საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
2კ-109აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700073975

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ

საქმე N109აპ-19 ქ. თბილისი

ა-ი ლ, 109აპ-19 1 აგვისტო, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ლ. ა-ი, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.

2. საბრალდებო დასკვნის მიხედვთ, ლ. ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ლ. ა-ს წლების განმავლობაში ჰქონდა კონფლიქტური დამოკიდებულება თავის მეზობლად მცხოვრებ კ. ს-ნ. 2007 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 23:50 საათზე, შურისძიების გრძნობით განმსჭვალული, ნასვამი ლ. ა-ი, ბ. ა-ა და თ. ფ-ნ ერთად, იმყოფებოდა თ-ი, ფ-ა N..., ...-ე კორპუსის ეზოში, რა დროსაც განიზრახა კ. ს-ს მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მივიდა ამავე კორპუსის მე-... სადარბაზოს პირველ სართულზე მცხოვრებ კ. ს-ს ფანჯრებთან და დაუწყო უცენზურო სიტყვებით გინება. აღნიშნულის გამო, კ. ს-ი გამოვიდა ბინიდან, რომელსაც გამოჰყვა მეუღლე - ლ. ა-ე. ლ. ა-მ გადაასწრო მეუღლეს, მივიდა ლ. ა-ნ, რომელიც კვლავ აგრძელებდა უცენზურო სიტყვებით კ. ს-ს ლანძღვა-გინებას და წელზე შემოხვია ხელები, რითაც მას არ მისცა საშუალება, წინასწარ მომარჯვებული დანა გამოეყენებინა კ. ს-ს წინააღმდეგ. კ. ს-ა დაინახა, რომ ლ. ა-ი დანით ხელში იწევდა მისკენ, თავის დაღწევის მიზნით გაიქცა სადარბაზოსკენ, მაგრამ დაეწია ბ. ა-ი, წააქცია იგი და დაუწყო ცემა, რითაც კ. ს-ს არ მისცა გაქცევის საშუალება. აღნიშნულით ისარგებლა ლ. ა-ა, ლ. ა-ნ გაითავისუფლა თავი, მივიდა კ. ს-ნ, რომელიც ბ. ა-ს მასთან წინასწარ შეთანხმებულად ჰყავდა გაკავებული და განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის მარცხენა ნახევარში რამდენჯერმე დაარტყა დანა, რითაც მას მიაყენა ჯანმრთელობის სახიფათო, მძიმე დაზიანება, კერძოდ: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები – გულმკერდის მარცხენა მიდამოში; მარცხენა მხრისა და მენჯის ფრთის არეში – მარცხნივ; პლევრის ღრუში შემავალი – მარცხნივ, რის შემდეგაც ლ. ა-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ლ. ა-ა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან კ. ს-ი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა თბილისის N.... კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად შეძლეს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

3. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ლ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 10 ნოემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 4 აპრილიდან იმავე წლის 10 ნოემბრამდე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ო-ა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ლ. ა-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

5. კასატორი უთითებს, რომ ლ. ა-ს მკვლელობის განზრახვის შემთხვევაში სრული შესაძლებლობა ჰქონდა, სიცოცხლისთვის სახიფათო, სხვა დაზიანებები მიეყენებინა დაზარალებულისთვის. ამდენად, მსჯავრდებულის ქმედების სუბიექტური შემადგენლობა სწორად უნდა შეფასდეს და იგი სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე უნდა გადაკვალიფიცირდეს. ამასთან, პალატამ გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისას იხელძღვანელა 1998 წლის მოქმედი რედაქციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი, უფრო ნაკლები სტანდარტით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ:

საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა განხილვის შედეგზე.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც ლ. ა-ს მიერ განზრახ მკვლელობის (სსკ-ის 19.108-ე მუხლი) ჩადენას ადასტურებს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №227აპ-16 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

8. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 132-ე მუხლით ხელმძღვანელობას (1998 წლის რედაქცია), საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქმედი სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: „ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით“ (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა). მოცემულ შემთხვევაში, საბრალდებო დასკვნის თანახმად, ლ. ა-ს ბრალი 2007 წლის 6 ივლისს ჩადენილი დანაშაულისათვის წარედგინა, ხოლო ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი კი 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა (333-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსსკ-ის 132-ე მუხლი (1998 წლის რედაქცია).

9. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

10. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე