საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №473აპ-17 ქ. თბილისი
ქ-ი ი, 473აპ-17 24 იანვარი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენით ი. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-3 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი. ქ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 7 დეკემბრიდან.
ი. ქ-ა შეფარდებული სასჯელი უნდა მოიხადოს შპს „აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდგომაც სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.
განაჩენით მსჯავრდებულ ი. ქ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით ი. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ამის შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ი. ქ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
2016 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თ-ი, ჯ-ს ქ. №...-ში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში, ი. ქ-ა მაღაზიის მოლარე-ოპერატორ ლ. ბ-ს თანდასწრებით გამოაღო ლ. ბ-ს სამუშაო უჯრა, საიდანაც აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ლ. ბ-ს კუთვნილ საფულეს, რომელშიც მოთავსებული იყო თანხა - 80 ლარი და დააპირა მაღაზიიდან გაქცევა. ამ დროს ლ. ბ-ა გაუწია წინააღმდეგობა, ხოლო ი. ქ-ა წინააღმდეგობის დასაძლევად ხელი ჰკრა მას, გავიდა მაღაზიიდან და სწრაფი ნაბიჯებით შეეცადა, დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი, თუმცა მას დაედევნენ იქვე, გვერდით არსებულ მაღაზიაში მყოფი გ. კ-ა და ნ. ს-ე, რომლებმაც მოახერხეს ი. ქ-ს წაერთმიათ ლ. ბ-ს კუთვნილი საფულე.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებას, ი. ქ-ს მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტასა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ ხდის ი. ქ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რაც ასევე დადასტურებულია 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ. ბ-ს, მოწმეების: ნ. ს-ს, გ. კ-ს, თ. ჯ-ს, ნ. მ-ს, ზ. ზ-ს, გ. ი-ს, მ. ტ-ს, თ. ჯ-ს, ზ. ე-ს, ა. ს-ს, დ. ს-ს, გ. კ-ს, ექსპერტების: გ. გ-ს, გ. ს-ს ჩვენებებით; 2016 წლის 7 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; 2016 წლის 7 დეკემბრის დათვალიერების ოქმით; 2016 წლის 9 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით; 2016 წლის 9 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით; 2016 წლის 9 დეკემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №.../დ დასკვნითა და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №... დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისისა და 2016 წლის 2 ნოემბრის განაჩენებით.
აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ი. ქ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ი. ქ-ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხად მდგომარეობაში. ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ა. ტ-ს ჩვენება, რომ თითქოს, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში იყო შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. აღნიშნული დასკვნა ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მითითებული არგუმენტაცია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 191-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას“.
2017 წლის 4 იანვრის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ ი. ქ-ს ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს აღენიშნებოდა თავის ტვინის დაზიანებებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ და ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შემდგომში ი. ქ-ს განუვითარდა და ამჟამადაც უგრძელდება დეკომპენსაციის მდგომარეობა. ამჟამად თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი. ქ-ს არ შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოქმედებაში. ამჟამად ი. ქ-ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი ი. ქ-ა უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ა. ტ-მ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და დაადასტურა მისი სისწორე.
ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ი. ქ-ი იმყოფებოდა არა შეურაცხად, არამედ - შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში. საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტის არგუმენტაცია უსაფუძვლოა, ვინაიდან საჩივარში სათანადოდ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ ა. ტ-ს განმარტება დანაშაულის ჩადენის მომენტში მსჯავრდებულის შეზღუდულ შერაცხადობასთან დაკავშირებით. მხოლოდ ის გარემოება, რომ დამკავებელმა პოლიციის თანამშრომლებმა და ექიმ-ფსიქიატრმა თ. ჯ-მ დაადასტურეს დაკავების შემდეგ ი. ქ-ნ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შეუძლებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ იქნება მიჩნეული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლად. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი. ქ-ი ნამდვილად იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, რის გამოც მის მიმართ არ არსებობს სისხლისსმართლებრივი დევნის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ი. ქ-ს პიროვნული მახასიათებლები, მისი წარსული, ჯანმრთელობის და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ის ფაქტი, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი. ქ-ი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში, სასჯელის მოხდა განესაზღვრა შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი-ქუტირი) არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრული დახმარების კრიტერიუმების ამოწურვამდე, რის შემდგომაც სასჯელის მოხდა უნდა გაგრძელდეს საერთო წესით.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ი. ქ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტასა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენებას იმ მოტივით, რომ ი. ქ-ი 2016 წლის 7 დეკემბერს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს, შეურაცხადი იყო.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ი. ქ-ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხად მდგომარეობაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მტკიცებულებათა ერთობლიობაზე, რომლის საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განაჩენი ძალაში დატოვა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა. ამასთანავე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ქ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი