საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.10.2020
საქმის ნომერი
2კ-477აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #140100119003094586

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№477აპ-20 ქ. თბილისი

წ–ე კ., 477აპ-20 13 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ კ. წ–ს ადვოკატ ა. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. წ–ს ადვოკატმა ა. მ., რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ იგი არის უკანონო, რადგან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას და გადაწყვეტილების მიღებისას არასებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები; სასამართლოებმა ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი, იჯდა თუ არა კ. წ. სადავო ავტომანქანების საჭესთან, არ გადაწყვიტეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ, ხოლო ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არ დასტურდება, ავტომანქანის რომელ ნაწილში იჯდა მსჯავრდებული; კ. წ. მართავდა თუ არა ავტომანქანას, არ ჩანს არც გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებში; ის ფაქტი, რომ მოწმეებმა - კ. ო–მ და ვ. კ-მ კატეგორიულად გამორიცხეს ავტომანქანაში სხვა პირის ყოფნა, ვერ გააქარწყლებს იმ ვარაუდს, რომ მანქანაში მყოფი პოლიციელი მათ მისვლამდე მიიმალა; კ. ო–მ და ვ. კ–მ ამოცნობის ოქმებში ვერ მიუთითეს კონკრეტული ნიშან-თვისება, რომლის მიხედვითაც, ამოიცნეს მსჯავრდებული, რაც ამ საგამოძიებო მოქმედებების ოქმების დაუშვებლობის საფუძველია; ასევე დაუშვებელი მტკიცებულებებია მოწმეების - ზ. და ნ. ა–ების გამოკითხვის ოქმები, ვინაიდან ირიბი ჩვენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია; მსჯავრდება ძირითადად ეფუძნება გ. პ–ის, ვ. კ–ისა და კ. ო–ის ჩვენებებს, რომელებიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და ამოღებულ ვიდეოჩანაწერებს, რომლებითაც არ დგინდება კ. წ–ის ბრალეულობა; გარდა გ. პ–ის ჩვენებისა, არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, სად მოხდა პოლიციის ავტომანქანის გატაცება; ავტომანქანებში მსჯავრდებულის სუნის აღმოჩენა შესაძლოა, უკავშირდებოდეს მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და მსჯავრდებულის მაისურის გამოყენებით კვალის ხელოვნურად დატანას; გამოძიება წარიმართა მიკერძოებულად, ვინაიდან საქმეზე ერთ-ერთ დაზარალებულად ცნობილია შსს .... პოლიციის დეპარტამენტი, ხოლო საქმე შსს ..... რაიონულმა სამმართველომ გამოიძია, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებასთან მიმართებით; მსჯავრდებული კ. წ–ე არასრულწლოვანი კასატორია.

2. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენით კ. წ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით - - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც არასრულწლოვანათა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, კ. წ–ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. წ–მ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით და ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რასაც შეეძლო, მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

- გორის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 17 აპრილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა კ. წ–მ 2019 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 01:37 საათზე, ქ. .....ში, ...... ქ. №..-ის მიმდებარე ტერიტორიიდან, შსს .... რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილეს - გ. პ–ს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად გასტაცა მასზე გაპიროვნებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, დიდი ოდენობით, 41047 ლარად ღირებული სამსახურებრივი „ტოიოტა კოროლას“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო №.....

- კ. წ. 2019 წლის ... ივნისს, დაახლოებით 01:50 საათზე, თ.-ს.-ლ-ს ავტომაგისტრალის 89-ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცდილობდა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ვ. კ-ს კუთვნილ „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსს, სახელმწიფო №....., რის შედეგადაც ვ. კ–ს მიადგებოდა 7000 ლარის ზიანი.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. წ–ის ადვოკატმა ა. მ–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 5 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი ნორმები. იმ პირის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენისას არასრულწლოვანი იყო და შემდეგ გახდა სრულწლოვანი, გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. ამდენად, მსჯავრდებულ კ. წ–ის მიმართ, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი, ხოლო მართლმსაჯულების განხორციელებისას - სრულწლოვანი, სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები. მსჯავრდებული კ. წ. არ არის არასრულწლოვანი კასატორი და, შესაბამისად, არ არის გამოკვეთილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება. ასევე აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები გამოძიების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად ჩატარების სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან მიმართებით, მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან არარელევანტურია და, ამდენად, არ არის გამოკვეთილი არც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა.

10. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გამოკვეთილი არ არის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია კ. წ-ს მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - გ. პ–ის, ვ. კ–ის, კ. ო–ის, მ. მ–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილისა და ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, ამოცნობისა და ნიმუშის აღების ოქმებით, სამედიცინო, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური), ოდოროლოგიური და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნებით, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას კ. წ–ის მსჯავრდებისათვის; საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს, რომ დაზარალებულ გ. პ–ის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან დაზარალებულის მონათხრობი, ერთი მხრივ, თანმიმდევრული და დამაჯერებელია, ხოლო, მეორე მხრივ, თანხვდენილია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან; არც დაცვის მხარე უარყოფს გატაცებულ ავტომანქანაში კ. წ–ის ყოფნას, რაც სასამართლოსაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია დანაშაულის უშულო თვითმხილველების, ნეიტრალური მოწმეების - კ. ო–ისა და ვ. კ–ის ჩვენებებით, რომლებმაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რომ ,,ფორდ ტრანზიტთან“ შეჯახების შემდეგ პოლიციის ამოტრიალებული ავტომანქანიდან ამოიყვანეს კ. წ–ე, რომელიც ამოიცნეს როგორც გამოძიებისას, ასევე სასამართლოში და გამორიცხეს ავტომანქანაში სხვა პირის შესაძლო ყოფნა; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლადან“ და ავტომანქანა ,,ფორდ ტრანზიტიდან“ ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია კ. წ–აგან აღებული სუნის ნიმუშისა; და ბოლოს: მოწმე მ. მ–ის ჩვენებით დასტურდება, რომ პოლიციის ავტომანქანის გატაცების შესახებ შეტყობინება გ. პ–საგან მიიღო 01:35 საათზე, ხოლო შეჯახების შესახებ შეტყობინება ვ. კ-ს მიერ „112-ში“ მიიღეს 02:09 საათზე, რაც ცალსახად გამორიცხავს შეჯახებისას პოლიციის ავტომანქანაში გ. პ–ის შესაძლო ყოფნას; რაც შეეხება გამოძიებაში მოწმეების - კ. ო–სა და ვ. კ–ის გამოკითხვის ოქმების შესაძლო თანხვდენას, საყურადღებოა, რომ გამოკითხვის ოქმები შედგენილია მოწმეთა კარნახით, გამომძიებლის მიერ, რომელთა შინაარსობრივი და სტილისტიკური თანხვდენა ვერაფრით გახდება სასამართლოში მოწმეთა მიერ მიცემულ სანდო და დამაჯერებელ ჩვენებებში დაეჭვების საფუძველი, ვინაიდან გამოძიებაში მოწმის გამოკითხვის ოქმი სასამართლოსათვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით; საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კ. ო–ისა და ვ. კ–ის მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმები კანონიერია და არ არსებობს მათი დაუშვებლობის სამართლებრივი საფუძველი. ნიშანდობლივია, რომ არც თავად დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ კ. ო–მ და ვ. კ–მ შეჯახების შემდეგ ნამდვილად ნახეს პოლიციის ავტომანქანაში მსჯავრდებული კ. წ–ე; რაც შეეხება მოწმეების - ზ. და ნ. ა–ის გამოკითხვის ოქმების დაუშვებლობას იმ საფუძვლით, რომ ისინი ვერ უთითებდნენ ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოწმეების - ზ. და ნ. ა–ების გამოკითხვის ოქმები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ მინიჭებული, ამასთან, სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - ზ. და ნ. ა–ების გამოკითხვის ოქმები პირდაპირი მტკიცებულებებია შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით, ვინაიდან მათ უშულოდ გაიგეს შეჯახების ხმა, მივიდნენ ავტობანზე, თავისი თვალით ნახეს პოლიციის ამოტრიალებული ავტომანქანა და, ამდენად, არ არსებობს ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი; საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის ვარაუდი მსჯავრდებულის მაიდენტიფიცირებელი სუნის კვალის შემთხვევის ადგილზე განზრახ დატოვებისა და/ან მტკიცებულების ფალსიფიკაციის თაობაზე და მიაჩნია, რომ კ. წ-ს ბრალეულობა დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტებით კანონიერია.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ კ. წ–ის ადვოკატ ა. მ–ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი