საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.03.2020
საქმის ნომერი
2კ-726აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001316946

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №726აპ-19 ქ. თბილისი

ა. ა. 726აპ-19 16 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ა. ა. - დაბადებული 1… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადების მომენტიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 20 იანვარს სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ” ა. ა-ს მიერ დაარეგისტრირა შპს ,,ს.” (ს/ნ ….), რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი იყო თავად ა. ა. 2013 წლის 25 ნოემბერს ა. ა-მ შპს ,,ს.” საბანკო ანგარიშები გახსნა სს ,,ბ. ბ-ში”, რეალურად საბანკო ანგარიშების გახსნა ატარებდა ფიქტიურ ხასიათს და მიმართული იყო ხსენებული ორგანიზაციის მეშვეობით ა. ა-ს და გამოძიებისათვის დაუდგენელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების დაუფლებისაკენ. კერძოდ, ანგარიშის გახსნიდან მცირე დროში 2013 წლის 20 დეკემბერს შპს ,,ს.”-ს სს ,,ბ-ს ბ-ში” გახსნილ საბანკო ანგარიშზე არარეზიდენტი კომპანიის ,,N..”-გან (ს/ნ .., რეგისტრირებული ი., A.) დანიშნულებით - თამბაქოს ნედლეული ჩაერიცხა 122046 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ა. ა-მ 2013 წლის 21 და 23 დეკემბერს სს ,,ბ-ს ბ-დან” ნაღდი ფულის სახით სრულად გაიტანა და დაეუფლა შპს ,,ს…..”-ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 122046 აშშ დოლარს. აღნიშნულ ჩარიცხვასთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც სრულად იქნა გატანილი თანხა, სს ,,ბ-ს ბ-მა” 2014 წლის 15 და 20 იანვარს მიიღო ს. (S…) შეტყობინება გადმომრიცხავი ბანკიდან ,,…“, სადაც იტყობინებოდა, რომ 2013 წლის 20 დეკემბერს შპს ,,ს-ს” ანგარიშზე 122046 აშშ დოლარის ჩარიცხვა განხორციელდა თაღლითურად და მოთხოვნილ იქნა ტრანზაქციის შეჩერება და თანხის უკან დაბრუნება. თუმცა, სს ,,ბ-ს ბ-მა” ვერ შეძლო ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება, ვინაიდან შეტყობინების მიღების დროს 122046 აშშ დოლარი სრულად იყო გატანილი ა. ა-ს მიერ. თანხის გადმორიცხვას წინ უძღოდა გამოძიებით დაუდგენელი პირების მიერ ,,N.”-ის კონტრაქტორის დ. ბ-ში არსებული ორგანიზაციის - ,,H.--ის” ელექტრონული ფოსტის მისამართის ჰაკერული გამოყენება, რაც გახდა თანხის გადმომრიცხავი კომპანიის მოტყუების საფუძველი. გამოძიებით დადგინდა, რომ ,,N.-ის” მხრიდან თანხის გადარიცხვის საფუძველი გახდა აღნიშნული ორგანიზაციის მეილზე გაგზავნილი ყალბი ჰაკერული შეტყობინება. შეტყობინების გამგზავნად მითითებული იყო ,,N.-ის” კონტრაქტორი კომპანია ,,H.”, რომლის წინაშეც ამ უკანასკნელს ჰქონდა თამბაქოს პროდუქციის ღირებულების დავალიანება და ამ ვალდებულების დაფარვის სანაცვლოდ მოთხოვნილ იქნა 122046 აშშ დოლარის გადარიცხვა ს-ში შპს ,,ს-ის” სს ,,ბ-ს ბ-ში” გახსნილ საბანკო ანგარიშზე, მაშინ როდესაც ხსენებული ფულადი თანხა უნდა მიეღო დ. ბ-ში რეგისტრირებულ კომპანიას - ,,H-ს”. აღნიშნული ქმედებით ა. ა. გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირების მონაწილეობით თაღლითურად დაეუფლა 122046 აშშ დოლარს.

2. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

3. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით შეფარდებული სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. ა. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 19 ნოემბრიდან.

4. მსჯავრდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. ა-ს გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტიკიცებულება, რომელიც ადასტურებს ა. ა-ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს და იმ ფაქტს, რომ იგი მონაწილეობდა ჰაკერულ სქემაში ან იცოდა თავის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის დანაშაულებრივი წარმომავლობა.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა მსჯავრდებულ ა. ა-ს გამართლების თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

7. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2013 წლის 25 ნოემბერს ა. ა-მ სს „ბ-ს ბ-ში“ გახსნა მისი კუთვნილი შპს „ს.”-ის საბანკო ანგარიში. სასამართლო ითვალისწინებს აღნიშნული საბანკო ანგარიშის მიზნის ცვლილებას, კერძოდ, მოწმე ნ. ც-ს ჩვენებიდან ირკვევა, რომ ანგარიშის რეგისტრაციის დროს მის მიზნად მითითებული იყო სასმელების წარმოება, ხოლო უშუალოდ სადავო თანხის დარიცხვისას - თამბაქოს ნაწარმის მიმართულება.

8. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები და იშუამდგომლა მათი დასაშვებად ცნობის თაობაზე. დაცვის მხარის განმარტებით, მსჯავრდებული ა. ა. იყო ძებნაში, არ ჰქონდა კომუნიკაცია ოჯახის წევრებსა და მათ მიერ შერჩეულ ადვოკატთან, არ იყო ინფორმირებული მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და საქმის სასამართლოში განხილვის თაობაზე; ახალი მტკიცებულებების შენახვის ადგილსამყოფელი ცნობილი იყო მხოლოდ მისთვის და, შესაბამისად, მხოლოდ ახლა მოხერხდა ამ მტკიცებულებათა წარმოდგენა. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობის თაობაზე. აღნიშნულ მტკიცებულებათა შორისაა კერძო აუდიტის - კ. მ-ს მიერ 2013 წლის 5 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ფინანსური მომსახურების შესახებ, რომელიც დაიდო მხარეებს - ფ. მ-სა (პ/ნ …, მოქალაქეობა: კ. დ.) და შპს „ს-ს” (ს/ნ …) შორის. ხელშეკრულების საგნად მითითებულია ფინანსური მომსახურების გაწევა, თუმცა თანხის დარიცხვის დანიშნულებას, როგორც საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, წარმოადგენდა თამბაქოს ნაწარმი. მოწმე კ.მ-მ სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დასადებად მასთან მისულ მხარეებს არაფერი უთქვამთ თამბაქოს ნაწარმის თაობაზე და აღნიშნულის შესახებ პირველად გაიგო სასამართლოში ჯვარედინი დაკითხვისას. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ თანხის გადმორიცხვის დანიშნულებად „თამბაქოს ნაწარმის“ არსებობის შემთხვევაში საქმე ეხება სულ სხვა სფეროს და არა მომსახურების ხელშეკრულებას. მოწმის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მხარეებმა კ. მ-ს დაუმალეს ხელშეკრულების დადების რეალური მიზანი.

9. მოწმის განმარტებით ა. ა-მ ფინანსური მომსახურების ხელშეკრულების დადების მიზნად მიუთითა ის გარემოება, რომ კ. დ-ს მოქალაქე ფ. მ-ს მისი ბიძა ურიცხავდა თანხას ნ-დან და ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული იყო ფიზიკურ პირზე თანხის ჩარიცხვა. ფ. მ-ს არ სურდა იურიდიული პირის დაარსება ერთჯერადი ტრანზაქციის მიზნებისთვის და ამიტომ ურთიერთშეთანხმებით თანხის გადმორიცხვა განხორციელდებოდა ა. ა-ს კუთვნილ შპს „ს-ს” საბანკო ანგარიშზე. არ არის დადგენილი კონკრეტულად რომელი ქვეყნის (კ. დ-ს თუ ნ-ს) კანონმდებლობა კრძალავს ფიზიკური პირის საბანკო ანგარიშზე თანხის გადმორიცხვას და რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს. ასევე, შპს-ს დაარსება ბევრად ნაკლებ თანხასთან არის დაკავშირებული, ვიდრე 122 046 აშშ დოლარის 3%, რაც გაწეული საფინანსო მომსახურების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა ფ. მ-ს ა. ა-სათვის. ასევე, არ არის წარმოდგენილი დაცვის მხარის მიერ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტებზე არსებული ფ. მ-ს ხელმოწერის ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ განაჩენში არასწორად ასახა და დაამახინჯა მოწმეების - ნ. ც-ს და რ. ბ-ს მიერ მიცემული ჩვენებები.

11. მოწმე ნ. ც-მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ როდესაც დაუკავშირდა ა. ა-ს და შეატყობინა თანხის გამომგზავნი ბანკის მოთხოვნა თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, მან განაცხადა, რომ ეს თანხა სწორად იყო გადმორიცხული, მას ეკუთვნოდა, უკვე ათვისებული ჰქონდა და უკან ვერ დააბრუნებდა. აღნიშნულს ადასტურებს ასევე მოწმე რ. ბ. აღნიშნულთაგან არც ერთ მოწმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ უთქვამს, რომ ა. ა-მ თანხის უკან დაბრუნებაზე უარი თქვა მესამე პირისათვის თანხის გადაცემის ან მომსახურების გაწევაზე აპელირებით.

12. რაც შეეხება მოწმეების - ნ. ც-სა და რ. ბ-ს მიერ სააპელაციო სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს, ნ. ც. მიუთითებს, რომ მისი, როგორც ბანკის თანამშრომლის მთავარი ინტერესი იყო თანხის უკან დაბრუნების თაობაზე ა. ა-ს პოზიციის გაგება, ხოლო კლიენტმა რაში გამოიყენა დარიცხული თანხა, ეს მისი ინტერესის სფეროში არ შედიოდა, ასევე მიუთითა, რომ ა. ა-მ სატელეფონო გასაუბრებისას მიუთითა ერთი მხრივ, თანხის კუთვნილებასა და მის გამოყენებაზე, ხოლო მეორე მხრივ, მესამე პირისათვის გადაცემაზე, თუმცა მათგან რომელი შეესაბამებოდა სიმართლეს, ეს მისი დასადგენი არ იყო. მოწმე რ. ბ. არის ირიბი ჩვენების მიმცემი პირი, ვინაიდან იგი უშუალოდ არ გასაუბრებია ა.ა-ს და დაეყრდნო ანგარიშსწორების თანამშრომელ - ნ. ც-ს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

13. საკასაციო საჩივარში ასევე აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოში დაირღვა მტკიცებულებათა გამოკვლევის თანმიმდევრობა, რომელიც დადგენილია საქართველოს სსსკ-ის 242-ე მუხლის მე-2 ნაწილით. აღნიშნული მუხლის თანახმად, პირველად იკვლევენ ბრალდების მხარის, ხოლო შემდეგ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. მართალია სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევა განხორციელდა სსსკ-ით განსაზღვრული თანმიმდევრობის საწინააღმდეგოდ, თუმცა აღნიშნული თავისთავად არ შეიძლება შეფასდეს არსებითი მნიშვნელობის მქონე დარღვევად, როდესაც კასატორი არ უთითებს როგორი გავლენა იქონია ამ დარღვევამ დაცვის უფლების განხორციელებაზე და შეეზღუდა თუ არა ბრალდებულს დაცვის უფლება.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სასამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

15. არსებით დარღვევად, რაც გამოიწვევდა განაჩენის უკანონობას, წარმოადგენს პროცესის მონაწილის უფლების ისეთი შეზღუდვა რამაც ხელი შეუშალა ყოველმხრივ, სრულყოფილად, ობიექტურად განხილვას, გავლენა იქონია კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი განაჩენის დადგენაზე (მაგ.იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმე №587აპ-15). ამდენად, ზემოაღნიშნული ცვლილება არ შეიძლება შეფასდეს არსებითი მნიშვნელობის მქონე დარღვევად, როდესაც კასატორი არ ასახელებს კონკრეტულად რაში გამოიხატა ამ დარღვევის შედეგი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები, საქმის მასალათა შესწავლის შედეგად არ გამოკვეთილა.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა.ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე