საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.01.2018
საქმის ნომერი
2კ-452აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№452აპ-17 ქ. თბილისი

გ. მ-ზ, 452აპ-17 15 იანვარი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ვ. ტ-ას, – - ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლითა და 6 თვით, მე-19,237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ვ. ტ-ას დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მ. გ-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2015 წლის 18 სექტემბრიდან.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ვ. ტ-ამ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით; ასევე – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობა, ხოლო მ. გ-მა –ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2015 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 13:35 საათზე, თ-ში, გ-ის გამზ. №--ში მდებარე სს -- სერვის ცენტრში, მ. გ. და ვ. ტ., წინასწარი შეთანხმებით, ე.ი. „სანთებელა-იარაღის“ გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხნენ მ. თ-სა და თ. ტ-ს, რის შედეგადაც დაეუფლნენ სს -- კუთვნილ 4870 ევროს, 11840 აშშ დოლარსა და 28595 ლარს.

· 2015 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 13:35 საათზე, თ-ში, გ-ის გამზ. №58/2-ში მდებარე სს -- სერვის ცენტრში, ვ. ტ-ამ სცადა, მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა რ. ბ-ის სამსახურებრივ, 9 მმ კალიბრიან, 1908 წლის ნიმუშის „პარაბელუმს“ 10 ვაზნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. გ-მა, რომელმაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 13 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ. გ-სათვის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის – 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ მან აღიარა დანაშაული; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები; ითანამშრომლა გამოძიებასთან; მიყენებული ზიანი სრულადაა ანაზღაურებული; პირველადაა სამართალში; კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი.

5. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნათია ქართველიშვილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. მოცემულ შემთხვევაში მხარე ასაჩივრებს განაჩენს მსჯავრდებულ მალხაზ გოგოლაშვილისათვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე