საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.03.2019
საქმის ნომერი
2კ-562აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700066150

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№562აპ-18 ქ. თბილისი

მ-ი ზ, 562აპ-18 13 მარტი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ზ. მ–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია). ზ. მ–ი, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით ზ. მ–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ზ. მ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ზ. მ–ს სასჯელის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 1 მარტიდან.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. მ–მა 2017 წლის 24 იანვარს თავისი ნაცნობის - თ. ხ-სგან გაიცნო 13 წლის ა. მ–ი, რომელთანაც 2017 წლის 25 იანვარს დაამყარა სქესობრივი კავშირი, რის შემდეგაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. მ–ი იყო 16 წელს მიუღწეველი, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 4 თებერვლის ჩათვლით, რამდენჯერმე ჰქონდა მასთან სქესობრივი კავშირი თ-ის სხვადასხვა ადგილებში, მათ შორის - თ-ში, გ-ში, გ-ის დასახლებაში, ქ-ის ქუჩის N-ში მდებარე გ. გ-ის საცხოვრებელ სახლში.

4. თ-ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ივლისის განაჩენის გაუქმებასა და ზ. მ–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. კასატორის პოზიციით, ზ. მ–ი სქესობრივი კავშირის დამყარებამდე დაზარალებულის ასაკში არ დაეჭვებულა, ხოლო როდესაც მისი ასაკი შეიტყო, სქესობრივი კონტაქტი მასთან აღარ დაუმყარებია. საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი სახის მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა ზ. მ–ის მიერ ა. მ–სთან სქესობირვი კავშირის დამყარებამდე მისი ასაკის ცოდნას. კასატორი აგრეთვე უთითებს, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის 140-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფცირებით მსჯავრდებულის მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. დაზარალებული მოწმის - ა. მ–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულს დაზარალებულთან ჰქონდა პირველი სქესობრივი კავშირი, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. მ–ი იყო 14 წლის, თუმცა, მიუხედავად ამისა, ზ. მ–მა მასთან სხვადასხვა დროსა და ადგილას კვლავ დაამყარა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. ა. მ–ის ჩვენებას შეესაბამაბება დათვალიერების ოქმი, რომელიც სოციალურ ქსელში ზ. მ–ისა და ა. მ–ის მიმოწერას ასახავს. თავად ზ. მ–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა დაადასტურა ფეისბუკის მეშვეობით ა. მ–სთან მიმოწერის ფაქტი.

10. საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას ზ. მ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის თაობაზე. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონით შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქცია, მაგრამ როგორც ცვლილებამდე -

2017 წლის 4 მაისამდე, ისე ამჟამად მოქმედი რედაქცია დასჯადად აცხადებს სრულწლოვნის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას (რაც ზ. მ–თან დაკავშირებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია). ამასთან, საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლის (ძველი რედაქცია) სანქცია - 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა - შეესაბამება საქართველოს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 140-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, რაც ასევე ითვალისწინებს 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. მ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე