საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 14.05.2018
საქმის ნომერი
2კ-691აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №691აპ-17 ქ. თბილისი

რ-ე ნ., 691აპ-17 14 მაისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ნ. რ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ნ. რ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 11 აგვისტოდან.

ნ. რ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განჩინების საფუძველზე დაყადაღებული, მ. კ-ს (პ/ნ …..) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ….. მუნიციპალიტეტში, სოფელ ….. (ზონა - ….., სექტორი - ….., კვარტალი - ….., ნაკვეთი - ….., საკადასტრო კოდი №…..) - 20000 ლარის ღირებულების წილს.

განაჩენით ნ. რ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 5 იანვარს ქ. ….., …..ქუჩების კვეთაში, ,,ლენდ როვერის“ მარკის ავტომანქანით სახ.#..... მოძრავმა ნ. რ-მ დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა „ბმვ 730 …..-ს“ მარკის ავტომანქანას, სახ.#....., რომელსაც მართავდა ნ. კ-ე. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა „ბმვ 730 …..-ს“ მარკის ავტომანქანის მგზავრი ნ. ბ-ი.

2017 წლის 5 იანვარს ქ. ….., ….. ქუჩების კვეთაში, ,,ლენდ როვერის“ მარკის ავტომანქანა, სახ.#....., რომელსაც მართავდა ნ. რ-ე, შეეჯახა „ბმვ 730 …..-ს“ მარკის ავტომანქანას, სახ.#....., რომელსაც მართავდა ნ. კ-ე. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ნ. რ-მ დაუხმარებლად მიატოვა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ნ. ბ-ი, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ზომები თავის დასაცავად და მასზე ზრუნვისა და დახმარების სანაცვლოდ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაშინ, როდესაც ევალებოდა ნ. ბ-ზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლის ნაწილში და მის გამართლებას, ხოლო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით შეფარდებული სასჯელის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ ნ. რ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების - საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ (ამ ნაწილში) და სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა.

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებას, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია ნ. რ-ს უდანაშაულობის თაობაზე, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილი და დადასტურებულია, რომ ნ. რ-ე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, კერძოდ, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ნ. კ-ს („ბმვ-ს“ მარკის ავტომანქანის მძღოლი) ჩვენებით დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, როდესაც მისი მგზავრი - ნ. ბ-ი უგონო მდგომარეობაში იყო და იგი „ლენდ როვერის“ მარკის ავტომანქანასთან მივიდა, მძღოლი არ დახვდა. ასევე, 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ….. მთავარი სამმართველოს გამომძიებლის - გ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა „ლენდ როვერის“ მარკის ავტომანქანის მძღოლი - ნ. რ-ე იქ არ იმყოფებოდა, იგი პოლიციაში გამოცხადდა ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ნ. რ-ე იმ ავტომანქანით, რომელსაც თვითონვე მართავდა, შეეჯახა ნ. კ-ს ავტომანქანას, რომლის მგზავრი, უგონო მდგომარეობაში მყოფი ნ. ბ-ი, სხვა პირებმა გადაიყვანეს საავადმყოფოში. ნ. რ-მ კი მიატოვა შემთხვევის ადგილი და მიიმალა.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ნ. რ-ს ავტოსაგზაო შემთხვევის მეორე მონაწილე და სხვა პირები უყვიროდნენ, აგინებდნენ და ავლენდნენ აგრესიას, რის გამოც იგი არ მისულა ,,ბმვ -ს” მარკის ავტომანქანასთან, თუმცა იქვე, ახლოს, იმყოფებოდა. პალატის აზრით, ყოველივე აღნიშნული მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, არ დასტურდება და არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ, ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამასთან, ნ. რ-ს სასამართლოში არ წარმოუდგენია სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რაც გააბათილებდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია განსაცდელში მიტოვება, კერძოდ, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დახმარების აღმოჩენის სპეციალური ვალდებულება აგრეთვე შეიძლება ეფუძნებოდეს დამნაშავის წინარე ქმედებას, რითაც საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლეს. განსაცდელში მიტოვებისთვის პირს პასუხისმგებლობა მაშინ დაეკისრება, როცა მას რეალური შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ზომები ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ განსაცდელში მიტოვება ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულია. იგი დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის მოვალეობა და ეს მან არ შეასრულა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ნ. რ-ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა და პირის რესოციალიზაცია.

5. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. რ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. გ-მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლის ნაწილში და მსჯავრდებულის გამართლებას, ხოლო სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დანიშნული სასჯელის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმამდე შემცირებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება ნ. რ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

9. რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, განაჩენით სწორად არ შეფასდა ნ. რ-ს ქმედებები შემთხვევის ადგილზე და მას არ ჩაუდენია განსაცდელში მიტოვება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს მოცემულ საკითხზე ამომწურავი პასუხები გაეცა. სააპელაციო პალატამ მიღებულ გადაწყვეტილებაში აგრეთვე დაასაბუთა, თუ რატომ არ გაითვალისწინა ნ. რ-ს პოზიციები საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით მისი უდანაშაულობის თაობაზე.

10. დაცვის მხარე ასევე ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებით, ისე - მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლებით და მსჯავრდებულ ნ. რ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. რ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი