მონაცემები არ შეიცავდა აღნიშნულ ინფორმაციას და რეალურად ანგარიშფაქტურები გამოწერილი იყო ერთი და იმავე თარიღითა და სერიული ნომრებით.

გარდა აღნიშნულისა, ვ. ა-მა, ა. მ-ა და ვ. ვ-თან ერთად, მოახდინა ჩინეთსა და თურქეთში ფალსიფიცირებული საქონლის მწარმოებლების ინდენტიფიცირება, რის შემდეგაც ისარგებლა სიგარეტის და პარფიუმერიის ბრენდების (მაგ.: Marlboro, Dolce&Gabanna, Coco Chanel, Giorgio Armani, Cacharel Amor, Prada, Guerlain, Dior, PaKo Rabanne, Versace, Burberry, Lacoste, Thierry Mugler, Lancome, Jean Paul Gaultier, Givenchy, Gucci, Kenzo, Yves Saint Laurent, Hugo Boss და სხვ.) ეროვნულ და საერთაშორისო ბაზარზე არსებული იმიჯითა და ცნობადობით, ფიქტიური დოკუმენტების გამოყენებითა და კონტრაბანდულად რუმინეთში შეტანის გზით, იმგვარად წარმართა ფალსიფიცირებული პროდუქციის დაბალ ფასებში გაყიდვა, რომ საქონელი, დასახელებისა და შეფუთვის მიხედვით, ასოცირდებოდა აღნიშნული სავაჭრო ნიშნების კანონიერ მფლობელებთან. შედეგად, ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებებით მითითებული სავაჭრო ნიშნების მფლობელები დაზარალდნენ მატერიალურად, ხოლო მომხმარებელი, საქონლის ხარისხსა და მის წარმოშობასთან დაკავშირებით, მოტყუვდა. შესაბამისად, ვ. ა-ი, სავაჭრო ნიშნების მფლობელი კომპანიებისგან სათანადო ნებართვის გარეშე, ეწეოდა სხვისი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსავსი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის დაბალ ფასებში რეალიზაციას.

ასევე, ვ. ა-მა, პირდაპირ ან შუამავლების მეშვეობით, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში გააწევრიანა რამდენიმე პირი (ლ. მ-ი, დ. კ. მ-ი, ბ. ო-უ ფ-ი და სხვ.), რომელთაც ურთიერთობა ჰქონდათ საბაჟოს თანამშრომლებთან; მან ასევე უზრუნველყო საბაჟოს თანამშრომლების ჩართვა დანაშაულებრივ საქმიანობაში (ს. ა. დ-უ, პ. მ-ი, კ. ს-ი და სხვ.), რომლებისგანაც მოითხოვდა საქონლის საბაჟო საიმპორტო დოკუმენტების გაყალბებას მათში მცდარი ინფორმაციის მითითებით (მაგ.: მათ სატრანსპორტო საშუალების ფიზიკური შემოწმება უნდა დაედასტურებინათ, როგორც ,,შესაბამისობაში მოყვანილი“) ან გარკვეული ფაქტებისა და ინფორმაციის წინასწარი შეცნობით დაფარვას.

ვ. ა-ი ვ. ვ-ისგან მოითხოვდა ყალბი სატრანსპორტო და კომერციული დოკუმენტების შედგენას, რომელთაგან ზოგიერთი წარდგენილ იქნა საბაჟოში საიმპორტო დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად (მაგ. 2010 წლის 28 იანვარს და 2010 წლის 1 თებერვალს – ო-ას საბაჟო ოფისში და 2009 წლის 26 ნოემბერს –კ-ას საბაჟო ოფისში), ზოგიერთი მათგანი კი გამოიყენეს საქონლის რუმინეთიდან ბელგიაში მისაწოდებლად (მაგ. უნგრელი სამართალდამცავების მიერ 2010 წლის 15 იანვარს იდენტიფიცირებული ტვირთის S.. -ს სახელზე გაცემული CIM ზედნადები და S.. -ს სახელზე გაცემული, 2009 წლის 8 ოქტომბერს იდენტიფიცირებული ტვირთის CIM ზედნადები).

გარდა ამისა, ვ. ა-ი, სხვა ბრალდებულებთან ერთად, ეწეოდა წინასწარი შეცნობით ფალსიფიცირებული ტვირთის გადაზიდვას; მას, საქონლის ნამდვილი წარმოშობის, მისი განთავსების, ბრუნვის დამალვისა და შენიღბვის მიზნით, საქონელი რუმინეთში შეჰქონდა იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც რეალურად გაცემული იყო სხვა საქონელზე; ასევე, იგი გადაზიდვას ეწეოდა სხვა სატრანსპორტო საშუალებების დოკუმენტაციის საფარქვეშ და საბაჟო ორგანოებს წარუდგენდა იმ კომპანიების მიერ გაცემულ გადაზიდვის ანგარიშფაქტურებს, რომელთაც სინამდვილეში არ ეკუთვნოდათ ეს სატრანსპორტო საშუალებები.

საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაში, საქონლის წარმოშობის, საკუთრებისა და ბრუნვის ნამდვილი სახის დაფარვის მიზნით, ვ. ა-ი, ვ. ვ-თან ერთად, შუალედურ პორტებში ცლიდა ფალსიფიცირებული საქონლით დატვირთულ კონტეინერებს და მოგვიანებით, საქონელს ამისამართებდა სხვა კომპანიებთან, რომლებიც აღწერილი იყო როგორც ტრანსპორტირების ბოლო ბენეფიციარები. ხმელეთით ტრანსპორტირების შემთხვევაში, რუმინეთში საქონლის კონტრაბანდული გზით შეტანისას, საქონლის წარმოშობის, საკუთრებისა და ბრუნვის ნამდვილი სახის დაფარვის მიზნით, დანიშნულების ადგილამდე (ბელგია) საქონელი გადაჰქონდათ სხვა სატვირთო მანქანებით, რომლებსაც მართავდნენ სხვა მძღოლები. ასევე დგებოდა სხვადასხვა სახის დოკუმენტები, რომლებშიც ყოველ ჯერზე ნაჩვენები იყო სატრანსპორტო და კომერციულ დოკუმენტებში მითითებულისგან განსხვავებული მომწოდებელი და ბენეფიციარი, სხვადასხვა კატეგორიის საქონელი და სხვადასხვა გადამზიდი კომპანია, რა გზითაც სამართალდამცავ ორგანოებს ურევდნენ კვალს.

ფალსიფიცირებული საქონლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი თავიდან ეშვებოდა ბრუნვაში. რიგ შემთხვევებში, აღნიშნული თანხა ან ხელზე ეგზავნებოდათ დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებს, ან მიეწოდებოდათ Western Union-ის სწრაფი გზავნილის მეშვეობით, ანდა თანხას რთავდნენ კანონიერ ფინანსურ ბრუნვაში. გარდა ამისა, შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ვ. ა-ი, ვ. ვ-ი და ა. მ-ა მიმართავდნენ სხვადასხვა ხერხს, მათ შორის საკუთარი კომპანიების - S.. -სა და S.. -სთვის გასცემდნენ ფიქტიურ კრედიტებს. მოგვიანებით, თანხა გამოჰქონდათ სამოგზაურო ხარჯებისთვის, რის შემდგომაც ადგენდნენ მოგზაურობის მოთხოვნას, რომელიც რეგისტრირდებოდა იმავე კომპანიებში.

იმავე მიზნებით, ვ. ა-ისა და ავჯი მ-ს დავალებით, ვ. ვ-მა SC.. -ის და S.. -ის საბუღალტრო ჩანაწერებში დაარეგისტრირა ფიქტიური ანგარიშფაქტურები, რომელთა მიხედვითაც, თითქოს კომპანიებს მიეწოდებოდათ საქონელი, ხოლო აღნიშნულ ანგარიშფაქტურებთან დაკავშირებული თანხები მითითებული იყო, როგორც ხელზე ასაღები ნაღდი ფული. რეალურად კი, ანგარიშფაქტურებში მითითებული კომპანიები ან საერთოდ არ არსებობდნენ, ან მათ არასდროს შეუკვეთავთ და არ მიუღიათ რუმინული კომპანიებისგან ანგარიშფაქტურებში მითითებული საქონელი. ხსენებულიდან გამომდინარე, გადახდის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოებისთვის თანხის წარმოშობის წყარო ჩანდა აბსოლუტურად კანონიერი.

3. 2016 წლის 8 მარტს ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოს მეორე სამმართველომ ნაწილობრივ შეცვალა 2014 წლის 22 ივლისის განაჩენი, რომლის თანახმად: ,,ა“, ,,დ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებში მითითებული დანაშაულებისათვის (ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნა; საბაჟო ორგანოებში ფიქტიური დოკუმენტების გამოყენება; კერძო პირის ხელმოწერის მქონე დოკუმენტების გაყალბების წაქეზება) დანიშნული სასჯელები დარჩა უცვლელად; ,,ბ“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის (კონტრაბანდა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, როდესაც საქონლის ღირებულება აღემატება 40 000 რუმინულ ლეის) დანიშნული სასჯელი შეიცვალა და განისაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთით; ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის (სხვისი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა) დანიშნული სასჯელი შეიცვალა და განისაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთით; ,,ე“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის (საბაჟო ორგანოებში ყალბი დოკუმენტების გამოყენება) დანიშნული სასჯელი შეიცვალა და განისაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთით; ,,ვ“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის (ფულის გათეთრება) დანიშნული სასჯელი შეიცვალა და განისაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთით; ,,ზ“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების წაქეზება) დანიშნული სასჯელი შეიცვალა და განისაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთით; ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ვ. ა-ი გაამართლა,,ი“ ქვეპუნქტში მითითებული - რუმინეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 297-ე მუხლის პირველი პუნქტით (საქონლის ხარისხის შესახებ მოტყუება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში; ხოლო ბუქარესტის სასამართლოს 2014 წლის 22 ივლისის განაჩენით დადგენილი გამამართლებელი განაჩენი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესახებ N11/1991 კანონის მე-5 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით - დატოვა ძალაში.

ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოს მეორე სამმართველომ ზემოაღნიშნული დანაშაულებისთვის შეფარდებული სასჯელები გააერთიანა და საბოლოოდ ვ.ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

4. 2016 წლის 8 მარტს ბუქარესტის სასამართლოს პირველმა სამმართველომ გამოსცა ბრძანება ვ. ა-ის დაკავების შესახებ.

5. 2016 წლის 14 ივნისს ვ. ა-ის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.

6. 2016 წლის 22 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუმინეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. ა-ი.

7. 2016 წლის 25 სექტემბერს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ვ. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

8. 2016 წლის 10 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლემ დაუშვებლად ცნო ვ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2016 წლის 25 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

9. 2016 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ვ. ა-ის ექსტრადიციის თაობაზე რუმინეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

10. 2016 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუმინეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ვ. ა-ის რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

11. 2016 წლის 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ვ. ა-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით - 2017 წლის 22 მარტამდე.

12. 2016 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია ვ. ა-ის რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

13. 2017 წლის 28 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რუმინეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ვ. ა-ის რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

14. 2017 წლის 7 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დამატებითი ინფორმაცია ვ. ა-ის რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

15. 2017 წლის 20 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ვ. ა-ის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა დამატებით 3 თვით - 2017 წლის 22 ივნისამდე.

16. 2017 წლის 11 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ვ. ა-ის რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოს მეორე სამმართველოს 2016 წლის 8 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია: რუმინეთის რესპუბლიკის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ N39/2003 კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით (ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნა), რუმინეთის რესპუბლიკის საბაჟო კოდქსის N86/2006 კანონის 270-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით (კონტრაბანდა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, როდესაც საქონლის ღირებულება აღემატება 40 000 რუმინულ ლეის), სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ N84/1998 კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა), რუმინეთის რესპუბლიკის N86/2006 საბაჟო კოდექსის 272-ე მუხლით (საბაჟო ორგანოებში ფიქტიური დოკუმენტების გამოყენება), რუმინეთის რესპუბლიკის N86/2006 საბაჟო კოდექსის 273-ე მუხლით (საბაჟო ორგანოებში ყალბი დოკუმენტის გამოყენება), ფულის გათეთრების, ისევე როგორც ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის N656/2002 კანონის 23-ე მუხლის (ამჟამად 29-ე მუხლი) პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ფულის გათეთრება), სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 289-ე მუხლის 25-ე მუხლზე მითითებით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების წაქეზება), სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 290-ე მუხლით, 25-ე მუხლზე მითითებით (კერძო პირის ხელმოწერის მქონე დოკუმენტის გაყალბების წაქეზება).

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. ა-ის რუმინეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოს მეორე სამმართველოს 2016 წლის 8 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია: რუმინეთის რესპუბლიკის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ N39/2003 კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით (ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნა), რუმინეთის რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის N86/2006 კანონის 270-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით (კონტრაბანდა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, როდესაც საქონლის ღირებულება აღემატება 40 000 რუმინულ ლეის), სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ N84/1998 კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა), რუმინეთის რესპუბლიკის N86/2006 საბაჟო კოდექსის 272-ე მუხლით (საბაჟო ორგანოებში ფიქტიური დოკუმენტების გამოყენება), რუმინეთის რესპუბლიკის N86/2006 საბაჟო კოდექსის 273-ე მუხლით (საბაჟო ორგანოებში ყალბი დოკუმენტების გამოყენება), ფულის გათეთრების, ისევე როგორც ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის N656/2002 კანონის 23-ე მუხლის (ამჟამად 29-ე მუხლი) პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ფულის გათეთრება), სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 289-ე მუხლით, 25-ე მუხლზე მითითებით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების წაქეზება), სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 290-ე მუხლით, 25-ე მუხლზე მითითებით (კერძო პირის ხელმოწერის მქონე დოკუმენტების გაყალბების წაქეზება).

18. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი – ვ. ა-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 აპრილის განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ რუმინეთის სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; მისი ბიზნესით დაინტერესდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რის გამოც შეთხზეს მის წინააღმდეგ აბსურდული ბრალდება. კასატორი ასევე უთითებს, რომ რუმინეთში ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება ზეწოლასა და არაადამიანურ მოპყრობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. რუმინეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ვ. ა-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2016 წლის 22 სექტემბერს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება ვ. ა-ის მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

4. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვ. ა-ი რუმინეთის რესპუბლიკაში დაექვემდებარება არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, ვინაიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირის ექსტრადიციის თაობაზე შესაძლოა, წარმოშვას კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საკითხი და აქედან გამომდინარე - სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ იქნა არსებითი დასაბუთება მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში პირის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა თუ დასჯის საფრთხის შესახებ.[1]

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ გაკეთებული ზოგადი განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის საფრთხის შესახებ, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.

6. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ ვ. ა-ს დანაშაული არ ჩაუდენია და ბრალდება შეთხზულია, პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იხილავს მისი ბრალეულობის საკითხს. ამ შემთხვევაში სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის თაობაზე, დასაშვებია თუ არა მისი ექსტრადიცია რუმინეთის რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ვ. ა-ის ექსტრადიცია რუმინეთის რესპუბლიკაში, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით ბუქარესტის სააპელაციო სასამართლოს მეორე სამმართველოს 2016 წლის 8 მარტის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია: რუმინეთის რესპუბლიკის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ N39/2003 კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით (ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნა), რუმინეთის რესპუბლიკის საბაჟო კოდექსის N86/2006 კანონის 270-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით (კონტრაბანდა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, როდესაც საქონლის ღირებულება აღემატება 40 000 რუმინულ ლეის), სასაქონლო ნიშნებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ N84/1998 კანონის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა), რუმინეთის რესპუბლიკის N86/2006 საბაჟო კოდექსის 272-ე მუხლით (საბაჟო ორგანოებში ფიქტიური დოკუმენტების გამოყენება), რუმინეთის რესპუბლიკის N86/2006 საბაჟო კოდექსის 273-ე მუხლით (საბაჟო ორგანოებში ყალბი დოკუმენტების გამოყენება), ფულის გათეთრების, ისევე როგორც ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის N656/2002 კანონის 23-ე მუხლის (ამჟამად 29-ე მუხლი) პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ფულის გათეთრება), სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 289-ე მუხლით, 25-ე მუხლზე მითითებით (ოფიციალური დოკუმენტის გაყალბების წაქეზება), სისხლის სამართლის კოდექსის (ძველი რედაქცია) 290-ე მუხლით, 25-ე მუხლზე მითითებით (კერძო პირის ხელმოწერის მქონე დოკუმენტების გაყალბების წაქეზება), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ვ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] იხ. ECtHR, 7.07.1989, ,,სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 14038/88, § 91; ECtHR, 12.04.2005, ,,შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, 36378/02, § 335; ECtHR, 20.03.1991, ,,კრუზ ვარასი და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“, 15576/89, §§ 69-70; ECtHR, 15.11.1996, ,,ჩაჰალი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, 22414/93, § 74.