საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.08.2020
საქმის ნომერი
2კ-11-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.08.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100115002987003

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№111-20 ქ. თბილისი

მ. ა., 111-20 5 აგვისტო, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებაზე მსჯავრდებულ ა. მ-ს ადვოკატების - ა. გ-ს და ლ. ძ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით დაკმაყოფილდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ თეონა გოდერძიშვილის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორ თეონა გოდერძიშვილს, ბრალდებულ ა. მ-სა და ადვოკატებს დ. ჯ. და ა. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ა. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. 2019 წლის 24 აპრილს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა ვლადიმერ ნარინდოშვილმა, რომელმაც მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ა. მ-ს სისხლის სამართლის საქმის პროკურორისათვის დაბრუნება იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი გაუქმდა და ა. მ-ს სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდა პროკურორს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა. მ-ს ადვოკატებმა - ა. გ-მ და ლ. ძ-მ, რომლებიც, ერთი მხრივ, ითხოვენ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განჩინება, ხოლო მეორე მხრივ, მიიჩნევენ, რომ უზენაესმა სასამართლომ წარდგინებით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად.

5. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან მსჯავრდებულ ა. მ-ს არ დაურღვევია საპროცესო შეთანხმების ძირითადი პირობა და კეთილსინდისიერად იქცეოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში; 2019 წლის 24 მარტისა და 6 ივნისის განცხადებებით დასტურდება, რომ მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ინდივიდუალური მეწარმე ,,ა. მ-ს“ ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებასთან დაკავშირებით საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე; უზენაესმა სასამართლომ წარდგინებით უნდა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, რომელიც ქმნის საპროცესო შეთანხმების პირობის დარღვევის შემთხვევაში პირის განმეორებითი მსჯავრდების შესაძლებლობას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენი და ა. მ-ს სისხლის სამართლის საქმე დაუბრუნდა პროკურორს, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ა. მ-მ დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების ოქმით განსაზღვრული პირობა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც ბრალდების მხარისათვის ცნობილი გახდა ა. მ.ს 2019 წლის 25 მარტის განცხადებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისას სასამართლო საქმეს უბრუნებს პროკურორს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენის გაუქმებისა და ა. მ.ს სისხლის სამართლის საქმის პროკურორისათვის დაუბრუნების კანონიერი და სამართლებრივი საფუძველი.

9. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი და, ამდენად, დაცვის მხარეს თავადვე ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, თუკი მიიჩნევდა, რომ მითითებული ნორმა ეწინააღმდეგებოდა ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის კონსტიტუციურ პრინციპს, რომლის რისკი, საკასაციო პალატის შეფასებით მოცემულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. მ-ს ადვოკატების - ა. გ-სა და ლ. ძ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი