დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№291აპ-17 თბილისი
კ-ე დ, 291აპ-17 9 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას, მსჯავრდებულების - დ. კ-ა და ბ. ს-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
- დ. კ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით;
- ბ. ს-ს ბრალი დაედო ქურდობაში ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით;
- ი. ბ-ს ბრალი დაედო ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით;
დ. კ-ა და ბ. ს-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 12 ივლისს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’’ და მე-3 ნაწილის „ა’’, „გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა დ. კ-მ ბ. ს-ს, ი. ბ-ა და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, 2016 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია თ-ი, ა-ს ქუჩის №..-ში მდებარე ა. ხ-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ მის კუთვნილ ფოტოაპარატს, საათებსა და სამკაულებს, რის შედეგადაც ა. ხ-ს მიადგა - 1700 (ათას შვიდასი) ლარის ქონებრივი ზიანი.
ი. ბ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 3 აპრილს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ი. ბ-მ დ. კ-ს, ბ. ს-ა და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, 2016 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია თ-ი, ა-ს ქუჩის №..-ში მდებარე ა. ხ-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ მის კუთვნილ ფოტოაპარატს, საათებსა და სამკაულებს, რის შედეგადაც ა. ხ-ს მიადგა - 1700 (ათას შვიდასი) ლარის ქონებრივი ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ი. ბ-ე ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
დ. კ-ე ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან.
ბ. ს-ე, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ბ. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან.
3. მითითებული განაჩენით სასამართლომ დადგენილად არ ცნო ი. ბ-ს ბრალდება იმაში, რომ მან, 2015 წლის 3 აპრილს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა, დ. კ-ა და ბ. ს-ნ ერთად, წინასწარი შეთანხმებით, 2016 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია თ-ი, ა-ს ქუჩის №..-ში მდებარე ა. ხ-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ მის კუთვნილ ფოტოაპარატს, საათებსა და სამკაულებს, რის შედეგადაც ა. ხ-ს მიადგა - 1700 (ათას შვიდასი) ლარის ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ დადგენილად ცნო:
- დ. კ-ს ბრალდება იმაში, რომ მან 2012 წლის 12 ივლისს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა’’ და მე-3 ნაწილის „ა’’, „გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა, ბ. ს-ნ ერთად, წინასწარი შეთანხმებით, 2016 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, უკანონოდ შეაღწია თ-ი, ა-ს ქუჩის №..-ში მდებარე ა. ხ-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ მის კუთვნილ ფოტოაპარატს, საათებსა და სამკაულებს, რის შედეგადაც ა. ხ-ს მიადგა - 1700 (ათას შვიდასი) ლარის ქონებრივი ზიანი.
- ბ. ს-ს ბრალდება იმაში, რომ მან 2016 წლის 14 იანვარს, ღამის საათებში, დ. კ-ნ ერთად, უკანონოდ შეაღწია თ-ი, ა-ს ქუჩის №...-ში მდებარე ა. ხ-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც ფარულად დაეუფლნენ მის კუთვნილ ფოტოაპარატს, საათებსა და სამკაულებს, რის შედეგადაც ა. ხ-ს მიადგა - 1700 (ათას შვიდასი) ლარის ქონებრივი ზიანი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, მსჯავრდებულმა დ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ბ-ა, მსჯავრდებულმა ბ. ს-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-მ.
5. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ი. ბ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
მსჯავრდებულმა დ. კ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. ბ-ა მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისათვის სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
მსჯავრდებულმა ბ. ს-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-მ მოითხოვეს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის შემცირება, კერძოდ, 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მსჯავრდებულმა ბ. ს-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ა-მ შეცვალეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება ბ. ს-ს მიმართ და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განაჩენით ბ. ს-ს მიმართ შეიცვალა სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
ბ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა
ბ. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან.
ბ. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, მსჯავრდებულებმა - დ. კ-მ და ბ. ს-მ.
ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ი. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მისთვის ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგი საფუძვლებით:
ი. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად დასტურდება ბრალდების მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებულ და სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის - მოწმე ქ. უ-ა და დაზარალებულ ა. ხ-ს ჩვენებებით, რომელთა საფუძველზე დადგენილია, რომ ი. ბ-ე და მისი მეგობრები მიემართებოდნენ სწორედ დაზარალებულ ა. ხ-ს ბინისაკენ, რა დროსაც ი. ბ-ე ქ. უ-ნ სატელეფონო საუბრების მეშვეობით აკონტროლებდა ა. ხ-ს ადგილსამყოფელს, რათა იგი მოულოდნელად თავზე არ დასდგომოდა ბინაში შეჭრილ ქურდებს. გარდა ამისა, დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოებებიც, რომ დ. კ-მ ნაქურდალი ფოტოაპარატი მიჰყიდა თავის მეგობარს, ხოლო ბ. ს-ს პირადი გასინჯვისას პოლიციამ ამოიღო ა. ხ-ს კუთვნილი ნივთები.
8. მსჯავრდებული დ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის განსაზღვრას.
9. მსჯავრდებული ბ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას წარდგენილ ბრალდებაში შემდეგი საფუძვლებით: საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. დანაშაულის ჩადენის დღეს იგი საერთოდ არ იმყოფებოდა თ-ი, წასული იყო გ-ი, თავის საცხოვრებელ სახლში. რაც შეეხება ქურთუკს, საიდანაც პოლიციამ ამოიღო დაზარალებულის კუთვნილი ნაქურდალი ნივთები, იგი მას არ ეკუთვნის და ქურთუკი იყო დ. კ-ს, შესაბამისად, მას ნაქურდალ ნივთებთან არანაირი კავშირი არა აქვს. გარდა ამისა, სააპელაციო პალატა უკანონოდ დაეყრდნო წინასწარი გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს მან გამოიყენა დუმილის უფლება და თავი არ ცნო დამნაშავედ. სასამართლომ ასევე უკანონოდ განმარტა დუმილის უფლება მის საწინააღმდეგოდ და ამასთან, დაცვის მხარეს დააკისრა მტკიცებულებათა მოპოვების ვალდებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ ბ. ს-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაზრალებულ ა. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ი. ბ-ს იცნობს დაახლოებით 2 წელია. იგი გაიცნო ქ. უ-ნ. დ. კ-ს იცნობს ზაფხულიდან, სულ ორჯერ ჰყავს ნანახი, ერთხელ მაშინ, როდესაც ლ-ი იყო ჩასული დასასვენებლად და დ. კ-მ ის, თავისი და და მეგობარი წაიყვანა ე.წ. გასართობ ცენტრ ,,ც-ი”. ამის შემდეგ ბ-ი შეხვდა ი. ბ-ს, რომელსაც თან ახლდა დ-ც. მეტჯერ არ ჰყავს ნანახი. რაც შეეხება მესამეს, მისი სახელი და გვარიც კი არ იცის. ძველით ახალ წელს ა. ხ-ი და მისი მეგობრები აპირებდნენ წასვლას კლუბ ,,კ-ი” , რომელიც მ-ს სანაპიროზე მდებარეობს. გასვლამდე იყვნენ სახლში ის და მისი ორი მეგობარი, აქედან ერთი იყო ქ. უ-ე, რომელიც დაიკითხა, ხოლო მეორე ნ. თ-ე. იმ დღეს მისთვის ტელეფონზე არავის დაურეკავს და ზუსტად იცის, რომ არც ნ-ს არ დაურეკავთ. გარკვეულ დრომდე იცოდა, რომ არც ქ-ს არ ჰქონდა არავის დარეკილი. ისინი კლუბიდან დაბრუნდნენ სახლში დაახლოებით 07:30 საათზე. როგორც ავიდა, დაინახა, რომ მეტალოპლასტმასის ფანჯარა იყო ამოღებული და მიყუდებული კედელზე. ოთახი იყო არეული. მიხვდა, რომ სახლი იყო გაქურდული და დარეკა პოლიციაში. ბრალდებულების დაკავების შემდეგ, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მათი ვინაობა, მას გაუჩნდა ეჭვი ი. ბ-ე, რადგან დ-ი არც გახსნებია და მესამეზეც არანაირი ეჭვი არ ჰქონია, რადგან პირველად ხედავდა ამ პირს. მას საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ეს დანაშაული ი-ს ჩადენილია. ეჭვი ი-ე გაჩნდა მას შემდეგ, რაც ქ-მ უთხრა მასთან სატელეფონო კავშირზე. მანვე დაადასტურა, რომ ამოღებული ნივთები მასთან ერთად დათვალიერდა.
3. მოწმე ქ. უ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ი. ბ-ს იცნობს ბავშვობიდან, არიან თანასოფლელები, მეგობრები და ოჯახებით ახლობლები. სანამ ქურდობა მოხდებოდა, 2016 წლის 13 იანვარს, ტელეფონით ესაუბრა ი. ბ-ე, რომელმაც მისგან გაიგო, რომ მეგობრებთან, მათ შორის დაზარალებულ ა. ხ-ნ ერთად, მიდიოდა კლუბში ახალი წლის შესახვედრად. მეორედ, როდესაც ი. ბ-მ დაურეკა, იმყოფებოდა ა. ხ-ნ. მან დაუსახელა ადგილი, სადაც მიდიოდნენ და უთხრა, რომ ღამის 4 საათამდე იქნებოდნენ კლუბში და მერე თუ მოახერხებდნენ, აუვლიდნენ მას. მეორედ რომ ელაპარაკა, რაღაც ,,პ-ს მოედანი’’ მოესმა და, სავარაუდოდ, ისეთი ხმა იყო, ახლოს უნდა ყოფილიყო მანქანით. ი. ბ-მ მისგან გაიცნო ა. ხ-ი. იგი დ. კ-ს იცნობდა ი. ბ-ნ. ა. ხ-ც იცნობდა დ. კ-ს. ა. ხ-ს სახლში ი. ბ-ე ნამყოფია, დ. კ-ე ნამყოფია თუ არა, არ იცის. კლუბიდან დაბრუნების შემდეგ მას სახლში დაურეკეს გოგონებმა და უთხრეს, რომ ა-ს სახლი იყო გაქურდული. იქ მისვლისას ნახა, რომ სახლის ფანჯარა იყო ამოღებული, სახლში იყო არეულობა. წაღებული იყო ფოტოაპარატი, ბიჟუტერია, სამკაულები. მეორე დღეს მან დაურეკა ი-ს ა-ნ შეთანხმებით და უთხრა, რომ ა. გ-ს და ფანჯარა ჩაესვა. ი-ი მოვიდა მეგობართან ერთად და ჩასვა ფანჯარა, თან შეეკითხა, თუ რა მოხდა და როგორ. რამდენიმე ხნის შემდეგ მასა და ი. ბ-ს შორის შედგა სატელეფონო საუბარი, ი. ბ-ე სთხოვდა, რომ ის და ა. ხ-ი მასთან გასულიყვნენ სახლში. ა. ხ-ს შეეშინდა სახლის უპატრონოდ დატოვება, რაზეც ი. ბ-მ მას განუცხადა, რომ ,,რისი გეშინიათ, მანდ აღარ მოვა“. ეს ფრაზა მას ენიშნა ცუდად. როცა ი. ბ-ე დააკავეს, მერე დააკავშირა ეს ყველაფერი და გაუჩნდა მასზე ეჭვი. სხვა პირმა მათი გადაადგილების მარშრუტი არ იცოდა, გარდა იმ სამეგობროსი, ვინც იქ მიდიოდა. მისივე განმარტებით, იგი იმდენად ახლოს იყო ი. ბ-ნ, რომ ფულიც ბევრჯერ მიუცია, ერთად დადიოდნენ, დღეში ორჯერ-სამჯერაც დაურეკავს. გამოძიებას ბ-ს ქცევებზე არ განუცხადა იმიტომ, რომ დაკავებამდე მასზე ეჭვი არავის გასჩენია. აღნიშნულ დანაშაულში ი. ბ-ს მონაწილეობის შესახებ ეჭვი გაუჩნდა მისი დაკავების შემდეგ.
4. მოწმე მ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მასთან კავშირის მქონე პირმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ა. ხ-ს ბინა გაქურდეს ახალგაზრდა ბიჭებმა: დ. კ-მ, ბ. ს-მ და ი. ბ-მ. ასევე განუცხადეს, რომ მოპარული ნივთი - ფოტოაპარატი მიჰყიდეს გ. კ-ს. მან მიღებული ინფორმაცია პატაკის საფუძველზე აცნობა ხელმძღვანელობას.
5. მოწმე ი. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 იანვარს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც სამმართველოში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მან და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს დ. კ-ე და ბ. ს-ე, რომელთაც ჩაუტარდათ პირადი გასინჯვა, რის შედეგადაც ბ. ს-ნ ამოიღეს: ,,სამსუნგის” ფირმის ტელეფონი, ერთი ე.წ. რკინის სათითე, ვერცხლისფერი ყელსაბამი, რომელსაც აქვს გულის ფორმა გამოსახული, ერთი ცისფერი ერთჯერადი საპარსი, ერთი ლურჯი სანთებელა, ერთი ე.წ. „კუსოჩკა’’, ერთი ყავისფერი სამაჯური, რომელზეც ჩაბმულია ვერცხლისფერი ე.წ. ბოქლომი, ერთი ოქროსფერი საყურე წითელი თვლებით და ერთი ვერცხლისფერი ძეწკვი სამი თვლით, ხოლო დ. კ-ნ - „ლენოვოს” ფირმის მობილური ტელეფონი. ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები გადაიყვანეს ქ-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, რის შედეგადაც ბ. ს-ა და დ. კ-ს დაუდგინდათ ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის’’ მოხმარების ფაქტი.
6. მოწმე მ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის იანვარში ზ-ს რაიონიდან მიიღეს შეტყობინება, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ჰყავდათ ბ. ს-ე და დ. კ-ე, რომლებსაც 2016 წლის 13 იანვარს ჩადენილი ჰქონდათ დანაშაული, კერძოდ, მ-ს რაიონში მდებარე ერთ-ერთი ბინის ქურდობის შედეგად ისინი ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა ნივთს. ის თანამშრომლებთან ერთად ჩავიდა ზ-ი, სადაც ბრალდებულის სახით დააკავეს ბ. ს-ე და დ. კ-ე.
7. ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსის - პ. ბ-ს მიერ ძ-ი თ-ს პოლიციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის - დ. თ-ს გაგზავნილ წერილში მოცემულია 2016 წლის #125325 ორიენტირების პასუხი და აღნიშნულია, რომ 2016 წლის 18 იანვარს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზ-ი, თ. მ-ს ქუჩაზე გააჩერეს ა/მანქანა OPEL KORSA სახ: ნომრით ....., რომლითაც მგზავრობდნენ ბ. ს-ე და დ. კ-ე. ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და ადგილზე ჩაუტარდათ პირადი გასინჯვა, რა დროსაც დ. კ-ნ ამოიღეს ,,ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, ხოლო ბ. ს-ნ - ქ. თ-ს პოლიციის დეპარტამენტის /ძ-ი თ-ს სამმართველო/ სამმართველოს უფროსის - დ. თ-ს 2016 წლის 18 იანვრის N125325 ორიენტირებაში მითითებული ნივთები.
8. ფოტოაპარატის ყუთის დათვალიერების 2016 წლის 14 იანვარის ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მოწმე ა. ხ-ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ფოტოაპარატის ყუთი, რომელზეც მოცემულია აპარატის მონაცემები და საიდენტიფიკაციო ნომრები. ყუთის ზედაპირზე მოცემულია ფოტოაპარატის სურათი, რომლის ქვეშ წერია: D3100 af-S NIKKOR 18-55mm 1:3.5-5.6 G VR, გვერდითა მხარეს მიკრულია ორი სტიკერი, რომლებზეც მოცემულია ნომრები: .... და ..... ა. ხ-ს განმარტებით, ეს არის აპარატისა და ლინზის ინდივიდუალური ნომრები.
9. მოწმე გ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან 2016 წლის 17 იანვარს დ. კ-ნ 250 ლარად შეიძინა შავი „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი, რომელსაც წინ დამაგრებული ჰქონდა მოძრავი შავი ფერის ლინზა, თავზე სახურავით. მისი ჩვენებით ირკვევა, რომ მან არ იცოდა, თუ საიდან ჰქონდა დ. კ-ს აღნიშნული ფოტოაპარატი.
10. დათვალიერების 2016 წლის 18 იანვრის ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მოწმე გ. კ-ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ,,Nikon-ის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი, რომელიც არის შავი ფერის, აქვს შავი ფერის ჩამოსაკიდი ზონარი, წინ უყენია მოძრავი ობიექტივი, ე.წ. ლინზა, რომლის ზედაპირზეც აწერია: Nikon DX, მის ქვეშ კი: af-S NIKKOR 18-55mm 1:3.5-5.6G, მოძრავ ობიექტზე აწერია ციფრები: .... ქვედა მხარეს ლინზაზე დატანილია წარწერები: Nikon DX SWM VR aspherical 0.28m/0.92 ft52 made in Thailand 52600795.
11. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2016 წლის 18 იანვრის ოქმის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილეობდა ა. ხ-ი. დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა მოწმე გ. კ-ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ,,Nikon-ის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატი. დათვალიერების ობიექტს ასევე წარმოადგენდა მოწმე ა. ხ-ს მიერ წარმოდგენილი ფოტოაპარატის ყუთი. აპარატი არის შავი ფერის, აქვს შავი ჩამოსაკიდი ზონარი, წინ უყენია მოძრავი ობიექტივი, ე.წ. ლინზა, რომლის ზედაპირზეც აწერია: Nikon DX, მის ქვეშ კი: af-S NIKKOR 18-55mm 1:3.5-5.6G, მოძრავ ობიექტზე აწერია ციფრები: ..... ქვედა მხარეს ლინზაზე დატანილია წარწერები: Nikon DX SWM VR aspherical 0.28m/0.92 ft52 made in Thailand და ნომერი ..... აღნიშნული ნომერი ანუ ...., ა. ხ-ს განმარტებით, არის ლინზის ინდივიდუალური ნომერი, რაც ადასტურებს იმას, რომ აღნიშნული ლინზა არის სწორედ მისი კუთვნილი მოპარული ლინზა. აპარატის ზედაპირზე ქარხნულად მიკრულ სტიკერზე დატანილია წარწერა: Nikon digital camera 7.4/9v=2.5A D3100 და ნომერი ...., აღნიშნული ნომერი ანუ ... ასევე დატანილია აპარატის ყუთის ზედაპირზე, რაც ა. ხ-ს განმარტებით ადასტურებს იმას, რომ წარმოდგენილი აპარატი არის სწორედ მისი კუთვნილი მოპარული ფოტოაპარატი.
12. დათვალიერების 2016 წლის 18 იანვრის ოქმით დადგენილია, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ი. გ-მ ნებაყოფლობით წარმოადგინა მის მიერ ადმინისტრაციულად დაკავებული ბ. ს-ს პირადი გასინჯვისას ამოღებული პირადი ნივთები, კერძოდ: ,,ჰერმესის“ ფირმის საათი; შავი ფერის ჯაჭვზე ჩამოკიდებული გულის ფორმის ფიგურა; ოქროსფერი საყურე წითელი თვლებით; ვერცხლისფერი ძეწკვი იასამნისფერი სამი თვლით; მოვერცხლისფრო სათითე; „ჯილეტის“ ფირმის ერთჯერადი ბრიტვა; ფრჩხილების საკვნეტი; მოლურჯო ფერის სანთებელა, „სამსუნგის“ შავი მობილური ტელეფონი და ბ. ს-ს სახელზე გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი.
13. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2016 წლის 19 იანვრის ოქმის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილეობდა ა. ხ-ი. დათვალიერების ობიექტს წარმოადგენდა მოწმე ი. გ-ს მიერ წარმოდგენილი, მის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ბ. ს-ს პირადი გასინჯვისას ამოღებული ნივთები, კერძოდ: ,,ჰერმესის“ ფირმის საათი; შავი ფერის ჯაჭვზე ჩამოკიდებული გულის ფორმის ფიგურა; ოქროსფერი საყურე წითელი თვლებით; ვერცხლისფერი ძეწკვი იასამნისფერი სამი თვლით. აღნიშნული ნივთები პარკიდან ამოიღეს ამოცნობის ჩატარების მიზნით, ამოღების შემდეგ თითოეული ნივთი ცალ-ცალკე ეტაპობრივად განთავსდა ორ ანალოგიურ ნივთთან ერთად, რის შემდეგაც ამოცნობის მიზნით მოიწვიეს მოწმე ა. ხ-ი, ხოლო ამოცნობის დასრულების შემდეგ აღნიშნული ნივთები დაილუქა.
14. ნივთის ამოცნობის 2016 წლის 19 იანვრის ოქმებით დასტურდება, რომ ა. ხ-ა ამოიცნო ,,ჰერმესის“ ფირმის საათი, რომელიც არის ბოქლომის ფორმის, ვერცხლისფერი, ხოლო შიგნით ციფერბლატის დაფა არის ყავისფერი, რომელზეც ლათინური ასოებით აქვს წარწერა ,,hermes”, ციფრების მაგივრად აქვს პატარა ზომის ქვები. აღნიშნული საათი რკინის რგოლით დამაგრებულია ლაკირებულ ტყავის სამაჯურზე, რომელსაც ზედა ნაწილზე დაკრული აქვს ვერცხლისფერი მეტალის ფირფიტა. ა. ხ-ა ასევე ამოიცნო შავი ფერის ჯაჭვზე ჩამოკიდებული გულის ფორმის ფიგურა, რომელსაც დამაგრებული აქვს ბრჭვიალა ფრთები. ა. ხ-ა ამოიცნო საყურეც, რომელიც არის ოქროსფერი წითელი თვლებით. მას აქვს ოქროსფერი პატარა ჯაჭვი, რომელსაც ბოლოში დამაგრებული აქვს პატარა ოქროსფერი ღია რგოლი. ა. ხ-ა ამოიცნო ვერცხლისფერი გულსაბნევი, რომელსაც აქვს პატარა რგოლი, მასზე დამაგრებულია სამი ვერცხლისფერი, დაახლოებით ორი სმ სიგრძის ჯაჭვი და თითოეულზე დამაგრებულია იასამნისფერი თითო თვალი. ა. ხ-ს განმარტებებით, ეს ნივთები ეკუთვნის მას და ისინი მოპარულია მისი საცხოვრებელი ბინიდან.
15. წინასწარ გამოძიებაში მსჯავრდებულებმა - დ. კ-მ და ბ. ს-მ აღიარეს ჩადენილი დანაშაულები, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ გამოიყენეს დუმილის უფლება, არ აღიარეს დანაშაული და მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
16. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ი. ბ-მ განაცხადა, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული და თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მისი განმარტებით, იგი მეგობრობდა ქ. უ-ა და ა. ხ-ნ, რომლებთანაც არასოდეს ჰქონია კონფლიქტი. იგი მრავალჯერ იყო ნამყოფი ა. ხ-ს სახლში. 2016 წლის 13 იანვარს, საღამოს საათებში, იგი მივიდა სახლში, საიდანაც არსად გასულა და იმყოფებოდა 14 იანვრის დილამდე. იმავე წლის 14 იანვარს დაუკავშირდა ქ. უ-ე, რომელმაც უთხრა, რომ გაიქურდა ა. ხ-ს სახლი და სთხოვა დახმარება. ი. ბ-ე თავის მეგობართან ერთად მივიდა ა. ხ-ს სახლში, სადაც დახვდა ჩარჩოდან ამოღებული ფანჯარა, რომელიც კედელზე იყო მიყუდებული. მან ფანჯარა ჩასვა ჩარჩოში, რის შემდეგაც დატოვა ა. ხ-ს სახლი.
17. საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დ. კ-მ განმარტა, რომ ა. ხ-ს ბინის ქურდობა ჩაიდინა მარტომ და მასში მონაწილეობა არ მიუღიათ ი. ბ-ა და ბ. ს-ს. ბ. ს-ე თ-ი ჩამოვიდა 17 იანვარს. ქურდობის დღეს - 14 იანვარს იგი გ-ი, თავის სახლში იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, 18 იანვარს თ-ნ გ-ი გაემგზავრა ბ. ს-ნ ერთად. ვინაიდან ბ. ს-ს ეცვა თხელი ქურთუკი, მას ჩააცვა თავისი ქურთუკი, რომელშიც ეწყო მის მიერ ა. ხ-ს ბინის ქურდობისას მოპარული ნივთები, რასთანაც ბ. ს-ს არანაირი კავშირი არ ჰქონია. ზ-ი ნივთების ამოღებისთანავე განაცხადა, რომ ქურთუკიდან, რომელიც ბ. ს-ს ეცვა, ამოღებული ნივთები მას ეკუთნოდა.
18. სააპელაციო სასამართლოში ანალოგიური განმარტება მისცა ბ. ს-ც და მიუთითა, რომ ის თ-ი ჩამოვიდა 16-17 იანვარს და თ-ნ დ. კ-ნ ერთად გ-ი გაემგზავრა 18 იანვარს, რა დროსაც ეცვა მისი ქურთუკი.
19. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეფასებას იმ ნაწილში, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ი. ბ-ს მონაწილეობა დაზარალებულ ა. ხ-ს ბინის ქურდობაში, კერძოდ: ი. ბ-ს ბრალდების ნაწილში ბრალდების მხარის პოზიცია ძირითადად ემყარება მხოლოდ მოწმე ქ. უ-ს ჩვენებას, რომლის თანახმად, 2016 წლის 13 დეკემბერს მას ი. ბ-მ დაურეკა ორჯერ და ჰკითხა, თუ სად იყო, რითაც, პროკურორის აზრით, დასტურდება ის გარემოება, რომ ი. ბ-ე ქ. უ-ნ ხშირი დარეკვით აკონტროლებდა გოგონების ადგილსამყოფელს. გარდა ამისა, ბრალდების მხარე იშველიებს ასევე დაზარალებულ ა. ხ-ს ჩვენებას, რომ მხოლოდ ი. ბ-მ იცოდა მისი საცხოვრებელი ბინის მისამართი.
20. სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მათი ჩვენებების ობიექტური და კრიტიკული ანალიზი, ასევე აღნიშნული ჩვენებების შეჯერება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებთან არ ქმნის საფუძველს ი. ბ-ს დამნაშავედ ცნობისათვის მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებაში შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც გამართლებული ი. ბ-ე, ასევე მოწმე ქ. უ-ე თავიანთ ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ არიან ახლო მეგობრები და ხშირად საუბრობდნენ ტელეფონით, რისი გათვალისწინებითაც ბრალდების მხარის პოზიცია წარმოადგენს მხოლოდ ეჭვის საფუძველს, რომ შესაძლოა, ი. ბ-ე ბინის გაქურდვის დროს ცდილობდა გოგონების ადგილსამყოფლის დადგენას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან არ ამოღებულა სატელეფონო საუბრების ამონაწერები, საეჭვოა ის გარემოება, თუ დროის რა პერიოდში შედგა მათ შორის სატელეფონო კომუნიკაცია და რის თაობაზე საუბრობდნენ ისინი. შესაბამისად, ეს სატელეფონო საუბრები არ წარმოადგენს ი. ბ-ს ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას, ისევე როგორც დაზარალებულ ა. ხ-ს ჩვენება, რომ მხოლოდ ი. ბ-მ იცოდა მისი სახლის მისამართი და სხვა ბრალდებულებმა არ იცოდნენ, რადგან ა. ხ-ა და ქ. უ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ა. ხ-ი ი. ბ-ნ იცნობდა დ. კ-ც. ამდენად, არ არის გამორიცხული ვარაუდი, რომ დ. კ-მ შესაძლოა, ი. ბ-ნ, ან სხვა გზით გაიგო ა. ხ-ს მისამართი.
21. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს მსჯავრდებულ ბ. ს-ს არგუმენტებს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა საკასაციო პალატას ბ. ს-ს მიერ ქურდობის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:
22. გასაჩივრებული განაჩენი ბრალდების ამ ნაწილში ეფუძნება მხოლოდ ერთ მტკიცებულებას, კერძოდ, მსჯავრდებულ ბ. ს-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, პირადი გასინჯვისას, აღმოაჩნდა დაზარალებულ ა. ხ-ს ბინიდან მოპარული სხვადასხვა ნივთი, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბ. ს-ს ბრალეულობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
23. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე, რომ მიუხედავად პირდაპირი მტკიცებულებების არარსებობისა, რომლებიც დაადასტურებდნენ დაზარალებულ ა. ხ-ს ბინაში ბ. ს-ს ყოფნის ფაქტს, იმის გათვალისწინებით, რომ ა. ხ-ს ბინიდან მოპარული ნივთები აღმოჩნდა დ. კ-ა (რომელიც თვითონაც არ უარყოფს ა. ხ-ს ბინის ქურდობის ფაქტს) და ბ. ს-ნ, საქმეში კი არ მოიპოვება სხვა გარემოება, რომელიც მართლზომიერად მიიჩნევდა ა. ხ-ს კუთვნილი ნივთების ბ. ს-ს მფლობელობაში გადაცემას, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები წარმოადგენენ ადეკვატურ საპირწონე ფაქტორებს ბ. ს-ა და დ. კ-ს წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად.
24. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებულ მსჯელობას, ვინაიდან მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა (რომელსაც თვითონ სააპელაციო პალატაც კი არ მიიჩნევს ა. ხ-ს ბინაში ბ. ს-ს ყოფნის დამადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებად) არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულ ა. ხ-ს ბინიდან ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამოიღეს ბ. ს-ს პირადი გასინჯვისას, არ ადასტურებს მის მიერ ნივთის ფარულად დაუფლების ფაქტს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი სხვა მტკიცებულებით არ დგინდება ბ. ს-ს კავშირი მითითებულ დანაშაულთან, მით უფრო, მსჯავრდებულ დ. კ-ს მიერ სააპელაციო პალატის სხდომაზე მიცემული განმარტების გათვალისწინებით, რომლის თანახმად, ა. ხ-ს ბინის ქურდობა მან ჩაიდინა მარტომ და მასში მონაწილეობა არ მიუღიათ ი. ბ-ა და ბ. ს-ს. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ. ს-ს ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
25. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]
26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან[2].
27. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბ. ს-ე, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
29. რაც შეეხება დ. კ-ს ბრალდებას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებულ ნაწილში არ დასტურდება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხოლო დანარჩენ ნაწილში მისი ბრალდება დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა სტანდარტით, კერძოდ: დ. კ-მ სააპელაციო პალატის სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და მიუთითა, რომ დაზარალებულ ა. ხ-ს ბინის ქურდობა მან მარტომ ჩაიდინა; გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებულია მოწმე გ. კ-ს ჩვენებით, დათვალიერებისა და ამოცნობის ოქმებით, რომლებითაც დადგენილია, რომ 2016 წლის 17 იანვარს, დ. კ-მ მას 250 ლარად მიჰყიდა ა. ხ-ს კუთვნილი „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი; რაც შეეხება დ. კ-ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენას, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ვინაიდან საქმეზე არ არის წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ი. ბ-ა და ბ. ს-ს ბრალეულობას დაზარალებულ ა. ხ-ს საცხოვრებელი ბინის ქურდობის ჩადენაში, შესაბამისად, არ დასტურდება, რომ დ. კ-მ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება დ. კ-ს მიერ ქურდობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენის შესახებ (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და ბრალდების ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს.
30. საკასაციო პალატამ ასევე იმსჯელა მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნაზე სასჯელის შემსუბუქების შესახებ და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: მოცემულ შემთხვევაში, მართალია, მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი მძიმე დანაშაული პირობითი მსჯავრის პერიოდში, მაგრამ პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დ. კ-ს შერაცხული მსჯავრიდან უნდა ამოერიცხოს დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რაც ამცირებს მის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხსა და ბრალდების მოცულობას, ასევე იმ გარემოებას, რომ საქმის სააპელაციო განხილვისას მან აღიარა ჩადენილი დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს 1 (ერთი) წლით შეუმსუბუქდეს შეფარდებული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, მსჯავრდებულ დ. კ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ ბ. ს-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. ი. ბ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
4. დ. კ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
5. დ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. დ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან.
8. დ. კ-ა და ი. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
9. ბ. ს-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
10. ბ. ს-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან.
11. გამართლებულებს - ი. ბ-ა და ბ. ს-ს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განაჩენი ნივთმტკიცებათა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
13. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], # 39630/09, § 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], # 29750/09, § 48, 16.09.2014.