საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.07.2020
საქმის ნომერი
2კ-170აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№170აპ-20 ქ. თბილისი

გ-ა თ-ზ, 170აპ-20 16 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. გ-ას ბრალი დაედო განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების დოკუმენტის დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად (2016 წლის 31 აგვისტოს, 26 სექტემბრის, 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) და განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების დოკუმენტის დაუფლების მცდელობაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის 10 ოქტომბერს თ. გ-ამ დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა საქართველოს პარლამენტის ი. ჭ-ის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნების (დიმიტრი ბანტიშ კამენსკის ავტორობით) დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამისათვის 2016 წლის 17 ოქტომბერს, 10 ნოემბერსა და 14 ნოემბერს იგი მივიდა თ-ში, ლ. გ-ის ქ. №--ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე ორი წიგნი – დიმიტრი ბანტიშ კამენსკის ავტორობით, 1840 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემული „Биографий российских генералсимусов и генералфельдмаршалов“ და „Государю императору Николаю Павловичу самодержавсу всея россии“, ნაწილი პირველი, თითოეული, ღირებული 2500 ლარად. მან წიგნების ფარულად დაუფლების მიზნით, ასლის დასამზადებლად წიგნებიდან ამოხია სატიტულო ფურცლები, თუმცა განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

· 2016 წლის აგვისტოში თ. გ-ამ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა, საქართველოს პარლამენტის ი. ჭ-ის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნს – „კავკასიაში რუსეთის სამფლობელოების აღწერის შესახებ“ („Обозрение российских владений за Кавказом, в статистическом, этнографическом, топографическом и финансовом отношениях; произведенное и изданное по высочайшему соизволению“), გამოცემულს 1836 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში. ამ მიზნით, თ. გ-ა 2016 წლის 31 აგვისტოს მივიდა თ-ში, ლ. გ-ის ქ. №--ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საერთო სამკითხველო დარბაზში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა წიგნი „კავკასიაში რუსეთის სამფლობელოების აღწერის შესახებ“, გამოცემული 1836 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში, ღირებული 2000 ლარად, რომლის ნაცვლად დააბრუნა დაუდგენელი პირის მიერ გადაცემული წიგნი პეტრე ნადეჟდინის ავტორობით – „ბუნება და ადამიანები კავკასიაში და ამიერკავკასიაში“, გამოცემული 1869 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში, რომელიც ჩასმული იყო ფალსიფიცირებულ ყდაში და დამოწმებული იყო გამოწერილი წიგნის ყალბი ნომრითა და ბეჭდით, ხოლო წიგნი „კავკასიაში რუსეთის სამფლობელოების აღწერის შესახებ“ ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან და გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რითაც სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

· 2016 წლის სექტემბერში თ. გ-ამ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა, საქართველოს პარლამენტის ი. ჭ-ის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნებს პლატონ ზუბოვის ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 26 სექტემბერს თ. გ. მივიდა თ-ში, ლ. გ-ის ქ. №5-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში და ვითომ წასაკითხად გამოიწერა პლატონ ზუბოვის ავტორობით 1834 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში გამოცემული წიგნი „კავკასიის მხარის აღწერის შესახებ“, პირველი ნაწილი (“Картина Кавказского края, принадлежащего России, и сопредельных оному земель в историческом, статистическом, этнографическом, финансовом и торговом отношениях“), ღირებული 4300 ლარად და ასევე პლატონ ზუბოვის ავტორობით, 1835 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში გამოცემული წიგნი „კავკასიის მხარის აღწერის შესახებ“, მეორე ნაწილი (“Картина Кавказского края, принадлежащего России, и сопредельных оному земель в историческом, статистическом, этнографическом, финансовом и торговом отношениях“), ღირებული ასევე 4300 ლარად, რომლებიც ფარულად გამოიტანა და გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს, ხოლო ფარულად დაუფლებული წიგნების ნაცვლად ბიბლიოთეკაში დატოვა დაუდგენელი პირის მიერ გადაცემული, რუსულ ენაზე შედგენილი წიგნი და მელიტონ კელენჯერიძის ავტორობით რუსულ ენაზე 1905 წელს ქ. ქუთაისში გამოცემული წიგნი „სიმართლე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ“, რომლებიც ჩასმული იყო ფალსიფიცირებულ ყდაში და აღენიშნებოდათ ფარულად დაუფლებული წიგნების ყალბი ბეჭედი და ნომერი. მითითებული ქმედებით თ. გ-ამ სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

· 2016 წლის ოქტომბერში თ. გ-ამ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა, საქართველოს პარლამენტის ი. ჭ-ის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნს ბუიეს ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 6 ოქტომბერს თ. გ-ა მივიდა თ-ში, ლ. გ-ის ქ. №--ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნი ბუიეს ავტორობით – „მდინარეთა მოძრაობის შესახებ“ (“Книга о способах, творящих водохождение рек свободное“), გამოცემული 1708 წელს მოსკოვში, რომლის ნაცვლად დააბრუნა დაუდგენელი პირის მიერ გადაცემული, ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული, ყალბი ნომრითა და ბეჭდით დამოწმებული, რუსულ ენაზე შედგენილი წიგნი, ხოლო წიგნი ბუიეს ავტორობით ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან და შეთანხმებისამებრ, გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. აღნიშნული ქმედებით თ. გ-ამ სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

· 2016 წლის ოქტომბერში თ. გ-ამ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა, საქართველოს პარლამენტის ი. ჭ-ის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან დაუფლებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების მქონე წიგნს მავროურბინის ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 20 ოქტომბერს თ. გ-ა მივიდა თ-ში, ლ. გ-ის ქ. №--ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა მავროურბინის ავტორობით 1722 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში გამოცემული, განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების ისტორიოგრაფიული წიგნი „Книга историография печатия имене, славы и разширения народа славянского, и их царей и владителей под многими царствиями, королевствами и провинциями“, ღირებული 17 000 ლარად, რის სანაცვლოდაც ბიბლიოთეკაში დააბრუნა აღნიშნული წიგნის ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული, ყალბი ბეჭდითა და ნომრით დამოწმებული წიგნი პლუტარქეს ავტორობით, გამოცემული 1820 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში, ხოლო მავროურბინის ავტორობით წიგნი ბიბლიოთეკიდან გამოიტანა ფარულად და გადასცა გამოძიებით დაუდგენელ პირს. მითითებული ქმედებით თ. გ-ამ სახელმწიფოს მიაყენა ქონებრივი ზიანი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 აპრილის განაჩენით თ. გ-ა, – ---, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის მე-19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 31 აგვისტოს ეპიზოდი) და სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 26 სექტემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

თ. გ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2016 წლის 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

თ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 6 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით – ჯარიმა 20 000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2016 წლის 20 ოქტომბრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით – ჯარიმა 15 000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თ. გ-ას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 20 000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. გ-ამ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

5. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2016 წლის ოქტომბერში თ. გ-ამ განიზრახა, საქართველოს პარლამენტის ი. ჭ-ის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა იმავე ბიბლიოთეკაში არსებულ რუსულენოვან წიგნს ბუიეს ავტორობით. ამ მიზნით, 2016 წლის 6 ოქტომბერს თ. გ-ა მივიდა თ-ში, ლ. გ-ის ქ. №--ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, საიდანაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა წიგნი „მდინარეთა მოძრაობის შესახებ“ (“Книга о способах, творящих водохождение рек свободное“), ბუიეს ავტორობით, გამოცემული 1708 წელს მოსკოვში, რომლის ნაცვლად დააბრუნა ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული, ყალბი ნომრითა და ბეჭდით დამოწმებული, რუსულ ენაზე შედგენილი წიგნი. აღნიშნული ხერხით მან შეცდომაში შეიყვანა ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რის შედეგადაც წიგნი ბუიეს ავტორობით, რომლის ღირებულების განსაზღვრაც, უნიკალურობისა და იშვიათობის გამო, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით ვერ მოხერხდა, ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან და მიისაკუთრა. მითითებული ქმედებით თ. გ-ამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

· 2016 წლის ოქტომბერში თ. გ-ამ განიზრახა, საქართველოს პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა იმავე ბიბლიოთეკაში არსებულ რუსულენოვან წიგნს მავროურბინის ავტორობით. ამ მიზნით 2016 წლის 20 ოქტომბერს თ. გ-ა მივიდა თ-ში, ლ. გ-ის ქ. №--ში მდებარე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში, სადაც ვითომ წასაკითხად გამოიწერა მავროურბინის ავტორობით, 1722 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში გამოცემული წიგნი „Книга историография печатия имене, славы и разширения народа славянского, и их царей и владителей под многими царствиями, королевствами и провинциями“, ღირებული 17 000 ლარად, რის სანაცვლოდაც ბიბლიოთეკაში დააბრუნა აღნიშნული წიგნის ფალსიფიცირებულ ყდაში ჩასმული, ყალბი ბეჭდითა და ნომრით დამოწმებული წიგნი პლუტარქეს ავტორობით, გამოცემული 1820 წელს ქ. სანკტ-პეტერბურგში. ამ ხერხით მან შეცდომაში შეიყვანა ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რის შედეგადაც წიგნი მავროურბინის ავტორობით ფარულად გამოიტანა ბიბლიოთეკიდან და მიისაკუთრა. მითითებული ქმედებით თ. გ-ამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მიაყენა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა. მან მოითხოვა თ. გ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის მე-19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) და მისთვის სასჯელის სახედ და ზომად მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას თ. გ-ას ქმედების გადაკვალიფიცირებისა და მისთვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს მსჯავრდებულ თ. გ-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2016 წლის 6 ოქტომბრისა და 20 ოქტომბრის ეპიზოდები) სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება, ხოლო სსკ-ის მე-19,183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2016 წლის 31 აგვისტოსა და 26 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში მისი გამართლება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. გ-ას ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მხედველობაში მიიღო თ. გ-ას მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ქმედების მოტივი და მიზანი, მისი განხორციელების სახე და ხერხი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და მას განუსაზღვრა ქმედების ადეკვატური, სამართლიანი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით.

11. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქართველიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე