განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 10.01.2020
საქმის ნომერი
30აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700081536

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №30აგ-19 10 იანვარი, 2020 წელი

გ. ს., 30აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით ს. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალებათა გადატანა, რასაც ერთვის არადეკლარირება) და სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო, გასაღების მიზნით, შეძენა-შენახვა და გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე;

- ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე.

ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ს. გ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოხდით თავისუფლების აღკვეთის სახით გამოსასწორებელ კოლონიაში გაძლიერებული რეჟიმის პირობებში, ქონების კონფისკაციის გარეშე.

ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ს. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა შს მთავარი სამმართველოს დროებითი დაკავების იზოლატორსა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით, იმ ანგარიშით, რომ პატიმრობის ერთი დღე შეესაბამება თავისუფლების აღკვეთის ერთ დღეს.

ს. გ.ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ს. გ-მ, ჰქონდა რა ბ-ს რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალების - “მეტადონის” კონტრაბანდული გადატანის განზრახვა, 20.. წლის .. მარტს ჩავიდა ბ-ს რესპუბლიკაში თ-ს რესპუბლიკიდან ს. - მ. .... ავიარეისით, .. საათსა და .. წუთზე. იგი პირად ბარგში - სამგზავრო ჩემოდანში, ბლისტერპაკის ტიპის შეფუთვაში, ინახავდა 67 აბს, მასით 30,15 გრ-ს, რომლებიც, ექსპერტის 2015 წლის 1 აპრილის N... დასკვნის თანახმად, შეიცავდა განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“. ს. გ. იმყოფებოდა რა ეროვნულ აეროპორტ ,,მ-ში’’, ქ.მ-ს ტერიტორიაზე, შევიდა საბაჟოს - ,,...’’ საბაჟო კონტროლის ზონაში, სადაც გადაჭრა ,,მწვანე’’ დერეფანი, რითაც ჩაიდინა ბ-ს რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიში ნარკოტიკული საშუალების განზრახ არადეკლარირებული გადატანა.

ს. გ-ს ჰქონდა რა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მიზნით, შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის განზრახვა, დაუდგენელ დროს, დაუდგენელ ადგილას, დაუდგენელ ვითარებაში, უკანონოდ, გასაღების მიზნით დაუდგენელი პირისგან შეიძინა 67 აბი ბლისტერპაკის ტიპის შეფუთვაში, მასით 30,15 გრამი, რომლებიც ექსპერტის 2015 წლის 1 აპრილის N.. დასკვნის თანახმად, შეიცავდა განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალება „მეტადონს“, რასაც 20.. წლის .. მარტს უკანონოდ, გასაღების მიზნით, ინახავდა პირად ბარგში - სამგზავრო ჩემოდანში, ს.- მ. ... ავიარეისის თვითმფრინავით ჩამოიტანა ქ. მ-ში, სადაც აგრძელებდა აღნიშნული აბების შენახვას მათ აღმოჩენამდე - 20.. წლის .. მარტს, .. საათისა და .. წუთიდან .. საათსა და .. წუთამდე პერიოდში, გ.ს მიერ მ-ს ეროვნულ აეროპორტში საბაჟო კონტროლის გავლისას.

2. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 22 ივლისის სააპელაციო განჩინებით ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში.

3. ბ-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ 20.. წლის .. სექტემბერს გამოგზავნილი #.... წერილის თანახმად, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიღებულია 20.. წლის .. სექტემბერს, ს. გ-ს შუამდგომლობის საფუძველზე, ბ-ს მხარემ (ბ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა) წინასწარი თანხმობა გამოთქვა და ითხოვა ს. გ-ს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით ბ-ს რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე გადმოყვანის საკითხის განხილვა.

4. საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ი. ჩ-მ 20.. წლის .. იანვარს გასცა დადებითი დასკვნა მსჯავრდებულ ს. გ-ს სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით ბ.ს რესპუბლიკიდან საქართველოს მხარისათვის გადმოცემის მიზანშეწონილობის შესახებ, რაც 20.. წლის .. იანვარს დაამტკიცა საქართველოს ი-ს მინისტრის პირველმა მოადგილემ ა. ბ-მ.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით საქართველოს მოქალაქე ს. გ. (დაბადებული 19.. წლის .. ივნისს, პირადი #...), სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, ბ-ს რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს საქართველოს ტერიტორიაზე და შეასახლეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში. იმავე განჩინებით მისი ქმედება შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ: ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია).

მსჯავრდებულ ს. გ-ს დანიშნული სასჯელის - 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთის ათვლა დაეწყო 2016 წლის 11 აპრილიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. გ-ს შუამდგომლობა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილი გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, დაკმაყოფილდა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე.

მსჯავრდებულ ს. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 25 მარტიდან.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ ს. გ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე.

მსჯავრდებულ ს. გ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციის გარეშე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ს. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ს. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 25 მარტიდან - 2016 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

11. 2019 წლის 30 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ს. გ-მ, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულის ქმედებები შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმებთან, რის შემდეგაც ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის შერაცხული ბრალდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია). აღნიშნულმა კი გამოიწვია მისი სასჯელის დამძიმება, რაც ხელს უშლის როგორც წინა პატიმრობისგან, ისე ვადაზე ადრე გათავისუფლებაში, ვინაიდან ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით მისთვის ბრალად შერაცხული მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი სანქციის სახით ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით ს. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

13. კასატორი - მსჯავრდებული ს. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინების გაუქმებას და თავისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლით. გარდა ამისა, მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილის დისპოზიცია, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო, არ ითვალისწინებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გადატანას ბ-ს საზღვარზე და, შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების ოდენობა ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს არ წარმოადგენს, მაშინ, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით ს. გ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია სწორედ მითითებული მაკვალიფიცირებელი ნიშნით (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რაც არასწორია და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

3. საქართველოს სსსკ-ის 289-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდის თაობაზე გამოტანილ განჩინებაში უნდა აღინიშნოს „იმ ქმედების კვალიფიკაცია, რომლის ჩადენაშიც პირს ბრალი ედება სისხლის სამართლის კანონის საფუძველზე“, ხოლო იმავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა მიეთითოს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის“.

4. „სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ“ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, სასჯელის აღსრულების სახელმწიფო უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის განგრძობას თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების გარეშე.

5. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად: „უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხის განხილვის დროს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო შეზღუდულია იმ ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც მოცემულია უცხო სახელმწიფოს განაჩენში ან გამომდინარეობს მისგან“, ხოლო იმავე კანონის 51-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: „სასჯელის შეფარდებისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაამძიმოს მსჯავრდებულის მდგომარეობა იმაზე მეტად, ვიდრე ეს გათვალისწინებულია უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით“.

6. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:

7. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით ს. გ-ს მსჯავრი დაედო ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით - ბ-ს რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიშ ნარკოტიკულ საშუალებათა გადატანაში, რასაც ერთვის არადეკლარირება და ასევე, სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით - დიდი ოდენობით განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო, გასაღების მიზნით, შეძენა-შენახვასა და გადაზიდვაში.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ს. გ-ს ქმედება შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს კანონმდებლობასთან, კერძოდ: ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ბელარუსის რესპუბლიკის სსკ-ის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია).

9. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ აღნიშნულ განჩინებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით შევიდა ცვლილება და ს. გ-სათვის ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით შერაცხული ქმედებები საბოლოოდ დაკვალიფიცირდა შემდეგნაირად:

მსჯავრდებულ ს. გ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გადატანა).

მსჯავრდებულ ს. გ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლის მე-3 ნაწილით და შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია) (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გადაზიდვა).

10. შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებით იკვეთება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 11 აპრილის განაჩენით ს. გ-ს ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრი არ დასდებია ბელარუსის რესპუბლიკის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით საშიშ - დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებათა გადატანაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით ს. გ-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, როგორც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გადატანა. ამდენად, მითითებული საკითხი საჭიროებს დამატებით გამოკვლევა - შესწავლასა და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ს. გ. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობაში სადავოდ არ ხდის მისი ქმედების კვალიფიკაციას - დიდი ოდენობის ნაწილში, თუმცა საკასაციო საჩივარში აკონკრეტებს და განავრცობს ამ კუთხით თავის მოთხოვნას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატას, როგორც მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან, ისე - სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება უნდა გაუქმდეს და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ს. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინება და მიეთითოს სააპელაციო სასამართლოს, რომ მან დაუშვას მსჯავრდებულ ს. გ-ს შუამდგომლობა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი