საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100116001648406
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №509აპ-19 ქ. თბილისი
ლ–ე კ., 509აპ-19 4 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განაჩენზე ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი დავით კაპანაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ. ლ–თვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით კ. ლ–ე, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით 6 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით კ. ლ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და პასპორტის გამოძიების ორგანოსთვის ჩაბარება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „..........“ დირექტორის ბრძანებით კ. ლ–ე დაინიშნა ამავე კომპანიის ვაიზერის თანამდებობაზე, რომელსაც ევალებოდა დისტრიბუტორების ზედამხედველობა, მათი მუშაობისა და მაღაზიების კონსიგნაციების კონტროლი.
კ. ლ–მ განიზრახა შპს „.......“ ფულადი თანხის მითვისება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სხვადასხვა ობიექტიდან ნაღდი ანგარიშსწორებით აიღო კონსიგნაციით მიწოდებული პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, რაც იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში, არ შეიტანა საზოგადოების ანგარიშზე, მიითვისა და განკარგა პირადი საჭიროებისამებრ.
შპს „...........“ 2016 წლის 10 ოქტომბრის თემატური შემოწმების თანახმად, კ. ლ–ის მიერ მითვისებულმა თანხამ შეადგინა 7496 ლარი, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და კ. ლ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
6. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ კ. ლ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). მსჯავრდებულმა კ. ლ–მ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს აუნაზღაურა მიყენებული ზიანის ნაწილი - 150 ლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრით, გამოთქვა მზადყოფნა ეტაპობრივად ზიანის ანაზღაურების შესახებ; სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; მას კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, მუშაობს ტაქსის მძღოლად.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ დავით კაპანაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე