დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #010142219700101895
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №3აგ-20 ქ. თბილისი
დ–ა ა., 3აგ-20 13 ივლისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ლ–ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ა. დ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 წელი.
ა. დ–ს საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 6 თვით. ამავე განაჩენით მსჯავრდებულია ვ. კ–ე.
2. 2019 წლის 13 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ა. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ლ–მ, რომელმაც ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ა. დ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ა. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ლ–ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ლ–მ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის მითითება, რომ დაუშვას შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე. სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. კასატორი ახლად გამოვლენილ გარემოებებად მიიჩნევს იმას, რომ ბრალდების მოწმე ფ. ა–ი ცრუ ჩვენებას იძლეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში მოწმის სახით გამოკითხვისას, ასევე სასამართლოში საქმის განხილვისას; მოწმის სახით გამოკითხული მ. ფ–ე საგამოძიებო ორგანოში ყოფნისას იყო ძლიერ ნაბახუსევი და იმყოფებოდა აგონიაში, რის გამოც ხელი მოაწერა გამომძიებლის მიერ დაწერილ ჩვენებას; ამავე საქმეზე ასევე უკანონოდ მსჯავრდებულ ვ. კ–ს ჩვენების მიცემისას ა.დ–ს შესახებ არ უსაუბრია, არ მიუცია მობილური ტელეფონი და არ მოუთხოვია თანხა დ–სთვის გადასაცემად; უკანონოდ მსჯავრდებული ვ. კ–ე არ იყო თანამდებობის პირი და ამდენად მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონოა და პირდაპირ მეტყველებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქმის ფაბრიკაციასა და პროვოკაციაზე; განჩინებაში არაა ნამსჯელი იმ ფაქტზე, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერითა და ...... მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის თანახმად, ტერიტორია არაა ქ. ...... მუციპალიტეტის გამგებლობაში, რაც იმის დასტურია, რომ იგი კერძო საკუთრებაა.
4. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს რომ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ახლად გამოვლენილია ისეთი ფაქტი ან მტკიცებულება რომელიც ერთის მხრივ განაჩენის დადგენის დროს არ იყო ცნობილი და მეორე მხრივ მიუთითებს მსჯავრდებულის უდანაშაულობაზე ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მიუთითებს ვ. კ–ის ჩვენებაზე, რომელიც არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას. ვ. კ–ე მსჯავრდებულია ამავე საქმეზე და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რა დროსაც მან აღიარა მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენა და დაეთანხმა საპროცესო შეთანხმებაში ასახულ ყველა პირობას.
5. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საპროცესო შეთანხმება ევროპული სისხლის სამართლის სისტემებისთვის დამახასიათებელია და სწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას (იხ., Natsvlishvili and Togonidze, v. Georgia, no. 9043/05, § 90, EctHR, 29/04/2014). სასამართლო ითვალისწინებს რომ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა მსჯავრდებულის ადვოკატის მონაწილეობით, დამტკიცდა სასამართლოს მიერ, სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ ადგილი არ ჰქონდა მის მიმართ ზეწოლას, საპროცესო შეთანხმება არ იყო დადებული წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების შედეგად. ამასთან ვ. კ–ს არ გაუსაჩივრებია მის მიმართ გამოტანილი განაჩენი. ამრიგად, საპროცესო შეთანხმება დაიდო კანონმდებლობის შესაბამისად და მას თან ახლდა ადეკვატური სასამართლო განხილვა, შესაბამისი მხარეების მონაწილეობით (იხ. Natsvlishvili and Togonidze, ციტირებული ზემოთ, §§ 94-95) სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიდგომის თანახმად, ის არგუმენტიც კი რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულმა არ იცოდა მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია “თუნდაც ეს სინამდვილეს შეესაბამებოდეს, საპროცესო შეთანხმებებსა და მათ შემდგომ ჩვენებებს საეჭვოს არ ხდის” (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §156, ECtHR, 14/05/20202). საქმის მასალებში ასევე არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მსჯავრდებულების მიმართ საპროცესო შეთანხმების დადებას მათი ნების საწინააღმდეგოდ რაც გახდებოდა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ განჩინების გადასინჯვის საფუძველი.
6. რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული მერაბ ფხალაძის გამოკითხვის ოქმს, მერაბ ფხალაძე განმარტავს, რომ გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო ორგანოში ყოფნის დროს იყო ძლიერ ნაბახუსევი, რის გამოც ხელი მოაწერა გამომძიებლის მიერ დაწერილ ჩვენებას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მ. ფ–ე დაკითხულია სასამართლოში საქმის განხილვისას 2014 წლის 24 თებერვალს რა დროსაც მას ჰქონდა შესაძლებლობა სასამართლოსთვის მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც მისთვის იყო ცნობილი; სასამართლო სხდომაზე ა. დ–ს ადვოკატს ჰქონდა მ. ფ–ის დაკითხვის და მოწმისათვის დაცვის პოზიციის დასაბუთებისათვის საჭირო ყველა შეკითხვის დასმის შესაძლებლობა. ამდენად, ეს ფაქტი არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას.
7. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერითა და ....... მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილის თანახმად, ტერიტორია, რომელზეც ფ. ა–ს უნდა დაეყენებინა მოძრავი გაზგასამართი ავტომობილი, არ არის ქ. ...... მუნიციპალიტეტის გამგებლობაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარე მოიცავს ასევე სამსახურებრივ მფარველობას. ამდენად, იმის მტკიცება მიწა კერძოა თუ სახელმწიფოს საკუთრებაში არარელევანტურია, ვინიდან როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოცემულ შემთხვევაში ა. დ–სთვის ქრთამის მიცემა სწორედ მისი მხრიდან მფარველობისთვის ხდებოდა (ფ. ა–სათვის სასურველ ადგილზე ყოველგვარი ნებართვის გარეშე ავტომანქანების გაზგასამართი მოძრავი სპეციალური მანქანის დაყენება), რისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მიწის საკუთრებით ტიპს.
8. სასამართლო მიუთითებს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით - ფ. ა–ისა და მ. ფ–ის ჩვენებებით, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული მასალებით, ...... მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული დოკუმენტაციით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ფოტოსურათების დათვალიერების ოქმებით, თანხის გადაცემისა და შედარების ოქმებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2013 წლის 16 სექტემბერს, ..... მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ა. დ–მ და .... მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა ვ. კ–მ, ფ. ა–ს, რომელსაც სურდა ქ. ........ ში გაზგასამართი მოძრავი საშუალების დაყენება და აირის რეალიზაცია, ქრთამის სახით მოსთხოვეს 10000 ლარის გადახდა, რათა თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით დახმარებოდნენ გამგეობის კუთვნილ მიწაზე ყოველგვარი ნებართვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე ავტომანქანების გაზგასამართი მოძრავი სპეციალური ავტომანქანის დაყენებაში, ამასთანავე, შეპირდნენ სამსახურებრივ მფარველობას, კერძოდ, კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლის მიუხედავად, ადგილობრივ უფლებამოსილ ორგანოებთან ურთიერთობის მოგვარებას. 2013 წლის 18 სექტემბერს, მათ ფ. ა–ს დაათვალიერებინეს ადგილი, სადაც უნდა მომხდარიყო ბუნებრივი აირის რეალიზაცია, ამასთანავე, კვლავ დააიმედეს, რომ ადგილობრივ სამსახურებთან არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა და ხელს არავინ შეუშლიდა საქმიანობაში, რის შედეგადაც ა. დ–ს მითითებით და მასთან შეთანხმებით, ვ. კ–მ ფ. ა–ს დამატებით ქრთამის სახით მოსთხოვა 3000 ლარი. 2013 წლის 19 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, ქ. ....... ვ. კ–მ ფ. ა–ს ქრთამის სახით გამოართვა 11000 ლარი. 2013 წლის 19 სექტემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვ. კ–ის პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა 200 ცალი 50 ლარიანი და 5 ცალი 200 ლარიანი კუპიურა. ფულადი თანხა საერთო ჯამში 11000 ლარის ოდენობით. თანხის გადაცემისა და შედარების ოქმით დასტურდება, რომ დაკავებისას, ვ. კ–ის მიერ ამოღებულ იქნა ფ. ა–ის მიერ გადაცემული ფულადი თანხა 11000 ლარის ოდენობით.
9. კასატორი მიუთითებს, რომ ა. დ–ას მსჯავრდებას საფუძვლად დაედო აგენტ-პროვოკატორის ფ. ა–ის ჩვენება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,წაქეზებას აქვს ადგილი, როდესაც მასში ჩართული ... პირები, თავს არ იკავებენ საგამოძიებო პროცესში განსაკუთრებული აქტივობისგან, არამედ ისეთ გავლენას ახდენენ საკითხზე იმ ფორმით, რომ წააქეზონ დანაშაულის ჩადენა, რომელიც სხვაგვარად არ იქნებოდა ჩადენილი (Ramanauskas v. Lithuania no. 74420/01, §55, ECtHR, 05/02/2008). იმავდროულად, სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისთვის უნდა არსებობდეს მტკიცებულება, რომელიც არა მხოლოდ მიუთითებს დანაშაულის პროვოკაციაზე, არამედ იმავდროულად უცნობი იყო კასატორისთვის განაჩენის დადგენის დროს.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროსაბჭოს „კორუფციაზე სისხლის სამართლის კონვენციის“ 23-ე მუხლი ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების ვალდებულებას მიიღონ აუცილებელი საკანონმდებლო და სხვა ზომები, სპეციალური საგამოძიებო ტექნიკის ჩათვლით, რათა მათ ჰქონდეთ ამ სფეროში მტკიცებულებების გამარტივებული გზით შეგროვების შესაძლებლობა. კონვენციის განმარტებითი ბარათის თანახმად, „სპეციალური საგამოძიებო ტექნიკა“ შეიძლება გულისხმობდეს საიდუმლო აგენტების გამოყენებას, საკაბელო კავშირებს, სატელეკომუნიკაციო და კომპიუტერულ სისტემაში ჩართვას, რაც შეიძლება აუცილებელი იყოს ამ სფეროში ინფორმაციის შესაგროვებლად“ ( Ramanauskas v Lithuania, no. 74420/01, $35, 50, ECtHR, 05/02/2008).
11. სასამართლო ითვალისწინებს რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ ფ. ა–ი არის აგენტ-პროვოკატორი და კასატორის მიერ მითითებული ფ. ა–ის ნასამართლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც კასატორის განმარტებით წარმოადგენს ახალ გარემოებას და რომლის დამადასტურებელ მტკიცებულებას ის წარმოუდგენდა სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია აღნიშნული საკითხის შეფასების შესაძლებლობას მტკიცებულებათა არ არსებობის გამო. იმავდროულად, კასატორი ლ. ნ–ს და ა. ბ–ის გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით ცდილობს დაამტკიცოს ფ. ა–ის მიერ სასამართლოში საქმის განხილვისას ცრუ ჩვენების მიცემა. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ 310-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტის საფუძველზე განაჩენის გადასინჯვისთვის მტკიცებულების სიყალბე (მოცემულ შემთხვევაში - მოწმის ჩვენების) დადგენილი უნდა იყოს მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (რომელიც ადგენს შესაბამისი მტკიცებულების სიყალბეს) და იმავდროულად ასეთი განაჩენის არსებობის შემთხვევაშიც კი, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ ყალბად მიჩნეული მტკიცებულება საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს. ამდენად, სსსკ 310-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ მტკიცებულების სიყალბის დადგენის წესს, რომელსაც ემყარება გადასასინჯი განაჩენი. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი სასამართლოს განაჩენი, რომლითაც დადგენილი იქნებოდა მის მიერ მითითებული რომელიმე მოწმის ჩვენების სიყალბე, ხოლო ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ვერ გახდება განაჩენის სსსკ-ის 310-ე მუხლის „ა)“ ქვეპუნქტით გადასინჯვის საფუძველი ( იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე №46აგ-19).
12. სასამართლო ასევე ითვალისწინებს რომ კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვ. კ–ს ჩვენების მიცემისას ა.დ–ს შესახებ არ უსაუბრია, არ მიუცია მობილური ტელეფონი და არ მოუთხოვია თანხა დ–სათვის გადასაცემად, ასევე ის რომ დანაშაულის ჩადენისას ვ. კ–ე არ იყო თანამდებობის პირი და ამდენად მის მიმართ წარდგენილი ბრალდება უკანონოა და პირდაპირ მეტყველებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან საქმის ფაბრიკაციასა და პროვოკაციაზე - ეხება საქმეში არსებულ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც მხარეებისთვის და საქმის განმხილველი სასამართლოსთვის ცნობილი იყო განაჩენის დადგენისას, შესაბამისად შესწავლილი და შეფასებული უნდა ყოფილიყო განაჩენის დადგენისას. საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში შეაფასოს ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ცნობილი იყო განაჩენის დადგენისას, შეფასებული იყო შესაბამისი სასამართლოების მიერ განაჩენის დადგენის და გადასინჯვისას, თუ არ არსებობს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ აქვს წარმოდგენილი ახალი გარემოება, რომელიც მიუთითებდა პროცესის მწარმოებელი პირების მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებაზე, ასევე წარმოდგენილი არ არის სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ1)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროკურორის დადგენილება. ამდენად, აღნიშნული გარემოებები არ წარმოადგენს სსსკ-ის 310-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლადგამოვლენილ გარემოებას (ვ. კ–ის ჩვენების შინაარსი და მისი თანამდებობრივი მდგომარეობა ცნობილი იყო ა. დ–ს საქმის განხილვისას. იმავდროულად, ვ. კ–ის თანამდებობრივი მდგომარეობა მოცემული საქმისათვის ირელევანტურია, ვინაიდან სასამართლო ვერ შეაფასებს ვ. კ–ის მსჯავრდების კანონიერების საკითხს) .
13. სასამართლო ითვალისწინებს რომ ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, N49684/99, §30, ECtHR,25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) N 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
14. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ლ–ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციონაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ემუხლისმე-3 ნაწილით და
დაადგინა :
1. მსჯავრდებულ ა. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ლ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ა. დ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ლ–ს შუამდგომლობის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე