საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.09.2020
საქმის ნომერი
2კ-501აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002750612

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №501აპ-20 ქ. თბილისი

ა. ი. , 501აპ-20 15 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ი. ა.-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; ასევე 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; დ. ხ.-ის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით; ნ. უ.-ის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მათ მიმართ მკაცრი სასჯელების შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. ა.-ს, - დაბადებულს …. წელს, - ბრალად ედებოდა სხვისი მოძრავი ნივთვის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის; დ. ხ.-ს, - დაბადებულს ….. წელს, - ქურდობა, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო ნ. უ.-ს, - დაბადებულს …. წელს, - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და ფლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ი. ა.-მ, წინასწარი შეთანხმებით დ. ხ.-თან ერთად, ჯგუფურად, 2018 წლის 22 ოქტომბერს, შუადღის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბ.-ში, ფ. მ.-ის ქუჩა №….-ში მდებარე, თ. თ.-ის კუთვნილ ბინა №….-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა. და ხ. ფარულად დაეუფლნენ ოქროს ჯაჭვისებურ სამაჯურს, ოქროს გულსაბამს, სუნამოს, ფულად თანხას - 500 ლარს, კასრისა და ორი მამაკაცის გამოსახულების მინიქანდაკებას და საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“ საგარანტიო ბარათს, ოქროსფერ ჯაჭვისებურ სამაჯურს, „FEDERIQUE CONSTANT-ის”, “SWATCH-ის” და “TISSOT-ის” ფირმის მაჯის საათებს, “INVICTA-ს” ფირმის სამ ცალ მაჯის საათს და სხვა ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ბ.-ის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ი. ა.-მ 2018 წლის 16 ოქტომბერს, შუადღის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბ.-ში, პ.-ის ქუჩა №….-ში მდებარე ს. ვ.-ის კუთვნილ №…. ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 300 ლარს, ქალის ვერცხლისფერ საათს, ვერცხლის ბეჭედს, ვერცხლის საყურეს, მუყაოს კოლოფში მოთავსებულ შოკოლადს, რითაც დაზარალებულ ს. ვ.-ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 1 სექტემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ი. ა.-მ 2018 წლის 4 ოქტომბერს, შუადღის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბ.-ში, ხ.-ის ქუჩა №…-ში მდებარე ე. მე.-ის კუთვნილ ბინა №…..-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დაზარალებულ ე. მ.-ის კუთვნილ საათს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა ქონებრივი ზიანი.

ნ. უ.-მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დ. ხ.-სგან და ი. ა.-გან შეიძინა, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული „TISSOT-ის”, „FEDERIQUE CONSTANT-ის”, “SWATCH-ის“ ფირმის მაჯის საათები, ასევე “INVICTA-ს” ფირმის ორი ცალი მაჯის საათი. ნ. უ. მის მფლობელობაში არსებული, ..-…-.. სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე „ლ.-ის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ. ბ.-ში, რა დროსაც მისი ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა ზემოაღნიშნული ნივთები.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენით:

დ. ხ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ი. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

ნ. უ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გაუქმდა ნ. უ.-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 იანვრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა უნდა მოეხსნას მ. კ.-ის (პ/ნ: ………..) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბ.-ში, … მაისის ქუჩა …, ბინა N.. (ზონა - ბ. …, სექტორი - …, კვარტალი - …, ნაკვეთი - …., კოდი - ../…, საკადასტრო კოდი №..................), ფართობი - …… კვ.მ - 10 000 ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

გამართლებულებს - ნ. უ.-ს, დ. ხ.-სა და ი. ა.-ს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ი. ა.-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; ასევე 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით; დ. ხ.-ის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით; ნ. უ.-ის დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და მათ მიმართ მკაცრი სასჯელების შეფარდებას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ დ. ხ.-ის, ი. ა.-სა და ნ. უ.-ის ბრალეულობა სრულად დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით და ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის სამართლებრივ დასაბუთებას მათ უდანაშაულობასთან დაკავშირებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. ხ.-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ი. ა.-ს მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ნ. უ.-ის მიერ სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არიან მამხილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ. ხ.-ის, ი. ა.-ს და ნ. უ.-ის მიერ მათთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. ფაქტების შემსწრე, თვითმხილველი - პირდაპირი მოწმეები და ბრალდების მხარე დ. ხ.-სა და ი. ა.-ს ბრალეულობაზე მსჯელობისას ეყრდობა დაზარალებულების ჩვენებებს, საცხოვრებელ სახლებსა და ნ. .-ის ავტომანქანაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგებს, ამოცნობის ოქმებს, ვიდეოკამერების ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობმა გამოკითხვისას სხვა გარემოებებთან ერთად უნდა მიუთითოს ობიექტის ინდივიდუალური ნიშნები, ხოლო ამოცნობისას უნდა განმარტოს ის კონკრეტული ნიშან-თვისებები, რომელთა მეშვეობითაც ამოიცნო ობიექტი. ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზ,ე რომლებიც არ არის საკმარისი ობიექტის იდენტიფიცირებისთვის.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს პოზიციას ამოცნობის ოქმებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ თ. თ.-ის მონაწილეობით ჩატარებული არცერთი ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ი. ა.-ს სახლის ჩხრეკისას, დ. ხ.-ის სახლის ჩხრეკისას, ნ. უ.-ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები რომელ ნომრად წარედგინა ამომცნობს და შესაბამისად, გაუგებარია დაზარალებულის მიერ ამოცნობილი ნივთები არის თუ არა სწორედ ა-ს ბინის, ხ.-ის ბინის, უ.-ის ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთები. იმავდროულად, თ. თ.-ის მიერ გამოკითხვისას მითითებული ამოსაცნობი ნივთების აღწერილობა ძალიან ზოგადია, არ არის მითითებული ნივთების მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალური მახასიათებლები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ობიექტის ამოსაცნობად წარდგენილი სხვა მსგავსი ობიექტისგან გამიჯნვა. ამოცნობამდე გამომძიებლის მიერ ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერებისას შედგენილ ოქმში მითითებული ნივთების აღწერილობაც არ შეიცავს ამოსაცნობად წარდგენილი ნივთების განმასხვავებელი ნიშნების შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, შეუძლებელია უტყუარად იმის დადგენა, რომ თ. თ.-მ სწორედ ის ნივთები ამოიცნო, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა საქმეზე ამოღებული და დამაგრებული. ანალოგიურ ხარვეზებს შეიცავს დაზარალებულების - ე. მ.-ისა და ს. ვ.-ის მონაწილეობით ჩატარებული ნივთის ამოცნობის ოქმები, სადაც ასევე არ არის ინფორმაცია ა.-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები რომელ ნომრად წარედგინათ მათ და მათ მიერ ამოცნობილი ნივთები არის თუ არა სწორედ ა.-ს ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი. ამოსაცნობად წარდგენილი სამი ნივთის აღწერილობა კი იმდენად ერთნაირია, განსაკუთრებით ორ-ორი მათგანის, რომ ოქმში გაკეთებული შესაბამისი ჩანაწერის გარეშე შეუძლებელია განსხვავების პოვნა და გამიჯვნა ა.-ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთის და ამოცნობისთვის გამოყენებულ აბსოლუტურად სხვა პირის თუ პირების კუთვნილი ნივთებისა.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილ ვიდეოკამერების ჩანაწერებზე ასახული პირების იდენტიფიცირება შეუძლებელია (ფ. მ.-ს N….-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ დერეფანში დამონტაჟებული კამერის და ხ.-ს ქ. N…-ში მდებარე ,,უ. ა.-ის“ ვიდეოსათვალთვალო სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები); ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N…….. დასკვნის თანახმად, ქ. ბ.-ში, ფ. მ.-ის N…, ბინა N…-დან ამოღებულ ყუთსა და საფულეზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია და მათში ი. ა.-ს და დ. ხ.-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. შესაბამისად, დ. ხ.-ის და ი. ა.-ს სუნის კვალის არსებობა, დაზარალებულების ს. ვ.-ის და თ. თ.-ის კუთვნილ ბინაში (რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ოდოდროლოგიური ექსპერტიზის N ../..-… დასკვნით) არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

12. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ნ. უ.-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

13. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

14. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება დ. ხ.-ის, ი. ა.-სა და ნ. უ.-ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე