საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002427696
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №314აპ-19 ქ. თბილისი
ო. კ. 314აპ-19 17 ოქტომბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულების - კ. ო-სა და მ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით:
კ. ო. - დაბადებული 1.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 21 მარტიდან.
მ. ტ. - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 21 მარტიდან.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 იანვრის განაჩენით მ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 9 წლით
თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით მ. ტ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 9 თვითა და 27 დღით და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2012 წლის 20 თებერვალს.
2018 წლის 21 მარტს მ. ტ. და კ. ო. იმყოფებოდნენ ქ. თ-სში, ბ-ს ქუჩაზე მდებარე რესტორან „თ-ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გააჩერეს ა/მანქანა (სახ. ნომერი: …..), რომელსაც მართავდა რ. გ. მას გარკვეული საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოსთხოვეს წაყვანა ნ-ს რ-ში. მ. მ-ს ქ. N…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მ. ტ-მ და კ. ო-მ, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით რ. გ-ს მის კუთვნილ ა/მანქანაში, სახ.#...., წაართვეს 64 ლარი, მობილური ტელეფონი, ავტომანქანის რადიოსიხშირის რეგულატორი მეხსიერების ბარათით და საფულე, კერძოდ: მ. ტ-მ ავტომანქანის ღვედი რ. გ-ს მოუჭირა ყელში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფული და პირადი ნივთები, ხოლო კ. ო-მ მას ტანსაცმლიდან ამოუღო ფული და პირადი ნივთები, რითაც დაზარალებულს მიადგა 169 ლარის მატერიალური ზიანი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. მსჯავრდებულების - კ. ო-სა და მ. ტ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს კ. ო-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებს, ხოლო მსჯავრდებულ მ. ტ-ს გამართლებას.
4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
6. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა კ. ო-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების, ხოლო მ. ტ-ს გამართლების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ: მოწმეების - რ. გ-ს, ნ. ს-სა და დ. ც-ს ჩვენებებით, კ. ო-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის N… ოდოროლოგიური ექსპერტიზის N… დასკვნებით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 13 იანვრის განაჩენითა და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით დადასტურებულია კ. ო-სა და მ. ტ-ს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა.
7. ამ კონტექსტში სააპელაციო სასამართლომ მიუთითა გარემოებებზე (მათ შორის: დაზარალებულის ჩვენება დამაჯერებელი და სარწმუნოა, რომლებიც შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს), რომლებიც გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიის საფუძვლიანობას.
8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს ადვოკატი (მათ შორის: დაზარალებულის ჩვენების სანდოობაზე), რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - კ. ო-სა და მ. ტ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე