საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №296აპ-17 ქ. თბილისი
ჯ-ი კ, 296აპ-17 23 ოქტომბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განაჩენით:
გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განაჩენით გ. ს-ს მიმართ დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 4 ნოემბრიდან.
ვ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 4 ნოემბრიდან.
ი. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 4 ნოემბრიდან.
კ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 4 თებერვლიდან.
განაჩენით მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 2 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, გ. ს-ე ქ.ბ-ი, ტ-ს ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, კ. ჯ-ნ, ი. ხ-ა და ვ. ჩ-ნ ერთად, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ნ. ც-ს კუთვნილ ოქროს ბეჭედს, ღირებულს 550 აშშ დოლარად, ფულს - 300 ლარს და საფულეს, ღირებულს 30 ლარად, მასში არსებული ნივთებით, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განაჩენში ი. კ-ს მიმართ აღმოიფხვრა დაშვებული უზუსტობა და განაჩენის შესავალ, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებში ი. ხ-ს ნაცვლად მიეთითა ი. კ-ე.
2. აპელანტის მოთხოვნა:
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ი. კ-ს (ხ-ს) ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. დ-მ, მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-ა, მსჯავრდებულმა ვ. ჩ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ჭ-ა და მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც-მ. აპელანტებმა ითხოვეს გამართლება, ხოლო მსჯავრდებულ გ. ს-ს ადვოკატმა - სასჯელის შემსუბუქება.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებული ი. კ-ე (ხ-ა) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებაში და გამართლდა. გამართლებული ი. კ-ე (ხ-ა) განაჩენის გამოცხადებისთანავე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ი. კ-ს (ხ-ს) განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
მსჯავრდებულ გ. ს-ს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი, როგორც ზედმეტად შერაცხული. გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა გ. ს-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ს-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 4 ნოემბრიდან.
ვ. ჩ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 4 ნოემბრიდან.
კ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 4 თებერვლიდან.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს ურთიერთთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები კი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პალატამ დადგენილად მიიჩნიოს ი. კ-ს (ხ-ს) მიერ ვ. ჩ-ნ, კ. ჯ-ა და გ. ს-ნ ერთად წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:
გასაჩივრებული განაჩენით ი. კ-ს (ხ-ს) მიერ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიჩნეულია: დაზარალებულების - ნ. ც-ა და ა. გ-ს ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ მათ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა ოთხი პირი, რომელთაგან სამი ვიზუალურად დაინახეს, მათ შორის, ორი - კ. ჯ-ი და ვ. ჩ-ე, რომლებმაც ისინი საძინებელ ოთახში შეიყვანეს, დაინახეს სახეზე, ხოლო მესამე დარჩა სახლის შესასვლელ კართან და ჩუმად ესაუბრებოდა მეოთხე პირს; ნ. ც-ს, ა. გ-ა და გ. გ-ს ჩვენებები, რომ მძარცველებმა წაიღეს ნ. ც-ს საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო გ. გ-ს სახელზე გაცემული ”ს-ს” პლასტიკური ბარათი; ი. ხ-ს პირადი ჩხრეკის ოქმი და მოწმეების - ა. რ-ს, ს. ფ-ა და ბ. ი-ს ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება, რომ 2015 წლის 4 ნოემბერს, ი. ხ-ს პირადი ჩხრეკისას, ამოღებულ იქნა გ. გ-ს სახელზე გაცემული ”ს-ს” პლასტიკური ბარათი; ბრალდებულ გ. ს-ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომლის თანახმად, მან სხვა ბრალდებულებთან ერთად თანამონაწილედ დაასახელა ი. ხ-ა; შპს ”მ-ნ” გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ძარცვის დღეს ი. ხ-ს მობილური ტელეფონის ნომერს ემსახურებოდა ქ.ბ-ი არსებული ანძა და 2015 წლის პირველ, 2 და 3 ნოემბერს მას სატელეფონო კავშირი ჰქონდა გ. ს-ა და კ. ჯ-ნ.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს ი. კ-ს (ხ-ს) მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას და მიიჩნია, რომ ისინი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ 2015 წლის 2 ნოემბერს, ქ.ბ-ი, ტ-ს ქ.№...-ში მდებარე ნ. ც-ს საცხოვრებელ სახლში ნამდვილად მოხდა ძარცვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და რომ ძარცვის დროს გაიტაცეს გ. გ-ს სახელზე გაცემული ”ს-ს” პლასტიკური ბარათი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა ი. კ-ს (ხ-ს).
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ი. კ-ე (ხ-ა) იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, მონაწილეობდა ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მითითებულ პლასტიკურ ბარათს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარეს ამის დამადასტურებული რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ეს დასკვნა წარმოადგენს ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაზარალებულებმა - ნ. ც-მ და ა. გ-ა ვერ ამოიცნეს ი. ხ-ა და განმარტეს, რომ ძარცვის დროს იგი მათ სახლში არ უნახავთ. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მათ აჩვენეს, რომ მეოთხე პირი საერთოდ არ დაუნახავთ და მის იქ ყოფნას იმით ვარაუდობენ, რომ მესამე პირი ვიღაცას ეჩურჩულებოდა, თუმცა პალატის შეფასებით, ის გარემოება, რომ ძარცვაში მონაწილე მესამე პირი ვიღაცას ესაუბრებოდა, ცალსახად არ მეტყველებს იქ მეოთხე პირის ყოფნაზე, რადგან, შესაძლებელია, იგი ტელეფონით ესაუბრებოდა ვინმეს. ასეთ ვითარებაში შპს ”მ-ნ” გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2015 წელს 2 ნოემბერს, ღამით, ი. ხ-ს მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებულ ზარებს ემსახურებოდა ქ.ბ-ი არსებული ანძა და 2015 წლის 1 ნოემბრიდან 4 ნოემბრის პერიოდში ი. ხ-ს მობილური ტელეფონის ნომერს სატელეფონო კავშირი ჰქონდა კ. ჯ-ა და გ. ს-ს მობილური ტელეფონის ნომრებთან, მიჩნეული ვერ იქნება ი. კ-ს (ხ-ს) დანაშაულში მონაწილეობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და, შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობად, რომელიც შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უნდა შეეფასებინა და მტკიცებულებად არ უნდა გამოეყენებინა გ. ს-ს ჩვენების შემოწმების მიზნით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვინაიდან სასამართლოში საქმის განხილვისას გ. ს-მ უარყო გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ძარცვის დროს ი. ხ-ა და სხვა ბრალდებულები მასთან ერთად არ იმყოფებოდნენ და ეს დანაშაული ჩაიდინა ა-ი მცხოვრებ თავის ნათესავებთან ერთად, ხოლო გ. ს-ს თავად გადასცა შეცდომით ძარცვის შედეგად გატაცებული, გ. გ-ს სახელზე გაცემული ”ს-ს” პლასტიკური ბარათი, საკუთარი პლასტიკური ბარათის ნაცვლად. საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულის მიერ მოწმის სტატუსით მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნება ანუ მისი საჯაროდ წაკითხვა, ასევე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის დემონსტრირება და მისი მტკიცებულებად გამოყენება, როდესაც ბრალდებული ამის წინააღმდეგია. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშული ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა ვრცელდება ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემულ ჩვენებაზე (ინფორმაციაზე), რის გამოც გ. ს-ს მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიცემული ჩვენება დანაშაულში თანამონაწილე პირების შესახებ სასამართლომ არ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად და დასასაბუთებლად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. ჩ-ნ, კ. ჯ-ა და გ. ს-ნ ერთად ძარცვაში ი. კ-ს (ხ-ს) მონაწილეობა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა დაზარალებულის მეუღლის სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათი, არ ადასტურებს მის მიერ ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებას, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ ი. კ-ე (ხ-ა) სხვა ბრალდებულებთან წინასწარი შეთანხმებით მონაწილეობდა ძარცვაში. საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი მის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის დათვალიერების ოქმით, შპს „ჯ-ს“ მიერ მოწოდებული და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ...... ტელეფონის ნომერზე 2015 წლის 1 ნოემბრიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით, მომსახურე ანძებისა და მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაციით, შპს „მ-ნ“ გამოთხოვილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ინფორმაციით დადგენილი და დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულებმა - კ. ჯ-ა და ვ. ჩ-მ ჩაიდინეს ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კ. ჯ-ს ფოტოსურათით ამოცნობა ჩატარებულია კანონდარღვევით, ვინაიდან, მიიჩნია, რომ ამოცნობისას არ დარღვეულა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, როცა ამომცნობისათვის ამოსაცნობი ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა შეუძლებელია ან ეს დაკავშირებულია არაგონივრულ ძალისხმევასთან, ამოცნობა შეიძლება ჩატარდეს ფოტოსურათით. ასეთ შემთხვევაში ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზე აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდებიან ერთმანეთისა და ამოსაცნობისაგან. ფოტოსურათების ამოსაცნობად წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაზარალებულებს ამოსაცნობად წარედგინათ 4-4 ფოტოსურათი. მათ შორის, ერთ-ერთი იყო კ. ჯ-ს სწორედ იმ ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია, რომელიც ამობეჭდილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ვებგვერდიდან (ტ.1. ს.ფ.61; ტ.2. ს.ფ.63; 76).
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ს მოთხოვნა არასრულწლოვანი დაზარალებულის, ა. გ-ს ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე იმ მოტივით, რომ მის დაკითხვას ესწრებოდა არასერტიფიცირებული პროკურორი და მიუთითა, რომ როგორც 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში დაზარალებული ა. გ-ი დაკითხა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულმა პროკურორმა, ხოლო ის გარემოება, რომ დაკითხვას ესწრებოდა არასპეციალიზებული პროკურორი, არ წარმოადგენს რაიმე კანონდარღვევას.
რაც შეეხება მსჯავრდებულ გ. ს-ს, მან აღიარა ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად ძარცვის ჩადენის ფაქტი, რაც, გარდა მისი აღიარებისა, უტყუარადაა დადასტურებული ასევე საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ მსჯავრდებული გ. ს-ე არის სტუდენტი, ა-ნ იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია (მათ შორის, დანაშაულის ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი) და მიიჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, რაც მისი პიროვნების გათვალისწინებით, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ჩ-ა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზურაბ კონცელიძემ.
მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ჩ-ი საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და კ. ჯ-ს გამართლებას.
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზურაბ კონცელიძე საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. კ-ს (ხ-ს) დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით და კანონიერი სასჯელის შეფარდებას, ხოლო გ. ს-ს - უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის დათვალიერების ოქმითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კ. ჯ-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, „გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს (მაგალითისთვის იხ. №161აპ-16, №207აპ-13, №151აპ-09), ხოლო სხვა რაიმე ისეთი სახის გარემოება, რაც, სავარაუდოდ, შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. რაც შეეხება ი. კ-ს (ხ-ს) საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,გ”, ,,დ” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას, საკასაციო პალატა უთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ი. კ-ს (ხ-ს) მიმართ წარდგენილი ბრალდებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებული არ არის.
10. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კ. ჯ-ა და გ. ს-ს მიერ ჩადენილ ყოველ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ კ. ჯ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ჩ-ა და ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზურაბ კონცელიძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი