საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №423აპ-17 ქ. თბილისი
მ-ე თ, 423აპ-17 11 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ თ. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. მ-ს ბრალი დაედო ქრთამის აღებაში, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნასა და მიღებაში, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად.
გ. ა-ს ბრალად დაედო ქრთამის აღებაში დახმარება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირ მოთხოვნასა და მიღებაში დახმარება, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენით:
თ. მ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
თ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 29 სექტემბრიდან.
გ. ა-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 25,338-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 25,19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.
განაჩენით მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გ-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 ივნისის №...-ე ბრძანებით თ. მ-ე დაინიშნა გ-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. გ-ს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ამავე გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის დებულებების თანახმად, სხვა ფუნქციებთან ერთად, მის მოვალეობაში შედიოდა მშენებლობის დოკუმენტების შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების საკითხთა მოწესრიგება.
2015 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში თ. მ-მ, მიუხედავად იმისა, რომ მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა მშენებლობის ნებართვის გაცემა, მასთან მისული ნ. ნ-ე დაარწმუნა, რომ გ-ს რაიონის სოფელ კ-ი მდებარე მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის გაცემა მასზე იყო დამოკიდებული და ნებართვას ვადაზე ადრე ააღებინებდა. ამასთან დაუკავშირდა შპს „ა-ს“ დირექტორ გ. ა-ს და უთხრა, რომ შ. ნ-ს მოემზადებინა მშენებლობის ნებართვის ასაღებად გამგეობაში წარსადგენი საჭირო დოკუმენტაცია და შეუთანხმდა, რომ ნებართვის დროულად და უპრობლემოდ გაცემისთვის, ნიშნიანიძისთვის ეთქვა, რომ მისთვის (მ-ს) „საპატივსაცემოდ“ (ქრთამის სახით) გადაეხადა 300 ლარი.
2015 წლის 29 სექტემბერს ქ. რ-ი გ. ა-მ ნ. ნ-ს თ. მ-ს გადასაცემად გამოართვა მოთხოვნილი 300 ლარი.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე ითხოვდა მსჯავრდებულ თ. მ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო გ. ა-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 25,338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; დაცვის მხარე ითხოვდა მსჯავრდებულის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 23 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ქრთამის აღების შემადგენლობისათვის აუცილებელია, საჯარო მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების ფარგლებში ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა.
მოცემულ შეთხვევაში გ-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 ივნისის N.... ბრძანებით დადგენილია, რომ თ. მ-ე 2015 წლის 10 ივნისიდან გადაყვანილია გ-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის სივრცითი მოწყობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. გ-ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს №-- დადგენილების მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა-ორგანიზება და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის, მშენებლობის დოკუმენტების შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების საკითხთა რეგულირება. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის გაცემას, ეს პირდაპირ გამგებლის მოვალეობაა, რომელიც იურიდიული სამსახურის გავლით გამოსცემს ბრძანებას. ამდენად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნია, რომ თ. მ-ს უფლებამოსილებაში არ შედიოდა ნებართვის გაცემა და დაჩქარება. მართალია, მას შეეძლო გარკვეულ საკითხებში აქტიური მონაწილეობა მიეღო ნებართვის გაცემის მომზადებაში, მაგრამ იგი არ გასცემდა ასეთ ნებართვებს და, შესაბამისად, არც შეეძლო გარანტია მიეცა ნ. ნ-ს, რომ არათუ დაჩქარებული წესით, არამედ ისიც ნამდვილად შეძლებდა თუ არა ნებართვის აღებას.
ის ფაქტი, რომ თ. მ-ს არ შეეძლო მშენებლობის ნებართვის გაცემა, ან მისი გაცემის დაჩქარება, დადასტურებულია ასევე მოწმეების - გ-ს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცის მოწყობის სამსახურის უფროსის ჯ. დ-ა და გ-ს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის განყოფილების უფროსის ლ. ბ-ს ჩვენებებით.
რაც შეეხება პროვოკაციას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. პოლიციელებმა/ კონფიდენტებმა არ უნდა მოახდინონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში (Ramanauskas v. Lithuania, 74420/01, 2008 წლის 5 თებერვალი); თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია (Malininas v. Lithuania, 10071/04, 2008 წლის 1 ივლისი); ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებული დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი (Miliniene v. Lithuania, 74355/01, 2008 წლის 24 ივნისი). ამდენად, თუ ფარული აგენტის მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ პასიური მოქმედებით, მაშინ კონვენცია არ ირღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, ნ. ნ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი თ. მ-ს მითითებით შეხვდა გ. ა-ს, რომელმაც უთხრა, რომ სახლის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად გაწეული სამუშაოებისათვის მას მოუწევდა 700 ლარის და პლუს 300 ლარის გადახდა თ. მ-ს პატივისცემის მიზნით, რის შემდეგაც იგი მიხვდა, რომ უკანონო გარიგებას სთავაზობდა და მიმართა შესაბამის სამსახურს, რა დროსაც დაიგეგმა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რაც დადასტურებულია გამომძიებელ გ. ჩ-ს ჩვენებით, რითაც დადგენილია, რომ ნ. ნ-ს მიმართვის შემდეგ დაიგეგმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რა დროსაც მოხდა ფულის ფიქსაცია. აღნიშნულის შემდეგ გ. ა-ნ ერთად გ-ი შეხვდა თ. მ-ს, რომელმაც დაუდასტურა, რომ ნებართვის გაცემის დაჩქარებისათვის გადასახდელი იქნებოდა დამატებით არაოფიციალური თანხა – 300 ლარი. გარანტიებზე საუბარი მათ შორის კიდევ რამდენჯერმე შედგა და მათ კვლავ გაუმეორეს, რომ 700 ლარს პლუს 300 ლარი, საკმარისი იქნებოდა ყველაფრის მოსაგვარებლად. ერთ-ერთი საუბარი მან ჩაიწერა ტელეფონის საშუალებით, რაც დადასტურებულია დისკის დათვალიერებისა და დალუქვის ოქმით, რითაც დადგენილია, რომ CD-R დისკზე, სახელწოდებით „voice 001“, ისმის სამი მამაკაცის საუბარი და ნ. ნ-ს განმარტებით, ჩაწერილია 2015 წლის 18 სექტემბერს გ-ი ამ უკანასკნელის, თ. მ-ს და გ. ა-ს შეხვედრის დროს შემდგარი საუბარი მისი საცხოვრებელი სახლის პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და თ. მ-ს მიერ თანხის მოთხოვნა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ მან მოთხოვნილი თანხა – 1000 ლარი გადასცა გ. ა-ს, რაც დადასტურებულია მოწმეების – ლ. ა-ს, დ. კ-ს, ლ. რ-ს და გ. ა-ს ჩვენებებით. გ. ა-ს ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ როდესაც მას დაურეკა ნ. ნ-მ, რომელსაც მისი ტელეფონი მისცა თ. მ-მ, შეთანხმდნენ, რომ პროექტის მოსამზადებელი ხარჯებისთვის საჭირო იყო 700 ლარი, ხოლო 250-300 ლარი საკმარისი იქნებოდა თ. მ-ს „პატივისცემისთვის“, ნებართვის უპრობლემოდ და დროულად გაცემისთვის. ვინაიდან ნ. ნ-ს სურდა თ. მ-ნ შეხვედრა, მან ერთმანეთს შეახვედრა ნ-ე და მ-ე, რომელთა შორის საუბარი შედგა ა/მანქანაში, რასაც თავადაც ესწრებოდა, ხოლო შემდეგ „ა-ს“ შენობაში და საუბარი ორივეჯერ ეხებოდა გარანტიებს. 2015 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მასთან ოფისში მივიდა ნ. ნ-ე, ჯიბიდან ამოიღო 700 ლარი, 50 ლარიანებით და უთხრა, რომ ეს იყო ფული მისი მომსახურებისთვის, ხოლო მეორე ჯიბიდან ამოიღო 300 ლარი და უთხრა, რომ აღნიშნული თანხა პატივისცემის მიზნით გადაეცა თ. მ-ს, რის შემდეგაც დატოვა ოფისი. მისი წასვლიდან დაახლოებით 2 წუთში ოფისში შევიდა პოლიცია, იგი დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს თანხა 1000 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მოხდა ფულის იდენტიფიცირება ნუმერაციის მიხედვით. გ. ა-ს დაკავებისა და მისგან ფულადი თანხის ამოღების ფაქტი ასევე დადასტურებულია მოწმეების – გ. ჩ-ს, ა. კ-ა და ტ. გ-ს ჩვენებებით, ხოლო მოწმე გ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. ა-ნ ამოღებული თანხის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამოღებული თანხა გადაეცა ნ. ნ-ს ოპერატიული ღონისძიების ფარგლებში.
თ. მ-ს მიერ ნ. ნ-ს თანხის მოთხოვნის ფაქტი დადასტურებულია ასევე საქმეში არსებული კრებსებით, რითაც დადგენილია, რომ თ. მ-მ ნ. ნ-ს ამ უკანასკნელის მეუღლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახლის აშენებისთვის ნებართვის დაჩქარებული წესით (ნაცვლად 45 დღისა, 15 დღის ვადაში) გაცემის სანაცვლოდ სთხოვდა 300(სამას) ლარს, რაც ნ. ნ-ს უნდა გადაეცა გ. ა-ს, ვისთვისაც, თავის მხრივ, ცნობილი იყო თ. მ-ს კანონსაწინააღმდეგო მოთხოვნის შესახებ და თ. მ-ს და ნ. ნ-ს აკავშირებდა კიდეც ერთმანეთთან. აღნიშნული კრებსებით დადგენილია, რომ როდესაც ნ. ნ-ე ეუბნება თ. მ-ს, რომ მისთვის მთავარი იყო გარანტია ჰქონოდა .... „ეხლა 300 ლარი მაგ საქმისთვის არაფერს წარმოადგენს“, თ. მ-ე ამ მომენტში ფაქტობრივად უდასტურებს ამ თანხის მოთხოვნას და ეუბნება „-კი და შეიძლება დიდი, დიდი იქ დაგვიჯდეს, 100-150 ლარი ჩაიდოს იმ კაცმა ჯიბეში. ”ვსო, მორჩა, გათავდა!”. ასევე ნ. ნ-ე ეუბნება და უთანხმდება, რომ პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით ურთიერთობა ექნება გ. ა-ნ. თანხის, 300 ლარის მოთხოვნა თ. მ-ს მხრიდან მშენებლობის ნებართვის უპრობლემოდ და დროულად გაცემისთვის, ასევე, დასტურდება 2015 წლის 24 სექტემბერს ქ. რ-ი, შპს „ა-ს“ ოფისში ნ. ნ-ს, თ. მ-ა და გ. ა-ს შეხვედრისა და საუბრის ამსახველი ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერებითა და კრებსებით, სადაც ნ. ნ-ე კიდევ ერთხელ აზუსტებს ნებართვის აღებისთვის გადასაცემი „საპატივცემულო“ თანხის ოდენობას: „ეხლა, ბატონო თ. რა მაინტერესებს, არავინ არ არის, მარტო ჩვენ ვართ და მაშინ რომ ვილაპარაკეთ, არ არის პრობლემა ის 300 ლარი, საპატივცემულოს ამბავი და მერე რომ მითხარით ასი.., მოდი, ბარემ, ხომ არ ჯობია ყველაფერს, მერე რომ არ გამოჩნდეს ისევ კიდევ ერთიანად მითხარით რამდენი იქნება?”, რაზეც თ. მ-ე პასუხობს: „არა. არაფერი არ გამოჩნდება. არ მინდა, მე ის არ ვარ“. ნ. ნ-ე ამის შემდეგ ისევ აზუსტებს კითხვას „ე.ი. 300-ში ჩავეტევით თუ კიდევ ერთი 150 იქნება?“ აღნიშნულზე თ-ი პასუხობს. „არა, არაფერი აღარ იქნება“. ამ დროს ერთვება გ. ა-ე და აკონკრეტებს მ-ს ნათქვამს: „ის 300 და პლუს საპროექტო, რაც ვთქვით“.
სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერებით ირკვევა, რომ ზემოხსენებული შეხვედრისა და საუბრის შემდეგ, 2015 წლის 24 სექტემბერს, გ. ა-ე და თ. ნ-ე ტელეფონით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, რა დროსაც თ. მ-მ ა-ს ჰკითხა, დაუტოვა თუ არა თანხა, რაზეც ა-მ უთხრა, რომ ნ-ე ისე წავიდა, რომ ფული არ დაუტოვებია. თ. მ-მ მიუთითა ა-ს, რომ ნ-ს ეთქვა, რომ წინასწარ მიეტანა თანხა, თუნდაც ნაწილი. თ. მ-ს მიერ ნ-ნ თანხის მოთხოვნის ფაქტი და ამ თანხის მიღების სურვილი დასტურდება აგრეთვე მ-ს დაჟინებული მოთხოვნით ა-ს მიმართ, რომ მას ეთქვა ნ-ს, რომ მიეტანა თანხა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა 2015 წლის 26 სექტემბერს ნ. ნ-ა და გ. ა-ს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის დროს. 2015 წლის 28 სექტემბერს გ. ა-ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თ. მ-ს და უთხრა, რომ მასთან იმყოფებოდა ნ-ე, რომელსაც აინტერესებდა, ხომ არ ყოვნდებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულზე მ-მ უპასუხა, რომ 45 დღე წარმოადგენდა ნებართვის გაცემის ოფიციალურ ვადას და თ-ნ განსხვავებით, გ-ს რაიონში ნებართვა დაჩქარებული წესით არ გაიცემა და მისი გაცემა დამოკიდებულია იმ პირზე, ვინც პასუხისმგებელია დოკუმენტის მომზადებაზე. ასევე, განუცხადა, რომ ყველაფერი დროულად გაკეთდებოდა. ამდენად, მ-მ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ნ-ე, რომ მასზე იყო დამოკიდებული ნებართვის გაცემა და დაჩქარება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თ. მ-მ, თავისი თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კარგად იცოდა, რომ იგი არ იყო უფლებამოსილი პირი მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან დაჩქარებაზე, თუმცა ნ. ნ-ს ატყუებდა და არწმუნებდა საწინააღმდეგოში, რისთვისაც ითხოვდა 300 ლარს, ხოლო გ. ა-ე მას ეხმარებოდა ამ დანაშაულებრივი ქმედების შესრულებაში.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ. მ-მ ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მცდელობა, რასაც შეეძლო, გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ხოლო გ. ა-მ ჩაიდინა დახმარება თაღლითობის მცდელობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მცდელობაში დახმარება, რასაც შეეძლო, გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, დანაშაული, გათვალისწინებული 25,19,180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები და მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ თ. მ-ა და გ. ა-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
6. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. მ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ნ-მ. კასატორები საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და თ. მ-ს გამართლებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. კასატორები ვერ უთითებენ ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
10. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას და საქმეში არსებული აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მთლიანად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ თ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებასთან დაკავშირებით; საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ საჩივრებში მითითებულ მოტივებს (რომლებიც სააპელაციო საჩივარშიც იყო მითითებული) სააპელაციო სასამართლომ არგუმენტირებულად და ამომწურავად უპასუხა, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ თ. მ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი