საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№401აპ-17 ქ. თბილისი
ვ-ი ი, 401აპ-17 27 ნოემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ისა და მსჯავრდებულ ჯ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ჯ. მ-ს, –ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ჯ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ი. ვ-ს, , ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ბ-ისა და მ. ნ-ის ეპიზოდები) – 7-7 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 14 მაისისა და 20 მაისის ეპიზოდები) – 1-1 წლითა და 6-6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ბ-ის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და ი. ვ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. კ-ს, –, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ბ-ისა და მ. ნ-ის ეპიზოდები) – 8-8 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ბ-ის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და გ. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; მ. ხ-ს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ბ-ისა და მ. ნ-ის ეპიზოდები) – 6-6 წლით, 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 14 მაისის, 20 მაისისა და 12 ივნისის ეპიზოდები) – 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ბ-ის ეპიზოდი) შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და მ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს – ჯ. მ-ს, გ. კ-სა და მ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2016 წლის 24 აგვისტოდან, ხოლო მსჯავრდებულ ი. ვ-ს – 2015 წლის 10 დეკემბრიდან. გაუქმდა მ. ხ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდა მის შემტანს. ა. ბ-ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (მდებარე -ში, სოფელ დ-ში, -ის ქ. №-ში, საკადასტრო კოდი – ....), ასევე ნ. ა-ის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე -ში, სოფელ დ-ში, -ში, საკადასტრო კოდი – .....), ც. ჭ-ასა და კ. კ-ას სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე -ში, სოფელ დ-ში, -ში, საკადასტრო კოდი) დადებული ყადაღა მოიხსნა.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ჯ. მ-მა, ი. ვ-მა და მ. ხ-მა ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით, ხოლო გ. კ-მა – თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე – ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
· გ. კ-მა, ჯ. მ-მა, მ. ხ-მა და ი. ვ-მა განიზრახეს ყალბი მინდობილობის დამზადებისა და გამოყენების საშუალებით ა. ბ-ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მ. ხ-ის მიერ ყალბი მინდობილობის დასამზადებლად საჭირო მონაცემების მოპოვების შემდეგ, წინასწარ შეთანხმებული სქემის საფუძველზე, 2015 წლის 14 მაისს მ. ხ-ი და ი. ვ-ი მივიდნენ -ში, -ის ქ. №-ში მდებარე ქ. ხ-ის სანოტარო ბიუროში, სადაც ნოტარიუსს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით დაუკავშირდა ჯ. მ-ი და განუცხადა, რომ ვითომ იყო ბინის რეალური მესაკუთრე ა. ბ-ე და გ. კ-ზე ონლაინ რეჟიმში გასცა მინდობილობა, რომლის თანახმად, თითქოსდა, ა. ბ-ე გ. კ-ს ანდობდა კუთვნილი, -ში, სოფელ დ-ში, -ის ქ. №..-ში მდებარე 1500 კვ/მ უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებას. მ. ხ-მა და ი. ვ-მა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ნოტარიუსის წინაშე დაადასტურეს, რომ პირი, ვისთანაც პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მოხდა ვიზუალური კონტაქტის დამყარება, ნამდვილად იყო ა. ბ-ე, თუმცა სინამდვილეში იგი იყო ჯ. მ-ი. აღნიშნული დადასტურება კი გახდა ნოტარიუსის მიერ №... მინდობილობის ნოტარიულად დამოწმების საფუძველი. ხსენებულ ყალბ მინდობილობას ა. ბ-ის სახელით, როგორც ვითომდა ხელმოწერაზე მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა, ხელი მოაწერა მ. ხ-მა, ასევე მოწმის სახით ყალბად დაადასტურა ი. ვ-მა.
· ა. ბ-ის ბინაზე ქონებრივი უფლების მოტყუებით მოპოვების შემდეგ გ. კ-მა, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან შეთანხმებით, 2015 წლის 14 მაისის №... ყალბი მინდობილობა 2015 წლის 15 მაისს წარადგინა თ-ში, თ -ის გამზირის №..-ში მდებარე ოფისში, რომლის საფუძველზეც, ვითომდა ა. ბ-ის ნდობით აღჭურვილმა პირმა, სინამდვილეში კი ა. ბ-ისაგან მალულად, მისი კუთვნილი სახლისა და მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ, შპს „მ -ისაგან“ სესხის სახით აიღო 21000 აშშ დოლარი.
· ა. ბ-ის კუთვნილი უძრავი ქონების უზრუნველყოფით მეტი თანხის მიღების მიზნით, ვინაიდან სესხის გამცემმა ფირმამ მოითხოვა თანამსესხებელი, გ. კ-ის თხოვნით, 2015 წლის 20 მაისს ნოტარიუსმა ქ. ხ-მა ნოტარიული წესით დაამოწმა პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული რწმუნებულება №..., თუმცა რეალურად ნოტარიუსს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით არავინ დაკავშირებია. მინდობილობის თანახმად, თითქოს ა. ბ-ე ამჯერად ვ. მ-ს ანდობდა კუთვნილი, -ში, სოფელ დ-ში, ნ -ის ქ. №-ში მდებარე 1500 კვ/მ უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლებას. ხსენებული ყალბი მინდობილობის სინამდვილე ხელმოწერით დაადასტურეს კვლავაც მ. ხ-მა და ი. ვ-მა. აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე ვ. მ-მა 2015 წლის 27 მაისს თბილისში, თ -ის გამზ. №..-ში, ა. ბ-ის კუთვნილი უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის სანაცვლოდ შპს „მ -ასაგან“ სესხის სახით აიღო 9000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 27 მაისს – 2500 აშშ დოლარი.
· ა. ბ-ის სახელით ზემოაღნიშნული ყალბი დოკუმენტების – ორი მინდობილობისა და სამი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისა და გამოყენების თაობაზე თავად ა. ბ-ისათვის ცნობილი გახდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებისაგან.
· გ. კ-ის, ი. ვ-ის, მ. ხ-ისა და ჯ. მ-ის დანაშაულებრივი ქმედებით ა. ბ-ეს მიადგა დაახლოებით 480000 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
· გარდა აღნიშნულისა, გ. კ-მა, მ. ხ-მა და ი. ვ-მა გამოძიებით დაუდგენელ ვინმე „ნ-ასთან“ ერთად განიზრახეს ყალბი მინდობილობის დამზადებისა და გამოყენების საშუალებით მ. ნ-იძის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ყალბი მინდობილობის დასამზადებლად საჭირო მონაცემების მოპოვების შემდეგ, წინასწარ შეთანხმებული სქემის საფუძველზე, 2015 წლის 12 ივნისს გ. კ-ი, მ. ხ-ი და ი. ვ-ი მივიდნენ -ში, კ-ის ქ. №-ში მდებარე ქ. ხ-ის სანოტარო ბიუროში, სადაც ნოტარიუსს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით დაუკავშირდა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი – ვინმე „ნ-ა“, რომელმაც ნოტარიუსს განუცხადა, რომ ვითომ იყო ბინის რეალური მესაკუთრე მ. ნ-ე და ი. ვ-ზე ონლაინ რეჟიმში გასცა მინდობილობა, რომლის თანახმად, თითქოსდა, მ. ნ-ე ამ უკანასკნელს ანდობდა მისი კუთვნილი, -ში, სოფელ -ში მდებარე 1700 კვ/მ უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი – ...) მართვისა და განკარგვის უფლებას. მ. ხ-მა და გ. კ-მა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ნოტარიუსის წინაშე დაადასტურეს, რომ პირი, ვისთანაც პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მოხდა ვიზუალური კონტაქტის დამყარება, ნამდვილად იყო მ. ნ-ე, თუმცა სინამდვილეში იყო ვინმე „ნ-ა“. აღნიშნული კი გახდა ნოტარიუსის მიერ №.... მინდობილობის ნოტარიულად დამოწმების საფუძველი. ხსენებულ ყალბ მინდობილობას მ. ნ-ის სახელით, როგორც ვითომდა ხელმოწერაზე მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა, ხელი მოაწერა მ. ხ-მა, ხოლო მოწმის სახით ყალბად დაადასტურა გ. კ-მა.
· მ. ნ-ის ბინაზე ქონებრივი უფლების მოტყუებით მოპოვების შემდეგ ი.ვ-მა, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან შეთანმებით, 2015 წლის 12 ივლისის №... ყალბი მინდობილობა 2015 წლის 7 ივლისს წარადგინა თ-ში, ლ-ის ქ. №..-ში მდებარე ე. შ-ის სანოტარო ბიუროში, რომლის საფუძველზე, როგორც ვითომდა მ. ნ-ის ნდობით აღჭურვილმა პირმა, მ. ნ-ისაგან მალულად მისი კუთვნილი უძრავი ქონება გაასხვისა ნ. ა-ზე.
· გ. კ-ის, ი. ვ-ისა და მ. ხ-ის დანაშაულებრივი ქმედებით მ. ნ-ეს მიადგა დაახლოებით 408000 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა: გ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ბ-ისა და მ. ნ-ის ეპიზოდები) მიესაჯა 7-7 წლით, ხოლო 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ა. ბ-ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების – ი. ვ-ისა და ჯ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. შ-ემ და დ. ხ-მა, კერძოდ:
მსჯავრდებულ ი. ვ-ის ადვოკატმა ი. შ-ემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ი. ვ-ისათვის განსაზღვრული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა იმ მოტივით, რომ მან დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; დაასახელა თანამონაწილეები; ითანამშრომლა გამოძიებასთან; დაზარალებულ ა. ბ-ეს დაუბრუნდა კუთვნილი ქონება, ხოლო დაზარალებულ მ. ნ-ეს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
მსჯავრდებულ ჯ. მ-ის ადვოკატი დ. ხ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ითხოვს ჯ. მ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 25-ე,208-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 25-ე,362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ ჯ. მ-ი მხოლოდ დაეხმარა გ. კ-ს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან კრედიტის უკანონოდ მიღებაში; შესაბამისად, ჯ. მ-ი მოქმედებდა გ. კ-ის განზრახვის შესაბამისად.
5. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი ირაკლი მინაშვილი შესაგებლებით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
9. პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).
10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის კანონიერი მფლობელი და იგი ქონებას ეუფლება ან ქონებრივ უფლებას იღებს უკანონოდ. აღნიშნული დანაშაული შედეგიანი დელიქტია და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. თაღლითობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ თაღლითობით იგი მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების განხორციელებისას დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი.
11. პალატა არ იზიარებს ადვოკატ დ. ხ-ის მოსაზრებას, რომ ჯ. მ-მა ჩაიდინა არა თაღლითობა, არამედ – კრედიტის უკანონო მიღებაში დახმარება. საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბანკის ან სხვა კრედიტორისათვის ყალბი ცნობის მიწოდებაში კრედიტის მიღების მიზნით. ასეთ შემთხვევაში კრედიტორისათვის მიწოდებული ინფორმაცია შეგნებულად არის დამახინჯებული და არ ასახავს მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ობიექტურ სურათს. მოცემულ შემთხვევაში ჯ. მ-მა, თანამზრახველებთან ერთად, ნოტარიუსის მოტყუებით ოფიციალური დოკუმენტი გააყალბა და სხვის უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლება მიიღო მოტყუებით.
12. ამრიგად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადგენილი მსჯავრდებულ ჯ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე – სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
13. რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატ დ. ხ-ის მოთხოვნას მსჯავრდებულ ჯ. მ-ისათვის პირობითი მსჯავრის განსაზღვრის, ხოლო ადვოკატ ი. შ-ის მოთხოვნას – მსჯავრდებულ ი. ვ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულებმა პირდაპირი განზრახვით, ანგარების მოტივით, ხოლო მსჯავრდებულმა ი. ვ-მა – დროის მცირე ინტერვალით ჩაიდინეს ფაქტობრივად ანალოგიური ხასიათის მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები და მათმა ქმედებებმა გამოიწვიეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ი. ვ-სა და ჯ. მ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა რეალურად მოსახდელად, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნის (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) განხორციელებას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ისა და მსჯავრდებულ ჯ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე