დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142219700101318
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №10აგ-20 თბილისი
კ. პ., 10აგ-20 31 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. კ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენით პ. კ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6, მე-7, მე-9 პუნქტებით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; 240-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; 238-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; 152-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი პუნქტით - 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ პ. კ-ს განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 1997 წლის 24 ივნისიდან.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი პუნქტით (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მეოთხე ნაწილი (ძველი რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველ, მეორე ნაწილებთან და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მეექვსე, მეშვიდე პუნქტები (ძველი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებზე და საბოლოოდ პ. კ-ს სასჯელის ზომად დარჩა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული პ. კ. გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო ¼-ით შეუმცირდა ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 238-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით (ძველი რედაქცია) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 28 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ- საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.
5. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 2 აგვისტოს №... განკარგულებით პ. კ.შეწყალებულ იქნა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-9 პუნქტებით; 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 240-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძველი რედაქცია); 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით; 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით განსაზღვრული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან უნდა გათავისუფლდეს 2032 წლის 24 ივნისს.
6. 2019 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა პ. კ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენის გადასინჯვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ პ. კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ. კ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას იმ მოტივით, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 აგვისტოს განაჩენს საფუძვლად დაედო დაუშვებელი მტკიცებულება - ამავე საქმეში მსჯავრდებულ ზურაბ ჩხეიძის ჩვენება, რომელიც მან პ. კ-ს წინააღმდეგ მოსალოდნელი სასჯელის შემსუბუქების მიზნით მისცა და რომელიც ასევე ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით მას შეეზღუდა განაჩენის გასაჩივრების უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, კერძოდ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზესამართლებრივად სწორად შეაფასა და 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ პ. კ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებებს, რაც შეიძლება გახდეს 1998 წლის 7 აგვისტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ პ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ პ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ პ. კ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი