დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№656აპ-17 თბილისი
ო-ე პ. 656აპ-17 20 თებერვალი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივნების – კონსტანტინე თოდრიას, გიორგი შალამბერიძის
პროკურორ – ნიკოლოზ ნინიძის
ადვოკატ – ქ. ვ-ს
მსჯავრდებულ – პ. ო-ს
კანონიერი წარმომადგენლის – ქ. კ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ პ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ვ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით პ. ო-ე, - დაბადებული 20.. წელს, ნასამართლობის არმქონე - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა - 5 (ხუთი) წლითა და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა 1/3-ით და განესაზღვრა - 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და პ. ო-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ პ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 თებერვლიდან.
2. აღნიშნული განაჩენით პ. ო-ს მსჯავრი დაედო:
- განზრახ მკვლელობაში, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად;
- ყაჩაღობაში, ე. ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით, ჯგუფურად;
- ქურდობაში, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
· მსჯავრდებულ პ. ო-ს ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 17 ოქტომბერს ქ. თბილისში, ….. N…..-ის მიმდებარე ტერიტორიიდან, პ. ო-ე თანამზრახველთან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა გ. ფ-ს კუთვნილ ველოსიპედს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 700 ლარის ზიანი.
· 2017 წლის 12 თებერვალს, ქ. თბილისის მეტროში, საღამოს საათებში, პ. ო-მ სხვა პირთან ერთად განიზრახა გაეცნო ვინმე, მისთვის რაიმე ნივთის წართმევის მიზნით. ამ მოტივით მათ გაიცნეს დ. დ-ა, დაამყარეს ურთიერთობა, რის შემდეგაც ისინი ერთად ამოვიდნენ მეტროს ..... ,,…..დან“ და ფეხით ერთად გაემართნენ ….. ქუჩაზე. დაახლოებით 21:15 საათზე პ. ო-მ, თანამზრახველთან ერთად, დაყაჩაღების მიზნით, არასრულწლოვანი დ. დ-ა შეიყვანა თბილისში, ….. ქ. N…..-ში არსებული მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით მოსთხოვა მობილური ტელეფონი. მიღებული უარისა და გაწეული წინააღმდეგობის შემდეგ, განზრახვის სისრულეში მოყვანის მოტივითა და მოკვლის განზრახვით, პ. ო-ს თანამზრახველმა რამდენჯერმე დაარტყა თანნაქონი დანა არასრულწლოვან დ. დ-ს, ხოლო პ. ო-ე ამ დროს ურტყამდა თანნაქონ „საჯირგველს“ (კასტეტს). დ. დ-მ თავის დაღწევის მიზნით გაიარა რამდენიმე მეტრი და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. აპელანტმა ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვება, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში - პ. ო-ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არასწორად შეაფასა გამოკვლეული მტკიცებულებები. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმეების, მ. ბ-სა და ნ. დ-ს ჩვენებებზე, რომლებიც დროის მოკლე ინტერვალში შეესწრნენ მომხდარ ინციდენტს. კერძოდ, როდესაც მსჯავრდებული პ. ო-ე ჩხუბის დროს აშველებდა გ. ც-სა და დ. დ-ს, პ. ო-მ დაიძახა „არ გინდა“, სწორედ მისი სიტყვები გაიგონა მ. ბ-მ, რომელმაც სასამართლოში განაცხადა, რომ ჩხუბის ადგილიდან გაიგონა სიტყვები „არ გინდა“ და არა „არ გინდათ“, როგორც ეს განაჩენშია მოყვანილი. იგივე დაადასტურა სასამართლოში მოწმე ნ. დ-მაც; მსჯავრდებული პ. ო-ე არ არის მკვლელობის თანაამსრულებელი, მას გარდაცვლილ დ. დ-სთვის არანაირი დაზიანებები არ მიუყენებია, ის მოჩხუბრებს აშველებდა და მკვლელობა ჩაიდინა გ.ც-მ, რაც დასტურდება გ. ც-სა და მსჯავრდებულის ჩვენებებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამაეღლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ პ. ო-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ვ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით პ. ო-ს მსჯავრდების ნაწილში განაჩენის უცვლელად დატოვებას, ხოლო სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში, - მის უდანაშაულოდ ცნობასა და გამართლებას იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო საჩივარში.
6. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა პ. ო-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ქ. ვ-მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ პ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ვ-ს საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ბრალდებულმა პ. ო-მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 12 თებერვალს გ. ც-სთან ერთად „.....“ შეხვდა მეგობრებს – კ. და ვ. გ-ებს, გ. გ-ს, ლ. ლ-ს და ი. ჩ-ს. შემდეგ გ. ც-ს გაჰყვა სახლში. ისინი გზად, მეტროს ვაგონში შეხვდნენ გარდაცვლილ დ. დ-ს, რომელიც გ. ც-ს გამოელაპარაკა მისთვის გაუგებარ მეგრულ ენაზე. მოწმემ აღნიშნა, რომ მიუხედავად გ. ც-ს საცხოვრებელი ადგილისა (გ. ც-ა ცხოვრობდა ..... „.....“), ისინი ამოვიდნენ „.....“ ..... და გზა ფეხით განაგრძეს. მას ც-სა და გარდაცვლილის საუბარი არ ესმოდა, რადგან მოშორებით მიდიოდა. მხოლოდ გაიგო ის, თუ როგორ სთხოვა ც-მ გარდაცვლილს ტელეფონი დასარეკად. აღნიშნულის შემდეგ მას მოუნდა მოშარდვა, რის გამოც მოძებნა ბნელი ადგილი და მშენებარე ობიექტზე შევიდა. მოწმის განმარტებით, სიბნელის გამო წაიქცა და ნიკაპი დაიზიანა. უკან დაბრუნებულს ჩხუბის ხმა შემოესმა. მიახლოებისას შეამჩნია, რომ ც-ა და დ-ა ჩხუბობდნენ, რის გამოც გასაშველებლად შუაში ჩადგა. ჩხუბი დაახლოებით 5 წამს გაგრძელდა. მოჩხუბრები ერთმანეთს არ აგინებდნენ, მაგრამ მიმართავდნენ უწმაწური სიტყვებით. მათ ერთმანეთი ეჭირათ და ახლოს იდგნენ, თუმცა იგი ვერ ხედავდა, ურტყამდნენ თუ არა ერთმანეთს. მას არც ის დაუნახავს, ეჭირა თუ არა ც-ს რაიმე ხელში. მოწმემ განმარტა, რომ მან გააშველა თუ არა მოჩხუბრები, დ-ა ც-ს მოშორდა და გაიქცა. გზად მას ც-მ სპორტული ზედატანი მისცა და უთხრა, გაქცეულიყვნენ. ასეც მოიქცნენ. დაახლოებით 200 მეტრში ტაქსი გააჩერეს. პ-მ ტაქსში მოისხა ზემოაღნიშნული სპორტული ზედატანი, რომელიც, მისი აზრით, ც-ს ეკუთვნოდა. მოწმე პ. ო-მ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ც-ს ხელზე ჰქონდა დაზიანება, რის გამოც შეეკითხა ამ უკანასკნელს, თუ რა მოუვიდა, რაზეც გ. ც-მ უპასუხა, რომ შესაშინებლად დაჭრა დ-ა, ხელი მოქნეული დანით დაიზიანა, ხოლო ფეხი - „არმატურით“. ამის შემდეგ ის და ც-ა „.....“ შეხვდნენ მეგობრებს, რომლებსაც მან გადასცა მისი სახლის გასაღები, ხოლო თავად წავიდა „.....“ გ. გ-სა და მის შეყვარებულთან შესახვედრად. მოწმემ განმარტა, რომ ტანისამოსზე სისხლის ლაქა მხოლოდ მაშინ შენიშნა, როდესაც სახლში დაბრუნდა, სისხლიანი შარვალი გამოიცვალა და კარადაში შეინახა, რათა შემდეგ გაერეცხა. დაკავებისას პოლიციელებმა მას აჩვენეს „.....“ ბენზინგასამართ სადგურზე განთავსებული კამერებიდან ამოღებული ფოტოსურათები, საიდანაც იცოდნენ, რომ მას შემთხვევის დროს ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი, რის გამოც ამოიღეს სისხლიანი ჯინსის შარვალი და ჩააცვეს. აღნიშნულის შემდეგ პოლიცილელებმა იგი გაიყვანეს ცალკე ოთახში და ურტყამდნენ. ურტყამდნენ ასევე გ. ც-საც. პ. ო-ს განმარტებით, მასზე ახდენდნენ ზეწოლას სასურველი ჩვენების მისაღებად, რა დროსაც იყენებდნენ ელექტროშოკს. იგი ითხოვდა ადვოკატს, რომელიც არ მიუყვანეს. პ-მ საკუთარი აღიარებითი ჩვენება ახსნა იმ გარემოებით, რომ გ. ც-სთან შედარებით მას, არასრულწლოვნებიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქად დასჯიდნენ, ხოლო მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ არ განაცხადა მისი გაგრძელებით გამოწვეული შიშით. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის დაკითხვას ესწრებოდა როგორც კანონიერი წარმომადგენელი, ისე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი.
3. ბრალდებულმა ასევე განმარტა, რომ მას გარდაცვლილი პირი ეგონა გ. ც-ს მეგობარი, ვინაიდან მისი ტელეფონით სურათებს იღებდნენ. მისივე ჩვენებით, დ. დ-ა იყო მაღალი და ჩასკვნილი, სახეზე აშკარად ეტყობოდა, რომ ც-ზე დიდი იყო. იმ ფაქტს, რომ მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა სისხლი, ხსნის იმ გარემოებით, რომ გარდაცვლილ დ. დ-ს სისხლიანი ზედატანი მოიხვია. მან უარყო „კასტეტის“ ქონის ფაქტი.
4. ბრალდებულმა გ. ც-მ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, საღამოს, პ. ო-სთან ერთად „.....“ შეხვდა ც. ჯ-ს, ძმებ გ-ებს, გ. გ-ს, ლ. ლ-ს და ი. ჩ-ს. დაახლოებით 20.00 – 21.00 საათისათვის მან პ. ო-ს სთხოვა სახლში გაყოლა. გზად მეტროს ვაგონში გაიცნო დ. დ-ა, რადგან წარმოშობით ერთი კუთხიდან აღმოჩნდნენ. დ-მ უთხრა, რომ „.....“ ცხოვრობდა. მოწმის განმარტებით, მას სურდა უფრო ახლოს გაეცნო დ-ა, რის გამოც ამოვიდნენ „.....“ მეტროში და გზა ფეხით განაგრძეს. მან გარდაცვლილს შესთავაზა, ემეგობრათ. გზაში დ-ს ტელეფონით რამდენიმე სურათიც გადაიღეს. ფეხით დაახლოებით 45 წუთი იარეს. იგი გარდაცვლილთან ერთად მიდიოდა ხელგადახვეული, ხოლო პ. ო-ე - მათგან მოშორებით. გზად მან დ-ს სთხოვა ტელეფონი მიეცა, რათა ლ. ლ-თან დაერეკა. თავიდან გარდაცვლილის ტელეფონით უნდოდა საუბარი, მაგრამ ანგარიშზე საკმარისი თანხა არ ჰქონდა და მხოლოდ ზარი გაუშვა, რის შემდეგ ლ-მ თვითონ გადაურეკა მის კუთვნილ ტელეფონზე. ამასობაში, ო-მ მოსაშარდად გადაუხვია გზიდან, სადაც ბნელოდა. იგი დ-სთან ერთად გაჰყვა ო-ს, რომელიც მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით მიდიოდა. მან უთხრა დ-ს, რომ პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სჭირდებოდა მისი ტელეფონის დალომბარდება, რაზეც დ-ა გაბრაზდა, შეურაცხყოფა მიაყენა და ხელიც ჰკრა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ისინი ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ. გარდაცვლილი მასზე ძლიერი იყო და რადგან ვერ მოერია, შესაშინებლად ფეხში დაარტყა დანა, თუმცა ზუსტად არ ახსოვს, სულ რამდენი ჭრილობა მიაყენა. დანა, რომლითაც დ-ა დაჭრა, იყო პატარა, მოყავისფრო, ვერცხლისფერი პირით, რომელსაც ადრეც ატარებდა. დანას ჰქონდა ღილაკი და მასზე დაჭერით იხსნებოდა. მოწმის განმარტებით, ჩხუბის დროს ის და დ-ა მარტო იყვნენ. ო-ე მათგან დაახლოებით 10–15 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა. იგი ყვიროდა, მაგრამ არავის გაუგია, რადგან ახლომახლო არავინ ცხოვრობდა. ამის შემდეგ იგი ო-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან გზაზე გამოვიდა და სამშობიაროსთან ტაქსი გააჩერეს. „.....“ ტაქსით იმგზავრეს. გარდაცვლილს მისთვის რაიმე დაზიანება არ მიუყენებია. ფეხზე, კერძოდ, მუხლის ქვემოთ, კოჭთან ჰქონდა დაზიანება, რომელიც ბეტონის იატაკზე დაცემისას მიიღო, სადაც „არმატურები“ ეყარა.
5. მოგვიანებით ო-ს სახლში გამომძიებელმა მობილურით აჩვენა „.....“ ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილი იყო თვითონ, დ. დ-სთან ერთად. გამოძიებისას მან მისცა ჩვენება, რომ თითქოს დ-ა ტელეფონის წართმევის მიზნით გაიცნო და თითქოს, ხელი დანის გაშლის დროს გაეჭრა, რადგან მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა. თავდაპირველად პ. ო-მ აღიარა დანაშაული, რადგან ო-ე მისი ახლო მეგობარია და მის ადგილას თავადაც ასე მოიქცეოდა.
6. გ. ც-მ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5–6 მეტრში მან პ. ო-ს გადასცა გარდაცვლილის სპორტული ქურთუკი, რომელიც ჩხუბის დროს შერჩა ხელში, რადგან იყო შეშინებული და ვერ მოიფიქრა შემთხვევის ადგილზე დატოვება. მან არ იცოდა, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო, რადგან არ ჰგავდა 15 წლისას. დ-თვის არც ასაკი უკითხავს და არც ის, სკოლაში სწავლობდა თუ არა.
7. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ო. დ-მ, რომელიც გარდაცვლილი დ.დ-ს მამაა, განმარტა, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, საღამოს, მის ვაჟს შინ მისვლა შეაგვიანდა. დაახლოებით საღამოს 20.40 საათზე გადაურეკეს, რა დროსაც დ-მ უპასუხა, რომ გზაში იყო და შინ მალე დაბრუნდებოდა. დაახლოებით 21.40 საათზე ისევ დაურეკეს და პოლიციისგან შეიტყო მომხდარის შესახებ. მან გამორიცხა ქუჩაში დ-ს ვინმესთან სპონტანური დამეგობრება, რადგან მისი ვაჟი არ იყო კონტაქტური, ძირითად დროს კომპიუტერთან ატარებდა, არ უყვარდა სურათების გადაღება, არც ჩხუბში ჩაებმებოდა, რადგან ფიზიკური მონაცემები არ უწყობდა ამისთვის ხელს.
8. მანვე განმარტა, რომ მათ ოჯახს არაფერი აკავშირებს აფხაზეთთან და დაადასტურა, რომ გარდაცვლილმა არ იცოდა მეგრული ენა. მის გარდაცვლილ ვაჟს ტელეფონით მხოლოდ სმს–ების გაგზავნა შეეძლო, შესაბამისად, შემთხვევის დროს მას მობილურ ტელეფონზე დასარეკად საკმარისი თანხა არ ექნებოდა.
9. იგივე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გარდაცვლილის დედამ ე. ქ-მ და დამატებით განმარტა, რომ დ-ს ჰქონდა „აიფონ 5ს–ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ღირდა დაახლოებით 800–900 ლარი. მისი შვილი იყო ძალიან ბავშვური, როგორც ფიზიკურად, ისე ხასიათით.
10. მოწმე ნ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, საღამოს ცხრიდან ათ საათამდე, უყურებდა ტელევიზორს, რა დროსაც მოესმა ხმაური. სახლის მეორე სართულზე არსებული საძინებელი ოთახის ფანჯრებიდან გაიხედა და დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით დაინახა სამი ადამიანის ლანდი, რომელთა სიმაღლით მიხვდა, რომ იყვნენ ბავშვები და ძიძგილაობდნენ. ერთი იყო შედარებით მაღალი, რომელიც შუაში იდგა, მას ჰაერში აწეული ტელეფონი ეჭირა, რომელიც ანათებდა. მოწმემ რამდენჯერმე გაიმეორა ჩვენებაში, რომ დაიძახა - ,,თავი დაანებეთ, შეეშვით“, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, ხოლო როდესაც ფანჯარას ხურავდა, მოესმა ხმა- ,,მიშველეთ“(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 08.06.17 – 15:28:14). მანვე სახლის უკანა აივნიდან დაინახა, რომ ერთი ბიჭი ქუჩისკენ ნასვამივით მიდიოდა. ნახევარი გზის გავლის შემდეგ უკან დაბრუნდა და მანქანასთან ჩაიკეცა. ეზოში ჩასვლისას ბავშვი გარდაცვლილი დახვდა, რომელიც დაახლოებით 15-17 წლის იქნებოდა.
11. მოწმე მ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, საღამოს ცხრიდან ათ საათამდე, მისი მშობლების სახლიდან რამდენიმე მეტრში მომხდარი ჩხუბის ფაქტი და განმარტა, რომ სასადილო ოთახში ვახშმობისას შემოესმა ჩხუბისმაგვარი ხმა. ფანჯრიდან დაინახა ზურგით მდგარი, მუქ ფერებში ჩაცმული ადამიანი, რომელსაც კაპიუშონი ეფარა. იმის გამო, რომ სახლის კედელი ეფარებოდა, სხვა ვერაფერი გაარჩია. ამ დროს გაიგო დედამისის (ნ. დ-ს) ხმა - ,,თავი დაანებეთ“, ხოლო შემდეგ - „მიშველეთ“. ამის შემდეგ იგი ავიდა მეორე სართულზე და საძინებლის ფანჯრიდან, რომელიც გადაჰყურებს მშენებარე კორპუსს, დაინახა ორი პირი, რომლებიც ….. ქუჩიდან მირბოდნენ ….. ქუჩისკენ. სიბნელის გამო ვერ გაარჩია მათი სილუეტები. ეზოში ჩასულს ბიჭი გარდაცვლილი დახვდა, რომელიც წლოვანების შესაბამისად გამოიყურებოდა და ვერ იტყოდი, რომ იყო თხუთმეტ-ჩვიდმეტ წელზე დიდი.
12. მოწმე გ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 21:00-22:00 საათის პერიოდში, მისი საცხოვრებელი კორპუსის გვერდზე მდებარე მშენებარე ობიექტიდან შემოესმა ბიჭების შეკამათებისა და ხმამაღალი საუბრის ხმა. გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა ერთნაირი აღნაგობის სამი მოზარდი ბიჭი, ერთ-ერთი მათგანი ითხოვდა დახმარებას. ამ დროს მისმა მეუღლემ, ნ. დ-მ ფანჯრიდან დაიყვირა, რომ თავი დაენებებინათ მისთვის, თვითონ კი ეზოში ჩავიდა. მშენებარე ობიექტთან აღარავინ იყო, ხოლო მოზარდი, რომელიც დახმარებას ითხოვდა, იქვე, მიწაზე, დაეცა. შემთხვევის ადგილზე მოსულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დააფიქსირა ბიჭის გარდაცვალება.
13. მოწმე ნ. ნ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან დ.დ-ს მკვლელობის საქმეზე ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - პ. ო-ს ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოიღეს პ. ო-ს მობილური ტელეფონი, შავი ფერის ორი ქურთუკი, რომელთაგან ერთი იყო დაზიანებული და ჰქონდა სისხლის ლაქები. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ქურთუკი ეკუთვნოდა გარდაცვლილს. ასევე ამოიღეს დანა, სისხლის ლაქებით. ბინის ჩხრეკისას მან ნახა ,,კასტეტი“, რომელიც იდო კომპიუტერის მაგიდის თაროზე. იმის გათვალისწინებით, რომ იმ მომენტისთვის გამოძიებისთვის ცნობილი იყო, რომ დ-ა გარდაიცვალა დანით მიყენებული ჭრილობებით, ,,კასტეტი“ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ნივთად არ მიიჩნიეს. საქმესთან მისი კავშირი მხოლოდ პ. ო-ს დაკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოში ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა საქმის გამომძიებელმა ი. ც-მ, რომელმაც დამატებით განმარტა: მას შემდეგ, რაც პ. ო-ს გამოკითხვისას გაირკვა, რომ ამ უკანასკნელმა დ. დ-ს „კასტეტით“ მიაყენა დაზიანებები, დაუკავშირდა დედამისს ბინის ჩხრეკასთან დაკავშირებით, რაზეც მიიღო თანხმობა, თუმცა ბინაში „კასტეტი“ არ აღმოჩნდა.
15. მოწმე ვ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, საღამოს, იგი მივიდა ….. თავის ძმასთან - კ. გ-თან, გ. გ-სთან, პ. ო-სთან, გ. ც-სთან, ც. ჯ-სა და ი. ჩ-თან ერთად. ამ ადგილას ისინი ხშირად იკრიბებოდნენ. გ. ც-ა და პ. ო-ე მალევე წავიდნენ, რათა ვინმე „შეეყენებიათ“, მისივე განმარტებით, ვინმესთვის ტელეფონი წაერთმიათ. როდესაც უკან დაბრუნდნენ, გ. ც-ს ხელი და ფეხი ჰქონდა გაჭრილი. მოწმის განმარტებით, მათივე ნაამბობიდან ვიღაც ბიჭისთვის ტელეფონის წართმევას ცდილობდნენ, რაც ვერ შეძლეს და შეკამათებისას მიიღეს დაზიანებები. ტელეფონის წართმევისას აღნიშნულ პირს, ც-მ დანით, ხოლო პ. ო-მ ,,კასტეტით“ მიაყენეს დაზიანებები და გაიქცნენ. მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მან პ. ო-თან სახლში, სავარძელზე, ნახა ვერცხლისფერი ,,კასტეტი“.
16. მოწმე ც. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 თებერვალს გ. გ-სთან ერთად მივიდა „.....“, სადაც შეხვდნენ ი. ჩ-ს და კ. გ-ს. ისინი ერთად მივიდნენ მეტრო ..... ,,.....“, სადაც ნახეს გ. ც-ა და პ. ო-ე. ო-ს ეტყობოდა ჩხუბის კვალი. იგი შეეკითხა პ. ო-ს, რაში იყო საქმე, რაზეც მან უპასუხა, რომ ბიჭს სთხოვა ტელეფონი და მოუვიდათ შეკამათება. გ. ც-ს ხელი ჰქონდა შეხვეული და შარვალზეც ეტყობოდა სისხლის კვალი. მასაც ჰკითხა, თუ რა მოხდა, რაზეც ც-მ უპასუხა, რომ ჩხუბი მოუვიდათ ბიჭთან და დანის გაშლისას გაეჭრა ხელი. მეტროში მგზავრობისას მან შენიშნა, რომ პ. ო-ს ეცვა ღია ფერის ჯინსის შარვალი და ე.წ ,,პლაშოვკის” მოსაცმელი. წელზე ჰქონდა შემოხვეული ჟაკეტი, რომელიც ჯინსის შარვალს არ უფარავდა. მან დაინახა, რომ პ. ო-ს ღია ფერის ჯინსის შარვალი სისხლით ჰქონდა დასვრილი და ემჩნეოდა შავი ლაქა. მოწმემ განმარტა, რომ გარდაცვლილ დ. დ-ს, რომელიც აღმოჩნდა მისი უბნელი, იცნობდა. დ.დ-ს გარეგნობა ასაკის შესაბამისი ჰქონდა, 16 წელზე მეტი შეხედულება არ ჰქონია.
17. პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის სრული დაცვით გამოქვეყნდა მოწმე ი. ჩ-ს ჩვენება, რომლის მიხედვით, 2017 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, მეტროს ..... „.....“ გ. -სთან, ც. ჯ-თან, მ. კ-სთან, კ. და ვ. გ-თან ერთად შეხვდა პ. ო-ს და გ. ც-ს. მან ც-ს ტანსაცმელზე შენიშნა სისხლის კვალი, რაზეც ც-მ ჰკითხა, რა ხდებოდა და ც-მ უპასუხა, რომ იგი და ო-ე მეტროს ..... ,,.....“ გაჰყვნენ უცხო ბიჭს, რათა წაერთმიათ მობილური ტელეფონი. „.....“, სპორტული კომპლექსის მიმდებარედ არსებულ მშენებარე კორპუსთან, ჩაბნელებულ ადგილას, გადაწყვიტეს ამის განხორციელება და მას შემდეგ, რაც ამ ბიჭმა გაუწიათ წინააღმდეგობა, გ. ც-მ რამდენჯერმე დაარტყა დანა სხეულის სხვადასხვა არეში. იმის გამო, რომ მოსახლეობამ ატეხა ყვირილი, მან და პ. ო-მ სირბილით დატოვეს იქაურობა. გ. ც-ა ნანობდა, რომ ტყუილად დაჭრა ბიჭი, მობილური კი მაინც ვერ წაართვა. ც-ს მარჯვენა ხელი ჰქონდა გაჭრილი, შემოხვეული ჰქონდა ბინტი და ეტყობოდა სისხლდენის კვალი. გ. ც-ს მონათხრობი დაადასტურა პ. ო-მ, რომელსაც წელზე ჰქონდა შემოხვეული მუქი ფერის ჟაკეტი, რაზეც განმარტა, რომ ჩხუბის დროს წაართვა ბიჭს, რომელიც მობილურის წართმევის დროს დაიჭრა.
18. 2017 წლის 28 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N….. დასკვნით, მოქალაქე დ. დ-ს სიკვდილის მიზეზია გულმკერდის მარცხენა ნახევრის, გულმკერდის ღრუში შემავალი, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებით დაზიანებული გულიდან პერიკარდიუმში და სისხლდენის შედეგად განვითარებული გულის პერანგის ღრუს ტამპონადა. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით, სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 6 საათი. დ. დ-ს გვამს გარეგნული და შინაგანი გამოკვლევით აღენიშნებოდა: გულმკერდის წინა ზედაპირის, გულმკერდის ღრუში შემავალი, ორი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა. ჭრილობა პირობითად N1 - გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, მე-3-მე-4 ნეკნთაშუა არის საპროექციოდ, მამულარულ ხაზზე, მარცხენა ძუძუს დვრილის ზედა პერიფერიული საზღვრის გასწვრივ, ტერფის ძირიდან 130 სმ-ის მოშორებით - კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, მარცხენა ფილტვის კიდის, პერიკარდიუმისა და მარცხენა პარკუჭის წინა კედლის გამჭოლად დაზიანებით, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის კიდეებში და არხის გასწვრივ კედლებში; ჭრილობის არხის მიმართულებით: წინიდან - უკან, მცირედ მარცხნიდან - მარჯვნივ, მცირედ ზემოდან- ქვემოთ, არხის სიგრძით 8-8,5 სმ (ჭრილობის არხის სიგრძის უფრო ზუსტად აღება შეუძლებელია, ვინაიდან იგი შემავალია ღრუში); ჭრილობა პირობითად #2 - გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, მე-4-მე-5 ნეკნთაშუა არის საპროექციოდ, მედიოკლავიკულარულ ხაზზე, ტერფის ძირიდან 124 სმ-ის მოშორებით - კანის, კანქვეშა რბილი ქსოვილების, პერიკარდიუმის და მარცხენა პარკუჭის წინა კედლის გამჭოლად დაზიანებით - მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით ჭრილობის კიდეებში და არხის გასწვრივ კედლებში; ჭრილობის არხის მიმართულებით: წინიდან - უკან, მცირედ ზემოდან - ქვემოთ, არხის სიგრძით: 7-7,5-სმ (ჭრილობის არხის სიგრძის უფრო ზუსტად აღება შეუძლებელია, ვინაიდან იგი შემავალია ღრუში) - დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულა რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, რომელსაც (რომლებსაც) გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. დ. დ-ს გვამს გამოკვლევით ასევე აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მარჯვენა საზარდულის მიდამოში, მარჯვენა ბარძაყის გარეთა-უკანა ზედაპირის შუა მესამედში, ასევე ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა წინამხრის მიდამოსა და წინა ზედაპირის შუა მესამედში, რომლებიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, მიზეზობრივ კავშირში არ არის დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
19. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N….. დასკვნით დადგენილია, რომ დ. დ-ს სხეულზე მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, რომელსაც (რომლებსაც) გააჩნია ყუა და ლესილი პირი.
20. საქმეზე ამოღებული ვიდეოჩანაწერებით დადგენილია, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, 21:01:31 საათიდან 21:07:35 საათამდე დროის ინტერვალში, დ.დ-ა, გ. ც-ა და პ. ო-ე ერთად გადაადგილდებიან ჯერ მეტროს ….. „…..“, შემდეგ მოძრაობენ მეტროს ….. „…..“ მხრიდან ქ. თბილისში, …..ქუჩა №…..-ში მდებარე სს „…..“ ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით და ბოლო დისლოკაციის ადგილი ფიქსირდება ქ. თბილისში,…..ქუჩა №.....-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც უშუალოდ მოხდა დანაშაული.
21. 2017 წლის 18 თებერვლის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №….. დასკვნით, ქ. თბილისში, ….. ქუჩა №…..-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, ბეტონის იატაკიდან, ბეტონის საფარზე აღმოჩენილი ნაფეხურებიდან და მიწის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია გ. ც-სა და პ. ო-სგან აღებული სუნის კვლების ნიმუშების.
22. ბიოლოგიურტი ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია შემდეგი: პ. ო-ს შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი (ობ N10) ეკუთვნის დ. დ-ს (ობ N51). პ. ო-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ქურთუკზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქები (ობ N13) შეიცავს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეულია, ძირითადი ნაწილისა და დ. დ-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე ობიექტის პროფილში ვლინდება ასევე პ. ო-სა და გ. ც-ს გენეტიკური თანამონაწილეობა; პ. ო-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული დასაკეცი დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ. დ-ს. დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და ვლინდება დ. დ-ს და გ. ც-ს გენეტიკური თანამონაწილეობა.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს და დადგენილად მიაჩნია, რომ პ. ო-მ ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულები, რასაც ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები:
24. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გაიზიარა პ. ო-ს ჩვენება, რომ იგი არ არის მკვლელობის თანაამსრულებელი, მას გარდაცვლილ დ. დ-თვის დაზიანებები არ მიუყენებია და ის მოჩხუბრებს მხოლოდ აშველებდა.
25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ პ. ო-ს ჩვენება მიზნად ისახავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, ამასთან, იგი არადამაჯერებელია და ეწინააღმდეგება როგორც საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ გ. ც-ს, ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა უტყუარობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, მათი თანმიმდევრულობისა და ურთიერთშეთანხმებულობის გამო, საკასაციო პალატას არ გააჩნია, კერძოდ:
26. დაცვის მხარის ვერსიით, პ. ო-ე გ. ც-სა და დაზარალებულს შორის ჩხუბის დაწყებამდე გასული იყო ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად და როდესაც იგი მათთან ბრუნდებოდა, მოესმა ჩხუბის ხმა. როდესაც მათთან მივიდა, ისინი უკვე ჩხუბობდნენ. იგი მივიდა მათ გასაშველებლად და ჩადგა შუაში. გაშველებისას დაიძახა სიტყვები - „არ გინდა“, რაც დასტურდება თვითმხილველი მოწმეების - მ. ბ-სა და ნ. დ-ს ჩვენებებით. დაცვის მხარის აღნიშნული ვერსია საფუძველს მოკლებულია, არ არის სარწმუნო, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმე ნ. დ-ს თავის ჩვენებაში არსად უთქვამს, რომ ჩხუბის ადგილიდან გაიგონა სიტყვები - „არ გინდა“. მოწმემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახლის მეორე სართულზე არსებული საძინებელი ოთახის ფანჯრიდან გაიხედა და დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით დაინახა სამი ადამიანის ლანდი, რომელთა სიმაღლით მიხვდა, რომ იყვნენ ბავშვები და ძიძგილაობდნენ. ერთი იყო შედარებით მაღალი, რომელიც შუაში იდგა, მას ჰაერში აწეული ტელეფონი ეჭირა, რომელიც ანათებდა. მოწმემ რამდენჯერმე გაიმეორა ჩვენებაში, რომ დაიძახა - „თავი დაანებეთ, შეეშვით“, რასაც მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყვა, ხოლო როდესაც ფანჯარას ხურავდა, მოესმა ხმა - „მიშველეთ“. მოწმე მ. ბ-მ კი განმარტა, რომ გაიგო დედამისის, ნ. დ-ს ხმა - „თავი დაანებეთ“, ხოლო შემდეგ „მიშველეთ“, რის შემდეგაც ავიდა მეორე სართულზე და საძინებლის ფანჯრიდან, რომელიც გადაჰყურებს მშენებარე კორპუსს, დაინახა ორი პირი, რომლებიც …..ქუჩიდან მირბოდნენ ….. ქუჩისკენ. ანალოგიური ჩვენება მისცა კიდევ ერთმა თვითმხილველმა მოწმემ გ. ბ-მ, რომელმაც განმარტა, რომ ფანჯრიდან გახედვისას დაინახა ერთნაირი აღნაგობის სამი მოზარდი ბიჭი, რომელთაგან ერთ-ერთი ითხოვდა დახმარებას. ამ დროს მისმა მეუღლემ - ნ. დ-მ ფანჯრიდან დაიყვირა, ბიჭისთვის თავი დაენებებინათ, თვითონ კი ეზოში ჩავიდა. გარდა ამისა, ამოღებული ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ გ. ც-ა, პ. ო-ე და დ. დ-ა გადაადგილდებოდნენ ერთად და პ. ო-ე მათგან განცალკევებით არ გასულა.
27. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ასევე მართებულად აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ პ. ო-სა და მოწმე გ. ც-ს ჩვენებებს შორისაც არსებობს არსებითი წინააღმდეგობები, კერძოდ:
28. პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულმა პ. ო-მ როგორც პირდაპირი, ისე ჯვარედინი დაკითხვისას აღწერა მის მიერ დ. დ-სა და გ. ც-ს გაშველების ეპიზოდი და განმარტა, რომ როდესაც მშენებარე ობიექტის ავტოფარეხში ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა და უკან ბრუნდებოდა, გაიგონა კამათის ხმა და ამოსვლისას დაინახა, რომ დ. დ-ა და გ. ც-ა ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. ის ჩადგა მათ შორის და შეეცადა მათ გაშველებას, თან დაიძახა „გაჩერდით“. დ. დ-მ უკან გადადგა ნაბიჯი და გაიქცა. პ. ო-ს არც პირდაპირი და არც ჯვარედინი დაკითხვისას არ უთქვამს, რომ მან დაიძახა „თავი დაანებე“. ამდენად, მისი ჩვენების ეს ნაწილი არ შეესაბამება მოწმეების - ნ. დ-სა და მ. ბ-ს ჩვენებებს.
29. მოწმე გ. ც-ს მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით კი საერთოდ გამოირიცხა ის ფაქტი, რომ პ. ო-ე აშველებდა გ. ც-სა და დაზარალებულს. მისი ჩვენების თანახმად, როდესაც პ. ო-ე მშენებარე ობიექტის ავტოსადგომიდან ამოვიდა, დ. დ-ა უკვე გარბოდა. ამდენად, თუ პ. ო-ს ავტოსადგომიდან ამოსვლის მომენტში დ. დ-ა უკვე გარბოდა, მაშინ მსჯავრდებული მოჩხუბრებს ვერ გააშველებდა.
30. პ. ო-მ ასევე იცრუა, რომ თითქოსდა, დ. დ-ა და გ. ც-ა ერთმანეთს მეგრულად ესაუბრებოდნენ, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დაზარალებულ დ. დ-ს მშობლების - ო. დ-სა და ე. ქ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ მან არ იცოდა მეგრული ენა. პ. ო-მ ასევე იცრუა, რომ თითქოსდა, გარდაცვლილის ჟაკეტი გ. ც-სი ეგონა, რადგან დადგენილია, რომ დაზარალებულის ჟაკეტი ფერით რადიკალურად განსხვავდება გ. ც-ს ჟაკეტისაგან (შავი და მწვანე) და იგი პ. ო-მ წელზე მოიხვია შარვალზე არსებული სისხლის კვალის დასაფარად.
31. შესაბამისად, მ. ბ-სა და ნ. დ-ს ჩვენებებით არათუ დასტურდება მსჯავრდებულ პ. ო-ს უდანაშაულობა, არამედ პირიქით, დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სამი ახალგაზრდა, რომელთაგან ორი მათგანი ეძიძგილავებოდა დაზარალებულს და ცდილობდნენ მისთვის ტელეფონის წართმევას. მათი ჩვენებების სისწორეს ადასტურებს ასევე მოწმე გ. ბ-ს ჩვენება. ყველა თვითმხილველი მოწმე ადასტურებს ერთსა და იმავე ფაქტს, რომ ჩხუბში მონაწილეობდა სამი პირი, რომელთაგან ორი ერთად გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო მესამე ადგილზე გარდაიცვალა. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტი, რომ პ. ო-ე აშველებდა მოჩხუბრებს და სიტყვები „არ გინდა“ ეკუთვნოდა არა დაზარალებულს, არამედ - მსჯავრდებულ პ. ო-ს, ამ მოწმეების ჩვენებებიდან არ გამომდინარეობს.
32. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად გ. ც-ა არ უარყოფს, რომ მან დაჭრა დაზარალებული დ. დ-ა, თუმცა განმარტა, რომ მისი მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და დანა დაარტყა ფეხში შესაშინებლად.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში. ამ დანაშაულის ჩადენისათვის აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით - ჩაიდინოს მკვლელობა, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს. ასეთი კატეგორიის საქმეებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, თუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს, რა გარემოებამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე, რომელი ფაქტორი იყო გადამწყვეტი. ამასთან, უნდა დადგინდეს ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება.
34. მოცემულ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ პ. ო-ე და გ. ც-ა მოქმედებდენ შეთანხმებულად როგორც დანაშაულის ჩადენამდე, ისე მისი ჩადენისა და ჩადენის შემდეგ, კერძოდ: მოწმე ვ. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ პ. ო-სა და გ. ც-ს განზრახული ჰქონდათ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენა (სურდათ ვინმესთვის ტელეფონის წართმევა) საქმის მასალებით, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, ასევე დადგენილია, რომ გ. ც-ა და პ. ო-ე მეტროში აედევნენ დაზარალებულ დ. დ-ს და მისი გაცნობიდან მკვლელობამდე ისინი მასთან ერთად უწყვეტად გადაადგილდებოდნენ. მეტროდან ამოსვლის შემდეგ, დაზარალებულის დაყაჩაღების მიზნით, იგი შეიყვანეს მოფარებულ ადგილას, მშენებარე კორპუსის ტერიტორიაზე, რა დროსაც მან წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელებს. ყაჩაღობის ჩადენის გაადვილებისა და მისი წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, გ. ც-მ დანის, ხოლო პ. ო-მ „კასტეტის“ გამოყენებით დ. დ-ს მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები და განზრახ მოკლეს იგი, რის შემდეგადაც ერთად გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. მართალია, დაზარალებულ დ. დ-ს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა უშუალოდ გ. ც-მ, მაგრამ შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით დადგენილია, რომ დაზარალებულს ერთდროულად ორი პირი დაესხა თავს, რომლებიც ერთობლივად ცდილობდნენ მისთვის ტელეფონის წართმევას. ამ ქმედებით თავდამსხმელებმა დ. დ-ს ფაქტობრივად მოუსპეს თავის დაცვისა და გადაადგილების საშუალება და ამავდროულად გ. ც-მ დანით, ხოლო პ. ო-მ „კასტეტით“ მიაყენეს მას დაზიანებები, რასაც პირდაპირი მიზეზობრივი კავშირში აქვს დამდგარ შედეგთან - დ. დ-ს სიკვდილთან.
35. გარდა შემთხვევის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებისა, პ. ო-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებები დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით:
· მოწმეების - ვ. გ-ს, ი. ჩ-სა და გ. გ-ს ჩვენებებით, რომელთა თანახმად, პ. ო-მ და გ. ც-მ მათ უამბო უცხო პირისათვის ტელეფონის წართმევის მცდელობისა და მისი დაჭრის შესახებ. მათივე ჩვენებებით ირკვევა, რომ გ. ც-ს ტანსაცმელი სისხლიანი ჰქონდა, ხოლო პ. ო-ს წელზე შემოხვეული ჰქონდა დაჭრილის სისხლიანი ჟაკეტი;
· 2017 წლის 28 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, დაზარალებულ დ. დ-ს ჭრილობები მიყენებული აქვს როგორც მჭრელ-ბასრი, ასევე მკვრივი ბლაგვი საგნით და მისი სიკვდილის მიზეზია გულმკერდის მარცხენა ნახევრის, გულმკერდის ღრუში შემავალი ორი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, დაზარალებულს ასევე აღენიშნება ნაკვეთი ჭრილობები მარჯვენა წინამხრის მიდამოში სისხლჩაქცევებით, კისრის მარცხენა-გვერდითა ზედაპირზე, მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირსა და მარცხენა ხელის მტევნის უკანა ზედაპირზე -დაზიანებები ნაჭდევების სახით, რაც მათი ოდენობის, ხასიათის, ლოკალიზაციისა და ხარისხის გათვალისწინებით, უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დაზარალებულს დაზიანებები მიაყენა არაერთმა პირმა;
· 2017 წლის 10 მარტის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვით: პ. ო-ს შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დაზარალებულ დ. დ-ს; პ. ო-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ქურთუკზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქები შეიცავს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეულია, ძირითადი ნაწილისა და დ. დ-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. ამავე ობიექტის პროფილში ვლინდება ასევე პ. ო-სა და გ. ც-ს გენეტიკური თანამონაწილეობა; პ. ო-ს ბინის ჩხრეკისას ამოღებული დასაკეცი დანის პირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის დ. დ-ს. დანის ტარზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და ვლინდება დ. დ-სა და გ. ც-ს გენეტიკური თანამონაწილეობა.
36. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივებს და არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოწმეებზე - გ. გ-ზე, კ. გ-სა და მ. კ-ზე პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი ჩვენებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მათი ჩვენებები აშკარად წინააღმდეგობრივია, არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და მიმართულია მსჯავრდებულის მდგომარეობის შემსუბუქებისაკენ, კერძოდ:
37. მოწმეები, ერთი მხრივ, ადასტურებენ, რომ ჩვენებების მიცემისას მათზე ახდენდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ხოლო, მეორე მხრივ, ვერ უარყოფენ მათ დაკითხვებში კანონიერი წარმომადგენლების მონაწილეობას. მოწმე მ. კ-მ განაცხადა, რომ დაკითხვისას მასზე ახდენდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მაშინ, როდესაც თვითონვე დაადასტურა, რომ მის დაკითხვას ესწრებოდა მისი კანონიერი წარმომადგენელი, რაც რეალობას მოკლებულია, ხოლო კ. გ-მ ჩვენების მიცემისას თავიდან საერთოდ უარყო, რომ მისთვის ცნობილი იყო მომხდარი ფაქტის შესახებ, თუმცა შემდეგ დაადასტურა. მანვე განაცხადა, რომ ესმოდა ც. ჯ-ს კივილი, რომელსაც სცემდნენ პოლიციის განყოფილებაში. პ. ო-ს განცხადებით, მან დაინახა პოლიციის განყოფილებაში, როგორ დაეცა კიბეზე ნაცემი ვ. გ-ი, თუმცა აღნიშნული ფაქტები საერთოდ არ უხსენებიათ თავად ც. ჯ-სა და ვ. გ-ს. ამასთან, მოწმეებმა ვერ ახსნეს მათზე განხორციელებული ზემოქმედების შემთხვევაში რატომ აწერდნენ ჩვენებებს ხელს მათი კანონიერი წარმომადგენლები.
38. მოწმე კ. გ-მ განმარტა, რომ ჩვენება მისცა მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, მაგრამ მერე მიუთითა, რომ ჩვენებას ისე მოაწერა ხელი, რომ პირადად არ წაუკითხავს, წაიკითხა მხოლოდ მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, პ. ო-ს სახლში პ. ო-ე და გ. გ-ე გაიყვანეს ცალკე ოთახში, საიდანაც მათი ყვირილი ესმოდა, თავად პ. ო-ე კი აცხადებს, რომ იგი ცალკე გაიყვანეს ოთახში და ურტყამდნენ, ხოლო გ. ც-მ კი განმარტა, რომ იგი პ. ო-სთან ერთად გაიყვანეს ცალკე ოთახში. კ. გ-მ ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოში ჩვენების მიცემისას იყო არაფხიზელ მდგომარეობაში, თუმცა პ. ო-მ განმარტა, რომ იმ საღამოს, მის მეგობრებს ალკოჰოლი არ მიუღიათ.
39. მოწმე გ. ც-ს თქმით მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს ესწრებოდა მისი ადვოკატი, თუმცა პოლიცილების სიმრავლის გამო მარტო დამცველი ვერაფერს გახდებოდა, რაც მოკლებულია ყოველგავარ დამაჯერებლობას. ნიშანდობლივია სასამართლოში მისი განცხადება, რომ მისი მეგობრის, პ. ო-ს გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებდა
40. პ. ო-ე ერთ შემთხვევაში უჩვენებს, რომ გამოძიებაში მასზე ფიზიკურ ზეწოლას ახდენდნენ და იმიტომ მისცა აღიარებითი ჩვენება, ხოლო შემდეგ განმარტა: იმიტომ აღიარა დანაშაული, რომ იცოდა მას, როგორც არასრულწლოვანს, უფრო მსუბუქად დასჯიდნენ, ვიდრე სრულწლოვან გ. ც-ს და არა იმიტომ, რომ მასზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდა.
41. შესაბამისად, მითითებული მოწმეების ჩვენებები, მათზე არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, მოკლებულია ყოველგვარ სანდოობასა და უტყუარობას, ეწინააღმდეგება ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ისინი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
42. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას „კასტეტთან“ დაკავშირებით და დადგენილად მიაჩნია, რომ პ. ო-მ დაზარალებულს სხეულზე დაზიანებები მიაყენა „კასტეტის“ გამოყენებით, რასაც ადასტურებს: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის - მიყენებული მკვრივი, ბლაგვი საგნით; ასევე, პ. ო-ს მეგობრის, მოწმე ვ. გ-ს ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ მან პ. ო-ს სახლში ორჯერ ნახა ვერცხლისფერი „კასტეტი“; მოწმეების, საქმის გამომძიებლების - ი. ც-სა და ნ. ნ-ს ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება, რომ პ. ო-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, მათ მაგიდაზე დაინახეს ვერცხლისფერი „კასტეტი“, რომელიც მოგვიანებით ჩატარებული ჩხრეკისას ვეღარ აღმოაჩინეს.
43. დაცვის მხარე ასევე საეჭვოდ მიიჩნევს პოლიციელ დ. ნ-ს პატაკის სანდოობას, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია დ. დ-ს დაყაჩაღებისა და მკვლელობის შესახებ, ვინაიდან როგორი ინფორმაციაც არის მითითებული პატაკში, გამოძიებაც ზუსტად მის მიხედვით წარიმართა და ბრალიც იმავე ფორმულირებით აქვს წარდგენილი მსჯავრდებულს. დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა „…..“ ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებიდან თავიანთ მობილურ ტელეფონებზე კანონდარღვევით გადაწერეს ვიდეოჩანაწერები და ამ გზით მოახდინეს პ. ო-სა და გ. ც-ს იდენტიფიცირება.
44. საკასაციო პალატა დაცვის მხარის მოცემულ არგუმენტებზეც იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას: 2017 წლის 12 თებერვლის პატაკში მითითებულია, რომ დ. დ-ზე ყაჩაღური თავდასხმა და მისივე მკვლელობა ჩადენილი აქვს გ. ც-ს. დანაშაულში მასთან ერთად მონაწილეობდა პ. ო-ე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაადასტურა პატაკის ავტორმა დ. ნ-მ.
45. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო პატაკში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ხოლო მოპოვებული მტკიცებულებების შემდეგ პ. ო-ს ბრალდება წარედგინა იმ კვალიფიკაციით, რომლითაც არის მსჯავრდებული. რაც შეეხება იმას, რომ პოლიციელებმა „…..“ ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერები გადაწერეს, აღნიშნული, პ. ო-ს ჩვენების გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულებით არ დასტურდება.
46. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]
47. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან[2].
48. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ პ. ო-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
49. რაც შეეხება მსჯავრდებულ პ. ო-თვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებებს, დაცვის მხარე მოცემული ბრალდების ეპიზოდებს სადავოდ არ ხდის და, შესაბამისად, საკასაციო პალატა დამატებით აღარ მსჯელობს ამ საკითხზე.
50. რაც შეეხება მსჯავრდებულ პ. ო-თვის შეფარდებულ სასჯელს, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვლიბეს იმ გარემოებაზე, რომ პ. ო-მ ჩაიდინა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული - განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში. სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ფასეულობა, რომელსაც ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მაკარაძისი საბერძნეთის წინააღმდეგ“ MAKARATZIS v. GREECE) N 50385/99, §§ 56-59, 20.12.2004).
51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამართლიანი და ადეკვატური სასჯელების გამოყენებას. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ პ. ო-თვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს, კერძოდ, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ -არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისათვის შეფარდებული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.
52. საკასაციო პალატა სასჯელის შეფარდებისას ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: პ. ო-ს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად, მან ნაწილობრივ აღიარა და განიცადა მომხდარი ფაქტი, ემპათია გამოხატა დაზარალებული მხარის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, თავს დამნაშავედ გრძნობს მათ წინაშე; გამოხატავს მზაობას, მიიღოს პროფესიული განათლება, რაც დაეხმარება დასაქმებაში; მისი ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობებს, ოჯახურ ვითარებას, კერძოდ: იგი ცხოვრობდა დედასთან ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბინაში. მისი მამა სამუშაოდ იმყოფება საზღვარგარეთ. ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; დაზარალებულის უფლენამონაცვლის მკაცრ პოზიციას დამნაშავის დასჯასთან დაკავშირებით; მსჯავრდებულის ქმედებაში გამოვლენილ ანგარების მოტივს (მობილური ტელეფონის დაუფლების სურვილს და სწორედ ამ მიზნით, დაზარალებულის წინააღმდეგობის დასაძლევად, თანატოლ ახალგაზრდაზე ჯგუფურად თავდასხმას და მისთვის სასიკვდილო დაზიანებების მიყენებას) და აღნიშნულის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა არის მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული, რაც სრულად შეესაბამება და უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების შესრულებას.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი პ. ო-ს მიმართ არის კანონიერი და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ქ. ვ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი პ. ო-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
[2] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“, (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], N 39630/09, § 151, 13.12.2012).