შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 10.09.2020
საქმის ნომერი
2კ-337აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002680167

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№337აპ-20 ქ. თბილისი

ვ. ვ., 337აპ-20 10 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის, მსჯავრდებულ რ. მ-ს და მისი ადვოკატების - გ. შ-სა და გ. გ-ს და მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ადვოკატ ო. კ-ს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რამაზ შანიძემ, მსჯავრდებულმა რ. მ–მა და მისმა ადვოკატებმა - გ. შ-მ და გ. გ-მ და მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ადვოკატმა ო. კ-მ.

2. პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენის შეცვლასა და რ. მ-სა და ვ. ვ-ს დამნაშავედ ცნობას მათთვის წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციით, ვინაიდან მიაჩნია, რომ უტყუარად არის დადასტურებული მსჯავრდებულების მიერ ყაჩაღობის ჩადენა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

3. მსჯავრდებული რ. მ. და მისი ადვოკატები - გ. შ. და გ. გ. ითხოვენ, რ. მ-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ძირითადად ემყარება დაზარალებულ ბ. ბ-ს ჩვენებას, დაზარალებულისვე მონაწილეობით ჩატარებულ ამოცნობას და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო უტყუარობის სტანდარტს.

4. მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ადვოკატი ო. კ. ითხოვს ვ. ვ-ს მიმართ განაჩენის შეცვლას და მისი ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებას იმ მოტივით, რომ დანაშაულის ჩადენისას დაზარალებულ ბ. ბ-ს რ. მ-ს ხელში არ დაუნახავს და არც გამოძიებას ამოუღია თავდასხმის რაიმე სახის იარაღი და სასამართლოს ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციას საფუძვლად დაედო მხოლოდ დაზარალებულის სუბიექტური აღქმა.

5. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, ვ. ვ-ს (დაბადებულს 19-- წლის .. ოქტომბერს) და რ. მ-ს (დაბადებულს 19-- წლის .. ივნისს) ბრალი დაედოთ ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 02:00 საათზე, ვ. ვ. და რ. მ. ჯგუფურად თავს დაესხნენ ... მდებარე სავალუტო ჯიხურს და ოპერატორს, ბ. ბ-ს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს დიდი ოდენობით თანხა - 17800 ლარი და 850 ლარად ღირებული, ,,აიფონ 5 ს-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი.

6. ვ. ვ-ს და რ. მ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

7. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენით:

- ვ. ვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

- ვ. ვ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- რ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

- რ. მ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ვ-მ და რ. მ-მ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩაიდინეს ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

8. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა აკაკი მოქერიამ და მსჯავრდებულმა რ. მ-მ და მისმა ადვოკატებმა - გ. შ-მ და გ. გ-მ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

- ვ. ვ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

- ვ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

- რ. მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა;

- რ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ვ-მ და რ. მ-მ ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. მ-ს და მისი ადვოკატების - გ. შ-ს და გ. გ-ს და მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ადვოკატ ო. კ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ რ. მ-ს და მისი ადვოკატების - გ. შ-ს და გ. გ-ს მტკიცებას რ. მ-ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საწინააღმდეგო დასტურდება საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულ ბ. ბ-ს ჩვენება არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი, დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით და აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენება თანხვდენილია სავალუტო ჯიხურის მიმდებარედ დასაქმებული, მოწმე შ. პ-ს ჩვენებასთან, რომელსაც თავდასხმის შემდეგ უმალვე მიმართა დასახმარებლად დაზარალებულმა; ტაქსის მძღოლის - მოწმე ნ. კ-ს ჩვენებასთან, რომელსაც შემთხვევის ღამეს სურდა უცხოური ვალუტის გადაცვლა და კარგად დაინახა სავალუტო ჯიხურში, შუშის მიღმა მყოფი ვ. ვ., რომელმაც ხელით ანიშნა, რომ ჯიხური არ მუშაობდა; პირის ამოცნობის ოქმებთან, რომლებითაც, ერთი მხრივ, დაზარალებულმა ბ. ბ-მ ამოიცნო რ. მ. და ვ. ვ., რომლებიც დაესხნენ მას თავს და გასტაცეს მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, ხოლო, მეორე მხრივ, მოწმე ნ. კ-მ ამოიცნო ვ. ვ., რომელიც შემთხვევის დროს დაინახა სავალუტო ჯიხურში; დაზარალებულმა ბ. ბ-მ სასამართლოში ჩვენების მიცმისას ასევე ამოიცნო და ამხილა ვ. ვ. და რ. მ. დანაშაულის ჩადენაში; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, რომლითაც დადგენილია, რომ ... მდებარე სავალუტო ჯიხურის შენობის მარცხენა მხარეს, საპირფარეშოს წინ, ხრეშიანი ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია რ. მ-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა, ხოლო იმავე შენობის შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს, ხის დახლის ძირში, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ვ. ვ-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშისა. ამასთან, საყურადღებოა, რომ სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევისას არ დადგენილა რაიმე ისეთი მოტივი, რაც დაზარალებულის ჩვენებას საეჭვოს გახდიდა. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი აპელანტების არგუმენტებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მოცემული მტკიცებულების საეჭვოდ მიჩნევის ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი არ არის გამოკვეთილი. სასამართლოში გამოკვლეული ნივთმტკიცებებით (მინის ქილები სუნის ნიმუშებით), შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (რომლის სისწორე და კანონთან შესაბამისობა დადგენილია მოწმეების - ა. გ-ს და გ. მ-ს ჩვენებებით) და მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - მ. ჩ-ს ჩვენებით (დაადასტურა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან სუნის კვალი აღებულ იქნა პროცესუალური მოთხოვნების დაცვით, არ დარღვეულა ნივთმტკიცების დალუქვისა და შეფუთვის წესი, არ არსებობს გონივრული საფუძველი მისი შესაძლო გამოცვლისა და ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ასევე დაუსაბუთებელია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის იმთავითვე არასანდო მტკიცებულებად მიჩნევა, ამ ტიპის საექსპერტო კვლევებისადმი მხარის სკეპტიკური დამოკიდებულების გამო.

3. საკასაციო პალატა ასევე არ ეთანხმება მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ადვოკატ ო. კ-ს მსჯელობას ვ. ვ-ს ქმედების არა ყაჩაღობად, არამედ ძარცვად დაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ ბ. ბ-ს თავდამსხმელთა ხელში იარაღი არ დაუნახავს, მუქარის შინაარსი - ,,ხმას თუ ამოიღებ, გესვრი!“, ,,წყნარად იყავი, გესვრი!“, ,,მობილურს არ უპასუხო, გესვრი!“ და შექმნილი ვითარება - რ. მ. თავდასხმისას ხელის ქურთუკისკენ მოძრაობით ქმნიდა შეიარაღებული თავდასხმის შთაბეჭდილებას - ცალსახად მიუთითებს დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შექმნილ რეალურ საფრთხეზე. საკასაციო პალატას ბ. ბ-ს ჩვენებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებულმა ნამდვილად აღიქვა, რომ რ. მ. იყო შეიარაღებული და მისგან მომდინარე საფრთხე იყო რეალურად საშიში, რისი გათვალისწინებითაც, ვ. ვ-ს ქმედება, რომელშიც გამოკვეთილია დანაშაულის ჩადენისას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა, ცალსახად სცდება ძარცვის ფარგლებს და შეიცავს ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშნებს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობა არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის №789აპ-18 განაჩენი).

4. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ სასამართლოში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები: დაზარალებულ ბ. ბ-ს, მოწმეების - შ. პ-სა და ნ. კ-ს ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ამოცნობის ოქმები, შემთხვევის ადილის მიმდებარედ ამოღებული ვიდეოჩანაწერები, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ვ. ვ-ს და რ. მ-ს მიერ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენის ფაქტი, რისი საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან და, ამდენად, მსჯავრდებულ რ. მ-ს და მისი ადვოკატების - გ. შ-ს და გ. გ-ს მოთხოვნა რ. მ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ადვოკატ ო. კ-ს მოთხოვნა მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ქმედების ძარცვად დაკვალიფიცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მსჯავრდებულების - ვ. ვ-სა და რ. მ-ს ქმედებებში არ არის გამოკვეთილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების განზრახვა, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების შედეგად, კერძოდ:

6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის მიერ განმარტებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის XXV თავით გათვალისწინებული, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ისეთ დანაშაულთა ქმედების შემადგენლობებში, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება და გაფლანგვა, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება, ერთ-ერთ მაკვალიფიცირებელ ნიშანს წარმოადგენს მათი ჩადენა დიდი ოდენობით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის: 177-ე და 178-ე მუხლების მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტები, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 181-ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, 182-ე მუხლისა და 185-ე მუხლის მე–3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტები, 186-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი) ანუ როდესაც ნივთის (დანაშაულის საგნის) ღირებულება აღემატება 10000 ლარს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება №236აპ-12 საქმეზე).

7. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ მსჯავრდებულების მიერ გატაცებული თანხის ოდენობა აღემატებოდა 10000 ლარს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს ზემომითითებული დასკვნა არის აშკარად დაუსაბუთებელი, არ არის გამყარებული კონკრეტული არგუმენტებით და შეუძლებელია მასში სასამართლოს მოტივაციის ამოკითხვა. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება ვ. ვ-ს და რ. მ-ს ქმედებებში დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების განზრახვა, კერძოდ:

8. სავალუტო ჯიხურის ოპერატორის - დაზარალებულ ბ. ბ-ს ჩვენებით, ცალსახად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 26 აგვისტოს სავალუტო ჯიხურზე თავდასხმის შედეგად რ. მ-მ და ვ. ვ-მ გასტაცეს ფულადი თანხა - 17800 ლარი და ,,აიფონ 5ს-ის“ მოდელის მობილური ტელეფონი. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ვ. კ-სგან დილით, ცვლის გადაბარების დროს, დაითვალეს სავალუტო ჯიხურში არსებული თანხა, რომელიც დაახლოებით შეადგენდა 17800 ლარს, სხვადასხვა ვალუტაში, ხოლო თავდასხმის შემდეგ სალაროში დარჩენილი იყო მხოლოდ 10 ლარი.

9. საყურადღებოა, რომ დაზარალებულ ბ. ბ-ს ჩვენება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია სანდოდ და დამაჯერებლად, რომლის საფუძველზეც უტყუარად დაადგინა ფაქტები და საფუძვლად დაუდო ვ. ვ-ს და რ. მ-ს მსჯავრდებას, მაგრამ ყოველგვარი მოტივაციის გარეშე არ გაიზიარა მისი მონათხრობი დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, რაც არაგონივრულია და შესაძლოა, გამომდინარეობდეს მხოლოდ ამ მტკიცებულების ცალმხრივი და სუბიექტური შეფასებიდან.

10. დაზარალებულ ბ. ბ-ს ჩვენება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობასთან მიმართებით, იმ ობიექტის საქმიანობიდან გამომდინარე (სავალუტო ჯიხური), რომელზეც მოხდა თავდასხმა, არის სავსებით რეალური, დამაჯერებელი და დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: სავალუტო ჯიხურის მეორე ოპერატორმა, მოწმე ვ. კ-მ დაადასტურა, რომ შემთხვევის დილას ბ. ბ-ს გადააბარა ცვლა, რა დროსაც დაითვალეს ჯიხურში არსებული თანხა, რომელიც ჯამურად შეადგენდა დაახლოებით - 17800 ლარს, სხვადასხვა კუპიურაში; სავალუტო ჯიხურის მეწილეების - გ. კ-ს და რ. ვ-ს ჩვენებებით, რომელთაგან გ. კ–მ აღნიშნა, რომ დანაშაულის შედეგად სავალუტო ჯიხურიდან გატაცებული იყო - 17800 ლარამდე თანხა (მისი და რ. ვ-ს საერთო თანხა - 8500 ლარი, ცალკე მისი თანხა - 2400 ლარი, შ. ხ-ს თანხა - 3800 ან 3900 ლარი, ნ. ბ-ს (გ-ს) თანხა - 2900 ლარი), ხოლო რ. ვ-მ განმარტა, რომ გატაცებული იყო დაახლოებით 17800 ლარი. საყურადღებოა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საკასაციო პალატასაც დადასტურებულად მიაჩნია მოწმეების - შ. ხ-სა და ნ. გ-ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომ სავალუტო ჯიხურის საქმიანობისათვის ბ. ბ-ს შ. ხ-მ გადასცა - 3800 ლარი, ხოლო ნ. გ-მ - 7000 თურქული ლირა (2980 ლარის ეკვივალენტი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ვ. ვ-სა და რ. მ-ს ქმედებით დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ დიდი ოდენობის _ 10000 - ლარიან ნიშნულს.

11. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ვ. ვ-ს და რ. მ-ს მიერ ყაჩაღობის ჩადენას, მაკვალიფიცირებელ გარემოებებში - ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ვ. ვ. და რ. მ. ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

12. საკასაციო სასამართლო სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, მსჯავრდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს (ხასიათდებიან დადებითად), მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს (ჩადენილია მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), რომლის სანქციაც სასჯელის სახით ითვალისწინებს რვიდან თორეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რისი გათვალისწინებითაც, ვ. ვ-სა და რ. მ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. მ-სა და მისი ადვოკატების - გ. შ-სა და გ. გ-ს და მსჯავრდებულ ვ. ვ-ს ადვოკატ ო. კ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ შანიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4. ვ. ვ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. ვ. ვ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

6. რ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

7. რ. მ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს 2018 წლის 2 სექტემბრიდან.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 28 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი