საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.02.2020
საქმის ნომერი
2კ-951აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001934424

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№951აპ-19 ქ. თბილისი

ზ. თ., 951აპ-19 20 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ქ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს, მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-სა და მსჯავრდებულ თ. ზ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. ქ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ფ-მ, მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მ და მსჯავრდებულმა თ. ზ-მ.

კასატორები საკასაციო საჩივრებით ითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში, შემდეგი ძირითადი საფუძვლებით: საქმეზე წარმოდგენილია ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაინტერესბული პირის, დაზარალებულ მ. ჩ-ს ჩვენება, რომელიც ამასთანავე, არის არადამაჯერებელი და ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებს; ექსპერტიზის დასკვნებით დგინდება, რომ იმ სახლში, სადაც დაზარალებულ მ. ჩ-ს თავისუფლება აღუკვეთეს, არ აღმოჩნდა მისი ხელის კვლები, ან გენეტიკური პროფილი, რაც გამორიცხავს დაზარალებულის იქ საერთოდ ყოფნის ფაქტს; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა ისეთმა სტრუქტურამ, რომელსაც არ გაუვლია აკრედიტაცია ეროვნულ ცენტრში.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

- თ. ზ-ს ბრალი დაედო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი არაერთგზის, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

- დ. ქ-ს - თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით; გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით.

- ა. მ-ს - გამოძალვაში დახმარებაში, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში დახმარებაში, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენებისა და მისთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს დაზარალებულის უფლებები, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

თ. ზ-ს, დ. ქ-სა და ა. მ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ნასამართლევმა თ. ზ-მ და დ. ქ-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ა. მ-ს დახმარებით, განიზრახეს მ. ჩ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა მისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის მიზნით.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, აღნიშნულმა პირებმა 20.. წლის .. მარტს, ... მდებარე ბინა N..-ში, იარაღისა და ე.წ. ელექტროშოკერის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, გამოძალვის გაადვილების მიზნით, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება დაზარალებულ მ. ჩ-ს, ასევე ე.წ. ხამუთების გამოყენებით შეუკრეს მას ხელ-ფეხი და მოუსპეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება 20.. წლის .. მარტის საღამოდან ამავე წლის .. მარტის დილამდე.

თ. ზ-სა და დ. ქ-ს გამოძალვის განზრახვის სისრულეში მოყვანაში დაეხმარა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი) სამჯერ ნასამართლევი ა. მ., კერძოდ, 20.. წლის .. მარტს მან ერთი დღით იქირავა ... მდებარე ბინა N.., სადაც თ. ზ-სა და დ. ქ-ს მიერ განზრახული დანაშაულებრივი ქმედების სისრულეში მოსაყვანად, მ. ჩ. თითქოსდა სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით, მოტყუებით მიიყვანა.

დაზარალებულზე ფსიქიკური ზემოქმედების მოსახდენად და დიდი ოდენობით ფულადი თანხის გამოძალვის სისრულეში მოსაყვანად, ა. მ-ს დახმარებით, თ. ზ-მ და დ. ქ-მ მოახდინეს ა. მ-ს მკვლელობის ინსცენირება და შემდეგ ეს მკვლელობა მ. ჩ-ს დააბრალეს, რაც მიმართული იყო დაზარალებულისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვისკენ.

თ. ზ-მ და დ. ქ-მ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მ. ჩ-ს ხელში დააჭერინეს დანა, რომელიც თითქოსდა, წარმოადგენდა ა. მ-ს მკვლელობის იარაღს და რომელზეც გადასული იყო მისი, როგორც მკვლელის, თითის ანაბეჭდები და გადაუღეს ფოტო.

თ. ზ-მ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილ მ. ჩ-ს ასევე გადაუღო მაკომპრომეტირებელი ვიდეო (მათ შორის - სახელგამტეხი და ღირსების შემლახველი) თ. ზ-ს სასქესო ორგანოსთან და ფოტოებისა და ვიდეოს პოლიციის ორგანოებისა და საჯარო ინტერნეტსივრცეში გავრცელების მუქარით, ბრალდებულებმა გამოსძალეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, რაც იმ დროისთვის შეადგენდა 49 026 (ორმოცდაცხრა ათას ოცდაექვს) ლარს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით:

თ. ზ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

თ. ზ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თ. ზ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ზ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

დ. ქ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დ. ქ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

დ. ქ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

ა. მ., - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 5 (ხუთი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ა. მ-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. მ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 10 აპრილიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლისა და 280-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის - ა. მ-ს არასრულწლოვანი შვილები - ლ. მ., ლ. მ., გ. მ., ო. მ., ზ. მ., ა. მ., ბ. მ. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის პერიოდში - ზედამხედველობისა და დახმარების გარეშე დარჩენის შემთხვევაში მზრუნველობისათვის უნდა გადაეცეს სამეურვეო ორგანოს ბავშვების ადგილსამყოფლის მიხედვით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ზ-მ, ასევე მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ჯ-მ, მსჯავრდებულმა დ. ქ-მ, ასევე მსჯავრდებულების - დ. ქ-სა და ა. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. კ-მ და მსჯავრდებულ დ. ქ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ჯ-მ.

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრებით ითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობა შერაცხულ ბრალდებებში.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ დაზარალებული მ. ჩ. არის დაინტერესებული პირი, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ მ. ჩ-ს ჩვენებას, რაც ვერ აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობის სტანდარტს, ვინაიდან თ. ზ-ს, დ. ქ-სა და ა. მ-ს მიმართ შერაცხული ბრალდებები დადასტურებულია არა მხოლოდ დაზარალებულ მ. ჩ-ს ჩვენებით, რომლის სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია, არამედ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების ბრალეულობას, კერძოდ: მოწმეების - შ. ჩ-ს, ვ. შ-ს, გ. თ-ს, გ. მ-ს, ს. ფ-ს, ბ. ჩ-ს, მ. გ-ს, ც. გ-ს, გ. ი-ს ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმით, პირის ამოცნობისა და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ამოღების ოქმით, სუპერმარკეტ „ფ-ს“ ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, სასამართლო-სამედიცინო, ოდოროლოგიური, დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ოქმით, ამოღებული ნივთმტკიცებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რის შესახებაც საკასაციო საჩივრებში დაცვის მხარე აპელირებს და მიუთითა იმ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დატოვა უცვლელად, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად იზიარებს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ქ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ფ-ს, მსჯავრდებულ ა. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-სა და მსჯავრდებულ თ. ზ-ს საკასაციო საჩივრები.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ.თადუმაძე

მ. გაბინაშვილი