საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.01.2020
საქმის ნომერი
2კ-572აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001967969

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №572აპ-19 ქ. თბილისი

ფ-ა ლ, 572აპ-19 3 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით:

1.1. ლ. ფ-ა, - დაბადებული …. წლის … ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით - 2 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5, მე-3 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით და ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. ფ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით; ლ. ფ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 3 მაისიდან - 2017 წლის 6 მაისის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო - 2017 წლის 11 მაისიდან.

1.2. ბ. ს-ა, - დაბადებული … წლის … იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა, დაკავებაში ყოფნის პერიოდის - 2017 წლის 3 მაისიდან 2017 წლის 6 მაისის ჩათვლით (4 დღე) გათვალისწინებით და საბოლოოდ ბ. ს-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 9 800 ლარი.

1.3. ლ. კ-ი, - დაბადებული … წლის … აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა, დაკავებაში ყოფნის პერიოდის - 2017 წლის 3 მაისიდან 2017 წლის 6 მაისის ჩათვლით (4 დღე) გათვალისწინებით და საბოლოოდ ლ. კ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 9 800 ლარი.

1.4. გ. ს-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე. გ. ს-ა, - დაბადებული … წლის …. დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა, გათვალისწინებულ იქნა გ. ს-ს დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 3 მაისიდან 2017 წლის 6 მაისის ჩათვლით (4 დღე) და საბოლოოდ მას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 9 800 ლარი.

1.5. ლ. ს-ა, - დაბადებული … წლის …. იანვარს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. ლ. ს-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2017 წლის 3 მაისიდან 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 11 მაისიდან.

2. ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის - ალექსანდრე ფოცხვერაშვილის, მსჯავრდებულ ბ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. ქ-ა და მსჯავრდებულ ლ. ფ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, შემდეგი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით ლ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

3.2. 2017 წლის 2 მაისს, დაახლოებით 03:30 საათზე, თ-ი, ჯ-ს ქუჩაზე, ლ. ფ-მ, გ. ს-მ, ლ. ს-მ, ლ. კ-ა და ბ. ს-მ გააჩერეს ტაქსი, რომელსაც მართავდა დ. ქ-ი და თ-ი, ა-ს დასახლებაში არსებულ სუპერმარკეტ „ზ-ნ“ მიყვანაზე მოელაპარაკნენ. ლ. ფ-ა მოთავსდა მძღოლის გვერდით, ხოლო მისი თანმხლები პირები - უკანა სავარძელზე. გზაში, თ-ი, ქ-ს ქუჩის მე-… კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ლ. ფ-მ მძღოლს ავტომანქანა გააჩერებინა და ძრავა გამოურთო. ამის შემდეგ ლ. ს-მ დ. ქ-ს ყელზე მიაბჯინა თანნაქონი პისტოლეტისმაგვარი საგანი, მოსთხოვა თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამით ისარგებლა ლ. ფ-მ და დ. ქ-ს კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ ,,სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, 50 ლარამდე თანხასა და 20 ლარად ღირებულ ,,როლექსის“ ფირმის მაჯის საათს დაეუფლა. მათი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მორალური და 270 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

3.3. იმავე ავტომანქანის უკანა სავარძელზე მყოფ ლ. კ-ა და ბ. ს-ს ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს პირადად შეესწრნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს განზრახ არ შეატყობინეს.

3.4. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ წარმოადგინეს საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულ გ. ს-ს მიმართ ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობაში წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, თუმცა იმავე მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლომ საკმარისად მიიჩნია გ. ს-ს დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ბ. ს-ა პირადად შეესწრო აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს განზრახ არ შეატყობინა.

4. კასატორი - მსჯავრდებულ ლ. ფ-ს ადვოკატი ს. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ. ფ-ს მიმართ სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და მის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

4.1. კასატორი უთითებს, რომ დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივარში და შემდგომ სასამართლო სხდომაზე შეაფასა რამდენიმე მტკიცებულება, რომლებიც არანაირად არ ადასტურებდა ლ. ფ-ს მხრიდან ყაჩაღობის ჩადენას. კერძოდ, ესენია მოწმეების - ო. ლ-ა და თ. ა-ს სასამართლოში მიცემული ჩვენებები. ლ. ფ-ს განმარტებით, მას „სპეცოპერაციასავით“ მოუწყეს, ისე დააკავეს და წაიყვანეს განყოფილებაში. სასამართლომ უგულებელყო სასამართლო სხდომაზე ბრალდებულთა დაკითხვისას გამოვლენილი ის გარემოება, რომ მათი დაკავებისას არსებითად დაირღვა საქართველოს სსსკ–ის 171–ე მუხლის მოთხოვნები, რის გამოც ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები (შედგენილი 03.05.2017 წ.), როგორც დაუშვებელი მტკიცებულებები, არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, როგორც ბრალის დამადასტურებელი. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის თანახმად, ბრალდებულთა იდენტიფიკაცია ვერ მოხდა, ვინაიდან ვიდეოჩანაწერებზე ვარგისი გამოსახულება არ დაფიქსირდა. სასამართლოში დაკითხვისას, ადვოკატის შეკითხვაზე, ლ. ფ-მ განმარტა, რომ ამოცნობაში მონაწილეობისას, მასთან ერთად ამოსაცნობად წარდგენილი ორი პირი მისგან განსხვავდებოდა. ამასთან, დ. ქ-ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება არ იყო დამაჯერებელი და მის ჩვენებებს შორის იყო არსებითი ურთიერთწინააღმდეგობები.

5. კასატორი - პროკურორი ანა სიგუა საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას: გ. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას (რაც დაკაშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან), ხოლო ბ. ს-ა და ლ. კ-ს მიმართ - მათ მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას (რაც აგრეთვე დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან).

5.1. კასატორი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მსჯავრდებულ გ. ს-ს ქმედების გადაკვალიფიცირების, ასევე ბ. ს-ა და ლ. კ-ს სასჯელის დანიშვნის ნაწილში, ვინაიდან მიაჩნია, რომ ჯგუფური ყაჩაღობის გადაკვალიფიცირება დანაშაულის შეუტყობინებლობაზე დაუსაბუთებელია, ასევე უსამართლოა აღნიშნული პირებისათვის ისეთი მსუბუქი და არაადეკვატური სასჯელის განსაზღვრა როგორიც არის - ჯარიმა.

5.2. დაზარალებულმა სასამართლოში მიცემული ჩვენების დროს ხაზი გაუსვა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ. ს-ა მაშინ გადმოვიდა გაჩერებული ავტომანქანიდან, მოუარა სატრანსპორტო საშუალებას წინიდან და გაჩერდა მის კართან, სანამ ლ. ფ-ა და ლ. ს-ა მას ძალადობრივ მუქარას დაუწყებდნენ. იგი ყაჩაღური თავდასხმისას აღნიშნულ ადგილზე იდგა და მძღოლს მანქანიდან გადმოსვლისა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. ხოლო მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა თავიანთი „საქმე“ დაამთავრეს, მან მათთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები და მათ შორის - გ. ს-ა წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებული დანაშაულის ჩადენის დროს მათ მიერ შესასრულებელი როლების თაობაზე. რაც შეეხება იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობას, რაც ბრალდებულ გ. ს-ს ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობას ადასტურებს არის დაზარალებულის ჩვენება, გ. ს-ს ამოცნობის ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებები. ლომბარდის ვიდეოჩანაწერიდან ნათლად ჩანს, რომ მსჯავრდებულები რომელთაც სასჯელი განესაზღვრათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, არ ყოფილან დანაშაულის მხოლოდ პასიური თვითმხილველები, რომელთაც კავშირი არ ჰქონდათ ყაჩაღურ თავდასხმასა და მის ჩამდენ პირებთან.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №363აპ-17, №789აპ-18, №392აპ-15 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

9. დაზარალებული მოწმის - დ. ქ-ს ჩვენება, ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, ოდოროლოგიური, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს ლ. ფ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო გ. ს-ს მიერ - საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

10. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ამოცნობის ოქმის შეფასების შესახებ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარეს სწორად მიუთითა, თუ რატომ გამორიცხა გ. ს-ს ყაჩაღობაში მონაწილეობის ფაქტი.

11. საკასაციო პალატას ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, პირის ინდივიდუალური მახასიათებლების, ნასამართლობის არქონისა და საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ბ. ს-ა და ლ. კ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ჯ-ა და ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა სიგუას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე