საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002497926
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №814აპ-19 ქ. თბილისი
ჩ-ი ნ, 814აპ-19 13 აპრილი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძისა და მსჯავრდებულების - ნ. ჩ-ა და ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ნ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ჩ-ს, - დაბადებულს ... წელს, - ბრალად ედებოდა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ; ნ. ჩ-ს, - დაბადებულს ... წელს, - ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ; პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ხოლო ნ. ჩ-ს, - დაბადებულს .... წელს, - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. ლ-ი, ნ.ჟ-ს ქ.N...-ში მდებარე შპს მ-ს ლ-ს სამედიცინო ცენტრის მისაღებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ძმებმა ი. და ნ. ჩ-ა, ეპილეფსიური შეტევით მიიყვანეს ლ. ც-ე. ამ დროს ი. და ნ. ჩ-ა გამოიჩინეს ძალადობა და ძალადობის მუქარა, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და მედპერსონალს არ აძლევდნენ ლ. ც-ნ მისვლის და სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალებას, ხმამაღლა დაუწყეს მათ გინება უცენზურო სიტყვებით, რითაც გამოხატეს შენობაში მყოფი მედპერსონალისა და სხვა მოქალაქეების მიმართ აშკარა უპატივცემულობა. ი. და ნ. ჩ-ს ყვირილზე და ხმაურზე მათთან მივიდა ექიმი მ. ბ-ე, რომელმაც მოუწოდა სიმშვიდისკენ, რომ შეეწყვიტათ გინება და უცენზურო სიტყვებით ყვირილი, რაზეც კიდევ უფრო განაწყენდნენ ძმები - ი. და ნ. ჩ-ი, გამოიჩინეს ძალადობა ხულიგნობის აღმკვეთი მ. ბ-ს მიმართ და დაუწყეს მას ცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რითაც მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ი. და ნ. ჩ-ს მხრიდან ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რა დროსაც შეფერხდა შპს ,,მ-ს’’ ლ-ს სამედიცინო ცენტრის მუშაობა.
ნ. და ნ. ჩ-ს ცნობილი იყო, რომ 2018 წლის 23 მარტს, ქ.ლ-ი შპს ,,მ-ს’’ სამედიცინო ცენტრში მ. ბ-ს ცემის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა ზ. ი-ე. 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ლ-ი, ნ.ჟ-ს ქუჩაზე მდებარე კაფე-რესტორან ,,თ-ის’’ გვერდით, ძმებმა - ნ. და ნ. ჩ-ა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, გარეთ გამოიხმო პოლიციელი - შსს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზ. ი-ე, რომელსაც დაუწყეს საუბარი მ. ბ-ს ცემის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რა დროსაც, საუბრისას განაწყენდნენ ზ. ი-ე და პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხნენ გამომძიებელ ზ. ი-ს და დაუწყეს ცემა, რა დროსაც იძახდნენ -,,მ. ბ-ე გასალახი იყო და ჩ-ს თავი დაგვანებეთო’’. ნ. და ნ. ჩ-ს და გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ თავდასხმის შედეგად ზ. ი-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანება.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით:
ი. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ი. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 2500 ლარი, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 14 მაისიდან იმავე წლის 21 მაისამდე - გათვალისწინებით, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა ი. ჩ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ნ. ჩ-ს (პირადი ნომერი ....) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ლ-ი, ს.მ-ს N..-ში მდებარე, ს/კ 27.06.48.213 უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან 1 თვის ვადაში.
ნ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, ხოლო სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან - სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
ნ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ნ. ჩ-ს, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 10 მაისიდან.
ნ. ჩ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
ნ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 10 მაისიდან.
3. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ბრალდების მხარე ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ი. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნტებით გათვალისწინებულ ქმედებაში და სასჯელის სახით მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას; ნ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნტებით და სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, ხოლო ნ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისთვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას. დაცვის მხარე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ნ. ჩ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ნ. ჩ-ს მიმართ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ნ. ჩ-ს ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 365-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა - 4000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მამუკა ნადირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნტებით და სასჯელად თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას; ნ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნტებითა და 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას (მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრისათვის დადგენილ გამოსაცდელ ვადაში და სახეზეა დანაშულის რეციდივი, ხოლო ნ. ჩ-ს დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელად თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას (ასევე სახეზეა დანაშაულის რეციდივი).
მსჯავრდებულების - ნ. ჩ-ა და ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ნ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. და ნ. ჩ-ს დანიშნული სასჯელის შემცირებას 1 წლით.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს პროკურორი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას ი. ჩ-ს, ნ. ჩ-ა და ნ. ჩ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივი შეფასების ნაწილშიც, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.
8. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულებს - ნ. ჩ-ა და ნ. ჩ-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები. შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძისა და მსჯავრდებულების - ნ. ჩ-ა და ნ. ჩ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ნ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე