საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 04.05.2020
საქმის ნომერი
2კ-132აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #120100119002892193

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №132აპ-20 ქ. თბილისი

გ–ი ს., 132აპ-20 4 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი კახაბერ ლეკიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებას და ს. გ–ვის კანონიერი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ს. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა. ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქ. ა–ში ყ..ის ქუჩა N..-ში მცხოვრები ს. გ–ი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ამცირებდა და შეურაცხყოფდა მის მეუღლეს ფ. ბ–ს, უშლიდა მობილური ტელეფონით საუბარს, კომუნიკაციის დამყარებას ნათესავებთან, თავისი შეხედულებისამებრ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, რითაც ს. გ–ი თვლიდა, რომ ოჯახში იყო მამაკაცი და მისი მითითება იყო სავალდებულოდ შესასრულებელი. გარდა ზემოაღნიშნულისა 20.. წლის .. თებერვალს დაახლოებით 14:00 საათზე სახლში მყოფ ს. გ–ს და მის მეუღლეს ფ. ბ–ს ეჭვიანობის ნიადაგზე მოუვიდათ შელაპარაკება, რა დროსაც ს. გ–მა არასრულწლოვანი შვილის, 20.. წლის .. დეკემბერს დაბადებულ ლ. გ–ის თანდასწრებით მეუღლეს ფ. ბ–ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ფ. ბ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ს. გ–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა. გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო (ცნობისათვის: გირაო დღეის მდგომარეობით უზრუნველყოფილი არ არის).

გამართლებულს განემარტა, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. გ–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

7. ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 4 თებერვლის ..... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფ. ბ–ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

8. დაზარალებულებმა - ფ. ბ–მა და ლ. გ–მა, ასევე მოწმე რ. გ–მა (რომელიც არის შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პირი და გამოძიებისას უშუალოდ გამოკითხული არ ყოფილა) გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის - შვილის, მეუღლისა და მამის - ს. გ–ის მიმართ. მოწმეები - ა. ბ–ე; გ. ხ–ი; თ. ო–ი; ა. თ–ი და ა. ა–ე მონაწილეობას იღებდნენ მხოლოდ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში და ისინი არ ფლობენ ინფორმაციას წარდგენილი ბრალდებით დადგენილად მიჩნეულ საქმის გარემოებებზე. მოწმე მ. ბ–ი ფ. ბ–ის მიმართ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის თაობაზე ინფორმაციას ფლობს თავად ფ. ბ–გან, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა ძალადობის ფაქტი. ამასთან, მ. ბ–ის ჩვენება არათანამიმდევრულია და ის ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდის სასამართლოს. თავდაპირველი განმარტებით, დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, ხოლო მისი გამოკითხვის ოქმიდან შეკითხვის დასმის შემდგომ განმარტა, რომ მის დას თვალის მიდამოში სიწითლე ეტყობოდა, რომელიც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ტირილის ან ნერვიულობის შედეგად. შესაბამისად, მ. ბ–ის ჩვენება არ ქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მისი სანდოობის თაობაზე, ამასთან მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით არც დასტურდება ს. გ–ის მხრიდან ფ. ბ–ზე ძალადობის განხორციელების ფაქტი და არც ძალადობის კვალის არსებობა ფ. ბ–ის სახეზე. რაც შეეხება მოწმე ა. ა–ის გამოკითხვისას მიღებულ ინფორმაციას, პირველ რიგში მოწმე გამოკითხვისას არ ადასტურებს ბრალდების ფორმულირების იმ ფარგლებს, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა დადგენილად მიიჩნია, რომ ს. გ–მა ფ. ბ–ს ,,რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ფ. ბ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი“. მოწმე გამოკითხვის ოქმში განმარტავს, რომ დაინახა როგორ ჰკრა ხელი ს. გ–მა ფ. ბ–ს, ის არ ადასტურებს დარტყმების ან დარტყმის არსებობას და არც დაზარალებულის მდგომარეობას აღწერს ტკივილის განცდასთან მიმართებაში. მოწმისთვის არ დაუსვამთ დამაზუსტებელი შეკითხვა, კონკრეტულად რას გულისხმობდა ხელის კვრაში, სხეულის რა მიდამოში მოხდა შეხება და ფიზიკურად რა მდგომარეობაში იყო დაზარალებულად ცნობილი პირი ,,ხელის კვრის“ შემდგომ. ამასთან, მოწმე სასამართლოში უშუალოდ გამოკითხული არ ყოფილა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ მოწმის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაცია.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას ისეთ საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი. ეს არ არის ადვილი ამოცანა გამოცდილი სამართალდამცავი პირებისთვისაც კი, თუმცა გამოწვევა დაუძლეველი ხდება მსხვერპლისთვის, რომელმაც თავად უნდა შეაგროვოს მტკიცებულებები და ამავდროულად, განაგრძოს მოძალადესთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, მისგან ანგარიშსწორების შიშში და მასზე ფინანსურად დამოკიდებულმა (იხ. Volodina v Russia, no.41261/17, §82, ECtHR, 09/07/2019).

10. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ „ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება№766აპ-19).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ბავშვის დაცვა, მათ შორის მშობლების მხრიდან ყველა ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისგან, იმისგან, რომ ბავშვი მოკლებული იყოს ზრუნვას ან დაუდევრად ექცეოდნენ, უხეშად ეპყრობოდნენ (კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ, 1989წ., მუხლი 19).

12. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს ოჯახის წევრებზე, განსაკუთრებით - არასრულწლოვნებზე. ამიტომ, როდესაც საქმეში ფიგურირებს არასრულწლოვანი ოჯახის წევრი, მით უმეტეს, როდესაც დაზარალებული არასრულწლოვანია, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა დაცული იქნეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ნორმალურ გარემოში ცხოვრებისა და განვითარების უფლება და წარდგენილი ბრალდების დასაბუთება არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ საქართველოს სსსკ-ის 49-ე და 50-ე მუხლებით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე№628აპ-19).

13. სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება იმისათვის, რომ ბრალდებულის ბრალეულობა არ იყოს დამოკიდებული მთლიანად ან უმეტესწილად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრი მოწმეების მამხილებელ ჩვენებებზე, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

14.სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე