საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №380აპ-17 ქ. თბილისი
ჩ-ი გ, 380აპ-17 15 დეკემბერი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ჩ-ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქალაქ ს-ი, ა-ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ გ. ჩ-ს ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლესთან - ჯ. ზ-ნ მოუვიდა კონფლიქტი. განაწყენებულმა გ. ჩ-ა, არასრულწლოვანი შვილების - ნ. ჩ-ა და დ. ჩ-ს თანდასწრებით, ჯ. ზ-ს სახისა და ტანის არეში ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენით გ. ჩ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა გ. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გამართლებულის სასარგებლოდ გირაოს შემტან პირს - ა. შ-ს (პ/ნ. ...) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) - 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
გამართლებულ გ. ჩ-ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ. პროკურორი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ. ჩ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რადგან განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არსებითად დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა და კონფლიქტის თვითმხილველმა მოწმეებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ გ. ჩ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და სათანადოდ არ შეაფასა წარდგენილი მტკიცებულებები და მათ მიერ დადგენილი გარემოებები, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოცხრილი, მოწმე ტ. ბ-ს ჩვენება, შემაკავებელი ორდერის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. ამდენად, ჩამოთვლილი მტკიცებულებების ანალიზით ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ უტყუარად დგინდება გ. ჩ-ს მიერ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაცია იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით გ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თავად დაზარალებულმა ჯ. ზ-ა სასამართლოს არ მისცა ჩვენება. მართალია, მან ისარგებლა კანონით გათვალისწინებული უფლებით, მაგრამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც ჯ. ზ-ს ჩვენების გამორიცხვით, იქნებოდა იმდენად სარწმუნო, რომ დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. მოწმე ტ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. ჩ-ს ხმამაღალი გინების ხმაზე შევიდა ოთახში, სადაც დახვდნენ გ. ჩ-ს მშობლები და მეუღლე ჯ. ზ-ი. მოწმე განმარტავს, რომ გ. ჩ-ი კონკრეტულად ვინმეს არ აგინებდა და ოთახში ბავშვების ყოფნაც არ შეუნიშნავს. აღნიშნული მოწმის ჩვენებით არ დასტურდება გ. ჩ-ს მიერ მეუღლე ჯ. ზ-ე ძალადობის ფაქტი შვილების თანდასწრებით. ასევე, დადგენილია, რომ ინციდენტის შემსწრე სხვა პირებმა - ლ. ჩ-ა, მ. ჩ-ა და არასრულწლოვანმა ნ. ჩ-ა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცეს სასამართლოს. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებითაც დასტურდება ჯ. ზ-ა და გ. ჩ-ე დაზიანებების არსებობა, ისინი არ არის საკმარისი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან სხვა რაიმე მტკიცებულებებით არ არის დადგენილი, კონკრეტულად რა დროს მიიღეს აღნიშნული დაზიანებები ჯ. ზ-ა და გ. ჩ-ა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას გ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობისათვის.
ამდენად, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომ გ. ჩ-ს 2016 წლის 5 ნოემბერს, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, მთვრალს, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლესთან - ჯ. ზ-ნ მოუხდა კონფლიქტი, რის შედეგადაც არასრულწლოვანი შვილების - ნ. ჩ-ა და დ. ჩ-ს თანდასწრებით ჯ. ზ-ს სახისა და ტანის არეში ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ. ჩ-ს ბრალეულობის დასადგენად, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 იანვრის განაჩენი დატოვა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 28 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას გ. ჩ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ გ. ჩ-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. დადგენილია, რომ როგორც დაზარალებულმა ჯ. ზ-ა, ასევე ინციდენტის შემსწრე სხვა პირებმა - ლ. ჩ-ა, მ. ჩ-ა და არასრულწლოვანმა ნ. ჩ-ა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცეს სასამართლოს, ხოლო სხვა მოწმეთა ჩვენებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება გ. ჩ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №438აპ-16, №480აპ-16).
11. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად ზემომითითებული გარემოებები არ გამოკვეთილა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი