საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 18.10.2017
საქმის ნომერი
2კ-313აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.10.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №313აპ-17 ქ. თბილისი

ო-ი გ, 313აპ-17 18 ოქტომბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ო-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი: მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენით გ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 151-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოსს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, გ. ო-ს მიმართ სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ო-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 17 ივნისიდან.

განაჩენით გ. ო-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 5 მაისს, დაახლოებით 20:20 საათზე, მ-ს რაიონის სოფელ მ-ი გ. ო-ა თანასოფლელი თ. მ-ი დანის გამოყენებით აიძულა, გაჰყოლოდა ამავე სოფელში არსებულ, ე-ა (ვ-ა) ო-ს მიტოვებულ სახლში, შემდგომ კი - სოფელ მ-ს განაპირას არსებულ მინდორში, სადაც, თ. მ-ს მხრიდან გამოჩენილი წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით დააწვინა ძირს და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ეფერებოდა სხეულის სხვადასხვა ადგილას; მასვე ძალით დაალევინა მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი. ყოველივე ზემოაღნიშნულით თ. მ-ა, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, გ. ო-ნ განიცადა ფიზიკური და ფსიქიკური იძულება.

2016 წლის 5 მაისს, დაახლოებით 20:20 საათზე, მ-ს რაიონის სოფელ მ-ი გ. ო-ი დანის ყელზე მიდებით დაემუქრა მეზობლად მცხოვრებ თ. მ-ს როგორც მისი, აგრეთვე თ. მ-ს იმჟამად 8 წლის ძმისა და ასევე შეყვარებულის სიცოცხლის მოსპობით, თუ იგი მის მიმართ იმავე დღეს ჩადენილი დანაშაულის შესახებ სხვებს ეტყოდა. მუქარის პროცესში გ. ო-ა დაზარალებულ თ. მ-ს დანით მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ვინაიდან თ. მ-ა იცოდა, რომ გ. ო-ი წარსულში სწორედ განზრახი მკვლელობისათვის იყო ნასამართლევი, მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ო-ა და მისმა ადვოკატმა მ. ნ-ა, რომლებმაც ითხოვეს განაჩენის გაუქმება და გ. ო-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ო-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. დაზარალებულმა თ. მ-ა სასამართლოს მისცა გულწრფელი და საკმაოდ დამაჯერებელი ჩვენება, რაც რეალურად წარმოაჩენს შემთხვევის დროს განვითარებულ მოვლენათა სრულ სურათს. ამ რწმენას ამყარებს ის ფაქტი, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას სრულად დადასტურდა დაზარალებულის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნახეს და ამოიღეს დაზარალებულის კუთვნილი შინდისფერი ქუდი და ,,ნოკიას“ ფირმის დაშლილი მობილური ტელეფონი. შესაბამისად, დადასტურდა დაზარალებულის ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გ. ო-ა იგი ხელის კვრით წააქცია, რა დროსაც დაუვარდა შინდისფერი ქუდი; ასევე, იმ მიზნით, რომ ვინმე მიმხვდარიყო მის საფრთხეში ყოფნას და მოეძებნათ, ძირს დააგდო ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი დაშლილ მდგომარეობაში.

დაზარალებულის ჩვენება იმ ნაწილში, რომ გ. ო-ს მხრიდან ძალადობის დროს მას გაეხა პერანგი, გარდა დაზარალებულისა და მისი დედის - ე. ხ-ს ჩვენებისა, დასტურდება ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც, სადაც მითითებულია, რომ თ. მ-ს პერანგის ზედაპირზე არსებული დაზიანება, გახევისა და ღილის ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად; აღნიშნული გარემოება დასტურდება ასევე სასამართლო სხდომაზე ნივთმტკიცების სახით წარმოდგენილი იასამნისფერი პერანგის დათვალიერებით, რა დროსაც მასზე ნახეს არაქარხნული წესით გაკერვისა და სისხლისმაგვარი ლაქების კვალი.

დაზარალებულ თ. მ-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გ. ო-ა იძულების დროს მას გადაუსერა ხელის თითები, დადასტურდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის სისწორეც დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ. ც-ა.

დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ დაშინების მიზნით გ. ო-ა მას უამბო მოხუცი ქალის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, რაც წარსულში ჰქონდა ჩადენილი. აღნიშნულის მოსმენის შემდეგ მას კიდევ უფრო გაუმძაფრდა შიშის გრძნობა და უფრო რეალურად აღიქვა გ. ო-ნ მომდინარე მუქარა. სასამართლო სხდომაზე გამოიკვლიეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 დეკემბრის განაჩენი, რომლის მიხედვითაც, იმჟამად არასრულწლოვანი გ. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში მ. ს-ს განზრახ მკვლელობისათვის. ამ ნაწილშიც სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით გ. ო-ს მიერ მოხუცი ქალის განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტი კიდევ უფრო აშკარას ხდის მისი პიროვნების საშიშ სახეს და ობიექტურ დამკვირვებელს კიდევ ერთხელ არწმუნებს მისი მხრიდან თ. მ-ს მიმართ ჩადენილი მუქარის რეალურობაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ. მ-ა და მისმა მშობლებმა განმარტეს, რომ რაიმე სახის სერიოზული კონფლიქტი ო-ს ოჯახთან არასდროს ჰქონიათ და არც რაიმე კერძო ინტერესი გააჩნიათ გ. ო-ს მიმართ. რაც შეეხება 2015 წლის 10 სექტემბრით დათარიღებულ ინფორმაციას - ხილის დაკრეფაზე ე. ხ-ა და გ. ო-ს პაპას შორის კონფლიქტის შესახებ, იგი დაცვის მხარის არგუმენტაციის გასამყარებლად არ უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტით ვერ დგინდება რაიმე სახის კავშირი ერთი წლის წინ არსებულ უთანხმოებასა და მომხდარ დანაშაულებრივ ფაქტს შორის, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც იმავე ინფორმაციის თანახმად, მოდავე მხარეებმა უთანხმოება გაარკვიეს და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ. რაც შეეხება იმას, რომ სასჯელთან დაკავშირებით დაზარალებულმა მხარემ უკმაყოფილება გამოხატა და ბრალდებულის მკაცრად დასჯა მოითხოვა, ეს გარემოება უპირობოდ არ ადასტურებს დაცვის მხარის არგუმენტაციას გ. ო-ს დანაშაულის დაბრალებასთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მტკიცებულების სანდოობასა და უტყუარობას განსაზღვრავს მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი. ამასთან, მტკიცებულების მტკიცე და მყარი ხასიათის დეტალური შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი წყაროს - თვითმხილველ მოწმესთან დაკავშირებით, მტკიცებულების უტყუარი ხასიათი კი საეჭვო შესაძლოა, თავად ამ მოწმის არაგულწრფელმა ჩვენებამ გახადოს. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ თ. მ-ს ჩვენება მიჩნეულ იქნეს არაგულწრფელად და საეჭვო გახადოს მისი რეალობა, მით უმეტეს, რომ საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა სრულად არის თანხვდენილი დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებასთან.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გ. ო-ს ბებია - დ. ო-ი გამოკითხა დაცვის მხარემ. მისი ჩვენების სანდოობის შემოწმება მხარეთა თანდასწრებით, სასამართლო სხდომაზე ვერ მოხერხდა მისი გარდაცვალების გამო. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი სასამართლო პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას უნდა მიენიჭოს, ვინაიდან სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა, მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Huseynand others v. Azerbaijan; Seton v. The United Kingdom). მართალია, მოწმე დ. ო-ს გამოკითხვის ოქმი სასამართლო სხდომაზე წაკითხულ იქნა კანონით დადგენილი წესით, მაგრამ მასში მითითებული გარემოებები ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რის გამოც იგი სასამართლომ არ გაიზიარა, რასაც დაეთანხმა სააპელაციო პალატაც.

რაც შეეხება ნ. მ-ს ჩვენებას, სადაც იგი განმარტავს, რომ მისი შვილის - თ. მ-ს მეგობართან წასვლის დროს გ. ო-ი იდგა თავისი სახლის კართან, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ შემთხვევის მომენტშიც გ. ო-ი იმყოფებოდა სახლში. შესაძლოა, იმ მომენტში, როცა დაზარალებული მეგობართან წავიდა, გ. ო-ი იდგა თავისი სახლის კართან, თუმცა აღნიშნული სულაც არ გამორიცხავს მის შემთხვევის ადგილზე ყოფნას იმ დროს, როდესაც დაზარალებული სახლში ბრუნდებოდა.

სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარის არგუმენტაცია გამოძიების მიმდინარეობის პროცესში საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით. ადვოკატი განმარტავს, რომ დაზარალებულ თ. მ-ს გამოკითხვა დაიწყო მანამ, სანამ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყებოდა, რაც პოლიციის მხრიდან გ. ო-ს მიმართ დაინტერესებაზე მიუთითებს. პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-100 და 101-ე მუხლებიდან გამომდინარე, გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყონ გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება. მოცემულ საქმეზე დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და 2016 წლის 5 მაისს, 23:05 საათზე, გამომძიებელმა დაიწყო დაზარალებულ თ. მ-ს გამოკითხვა. შეტყობინების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციაში არსებული ჩანაწერის თანახმად (ტ1, ს.ფ.2), პოლიციის განყოფილების უფროსმა გ. კ-მ 2016 წლის 5 მაისს, 23:20 საათზე, შეტყობინებას დაადო რეზოლუცია - ,,შესასრულებლად“. ამდენად, შეტყობინებაზე რეზოლუციის რამდენიმე წუთით გვიან დასმა არ შეიძლება შეფასდეს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა ისეთ უხეშ დარღვევად, რაც საგამოძიებო მოქმედებათა რეალურობასა და კანონიერებას საეჭვოს გახდიდა.

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ოქმში სრულად აისახა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღწერილი ფაქტობრივი გარემოებანი, აღნიშნულმა მტკიცებულებამ გადალახა წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის ეტაპი, იგი კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოიკვლიეს საქმის არსებითი განხილვის დროს და სამართლებრივადაც შესაბამისად შეაფასეს.

სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ ერთი მოწმის (დაზარალებულის) ჩვენებას და არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად მიღებულ სხვა მტკიცებულებებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95). მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ გ. ო-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება და გ. ო-ს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ო-ა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ნ-ა, რომლებიც საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და გ. ო-ს გამართლებას. კასატორების მოსაზრებით, საქმის განხილვისას არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, ასევე - საქართველოს კონსტიტუცია.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული გ. ო-ი არის უდანაშაულო, მას აბრალებენ დანაშაულს და უნდა გამართლდეს მისთვის წარდგენილ ბრალდებაში და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა გ. ო-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განაჩენი უცვლელად დატოვა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

8. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად უნდა განმარტონ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ასპექტების მოტივაცია.[1] რაც შეეხება თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთა შესაძლებლობას, იცნობდნენ საქმეს და ყველა მტკიცებულებასთან მიმართებით ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება.[2] სხვა საქმეში ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული პრინციპი მოიცავს ორივე მხარისათვის მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობის მინიჭებას ისეთ პირობებში, რომ არც ერთ მათგანს არ მიენიჭოს აშკარა უპირატესობა.[3] ამდენად, გ. ო-ს საქმის განხილვა ორივე ინსტანციის სასამართლოში წარიმართა კანონით დადგენილ ვადაში; ინტენსიურად მიმდინარეობდა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა სასამართლოში და აღნიშნული ვადა იყო გონივრული, მტკიცებულებათა და მოწმეთა რაოდენობიდან გამომდინარე; საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს იხელმძღვანელა მხოლოდ და მხოლოდ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულებების ანალიზით.

9. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, მხედველობაშია მისაღები სასჯელის შემდეგი მიზნები: სამართლიანობის აღდგენა; ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; დამნაშავის რესოციალიზაცია. სისხლის სამართლის კოდექსი არ აკონკრეტებს, ენიჭება თუ არა სასჯელის რომელიმე მიზანს პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ თავად უნდა გადაწყვიტოს სასჯელის მიზნის პრიორიტეტულობა; სასამართლო ვალდებულია, დანიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ჩადენილი ქმედების სიმძიმის პროპორციული იქნება; ქმედების სიმძიმის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს პირის ბრალეულობა და ის ზიანი, რაც მის ქმედებას მოჰყვა ან უნდა მოჰყოლოდა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (გ. ო-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, დანაშაული ჩაიდინა მთვრალმა და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

10. ამდენად, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორების მითითება, რომ მსჯავრდებულ გ. ო-ს მისჯილი აქვს ძალიან მკაცრი სასჯელი, რაც ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. პალატა აღნიშნავს, რომ მრავალმა სახელმწიფომ სასჯელის შეფარდების ერთ-ერთ ძირითად პრინციპად პროპორციულობის კონცეფცია შეიმუშავა იმ საფუძვლით, რომ სამართლიანი სასჯელის ხანგრძლივობა და ტიპი უნდა შეესაბამებოდეს დანაშაულს და დამნაშავის მახასიათებლებს. პროპორციულობის პრინციპი ირღვევა მხოლოდ ძალიან ხანგრძლივი სასჯელის შემთხვევაში. მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სასჯელის ხანგრძლივობის საფუძველზე კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას არ ადგენს, გარდა ძალიან რთული შემთხვევებისა. ევროსასამართლომ არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,უხეში არაპროპორციულობის’’ ტესტი მკაცრია და იგი ვლინდება მხოლოდ იშვიათ და უნიკალურ შემთხვევებში. ევროსასამართლოს თავშეკავება ნაწილობრივ განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მას არ სურს, ჩაერიოს სახელმწიფოს არჩევანში სასჯელებთან მიმართებით. სახელმწიფოები მსგავს საკითხებთან დაკავშირებით სარგებლობენ შეფასების ფართო ზღვარით, რაც გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფოები უზრუნველყოფილნი არიან დისკრეციის გარკვეული ხარისხით. ეს პრინციპი პირველად დადგინდა საქმეზე ,,ჰ-ი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Handyside v. the United Kingdom), რომელიც ეხებოდა მე-10 მუხლთან დაკავშირებულ დავას. სასამართლომ დაადგინა, რომ: „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან მუდმივი კონტაქტის გამო, სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოები პრინციპულად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან საერთაშორისო მოსამართლეებთან შედარებით, რათა გამოხატონ მოსაზრება ... „შეზღუდვისა“, თუ „სასჯელის“ „აუცილებლობასთან“ მიმართებით... ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებს ევალებათ, თავდაპირველად შეაფასონ მწვავე სოციალური საჭიროების რეალობა, რომელსაც მოიცავს „აუცილებლობის“ ცნება ამ კონტექსტში. შესაბამისად, მე-10 (2) მუხლი მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოებს უტოვებს შეფასების ზღვარს. ეს ზღვარი ეძლევათ ქვეყნის კანონმდებელს ... და იმ ორგანოებს, მათ შორის - სასამართლო ორგანოებს, რომლებიც მოწოდებულნი არიან განმარტონ და გამოიყენონ მოქმედი კანონები“[4].

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. ო-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი

[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ,,გორგიადასი საბერძნეთის წინააღმდეგ“ Georgiadis v. Greece, N21522/93, 29/05/1997, §43 და ,,ჰირო ბალანი ესპანეთის წინააღმდეგ“ Hiro Balani v. Spain, N18064/91, 09/12/1994, §28;

[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ბელზიუკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Belziuk v. Poland), N45/1997/829/1035, 25/03/1998, §37.

[3] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დამბო ბიჰიერი ბ.ვ. ნიდერლანდების წინააღმდეგ“ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), N14448/88, 27/10/1993, §33.

[4] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Handyside v. the United Kingdom), N5493/72, 7/12/1976.