შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 01.11.2017
საქმის ნომერი
2კ-275აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.11.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№275აპ-17 თბილისი

ვ-ი დ, 275აპ-17 1 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 ივნისის განაჩენით:

დ. ვ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 7 წლით, ხოლო სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა,“ „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დ. ვ-ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 9 სექტემბრიდან. ვ. ბ-ე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა,“ „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 9 სექტემბრიდან.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ვ-მა და ვ. ბ-ემ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; დ. ვ-მა ასევე ჩაიდინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ე.ი. სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3. 2015 წლის 7 სექტემბერს თ-ში, --- № ბინაში, დ. ვ-მა და ვ. ბ-ემ დ. ჯ-ას პლასტმასის ხუნდით შეუკრეს ხელები, რის შემდეგაც დ. ვ-ა დანის გამოყენების მუქარით, ვ. ბ-სთან ერთად, წებოვანი ლენტით შეუკრა ფეხები, ყურებში გაუკეთეს ბამბა, თვალებზე ააფარეს, თავზე ჩამოაცვეს ქუდი, შემოახვიეს წებოვანი ლენტი და შებოჭილი მოათავსეს ერთ-ერთ ოთახში. ამის შემდეგ დ. ჯ-ას ტელეფონით მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერეს მის მეუღლეს – მ. ა-ს. დაახლოებით 14:30 საათზე დ. ვ-ი ნ-ის ქუჩაზე შეხვდა მ. ა-ს და ავტომობილით მოტყუებით წაიყვანა იმავე მისამართზე. ზემოხსენებულ საცხოვრებელ ბინაში დ. ვ-მა, რომელსაც დანა საქამრეში ჰქონდა დემონსტრირებული, ძალადობის გამოყენებით პირზე წებოვანი ლენტი მიაკრა მ. ა-ს. დ. ვ-მა და ვ. ბ-ემ მას პლასტმასის ხუნდებით შეუკრეს ხელ-ფეხი, ერთ-ერთ ოთახში დაანახვეს ხელფეხშეკრული დ. ჯ-ა და შემდეგ შეიყვანეს მეორე საძინებელ ოთახში, სადაც ვ. ბ-ემ დატოვა მ. ა-ი და დ. ვ-ი. დ. ვ-მა ძალის გამოყენებით მ. ა-ს გახადა კაბა და საცვალი, შიშველ მდგომარეობაში მყოფს თავისი მობილური ტელეფონით გადაუღო რამდენიმე ფოტოსურათი, ხოლო შემდეგ ძალადობით, ძალადობის მუქარითა და უმწეობის გამოყენებით მ. ა-თან უკანა ტანის არეში დაამყარა სქესობრივი კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ამირან ხუციშვილმა, მსჯავრდებულ დ. ვ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ტ-ემ და ვ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ძ-ემ.

5. პროკურორმა ამირან ხუციშვილმა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 25-ე,138-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, ხოლო ადვოკატებმა – თ. ტ-ემ და გ. ძ-ემ – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და დ. ვ-ისა და ვ. ბ-ის გამართლება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განაჩენით საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ვ-ის ადვოკატმა თ. ტ-ემ. კასატორი საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და უსამართლოა, რის გამოც უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: დ. ვ-ს რომ დანა ჰქონდა, ეს მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებით დასტურდება, რომლებმაც ის სხვადასხვანაირად აღწერეს; არც დ. ჯ-ასა და არც მ. ა-ს ძალადობაზე მიმანიშნებელი რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანება არ აქვთ; მ. ა-ს უკანა ტანის არეში არსებული დაზიანებები, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს ჯანმრთელობის პრობლემებით (მას აწუხებს ბუასილი) და არა – გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის გამო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ მის სწორ ნაწლავში არ აღმოჩნდა სპერმის კვალი, ეს კი გამორიცხავს გაუკუღმართებულ კონტაქტს; რაც შეეხება დაზარალებულის საცვალსა და კაბაზე აღმოჩენილ სპერმას, იგი შეიძლებოდა, სრულიად შემთხვევით გადასულიყო ტანსაცმელზე, რადგან მ. ა-ი იჯდა იმავე საწოლზე, რომელზეც დ. ვ-მა დილით მეგობარ მანდილოსანთან დაამყარა სქესობრივი კავშირი; საყურადღებოა ისიც, რომ დაზარალებულებს ჰქონდათ საშუალება, დახმარებისათვის ვინმესთვის მიემართათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დანაშაული არ მომხდარა და ბრალდებულებმა დაუშვეს უხეში ზნეობრივი გადაცდომა, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ არის; გარდა აღნიშნულისა, განაჩენით არ არის დასაბუთებული მკაცრი სასჯელების გამოყენების საჭიროება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი თ. ტ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და დ. ვ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ დ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა დ. ვ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, კერძოდ:

3. დაზარალებულმა დ. ჯ-ამ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განაცხადა, რომ დ. ვ-ი არის მისი ცოლისდის – ქ. ა-ის ყოფილი მეუღლე, რომელთანაც და ასევე ვ. ბ-სთანაც ბავშვობიდან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. 2015 წლის 7 სექტემბერს მას შეხვდა დ. ვ-ი და სთხოვა, სახლში გაჰყოლოდა, რადგან საქმე ჰქონდა. დ. ვ-ის სახლში მისვლისას ისინი ქ. ა-თან დაკავშირებით შელაპარაკდნენ, რის შემდეგ დ. ვ-მა და ვ. ბ-ემ იგი ძირს დააგდეს, პლასტმასის ხუნდებით შეუკრეს ხელ-ფეხი, წებოვანი ლენტი ააკრეს სახეზე, ყურებში ბამბა ჩაუდეს, თვალები აუხვიეს, რათა მას არ ენახა ვიღაც პირი, რომელიც სახლში უნდა მისულიყო, და ამ მდგომარეობაში მისაღებ ოთახში, დივანზე დასვეს დაახლოებით 3 საათის განმავლობაში. დ. ჯ-ამ ასევე განაცხადა, რომ მისი დაბმის დროს დ. ვ-ს ხელში ეჭირა სამხედრო ფორმის სქელი დანა.

4. დაზარალებულმა მ. ა-მა სასამართლოზე აჩვენა, რომ 2015 წლის 7 სექტემბერს მეუღლის ტელეფონიდან მიიღო შეტყობინება, რომ შეხვედროდა ნ-ის ქუჩაზე მდებარე ძველ აფთიაქთან. იქ ჩასვლისას მას შეხვდა დ. ვ-ი, რომელმაც მოატყუა, რომ დ. ჯ-ა იყო მთვრალი, გახდა ცუდად და მის მოსავლელად უნდა წაეყვანა. მ. ა-ი დ. ვ-მა მანქანით მიიყვანა თავის სახლში, სადაც მიეპარა უკნიდან, პირზე ხელი ააფარა, ხოლო ვ. ბ-ემ ხელ-ფეხი შეუკრა პლასტმასის ხუნდებით, პირში ჩაუდეს ნაჭერი და გადააკრეს წებოვანი ლენტი. დ. ვ-მა და ვ. ბ-ემ მ-ს დაანახვეს ოთახში დაბმული მეუღლე, შემდეგ შეიყვანეს საძინებელში, რის შემდეგაც ვ. ბ-ე გავიდა ოთახიდან, ხოლო დ. ვ-მა იგი გააშიშვლა და დაუწყო ფოტოსურათების გადაღება სხვადასხვა პოზაში, თან ემუქრებოდა, რომ ყველაფერს გაიმეორებდა დ. ჯ-ას თანდასწრებით და ფოტოებს გაუვრცელებდა. სურათების გადაღება რომ დაამთავრა, დ. ვ-მა მ. ა-ი საწოლზე დააყენა მუხლებით და ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კონტაქტი უკანა ტანიდან. ვინაიდან მას ჰქონდა ბუასილის ნიშნები, იგრძნო ტკივილი და როგორც შეეძლო, უწევდა წინააღმდეგობას. მომხდარის შემდეგ დ. ვ-მა ჩააცვა ტანსაცმელი და ისინი ერთად გავიდნენ მანქანით, შემდეგ უკან დაბრუნდნენ, მანქანაში ჩაისვეს დ. ჯ-ა, რომელიც ვ. ბ-სთან ერთად ეზოში იჯდა და წავიდნენ ა-ის სახლში. დ. ვ-ს თავისი სახლის მისაღებ და საძინებელ ოთახებში ჰქონდა მომრგვალებულთავიანი დანა, მსხვილი, მუქი ყავისფერი ტარით. სახლში მისვლისას მ. ა-მა ყველაფერი უამბო მამას, დარეკეს საპატრულო პოლიციაში, თუმცა დ. ვ-ი იქ აღარ იყო. მ. ა-ის განმარტებით, როგორც მას დ. ვ-მა განუცხადა, ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ მ-სა და მის მეუღლეს ადანაშაულებდა ქ. ა-თან დაცილებაში.

5. მოწმე ქ. ა-მა დაკითხვისას განაცხადა, რომ დ. ჯ-ას ტელეფონიდან მიღებული შეტყობინების შემდეგ მ. წავიდა მეუღლესთან შესახვედრად. მ. და დ. ვ-ის ქუჩაში საუბარი დაინახა მეზობელმა და უთხრა ქ-ს, სწორედ ამიტომ მან დაურეკა დ. და დის ამბავი ჰკითხა. ამის მერე სახლში მალევე მივიდნენ დ. ჯ-ა, მ. ა-ი და დ. ვ-ი. მ. ოთახში შეიკეტა, ტიროდა და ითხოვდა მამის – ნ. ა-ის სასწრაფოდ მისვლას. მამის მისვლის შემდეგ მ-მა მოჰყვა მომხდარის შესახებ და გამოიძახეს პატრული, ხოლო დ. ისე წავიდა სახლიდან, ვერ გაიგეს. ქ. ა-ის განცხადებით, ის და თავისი მეუღლე ხშირად ჩხუბობდნენ, დ. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად (მათ შორის – სექსუალურადაც) ძალადობდა მასზე, რის გამოც დასცილდნენ. მ-ა და დ-ს ჰქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა, თუმცა ერთმანეთი არ უყვარდათ.

6. მოწმე ნ. ა-ის ჩვენებით, 2015 წლის 7 სექტემბერს, დარეკვის შემდეგ, ის სასწრაფოდ დაბრუნდა სახლში, შევიდა მ-ის ოთახში, რომელმაც მოუთხრო მომხდარის შესახებ. საუბრისას მოესმა ქ-ის და დ-ის ჩხუბის ხმა და გამოვიდა მათ გასაჩერებლად, რა დროსაც დ. ვ-მა უთხრა, რომ ყველაფერი ზღაპარი იყო და მ-ისათვის არ დაეჯერებინა. შემდეგ გახდა ცუდად და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. სამედიცინო დახმარება დასჭირდა დ. ჯ-საც. აღნიშნული ჩვენება დაადასტურა ნ. ა-ის მეუღლემ ვ. ც-მ, რომელმაც ასევე აჩვენა, რომ, ისე რომ „გაუპატიურება“ არავის უხსენებია, დ. ვ-მა ნ. ა-ს უთხრა, რომ გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს და ამით ბავშვს უფუჭებდნენ მომავალს.

7. ბრალდებულმა ვ. ბ-ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ძალადობა არ ჩაუდენიათ. დ. ვ-მა უთხრა დ. ჯ-ს, რომ ვიღაცას ჰქონდა მისი ვალი, მოვალის შესაშინებლად და ვალის დასაბრუნებლად დ-ს გაკოჭავდა, ხოლო ფულის დაბრუნების შემდეგ ერთად წავიდოდნენ სადმე დასასვენებლად. დ-ას დ-სათვის უარი არ უთქვამს და ნებით გაუწოდა ხელები. გაკოჭილი დ. ჯ-ა კარისკენ ზურგით დასვეს, რის შემდეგაც დ. ვ-ი გარეთ გავიდა და დაახლოებით ნახევარ საათში დაბრუნდა დ-ას მეუღლესთან – მ. ა-თან ერთად. დ. ვ. ბ-ე გააგზავნა ლუდის მოსატანად, სახლში დაბრუნებულმა კი დაინახა, რომ დ. და მ. დივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ, შემდეგ ისინი გავიდნენ, ხოლო დ-მა დაუბარა, რომ დ-სთვის აეხსნა წებოვანი ლენტი და მას დალოდებოდნენ. მ-ისა და დ-ის დაბრუნების შემდეგ მ-ს ეტყობოდა ნერვიულობა. ამის შემდეგ სამივე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, ხოლო თვითონ დაბრუნდა სახლში. დაახლოებით საათ-ნახევარში დ. ვ-ისაგან გაიგო, რომ მ. მას ბრალს სდებდა გაუპატიურებაში, რის შემდეგაც წავიდა სოფელში.

8. ბრალდებულმა დ. ვ-მა სასამართლო სხდომაზე აჩვენა, რომ მეუღლესთან – ქ. ა-თან ურთიერთობაში ცუდად ერეოდა მ. ა-ი, რაზეც თავის სახლში ესაუბრა დ. ჯ-ას. ამ საუბრის შემდეგ დ-ს აუხსნა, რომ ვალის დაბრუნების მიზნით მას გაკოჭავდა, გაკოჭილს დასვამდა მეორე ოთახში და აჩვენებდა მოვალეს, რაზეც დ. დასთანხმდა. იგი გაკოჭეს ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ამის შემდეგ სახლში მოტყუებით მიიყვანა მ. ა-ი, დაუწყო საუბარი ქ-თან ურთიერთობაზე, შემდეგ აიღო ტუმბოზე დადებული ე.წ. „სკოჩი“, შეუკრა ხელ-ფეხი და აუკრა პირი. ამ დროს მ-ი წინააღმდეგობას არ უწევდა. მ-ს გადაუღო 3-4 სურათი, მაკრატლით გაუხსნა ხელ-ფეხი და გააგრძელეს საუბარი. შემდეგ თვითონ და მ-ი მანქანით გავიდნენ, ხოლო ვ. ბ-ეს დაუბარა, რომ ის და დ. ჯ-ა ეზოში დალოდებოდნენ. „-ში“ ბავშვისთვის იოგურტის ყიდვის შემდეგ თვითონ, დ. ჯ-ა და მ. ა-ი მანქანით წავიდნენ მ-ის სახლში, ხოლო ვ. ბ-ე – თავის სახლში. ა-თან მისვლის შემდეგ მ-მა მამას უთხრა, რომ დ. ვ-მა და ვ. ბ-ემ მასზე იძალადეს, გააშიშვლეს და ფოტოები გადაუღეს. ნ. ა-მა დ-ს ურჩია, რომ სახლში წასულიყო და საღამოს დაელაპარაკებოდა. დ. ვ-მა განმარტა, რომ დ. ჯ-ას ხელ-ფეხი შეუკრა მოტყუებით, რათა მისი ტელეფონის საშუალებით მ-ი ადვილად გამოეყვანა სახლიდან. ამ დროს დ-ას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მ-ს ფოტოების გამოქვეყნებით იმიტომ დაემუქრა, რომ ფიქრობდა, დაეხმარებოდა მეუღლესთან შერიგებაში. რაც შეეხება სანადირო დანას, ასეთი სახლში საერთოდ არა აქვს. საღამოს ნახა მშობლები და წავიდა სოფელში, სადაც დააკავეს 8 სექტემბერს, ღამით.

9. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2015 წლის 9 სექტემბრის ოქმის მიხედვით, დ. ვ-ისაგან ამოღებული თეთრი ფერის „SAMSUNG-ის“ ფირმის ტელეფონის კომპიუტერზე შეერთებისას გახსნეს სპეციალური საქაღალდე, რომელზეც გადატანილი იყო, სავარაუდოდ, წაშლილი ფოტოსურათები; მათი დათვალიერებისას აღმოჩნდა მ. ა-ისათვის შიშველ მდგომარეობაში გადაღებული 4 ფოტოსურათი და ხელფეხშეკრულ დ. ჯ-ას ერთი სურათი, რომელსაც თავზე ჩამოფარებული აქვს შავი ქსოვილი, ხოლო თვალებზე აკრული აქვს წებოვანი ლენტი. აღნიშნული ფოტოსურათები ტელეფონის მეხსიერებიდან ამოიღეს, აღადგინეს და გადაიტანეს დისკზე.

10. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნით: „დ. ჯ-ას სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით მიყენებულია მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად“.

11. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №- დასკვნით: „მ. ა-ს უკანა ტანის არეში აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ნასკდომები, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (შესაძლებელია, მამაკაცის ერეგირებული სასქესო ასოს) მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“. მ. ა-ის სხეულზე არსებული დაზიანებები, ხაზოვანი ნაჭდევების სახით, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

12. ექსპერტიზების დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა – თ. ქ-ემ და ქ. ბ-მა.

13. ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებითა და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №- და ოდოროლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნებით, დ. ჯ-ას მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი BLACKBERRY-ის ფირმის მობილურ ტელეფონში დაფიქსირებული ზარებითა და შეტყობინებებით, ასევე – დ. ჯ-ასა და მ. ა-ის მიერ წარმოდგენილი ტანსაცმლით უტყუარად დასტურდება დ. ვ-ისა და ვ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

14. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს დაზარალებულთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ხარისხს, მთავარია, რომ გადაადგილების უფლება შეიზღუდა მათივე ნების საწინააღმდეგოდ. გასათვალისწინებელია, რომ ორივე დაზარალებული ჩვენებებში მიუთითებს, რომ დ. ვ-ს თან ჰქონდა დიდი სანადირო დანა, რომლის გამოყენების საფუძვლიანი შიში გაუჩნდათ; ამასთან, დაზარალებულები დანას აღწერენ უმნიშვნელო განსხვავებით, რაც ეჭვის გაჩენის საფუძველს არ იძლევა.

15. უსაფუძვლოა დაცვის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულებს ჰქონდათ საშუალება, ვინმესთვის ეთხოვათ დახმარება, რადგან, როგორც მ. ა-მა განაცხადა, დ. ვ-ის სახლიდან გასვლისას იქ დარჩა გაკოჭილი დ. ჯ-ა და მისთვის რომ არაფერი დაეშავებინათ, სწორედ ამიტომ არ ითხოვა დახმარება; რაც შეეხება დ. ჯ-ას, მან სასამართლოზე განმარტა, რომ გათავისუფლების შემდეგ ის იმდენად იყო შეშინებული, რომ დაელოდა დ. ვ-ის დაბრუნებას, რადგან არ იცოდა, ბოროტმოქმედები კიდევ რას მოიმოქმედებდნენ.

16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის არგუმენტები დ. ვ-ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნით, მ. ა-ის ქვედა საცვლის უბის წინა და უკანა ნაწილზე არსებულ ლაქებში აღმოჩნდა სპერმა, რომლის გენეტიკური პროფილი დ. ვ-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია; უბის არეში არსებული მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი მ. ა-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია; კაბის უკანა ზედაპირზე არსებული მოყვითალო-მოყავისფრო ლაქა შეიცავს სპერმას, რომლის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი დ. ვ-ის, ხოლო მინორული წილი – მ. ა-ის გენეტიკური პროფილების იდენტურია; საბნის შალითაზე არსებული მოყვითალო-მონაცრისფრო ლაქები შეიცავს სპერმას, რომლის გენეტიკური პროფილი დ. ვ-ის გენეტიკური პროფილის იდენტურია; ერთ-ერთ ბალიშის პირსა და მოვარდისფრო გადასაფარებელზე არსებული ლაქები შეიცავს ნერწყვს და არ შეიცავს სპერმას; მათი გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს და განსხვავდება მ. ა-ის გენეტიკური პროფილისაგან. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნ. კ-ემ.

18. ადვოკატი თავის საკასაციო საჩივარში აპელირებს იმაზე, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის №- დასკვნით, მ. ა-ის უკანა ტანიდან აღებულ ნაცხში სპერმა არ აღმოჩნდა. ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმემ, ექსპერტმა ა. გ-ემ განაცხადა, რომ სექსუალურ კავშირზე კატეგორიულად მაშინ შეიძლებოდა საუბარი, თუ უკანა ტანში ნანახი იქნებოდა სპერმა, თუმცა ისიც დაუშვა, რომ სპერმის დაღვრა მომხდარიყო გარეთ, ხოლო უკანა ტანში არსებული დაზიანებები განვითარებულიყო ყაბზობის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა არ გამორიცხავდა დ. ვ-ის მიერ მ. ა-თან უკანა ტანიდან გაუკუღმართებული კონტაქტის დამყარებას, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება. ამ პოზიციას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მ. ა-ის კაბასა და საცვალზე აღმოჩენილია დ. ვ-ის სპერმა. გარდა იმისა, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია დ. ვ-ის მიერ შემთხვევის დღეს მეგობარ ქალბატონთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და ამის გამო საწოლზე მისი სპერმის არსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როდესაც მ. ა-მა განაცხადა დ. ვ-ის მიერ მასზე ძალადობის შესახებ, მაშინ მისთვის უცნობი იყო დაცვის ზემოთ მითითებული ვერსია და, შესაბამისად, თავის ტანსაცმელზე არც დ. ვ-ის ბიომასალის აღმოჩენის გარანტია ექნებოდა.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. ვ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 138-ე და 143-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში უდავოდაა დადასტურებული საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით და ამ კუთხით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

20. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონით შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლების საკანონმდებლო კონსტრუქციები, რის შესაბამისადაც, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის დისპოზიციამ (ახალი რედაქცია) მთლიანად მოიცვა სსკ-ის 138-ე მუხლით (ძველი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

21. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ დ. ვ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება – სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ანუ სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, შეესაბამება საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილს (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით), რაც ასევე ითვალისწინებს 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

22. მითითებული ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულ დ. ვ-სათვის საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრად შერაცხული ქმედება (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ანუ სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარმოადგენს საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარითა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით). შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ვ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (ძველი რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

23. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მითითებას, რომ არ არსებობდა მკაცრი სასჯელების გამოყენების აუცილებლობა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები, დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და დ. ვ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ დ. ვ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით შერაცხული მსჯავრდება უნდა დარჩეს უცლელად, ხოლო სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხული მსჯავრდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. მსჯავრდებულ დ. ვ-ის დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძველი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2017 წლის 4 მაისის რედაქცია) და ამ მუხლით განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 4 მაისის რედაქცია) დანიშნული სასჯელი და დ. ვ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. მსჯავრდებულ დ. ვ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2015 წლის 9 სექტემბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე