დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.07.2020
საქმის ნომერი
2კ-32-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
30.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№32I-20 ქ. თბილისი

ო-ი ი-ნ, 32I-20 30 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ო-ის (Y. O.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის განაჩენით ი. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №765 კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის განესაზღვრა 20 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2009 წლის 4 მარტს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პირველი სამმართველოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 2007 წლის 28 მარტის განაჩენში, რომლის თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №765 კოდექსის 448-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ი. ო-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი დარჩა უცვლელად და საბოლოო სახე მიიღო, ხოლო თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის ახალი დებულებების ი. ო-ის სასარგებლოდ გამოყენების საკითხის განხილვის მიზნით, გაუქმდა №6136 კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი და საქმე, სასჯელის ხელახლა განსაზღვრის მიზნით, დაბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. 2009 წლის 17 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ, უზენაესი სასამართლოს პირველი სამმართველოს 2009 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, განიხილა თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის ახალი დებულებების ი. ო-ის სასარგებლოდ გამოყენების საკითხი, რომლის საფუძველზეც აღნიშნული სასამართლოს განაჩენით ი. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა და ამ განაჩენმა, გასაჩივრების გარეშე, საბოლოო სახე მიიღო. 2009 წლის 19 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2007 წლის 28 მარტისა და 2009 წლის 17 ივნისის განაჩენებით ი. ო-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 10 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2012 წლის 5 დეკემბრიდან ი. ო-ი პირობით ვადამდე გათავისუფლდა ზემოაღნიშნული განაჩენებით განსაზღვრული სასჯელების – 20 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან. 2017 წლის 20 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო მესამე მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ი. ო-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე კოდექსის 87-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2018 წლის 26 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პირველი სამმართველოს გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო. 2018 წლის 21 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით ი. ო-ის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულის ჩადენის გამო გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი და ი. ო-ს დაეკისრა 2007 წლის 28 მარტისა და 2009 წლის 17 ივნისის განაჩენებით განსაზღვრული სასჯელების მოუხდელი ნაწილის – 3366 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვალდებულება.

2. 2018 წლის 16 მაისს თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ბრძანება ი. ო-ის დაკავების შესახებ.

3. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ი. ო-ის მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების დანაშაულთა ფაქტობრივი გარემოებები:

2004 წლის 31 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ი. ო-ი, რომელსაც პირადი წყენა აკავშირებდა რ. ო-თან, ავტომანქანით, რომელსაც მართავდა მისი მეგობარი – ო. ქ-ი, მივიდა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქ-ში, ი. ბ-ეს რაიონში, რ. ო-ის საცხოვრებელ სახლთან. ადგილზე მისულმა ი. ო-მა დაინახა რ. ოზქანი, რომელიც ქუჩაში მეგობარს ესაუბრებოდა, გადმოვიდა ავტომანქანიდან და ხელთ არსებული უნებართვო ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ ესროლა მას. ი. ო-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა ო. ქ-ის ავტომანქანით. ი. ო-ის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად რ. ო-ი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები:

2016 წლის 13 მარტს თურქეთის რესპუბლიკის ქ. ქ-ში ი. ო-ი, ქ. ქ-ა, ნ. ა-ში და სხვა ბრალდებული პირები საფეხბურთო მატჩიდან ბრუნდებოდნენ ავტობუსით, რა დროსაც, ავტობუსის შეკეთების მიზნით, გაჩერდნენ ი-ის რაიონში, ჰ. გ-სა და ა. გ-ის კუთვნილი ჩაის სახლის წინ. ი. ო-ს, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, შელაპარაკება მოუვიდა ჰ. გ-თან და დაუწყო მას ცემა. ამის შემდეგ ინციდენტში ჩაერთვნენ ავტობუსიდან გადმოსული სხვა ბრალდებულები და ჰ. გ-ს ძმა – ა. გ-ი. დაპირისპირებისას ჰ. გ- შევიდა თავის კუთვნილ ჩაის სახლში, გამოიტანა დანა და გარეთ გამოსულმა დაიწყო მისი მოქნევა, რა დროსაც ქ. ქ-ამ მიიღო სასიკვდილო ჭრილობები და გარდაიცვალა, ხოლო ი. ო-მა და ნ. ალთაშმა მიიღეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სხვადასხვა სახის დაზიანებები. თავის მხრივ, ფიზიკური დაპირისპირებისას ი. ო-მა ჰ. გ-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხვადასხვა სახის დაზიანებები.

4. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №765 კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, დანაშაულის თითოეული შემთხვევისათვის ი. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. ჯანმრთელობის დაზიანებისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 87-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს არანაკლებ 3 წლით თავისუფლების აღკვეთას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულისათვის ი. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. ი. ო-ის ქმედებები, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება); ამასთან, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი – 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზიანებას, საქართველოს იურისდიქციაში ჩადენის შემთხვევაში, ი. ო-ის ქმედება დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის), რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამრიგად, ი. ო-ის მიერ ჩადენილი ქმედებები დანაშაულად ითვლება და დასჯადია როგორც საქართველოს, ისე – თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში გათვალისწინებულია 1 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.

6. 2019 წლის 5 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ი. ო-ის ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

7. 2020 წლის 20 მარტს ი. ო-ი, ექსტრადიციის მიზნით, დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

8. 2020 წლის 21 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ი. ო-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

9. 2020 წლის 2 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2020 წლის 21 მარტის განჩინების შეცვლის თაობაზე.

10. 2020 წლის 16 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. ო-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე – 2020 წლის 20 სექტემბრამდე.

11. 2020 წლის 23 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი ი. ო-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2020 წლის 16 ივნისის განჩინების შეცვლის თაობაზე.

12. ამჟამად ი. ო-ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

13. 2020 წლის 3 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა ი. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია 2007 წლის 28 მარტის, 2009 წლის 17 ივნისისა და 2017 წლის 20 ივნისის განაჩენებში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 87-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის).

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით დასაშვებად ცნო ი. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2007 წლის 28 მარტისა და 2009 წლის 17 ივნისის განაჩენებში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება), ასევე – თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 87-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის).

15. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ო-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ი. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისის განჩინების გაუქმებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ი. ო-ის მიმართ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული 9-თვიანი პატიმრობის ვადა; ის არ იყო უზრუნველყოფილი თურქული ენის მცოდნე კვალიფიციური თარჯიმნით; ასევე დარღვეულია ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი – ი. ო-ის ექსტრადიციის საკითხი არ უნდა განეხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს; მან თურქეთის რესპუბლიკა იმიტომ დატოვა, რომ მის მიმართ განაჩენები გამოიტანეს აბსურდული ბრალდებითა და გაყალბებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რადგან ი. ო-ი არ არის მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეექმნებოდა სერიოზული საფრთხე; ზოგადად, თურქეთის რესპუბლიკაში ბოლო პერიოდის განმავლობაში მასობრივად დაირღვა ადამიანის უფლებები, განხორციელდა წამება, არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობა, დასჯა; თურქეთის ხელისუფლება სულ უფრო უჭერს მხარს სიკვდილით დასჯის აღდგენას; ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ხშირად ხდება სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფა, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ქონების კონფისკაცია. ასეთ ვითარებაში აშკარაა, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ო-ი შეიძლება, დაექვემდებაროს პოლიტიკურ დევნას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. ი. ო-ი არის იზოლირებული, რაც ხელს უშლის მას მტკიცებულებების მოპოვებაში. ამასთან, დაკავების მთელი პერიოდის განმავლობაში ჩაკეტილია საზღვრები და შეუძლებელია თურქეთის რესპუბლიკაში შესვლა. ი. ო-მა მოითხოვა თავშესაფარი ლტოლვილის სტატუსის მისაღებად; ამჟამად ეს საკითხი განხილვის პროცესშია, ამიტომ მისი ექსტრადიცია დაარღვევს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნებს.

16. პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ი. ო-ი საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 20 მარტს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ი. ო-ის მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. ო-ი დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რადგან არ არის მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებებს. ი. ო-ის ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია ზემომითითებული საკითხის თაობაზე. ი. ო-ის განმარტებით, 2012 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მასზე მოხდა თავდასხმა და ორმა პირმა მას მიაყენა ხუთი ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულის შესახებ მან მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და როგორც მისთვის ცნობილია, მასზე თავდასხმაში დამნაშავე პირს სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. გარდა ამისა, ი. ო-ი 2004-2012 წლებში, 8 წელზე მეტი დროის განმავლობაში, იმყოფებოდა პატიმრობაში, მაგრამ არ არის წარმოდგენილი რაიმე ინფორმაცია საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ ძალადობის ან/და არასათანადო მოპყრობის რაიმე ინციდენტის არსებობის შესახებ. თუნდაც ის ფაქტი, რომ მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანებების გამო თავად ი. ო-ის მიმართ თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მყისიერად დაიწყეს სისხლისსამართლებრივი დევნა, თურქეთში სიცოცხლის უფლების დაცვის მექანიზმების ეფექტურობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ი. ო-ი სრულად ესწრებოდა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვას ქოჯაელის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2007 წლის 28 მარტისა და 2009 წლის 17 ივნისის განაჩენებთან დაკავშირებით; საქმეთა განხილვისას მან წარადგინა საკუთარი მტკიცებულებები და მონაწილეობდა ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევაში. განაჩენების გამოცხადებას ესწრებოდნენ თავად ი. ო-ი და მის მიერ არჩეული ადვოკატი, რომელმაც 2007 წლის 28 მარტის განაჩენი გაასაჩივრა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

6. რაც შეეხება ქოჯაელის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენს, ის გამოტანილ იქნა ი. ო-ის დაუსწრებლად, ამიტომ „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების გარანტია, რომ ი. ო-ი თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა და მას მიეცემა აღნიშნულ განაჩენთან დაკავშირებით მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა. საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანაა. აღნიშნული ორგანიზაცია კი კარგად გამართული და ეფექტური სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და ინსტიტუციების მეშვეობით თავის წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვას მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფს.

7. თურქეთის რესპუბლიკაში ი. ო-ი მსჯავრდებულია განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. ვინაიდან მან გამოსაცდელ ვადაში ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაული ჩაიდინა, გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი და ი. ო-ს დაეკისრა 2007 წლის 28 მარტისა და 2009 წლის 17 ივნისის განაჩენებით განსაზღვრული სასჯელების მოუხდელი ნაწილის – 3366 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდის ვალდებულება. ი. ო-მა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა მის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმების შემდეგ და უკან აღარ დაბრუნებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მას არ მიუმართავს არცერთი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოსათვის მის მიმართ რაიმე ნიშნით დევნასთან ან/და უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც ქმნის ვარაუდს, რომ ი. ო-ის მიზანია თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართლის პროცესისათვის თავის არიდება. აგრეთვე არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ი. ო-ის რაიმე ნიშნით დევნაზე მიუთითებდა.

8. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ი. ო-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, მეტიც, არ არსებობს რაიმე ნიშნით მისი დევნის საფრთხე (აღნიშნული დადასტურდა საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერნეტის ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციითაც), რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკს.

10. მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით დევნის, მის მიმართ წამების, არასათანადო მოპყრობის საფრთხის ან სიცოცხლის ხელყოფის რისკის შესახებ.

11. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ი. ო-ი არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

12. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 2020 წლის 2 ივნისს ი. ო-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. ი. ო-მა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს სარჩელის განხილვა. ექსტრადიციის სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე არ უნდა აღსრულდეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება, ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციით ნაგულისხმევი ვალდებულებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით არ არსებობს ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება სასამართლო განხილვის ეტაპზე.

13. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ 1996 წლის 4 აპრილის ხელშეკრულების 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი არ ექვემდებარება ექსტრადიციას, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან მიღებულია გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებისთვისაც ექსტრადიცია მოითხოვება, უკვე მიღებულია შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის განმხილველ სახელმწიფოში (non bis in idem). დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებისთვისაც მოითხოვება ი. ო-ის ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. აღნიშნულის გამო, არ შეიძლება საქართველოს კომპეტენტური ორგანოები ახორციელებდნენ წარმოებას ან საქართველოს სასამართლომ გამოიტანოს განაჩენი ხსენებულ დანაშაულებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ი. ო-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ მოხდება პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem-ის დარღვევა.

14. გარდა ამისა, დანაშაულებრივ ქმედებებს, რომელთა ჩადენისთვისაც ი. ო-ი ბრალდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულები მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 10 წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს, ხოლო 15 წელში – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თურქეთის რესპუბლიკაში ი. ო-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენები გამოტანილია 2007 წლის 28 მარტს, 2009 წლის 17 ივნისსა და 2017 წლის 20 ივნისს. პირველ ორ განაჩენთან დაკავშირებით იგი 2012 წლის 5 დეკემბრიდან პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, თუმცა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანების დანაშაულის ჩადენისათვის 2018 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით დაეკისრა სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდის ვალდებულება. ამასთან, 2018 წლის 16 მაისიდან ი. ო-ი იძებნება თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ. ამდენად, მოცემულ განაჩენებთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები გასული არ არის. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ი. ო-ის მიმართ გამოტანილი განაჩენებით დადგენილი სასჯელის აღსრულების ხანდაზმულობის ვადები არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული. ამგვარად, ი. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია შესაბამისი იქნება „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან.

15. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ი. ო-მა გასაუბრებისას განმარტა, დაახლოებით ორი წელია, რაც საქართველოში იმყოფება, აქ არ ჰყავს ოჯახის წევრები, ხოლო თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი დედა, მამა და სამი ძმა. ასეთ ვითარებაში ი. ო-ის ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

16. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ი. ო-ის მიმართ დაირღვა პატიმრობის 9-თვიანი ვადა, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებასა და საექსტრადიციო პატიმრობას შორის არსებობს შინაარსობრივი განსხვავება და აღნიშნული პროცედურები მოწესრიგებულია განსხვავებული სამართლებრივი ნორმებით. ი. ო-ის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის მოხდას არაფერი აქვს საერთო საექსტრადიციო პატიმრობასთან და დაუშვებელია პატიმრობის ვადების დაჯამება. ამასთან, საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისათვის განსხვავებული სტანდარტის არსებობა დადგენილია „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „f“ ქვეპუნქტით, რომელიც აწესრიგებს ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის გამოყენების საფუძველს. ექსტრადიციის მიზნით დაპატიმრებისას სახელმწიფოს არ მოეთხოვება, დაასაბუთოს ბრალდებულის მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამავდროულად, ექსტრადიციის მიზნით პირის დაპატიმრებისათვის აუცილებელია, არსებობდეს მიმდინარე საექსტრადიციო პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ამ მიმართებითაც უსაფუძვლოა.

17. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ასევე მიუთითებს ტერიტორიული განსჯადობის პრინციპის დარღვევაზე, რასაც საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს. „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექსტრადიციის საკითხების განხილვა განეკუთვნება საქართველოს გენერალური პროკურატურის კომპეტენციას, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოა უფლებამოსილი, განიხილოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა.

18. რაც შეეხება ი. ო-ის უზრუნველყოფას თურქული ენის მცოდნე კვალიფიციური თარჯიმნით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებში არსებულ არცერთ დოკუმენტზე არ არის დაფიქსირებული ი. ო-ის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის რაიმე სახის შენიშვნა თარგმნის ხარისხთან დაკავშირებით. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე იმსჯელეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლემ – 2020 წლის 2 აპრილის განჩინებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლემ – 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ი. ო-ის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც აღწერილია თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2007 წლის 28 მარტისა და 2009 წლის 17 ივნისის განაჩენებში და დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება), ასევე – თურქეთის რესპუბლიკის ქოჯაელის საქალაქო მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განაჩენში აღწერილი ქმედებისათვის, რომელიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №5237 კოდექსის 86-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 87-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

20. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ი. ო-ის სისხლის სამართლის საქმე №171070319008, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენის გაუქმებისა და ი. ო-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, განსახილველად შემოვიდა 2020 წლის 9 ივლისს. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით არ არის მიღებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. ო-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი