დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 26.06.2020
საქმის ნომერი
50აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
26.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700097843

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელი

საქმე №50აგ-19 ქ. თბილისი

რ. გ., 50აგ-19 26 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. რ-ას საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით მ. ჯ. (იმჟამად გ. რ.), - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,“ ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;

სსკ-ის 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ. ჯ-ეს (იმჟამად გ. რ-ს) სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით მ. ჯ-ის (იმჟამად გ. რ-ას) მიმართ დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით, რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, მ. ჯ-ეს (იმჟამად გ. რ-ას) განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით. მ. ჯ-ის (იმჟამად გ. რ-ას) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო, ხოლო სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 იანვრიდან.

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ჯ-ის (იმავე გ. რ-ას) საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

4. 2019 წლის 24 ოქტომბერს მცხეთის რაიონული სასამართლოდან თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. რ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რომლითაც მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, ვინაიდან განაჩენი გამოტანილია მ. ჯ-ის მიმართ, ხოლო თვითონ არის გ. რ.. ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობით მსჯავრდებულმა გ. რ-ამ კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ნოემბერს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. რ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. კასატორი - მსჯავრდებული გ. რ. საკასაციო საჩივრებში უთითებს, რომ სასჯელს გაუქმებული, არარსებული მონაცემებით იხდის. იგი ასევე გაუქმებული მონაცემებით გაასამართლეს, ვინაიდან განაჩენის გამოტანის დროს მოწმის დაცვის სპეციალურ პროგრამაში აღარ იყო ჩართული. შესაბამისად, განაჩენში სხვა სახელსა და გვართან ერთად, სხვა პირადობის ნომერია მითითებული. კასატორი აგრეთვე აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, თუკი გვარის შეცვლის ინფორმაციას მცხეთის სასამართლო ფლობდა განაჩენის გამოტანის დროს, მაინც ძველი გვარით (ე.ი. პროგრამაში ჩართვის დროს მინიჭებულით) რატომ გაასამართლეს. ამასთან, განაჩენში ორივე მონაცემი საიდუმლოების დაცვის გარეშე მიეთითა, რაც აგრეთვე დარღვევაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად ჩამოთვლის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს. ის გარემოებები კი, რაზეც კასატორი საჩივარში აპელირებს (განაჩენში საიდუმლოების დაცვის გარეშე მისი ორივე ვინაობის მითითება და შესაბამისად, სასჯელის გაუქმებული მონაცემებით მისჯა), ამ შემთხვევაში არცერთი საფუძვლის მოთხოვნებს არ მიესადაგება.

3. კასატორის მოსაზრებით, მას სასჯელი მოქმედი მონაცემებით დანიშნული არ აქვს. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება აღნიშნულ პოზიციას და უთითებს, რომ მას სასჯელი დაენიშნა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბერის განაჩენით. მართალია, თავდაპირველად ხსენებული განაჩენის მხოლოდ აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში იყო მ. ჯ-სთან ერთად მსჯავრდებულის იმჟამინდელი ვინაობა - გ. რ. მითითებული, მაგრამ მოგვიანებით, კერძოდ, 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, აღმოიფხვრა ამ განაჩენში დაშვებული ბუნდოვანება-უზუსტობა და აღინიშნა, რომ განაჩენის შესავალსა და სარეზოლუციო ნაწილში მ. ჯ-ის გასწვრივ აგრეთვე უნდა მითითებულიყო სიტყვები - „ამჟამად გ. გ-ის ძე რ..“ საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად, ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის კონკრეტული ვადა დადგენილი არ არის, შესაბამისად კასატორის მიერ მისი დაკავშირება „ცხრათვიან ვადასთან,“ არამართებულია. გასათვალისწინებელია, ის გარემოებაც, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი ძალაში დატოვეს როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოებმა და მათ მიღებულ გადაწყვეტილებებში აგრეთვე მითითებულია მათ შორის იმჟამინდელი გვარი - გ. რ..

4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ გ. რ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. რ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი