შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002105250
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №880აპ-19 ქ. თბილისი
გ. ვ., 880აპ-19 15 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავასა და მსჯავრდებულების - ნ. გ-სა და ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. გ-ს, - - და ნ. გ-ს, - - ბრალად ედებოდათ ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ. გ-მა და ნ. გ-მა გადაინაწილეს როლები და ჯგუფურად თავს დაესხნენ შპს „ჯ.“ დისტრიბუტორ ვ. მ-ს. ნ. გ-მა იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებითა და ძალადობის გამოყენებით ვ. მ-ს სხეულზე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის შემდეგაც თავდამსხმელები სადისტრიბუციო ავტომანქანიდან დაეუფლნენ ფულად თანხას - 2980 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „ჯ.“ მიადგა 2980 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი, ხოლო ვ. მ-ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის მაისის განაჩენით:
ნ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 14 აგვისტოდან.
ვ. გ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 24,179-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ვ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 3 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, იმავე გამოსაცდელი ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე ვ. გ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დარჩენილი მოუხდელი ძირითადი სასჯელიდან - 3 წლით, 10 თვით და 23 დღით თავისუფლების აღკვეთიდან და ჯარიმა 500 ლარიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 1816.82 ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 1816.82 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 12 აგვისტოდან.
განაჩენით ნ. გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ხოლო ვ. გ-ს - ყაჩაღობაში დახმარებაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ. გ. თავს დაესხა შპს „ჯ.“ დისტრიბუტორ ვ. მ-ს, რა დროსაც მან იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით და ძალადობის გამოყენებით ვ. მ-ს სხეულზე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები და სადისტრიბუციო ავტომანქანიდან დაეუფლა ფულად თანხას 2980 ლარის ოდენობით. ვ. გ-მა მას გაუწია დახმარება, კერძოდ ფიზიკური და ფსიქიკური, რის შემდეგაც ვ. გ-მა და ნ. გ-მა თანხა მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „ჯ.“ მიადგა 2980 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი, ხოლო ვ. მ-ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი ირაკლი ქარდავა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. გ-ს და ვ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ჯგუფური ყაჩაღობა და) შესაბამისი სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.
მსჯავრდებულების - ნ. გ-სა და ვ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი კ. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების - ნ. გ-სა და ვ. გ-ს მიმართ, შეამოწმა მათი დამცველის, ასევე ბრალდების მხარის მიერ შეტანილი საკასაციო საჩივრების მოთხოვნის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის წარმომადგენელი კასატორის, ადვოკატ კ. ჩ-ის მიერ მის საკასაციო საჩივარში გამოხატულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალდება და მის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენით მათთვის შერაცხული ბრალი ემყარება არასანდო მოწმეთა წინააღმდეგობრივ ჩვენებებს, რომლებიც მოპოვებულია საპროცესო ნორმების დარღვევით. კასატორი აქცენტს აკეთებს საქმეზე მოწმედ დაკითხული ზ. ს ჩვენებაზე და ამტკიცებს, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი სწორედ ამ ჩვენებაზე ააგო. კასატორის ასეთი პრეტენზია არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სასამართლოს განაჩენის დადგენისას საერთოდ არ მიუღია მხედველობაში მოწმე ზ. ნ-ს მიერ გამოძიების სტადიაზე გამოკითხვისას მიცემული ინფორმაცია და სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების წინააღმდეგ მოწმე პოლიციელების ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მიუხედავად ამისა, სასამართლომ ისინი მაინც გაიზიარა. დაცვის მხარის არც ამ პრეტენზიას გააჩნია საფუძველი, რადგან სასამართლო თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას, საერთოდ არ იხსენიებს საქმეზე მოწმედ დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს. რაც შეეხება გამოძიების სტადიაზე ჩვენებების მისაცემად მოწმეების იძულების ვერსიას, რაზედაც უთითებს ადვოკატი კ. ჩ., საქმის მასალებში მსგავსი რამ არ იკვეთება, ხოლო კასატორს თავის საჩივარში რაიმე კონკრეტული გარემოება აღნიშნული ვერსიის დასადასტურებლად არ დაუსახელებია, რის გამოც საფუძველს მოკლებული ამგვარი ვარაუდები სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული. გარდა ამისა, საკასაციო საჩივარში ბუნდოვანი და გაურკვეველია - სამართლებრივი შედეგის სახით კონკრეტულად რას ითხოვს დაცვის მხარე. განხილული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება მსჯავრდებულთა ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულ ვ. მ-ზე და მისგან ამ თავდასხმის გზით 2980 ლარის გატაცება.
3. სასამართლომ განიხილა აგრეთვე ბრალდების მხარის წარმომადგენლის ი. ქარდავას საჩივარი, რომლითაც კასატორი ითხოვს ნ. გ-სა და ვ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ჯგუფურ ყაჩაღობად დაკვალიფიცირებას, მათ მიმართ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან ის გამომდინარეობს საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებიდან. ის გარემოება, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15.00 საათზე, ქ. თ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ „თ-ს“ ფილიალთან, მაღაზია „ო-ს“ წინ, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენების მუქარითა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით, დაზარალებულ ვ. მ-ის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, შპს „ჯ.“ კუთვნილი, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დასტურდება საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით, მათ შორის პირდაპირი მტკიცებულებებით. იგივე მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ყაჩაღურ თავდასხმაში უშუალოდ მონაწილეობდნენ მსჯავრდებულები ნ. გ. და ვ. გ.. საკასაციო სასამართლოს მხედველობაში აქვს: დაზარალებულ ვ. მ-ის ჩვენება; შემთხვევის ადგილზე არსებული გარე თვალთვალის ვიდეო კამერების ჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმები; საქმეზე ჩატარებული - საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები, აგრეთვე სასამართლო ექსპერტიზების, კერძოდ, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ტრასოლოგიური ექსპერტიზის, სამედიცინო ექსპერტიზის, ბიოლოგიური ექსპერტიზისა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნები.
4. დაზარალებულ ვ. მ-ის ჩვენებითა და გარე თვალთვალის ვიდეო კამერების ჩანაწერებით დგინდება არამარტო მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმისა და მისგან 2980 ლარის გატაცების ფაქტი, არამედ ამ თავდასხმაში მონაწილე პირთა რაოდენობა, მათი ჩაცმულობა და დანაშაულის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, მოძრაობა და გადაადგილების მიმართულება, რაც დროის თვალსაზრისით ემთხვევა დანაშაულის ჩადენის დროს. საქმეში არსებული ბიოლოგიური, დაქტილოსკოპიური და ოდოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით დანაშაულში მონაწილე პირებად, რომლებიც აღბეჭდილნი არიან ვიდეოკამერების ჩანაწერებში, იდენტიფიცირდებიან სწორედ მსჯავრდებულები – ნ. გ. და ვ. გ.. საქმეში არ არსებობს რაიმე სხვა ისეთი მტკიცებულება, რომელიც იძლეოდეს საფუძველს გონივრული ვარაუდისათვის, რომ მათ სხვა დროს, სხვა ადგილზე და სხვა ვითარებაში ჰქონოდათ ფიზიკური შემხებლობა დანაშაულის შემთხვევის ადგილზე არსებულ, „ფორდის“ მარკის იმ მიკროავტობუსთან (სახ. ნომერი --), რომლითაც დაზარალებულ ვ. მ-ს გადაჰქონდა შპს „ჯ-ის“ კუთვნილი თანხები და რომელშიც აღმოჩნდა მსჯავრდებულ ვ. გ-ს თითის ანაბეჭდი, ასევე, ამ უკანასკნელისა და მსჯავრდებულ ნ. გ-ს მიერ დატოვებული სუნის კვლები, აგრეთვე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ სხვა საგნებთან, მათ შორის ისეთ საგანთან, რაც გამოყენებული იყო დაზარალებულის მიმართ ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის განხორციელების ერთ–ერთ საშუალებად.
5. ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, ერთობლიობაში აღებული, ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულები შემთხვევის ადგილზე თავიდანვე წინასწარი განზრახვითა და ურთიერთშეთანხმებით მოქმედებდნენ, რაც წარმოადგენდა მათ თანამოქმედებას დანაშაულის უშუალო აღსრულებაში ანუ დაზარალებულზე ყაჩაღურ თავდასხმაში და იმ მომენტში დაზარალებულის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული თანხების დაუფლებაში. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ვ. გ-ს მიერ შემთხვევის ადგილზე ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ნ. გ-ს მიერ დაზარალებულის მიმართ ჩადენილ ყაჩაღურ თავდასხმაში თანამონაწილეობას ფიზიკური და ფსიქიკური დახმარების სახით. სასამართლო ვერ უთითებს კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ხსენებული დახმარება და მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს: ფიზიკური დახმარება გამოიხატებოდა ამსრულებლისათვის (იგულისხმება ნ. გ.) დანაშაულის ჩადენის გასაადვილებლად გარემოებების შექმნასა და დაბრკოლების თავიდან არიდებაში, ხოლო ფსიქიკურ დახმარებაში მოიაზრება მხარდაჭერა, ინფორმაციის მიწოდება, დაპირება, რომ გადამალავდა ამსრულებელს და მის მიერ დანაშაულებრივად დაუფლებულ ქონებას. თუმცა დახმარების არცერთი დასახელებული ელემენტი არ არის ფაქტების სახით დაკონკრეტებული და არც ის მტკიცებულებებია მითითებული, საიდანაც ეს ფაქტები შეიძლება გამომდინარეობდეს. მაგალითად, არ არის დასახელებული რა დაბრკოლება ეღობებოდა ამსრულებელს დანაშაულის ადგილზე და როგორ აარიდა ეს დაბრკოლება ვ. გ-მა ამსრულებელს, მაშინ, როდესაც, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან დამნაშავისთვის ხელის შემშლელი რაიმე დაბრკოლება საერთოდ არ იკვეთება, გარდა დაზარალებულის მიერ თავდამსხმელებისთვის გაწეული ფიზიკური წინააღმდეგობისა, რაზედაც მეტყველებს დაზარალებულის არამარტო ჩვენება, არამედ მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებებიც. განაჩენიდან არც ისაა, ცნობილი, თუ რა წინაპირობები მოამზადა ვ. გ-მა ამ დანაშაულის ჩასადენად, რა მოქმედებები შეასრულა მან საამისოდ და რომელი მტკიცებულებები მიუთითებენ ყოველივე ამაზე. იგივე შეიძლება ითქვას მისი მხრივ ამსრულებლისთვის ფსიქიკური დახმარების გაწევის შესახებ განვითარებულ ვერსიაზეც.
6. დაზარალებული ვ. მ. თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მოძალადემ მას სახეზე ააფარა ძალიან მძიმე სუნიანი ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ამოღებულ იქნა დანაშაულის ადგილის დათვალიერების დროს. სასამართლო ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის 2017 წლის 28 ნოემბრის №--- დასკვნით ხსენებულ ქსოვილის ნაჭერზე აღმოჩნდა ვ. გ-ს გენეტიკური პროფილის მინორული წილი, ხოლო მაჟორული წილი ეკუთვნის დაზარალებულ ვ. მ-ს, რაც აშკარად და პირდაპირ მიუთითებს ამ უკანასკნელის მიმართ ძალადობაში ვ. გ-ს თანამოქმედებაზე ანუ მის მიერ თანაამსრულებლის ფუნქციის შესრულებაზე. მაგრამ ეს პირდაპირი მტკიცებულება სააპელაციო სასამართლოს რატომღაც მხოლოდ იმის დამადასტურებლად მიაჩნია, რომ ვ. გ. ნამდვილად იმყოფებოდა დანაშაულის ჩადენის ადგილზე, თუმცა საქმეში არავითარი სხვა მტკიცებულება არ არსებობს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ხსენებულ ქსოვილის ნაჭერზე ვ. გ-ს ბიოლოგიური კვალის სხვაგვარად დატოვების თაობაზე რეალური ვარაუდის დაშვება.
7. ამრიგად, მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ვ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება სწორედ ყაჩაღობის უშუალო თანაამსრულებლობას წარმოადგენს ამ დანაშაულის ნ. გ-თან ერთად ჯგუფურად ჩადენის სახით, რაც არსებითად განსხვავდება იმავე დანაშაულში ვიწრო გაგებით თანამონაწილეობისგან ფიზიკური და ფსიქიკური დახმარების სახით, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს ამსრულებლის ან ამსრულებლების მიერ დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობის რეალიზაციისთვის საჭირო წინაპირობის შექმნას. მაშინ, როდესაც საქმეში არსებული მასალებით დგინდება ვ. გ-ს უშუალო მონაწილეობა დაზარალებულ ვ. მ-ზე ყაჩაღურ თავდასხმაში, გასაჩივრებულ განაჩენში არ არის კონკრეტულად მითითებული ვ. გ-ს მიერ ჩადენილი ისეთი მოქმედებები და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლება ყაჩაღობაში დახმარებად ყოფილიყო მიჩნეული, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა მსჯავრდებულ ვ. გ-ს მიერ ფიზიკური და ფსიქიკური დახმარების სახით ყაჩაღობაში თანამონაწილეობის შესახებ, საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 11 აგვისტოს დაზარალებულ ვ. მ-ის მიმართ ყაჩაღური თავდასხმა და მისგან 2980 ლარის გატაცება ნ. გ-სა და ვ. გ-ს ჩადენილი აქვთ ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბრალდების მხარის წარმომადგენლის, პროკურორ ი. ქარდავას საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულთა ქმედების აღნიშნული სისხლისსამართლებრივი ნორმით დაკვალიფიცირების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენში, კერძოდ, მსჯავრდებულ ნ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე. ასევე, მსჯავრდებულ ვ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლიდან და 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
9. რაც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ გამოსაყენებელი სასჯელის სახესა და ზომას, საკასაციო სასამართლო მისი განსაზღვრისას ითვალისწინებს თითოეული მათგანისთვის არსებულ პასუხისმგებლობის ინდივიდუალურ გარემოებებს, კერძოდ, ნ. გ. პირველადაა სამართალში, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მის მიმართ არ არსებობს, რის გამოც ჩადენილი ქმედების ხასიათისა და ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ვ. გ-ს მიმართ საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მან ზემოაღნიშნული დანაშაული ჩადინა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლობის პერიოდში, ე.ი. სახეზეა რეციდივი, რაც საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნეს მის მიმართ სასჯელის ზომის განსაზღვრისას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. გ-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ზომად უნდა შეეფარდოს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1816.82 ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა - 1816.82 ლარი. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების - ნ. გ-სა და ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ნ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულ ვ. გ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლიდან და 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
ნ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 14 აგვისტოდან.
ვ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1816.82 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა - 1816.82 ლარი. მას სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 12 აგვისტოდან.
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე