საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №356აპ-17 ქ. თბილისი
ო-ე ს-ი ჯ-ი, 356აპ-17 30 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ს-ი ჯ-ნ ო-ს ბრალი დაედო საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ს-ი ჯ-ნ ო-მ თ-ს საერთაშორისო აეროპორტის გავლით ს-ს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა 39 ცალი აბი, საერთო წონით 11.7 გრამი, რომელიც შეიცავს 7.8 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ტრამადოლს“. აღნიშნულ ნარკოტიკს იგი უკანონოდ ინახავდა ჩანთაში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენით ს-ი ჯ-ნ ო-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს-ი ჯ-ნ ო-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი თანხა უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
ს-ი ჯ-ნ ო-ს უნდა დაუბრუნდეს საქართველოს სსკ-ის 199-ე მუხლის საფუძველზე ჩამორთმეული ნ-ს მოქალაქის პასპორტი და ს-ი ცხოვრების დამადასტურებელი დროებითი მოწმობა, ასევე - გათავისუფლდეს პოლიციის ორგანოებში გამოცხადების ვალდებულებისაგან.
გამართლებულ ს-ი ჯ-ნ ო-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ს-ი ჯ-ნ ო-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ს-ი ჯ-ნ ო-ს ბრალად შერაცხულ ქმედებას ადასტურებს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლივი ანალიზი. იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2016 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ს-ი ჯ-ნ ო-მ თ-ს საერთაშორისო აეროპორტის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა და ჩანთაში ინახავდა 39 ცალ აბს, საერთო წონით 11.7 გრამს, რომელიც შეიცავს 7.8 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ტრამადოლს“, არც დაცვის მხარე უარყოფს.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები მიეკუთვნება განზრახ დანაშაულთა კატეგორიას და, შესაბამისად, ს-ი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა შეიძლება ჩადენილ იქნეს მხოლოდ განზრახვით და ისიც - მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ანუ პირს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ ს-ი უკანონოდ შემოაქვს ნარკოტიკული საშუალება და უკანონოდ ინახავს. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ს-ი ჯ-ნ ო-ს, რომელმაც ს-ი შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება ,,ტრამადოლი“ და უკანონოდ ინახავდა, გაცნობიერებული ჰქონდა მისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. აღნიშნული კი მიუთითებს განზრახვის არარსებობაზე.
განზრახვის არარსებობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ ო-მ პრეპარატი ,,ტრამადოლი“ შეიძინა ექიმის დანიშნულებით - სამკურნალოდ, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია სამედიცინო ცნობა (დადასტურებული აპოსტილით და უ-ს საელჩოს ბეჭდით), რომლის თანახმად, ო-ე ს-ი ჯ-ს სავაჭრო მოტოციკლიდან ჩამოვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო დაენიშნა მედიკამენტები, მათ შორის ,,ტრამადოლი“. მართალია, ცნობას არ ახლავს ექიმის უფლებამოსილების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, მაგრამ იგი ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია ნ-ს სახელმწიფო სპეციალიზებული საავადმყოფოს ექიმის მიერ, დამტკიცებულია აპოსტილით და ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია ნოტარიუსის მიერაც. ამასთან, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (აპოსტილით, უ-ს საელჩოს ბეჭდითა და ნოტარიუსის მიერ დადასტურებული სამედიცინო ცნობა) შეესაბამება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 მაისის №69 ბრძანებას და 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე, დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება და ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, ასევე ის, რომ არ მომხდარა ამ დოკუმენტის ლეგალიზაცია, საფუძველს მოკლებულია.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირს არ შეიძლება ჰქონოდა ქმედების მართლსაწინააღმდეგო შეგნება, თუ პრეპარატი თავის ქვეყანაში სპეციალურ კონტროლს არ საჭიროებს და ასევე, გააჩნია სამედიცინო დანიშნულება. მოცემულ შემთხვევაში ს-ი ჯ-ნ ო-ს არ ჰქონდა და არც შეიძლებოდა ჰქონოდა მართლწინააღმდეგობის შეგნება, რადგანაც მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ პრეპარატ ,,ტრამადოლის“ შენახვითა და ს-ი შემოტანით დანაშაულს სჩადიოდა, ვინაიდან აღნიშნული პრეპარატი ნ-ი თავისუფლად იყიდება და მისი შეძენა და შენახვა რაიმე სახის სპეციალურ ნებართვასთან ან შეზღუდვასთან არ არის დაკავშირებული. ეს ფაქტი კი მიუთითებს განზრახვის არარსებობაზე.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მტკიცებულებას, რომ მგზავრის ხელბარგის დათვალიერებასა და 2016 წლის 24 იანვრის დათვალიერების ოქმის შედგენას, რომელსაც არ ესწრებოდა თარჯიმანი, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის (სსსკ-ის მე-11 და 53-ე მუხლები) უხეშ დარღვევას, ვინაიდან ს-ი ჯ-ნ ო-ე ქართულად ვერ საუბრობს და იმ შემთხვევაშიც, მებაჟე-ოფიცერს სრულყოფილად რომ სცოდნოდა ინგლისური ენა, ო-ე ოქმის შედგენისას მაინც საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას, ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება ქართულ ენაზე. პროცესის მონაწილეს, რომელმაც არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, კანონით დადგენილი წესით უნდა დაენიშნოს თარჯიმანი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს დოკუმენტი დაედო საფუძვლად შემდგომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს-ი ჯ-ნ ო-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ს-ი ჯ-ნ ო-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში - საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
11. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი