დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.09.2019
საქმის ნომერი
10აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141319700072963

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №10აგ-19 13 სექტემბერი, 2019 წელი

ს. თ-ზ, 10აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განაჩენით თ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე განაჩენით თ. ს-ეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ნარკოტიკული საშუალების ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. 2019 წლის 16 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ-ემ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, თ. ს-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ჩამორთმეული უფლებების აღდგენა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით ადვოკატ ნ. დ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: თ. ს-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. კასატორი – მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თ. ს-ის მიმართ განაჩენის გადასინჯვას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ჩამორთმეული უფლებების ათვლის დაწყებას 2015 წლის 31 დეკემბრიდან – მის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის დღიდან, მისთვის მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლამდე ვადით და მართვის უფლების დაბრუნებას იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული პროფესიით არის მძღოლი და მან უარი თქვა ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებაზე, რაც დასტურდება ლევან სამხარაულის სახ. ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისათვის.

3. საქმის მასალებიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განაჩენით თ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ 15,01 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის.

4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შესახებ, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს.

5. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ის შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე