დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 10.07.2017
საქმის ნომერი
26აგ.-2017
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №26აგ-17 10 ივლისი, 2017 წელი

თ-ე ზ, 26აგ-17 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ზ. თ-ეს შორის. ზ. თ-ე, –ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსხდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2013 წლის 1 ივნისიდან.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ...ის პრობაციის ბიუროს უფროსის ...ის წარდგინება დაკმაყოფილდა და ზ. თ-ის მიმართ აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. ზ. თ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 11 ოქტომბრიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განჩინებით უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება ზ. თ-ის მიმართ.

4. 2017 წლის 31 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ. თ-ემ და ითხოვა მისი საქმის ხელახლა გადახედვა, კერძოდ: იგი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, მოესმინა მისი მოსაზრება, თუ რატომ ვერ ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში და ისე მიეღო გადაწყვეტილება.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. თ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. კასატორი - მსჯავრდებული ზ. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმებას და მიუთითებს, რომ პრობაციის ბიუროში არ ცხადდებოდა პოლიციელთა მუქარის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა საჩივარს ამავე კოდექსის 282-ე მუხლის (პირობითი მსჯავრის გაუქმება და განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულება) შესაბამისად გამოტანილი განჩინების თაობაზე იხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე. ამდენად, კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატა ვალდებული იყო, მისი მონაწილეობით განეხილა საჩივარი, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

3. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურიდან მიღებულ წერილს, რომლის თანახმადაც მიმდინარეობს გამოძიება ს-ის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლის მიერ ზ. თ-ის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი), პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული წერილით დასტურდება მხოლოდ ის, რომ მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს როგორც ზ. თ-ის პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებას, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტი შესაძლოა დადასტურდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით, რაც არ არის წარმოდგენილი. ამდენად, აღნიშნული წერილი ვერ გახდება ზ. თ-ის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი.

4. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ. თ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ზ. თ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე