საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.07.2019
საქმის ნომერი
2კ-98აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 100100118002285130

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №98აპ-19 ქ. თბილისი

ბ-ი კ, 98აპ-19 30 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია გელბახიანის, მსჯავრდებულ კ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განაჩენით:

კ. ბ-ი, - დაბადებული ....., - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

კ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - 8 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 19 დეკემბრიდან.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით:

2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 0400 საათზე, კ. ბ-ი ჯგუფთან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ს-ი, ფ-ს ქ.N...-ში მდებარე სს „ჩ-ს“ დარაჯ თ. გ-ს, რომელისაც ოთახში ეძინა. მათ თ. გ-ი გადმოაგდეს საწოლიდან და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს ოთახში არსებული რკინის კარადების გასაღები. ვინაიდან თ. გ-ს არ აღმოაჩნდა გასაღები, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით სცემეს სხეულის სხვადასხვა ადგილას და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდეგაც, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, შეუკრეს ხელ-ფეხი და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ბოროტმოქმედებმა ფიზიკური ძალისა და შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით შეძლეს რკინის კარადების გატეხვა, უკანონოდ შეაღწიეს საცავში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ სს ,,ჩ-ს“ კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას - 74987 ლარის ეკვივალენტ 27500 აშშ დოლარს, ასევე ი. ჭ-ს კუთვნილ, დიდი ოდენობით - 10800 ლარის ეკვივალენტ 4000 აშშ დოლარს, ი. ჭ-ს აწ გარდაცვლილი მამის - ტ. ჭ-ს ცეცხლსასროლ იარაღს - პისტოლეტს TOZ KOROVIN, N... (ცეცხლსასროლი კალიბრი - 6.35მმ, ღირებულება 5000 ლარი) და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამავდროულად მათ თან წაიღეს თ. გ-ს კუთვნილი, 100 ლარად ღირებული ,,ნოკიასა“ და ,,ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონები.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ილია გელბახიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ. ბ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

5. დადგენილია, რომ დანაშაულის ადგილზე, კარადაში, ინახებოდა დაზარალებულ ი. ჭ-ს მამის - გარდაცვლილი ტ. ჭ-ს ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი ვაზნები. ის გარემოება, რომ იარაღი მსჯავრდებულისაგან ვერ ამოიღეს, არ გამორიცხავს კ. ბ-ს მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას (ვინაიდან დამნაშავეთა ჯგუფი წინასწარი შეთანხმებით მოქმედებდა). რაც შეეხება სასჯელს, ის აშკარად უკანონოა და არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებებსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს.

6. მსჯავრდებული კ. ბ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ს. ბ-ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და კ. ბ-ს გამართლებას.

7. დადგენილია, რომ კ. ბ-ი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე წინა დღეს, რაც არ გამორიხავს მისი დნმ-ის ნებისმიერ საგანზე მოხვედრის შანსს. რეზინაზე ხელოვნურად დაიტანეს ი. ჭ-ს ნერწყვი. ეს მტკიცებულება ფალსიფიცირებულია. დანაშაული თავად ი. ჭ-ს მიერ არის ინსცენირებული. იგი მამამისს გარდაცვალებამდე ობიექტებზე ჯართს ჰპარავდა და მთელმა სოფელმა იცის ამის შესახებ.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

10. პალატა კ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა,“ „ბ,“ მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენასთან დაკავშირებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და უთითებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის: ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნებით, „ჯ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით, მოწმეების - თ. გ-ა და ი. ჭ-ს ჩვენებებით) ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ჩადენა დადასტურებულია.

11. დაცვის მხარის პოზიციას მტკიცებულებათა ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა არ იზიარებს და უთითებს, რომ აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

12. რაც შეეხება კ. ბ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებას, იგი არცერთი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული. შესაბამისად, პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.

13. სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. მოცემულ შემთხვევაში კ. ბ-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ილია გელბახიანის, მსჯავრდებულ კ. ბ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ბ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე