დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.03.2020
საქმის ნომერი
2კ-15-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№15I-20 ქ. თბილისი

ფ-ი მ-მ, 15I-20 23 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 30 აგვისტოს მ. ფ-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2. 2018 წლის 1 ოქტომბერს მ. ფ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ.

3. 2018 წლის 30 ოქტომბერს აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოცხადდა მ. ფ-ის ძებნა.

4. 2018 წლის 2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის შსს ვ-ის მუნიციპალიტეტთაშორისი განყოფილების საგამოძიებო განყოფილებამ გამოიტანა დადგენილება მ. ფ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. აღნიშნული დადგენილების თანახმად, მ. ფ-ს ბრალად ედება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5. 2019 წლის 30 იანვარს აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოცხადდა მ. ფ-ის საერთაშორისო ძებნა.

6. 2019 წლის 11 თებერვალს რუსეთის ფედერაციის სვერდლოვსკის ოლქის ვერხნეპიშმენსკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით მ. ფ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეიცვალა 2-თვიანი პატიმრობით.

7. 2019 წლის 2 აპრილიდან მ. ფ-ი რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

8. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული მასალების მიხედვით, მ. ფ-ის მიერ რუსეთის ფედერაციაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 აგვისტოს მ. ფ-მა, რომელსაც სურდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, მოიძია გამოძიებით დაუდგენელი პირი და შეუთანხმდა ნარკოტიკული საშუალების შესყიდვაზე. მ. ფ-მა ნარკოტიკული საშუალების ღირებულება დისტანციურად აანაზღაურა და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისაგან მიიღო ნარკოტიკული საშუალების ადგილმდებარეობის კოორდინატები. აღნიშნულის შემდეგ, იმავე დღეს, მ. ფ-ი, მიღებული კოორდინატების შესაბამისად, მივიდა ქ. ე-ში, ქ. ნ-ის საავტომობილო გზის 48-ე კილომეტრზე და უკანონოდ შეიძინა 49,58 გრამი – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“.

აღწერილი ქმედებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

9. მ. ფ-ის დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

10. 2019 წლის 23 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ფ-ი.

11. 2019 წლის 25 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ფ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

12. 2019 წლის 22 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო მ. ფ-ის ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.

13. 2019 წლის 21 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ფ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2020 წლის 23 იანვრამდე.

14. 2019 წლის 25 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

15. 2019 წლის 22 ოქტომბერსა და 2020 წლის 16 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ფ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო, შესაბამისად, 2019 წლის 12 ნოემბერსა და 2020 წლის 31 იანვარს.

16. 2020 წლის 20 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ფ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2020 წლის 23 აპრილამდე.

17. ამჟამად მ. ფ-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

18. 2020 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართ პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა მ. ფ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერხნეპიშმენსკის მუნიციპალიტეტთაშორისი განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 2 ნოემბერს მ. ფ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა).

19. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 10 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა და დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ფ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილი რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერხნეპიშმენსკის მუნიციპალიტეტთაშორისი განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 2 ნოემბერს მ. ფ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა).

20. კასატორი, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ფ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. პ-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მ. ფ-მა მიმართა სახელმწიფო დაცვაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებს; შესაბამისად, ის ითვლება თავშესაფრის მაძიებელ პირად, რაც გამორიცხავს მის ექსტრადიციას; გარდა ამისა, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ არსებობს „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის რისკი და რუსეთის ფედერაციის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორი ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განჩინების გაუქმებას და მ. ფ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ფ-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 23 ივლისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ დგინდება ის გარემოებები, რომ მ. ფ-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე რეალური ინფორმაცია, რაც მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას (ECtHR, №36378/02, შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), 12/04/2005, §352). უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (ECtHR, №46827/99, 46951/99, მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) 04/02/2005, §70).

6. იმის გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება მ. ფ-ის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხის არსებობის შესახებ და ასეთი ვითარება არც საქმის მასალებიდან იკვეთება, კასატორის ზოგადი განცხადება უფლებების დარღვევის რისკის არსებობასთან დაკავშირებით, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას ექსტრადიციის განხორციელებაზე უარის თქმისთვის.

7. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილი დამატებითი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მ. ფ-მა სხეულის დაზიანებები (რომლებიც, დაცვის მხარის მოსაზრებით, სამართალდამცავთა მხრიდან მ. ფ-ის მიმართ არასათანადო მოპყრობის შედეგია) მიიღო პოლიციის თანამშრომელთათვის წინააღმდეგობის გაწევის დროს. ამ ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის სრული დაცვით, ჩატარდა წინასაგამოძიებო შემოწმება, რომლითაც დადგინდა, რომ პოლიციელთა ქმედებებში არ იკვეთებოდა რაიმე დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც რამდენჯერმე გააუქმა საგამოძიებო ორგანოს ხელმძღვანელმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წინასაგამოძიებო შემოწმებას არ ჰქონდა ფორმალური ხასიათი და ემსახურებოდა რეალური სურათის წარმოჩენას.

8. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ბოლოს მიიღეს 2019 წლის 20 ნოემბერს. იგი შეამოწმა ქ. ვერხნიაია პიშმას პროკურატურამ და დაადგინა, რომ იყო კანონიერი, დასაბუთებული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. დადგენილება გადაეცა მ. ფ-ის ინტერესების დამცველს, რომელსაც ის არ გაუსაჩივრებია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მ. ფ-ის მიერ პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტი დადგენილად არის მიჩნეული რუსეთის ფედერაციის ვერხნეპიშმენსკის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რომელიც ასევე არ გაუსაჩივრებიათ მ. ფ-სა და მის ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება მ. ფ-ს ჩაჰბარდა მისი მიღების დღესვე. თავად მ. ფ-ს გამოძიებისათვის მიცებულ ახსნა-განმარტებაში ირიბადაც კი არ მიუთითებია მის მიმართ რაიმე ძალადობის თაობაზე.

9. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ფ-მა იცოდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვისა და გამომძიებლის გამოძახებით გამოცხადების ვალდებულების შეხახებ. აღკვეთის ღონისძიების სახით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილება გაიგზავნა შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში იმ მიზნით, რომ მ. ფ-ის ადგილსამყოფლის დადგენისას ხელწერილი მას წარდგენოდა, თუმცა იგი მიემალა სამართალდამცავ ორგანოებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ არის მისი ხელმოწერა. მიუხედავად მ. ფ-ის სამართალდამცავ ორგანოებში გამოუცხადებლობისა, მის მიმართ შეირჩა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა პატიმრობით, რაც დანამდვილებით დადგინდა, რომ მ. ფ-ი იმალებოდა. ეს ფაქტი მიუთითებს მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან რაიმე არაჯანსაღი მოტივებით დაინტერესების არარსებობაზე.

10. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მ. ფ-ი ან მისი ოჯახის წევრები ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას ან მონაწილეობენ პოლიტიკურ აქტივობებში და იგი იდევნება პოლიტიკური შეხედულებების გამო. პირის რაიმე ნიშნით (მათ შორის – პოლიტიკური) დევნის შემთხვევაში მის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი ღონისძიებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.

11. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარმოუდგინა გარანტია, რომლის თანახმად: ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად მ. ფ-ის პოლიტიკური მოტივით დევნას მისი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ფ-ი არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს; იგი უზრუნველყოფილი იქნება დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის – ადვოკატის მომსახურებით; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ანდა ასეთი საფრთხის არსებობის შესახებ მ. ფ-ის ყველა განცხადებაზე ჩატარდება დეტალური და მიუკერძოებელი გამოძიება და მოხდება დამნაშავე პირების დასჯა; მ. ფ-ი უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

12. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ფ-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, რადგან იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მ. ფ-ი არ სარგებლობს საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსით და არ წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელ პირს.

13. გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ მ. ფ-ის შესახებ მოიძია ინფორმაცია ინტერნეტის ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემებში, რომლებშიც მის მიმართ დევნის მანიშნებელი არანაირი ინფორმაცია არ არსებობს.

14. დანაშაულებრივი ქმედება, რომელთა ჩადენისთვისაც მ. ფ-ი მსჯავრდებულია რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს კანონმდებლობით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 10 წელი მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. მ. ფ-ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილია 2018 წლის აგვისტოში. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა ხსენებულ დანაშაულთან დაკავშირებით გასული არ არის. რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 და 78-ე მუხლების შესაბამისად, განსახილველი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით არის გასული.

15 აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც მ. ფ-მა გასაუბრებისას განმარტა, რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები – მშობლები, ძმა და ბებია, ხოლო საქართველოში ცხოვრობს მისი მეგობარი ნ. ვი-ვა, რომელიც დაახლოებით 27 წლისაა და არის საქართველოს მოქალაქე.

16. 2020 წლის 2 მარტს საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა ნ. ვინოგრადოვამ. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ მ. ფ-ისაგან მიიღო წერილი, რომლითაც ის ატყობინებს, რომ დაკავებულია და სთხოვს, თუ ინფორმაციას გადაამოწმებენ, დაადასტუროს, რომ არის მისი შეყვარებული. ნინო ვინოგრადოვას განმარტებით, მ. ფ-ს კარგადაც არ იცნობს, მას შეხვედრია 2-ჯერ ან 3-ჯერ და მასთან არ აქვს მეგობრული ან რაიმე სახის ურთიერთობა. ასეთ ვითარებაში მ. ფ-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ფ-ის ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის, რომელიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერხნეპიშმენსკის მუნიციპალიტეტთაშორისი განყოფილების საგამოძიებო განყოფილების 2018 წლის 2 ნოემბერს მ. ფ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. პ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 10 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი