შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002727536
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
#526აპ.-19 ქ. თბილისი
დ. ზ., 526აპ.-19 13 დეკემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. დ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით ზ. დ., - ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა წინა – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ზ. დ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 22 ოქტომბრიდან.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ზ. დ-მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით ზ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე საქართველოს სსკ-ის 41-ე და 44-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ზ. დ-მა დაასრულა 2017 წლის 16 ოქტომბერს.
· ი. ე. და ზ. დ. არიან და-ძმა და ცხოვრობენ ერთად რ-ი, მ-ის მესამე გასასვლელის მ. კორპუსის ბინა №--ში. 2018 წლის 22 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკებისას, ზ. დ-მა ი. ე. იდაყვით მიიმწყვდია კედელთან და იდაყვითვე ყელში წაუჭირა. შედეგად ი. ე-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ც-ამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ზ. დ-ს გამართლება იმ მოტივით, რომ ი. ე. დაესხა თავს ზ. დ-ს, რომელიც თავს იცავდა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორი – მსჯავრდებული ზ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, რომლებიც ემყარება სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ:
2.1. ზ. დ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს შელაპარაკება მოუხდა დასთან, რომელმაც საპასუხოდ სახე დაუკაწრა, მან კი მოსაშორებლად მოუჭირა ხელი.
2.2. დაზარალებულმა ი. ე-მა სასამართლოზე აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს სიგარეტის გამო იჩხუბა ნასვამ ძმასთან – ზ. დ-თან; უნდოდა სახლიდან გასვლა, რა დროსაც ზ-მა იდაყვით კედელთან მიიმწყვდია, იდაყვითვე წაუჭირა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა; სწორედ ამ დროს ჩამოაკაწრა სახე ძმას, რომლის მკაცრად დასჯას არ ითხოვს; დაზარალებულმა ასევე განაცხადა, რომ ხელის მოჭერის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.3. მოწმე გ. ი-ის ჩვენებით, მონაწილეობდა ბრალდებულის დაკავებაში; ბინაზე მისვლისას ზ. დ. სახლში იყო, მათ დანახვაზე გახდა აგრესიული და იწევდა თავის დისკენ. მას სახეზე ეტყობოდა ნაკაწრები, რომლებზეც თქვა, რომ დამ მიაყენა.
2.4. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 26 ოქტომბრის №-- დასკვნით: „ი. ე-ს ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევები კისრის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად“. ექსპერტმა ბ. მ-ემ დაადასტურა თავისი დასკვნის სისწორე.
3. გარდა ზემოაღნიშნულისა, ზ. დ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დასტურდება 2018 წლის 22 ოქტომბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოსურათებით. საგამოძიებო ექსპერიმენტში ასახული გარემოებები დაადასტურა მასში მონაწილე ექსპერტმა ი. წ-ამ.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ. დ-მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედება.
5. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატის აზრით, დაზარალებულის პოზიციის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ზ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი უნდა შეუმსუბუქდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მაისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
3. მსჯავრდებულ ზ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 30 ნოემბრამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან – 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ზ. დ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
5. მსჯავრდებულ ზ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 22 ოქტომბრიდან;
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე