შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002952269
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№574აპ-20 22 დეკემბერი, 2020 წელი
ბ. მ., 574აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვს განაჩენის შეცვლასა და მ. ბ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასჯელის ნაწილში განაჩენი არის უკანონო, რადგან სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ბ-ს ბრალად ედებოდა განზრახი, ოჯახური დანაშაულის ჩადენა; იგი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი სხვადასხვა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით იგი მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ახალი დანაშაულის ჩადენის დროს მისი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა; სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას უგულებელყო კანონით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნები იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მიუთითებია მსჯავრდებულისათვის რეციდივის წესითა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის თაობაზე, რაც, კასატორის მითითებით, არ ათავისუფლებს სასამართლოს კანონიერი სასჯელის განსაზღვრის ვალდებულებისაგან.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით მ. ბ., - დაბადებული ....., - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა 2019 წლის 11 მარტიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ბ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 15 თებერვალს .... ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ბ. სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - დ. დ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მ. ბ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დაზარალებულ დ. დ-ს, მოწმეების - ნ. ი-სა და ზ. ბ-ს გამოკითხვის ოქმები, შეტყობინებების დათვალიერების ოქმები, შემაკავებელი ორდერი და მისი ოქმი, ქორწინების რეგისტრაციის აქტი), რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ. ბ-ა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
3. რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ბ-სათვის განსაზღვრულ სასჯელს, საკასაციო სასამართლომ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნევს, რომ შეფარდებულ სასჯელს არ აქვს კანონიერი გამართლება შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მ. ბ-სათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახით შეეფარდებინა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან უგულებელყოფილია სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი პასუხისმგებლობის აშკარა დამამძიმებელი გარემოებები და კანონისმიერი არაერთი იმპერატიული დანაწესი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც მსჯავრი დაედო მ. ბ-ს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა: იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელს არ მიუთითებია მსჯავრდებულის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის აღუსრულებელ განაჩენსა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესზე, შემდგომში იმავე საკითხზე, მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუარესების თვალსაზრისით, გასაჩივრება უსაფუძვლოა, ხოლო სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ საკითხზე.
7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღო, ერთი მხრივ, რეციდივის შემთხვევაში, ხოლო, მეორე მხრივ, ოჯახური დანაშაულის ჩადენისას სასჯელის განსაზღვრის სავალდებულო წესები, გასცდა მისთვის კანონით მინიჭებულ დისკრეციის ფარგლებს და მ. ბ-ს კანონით დადგენილ ზღვარზე ნაკლები სასჯელი შეუფარდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში არ იყო გამოკვეთილი მ. ბ-სათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმზე უფრო ნაკლები სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების წინაპირობები, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამავე კოდექსის 55-ე მუხლით (სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება) ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით (თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად) გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: მ. ბ-ს, რომელიც დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და ახალი დანაშაულის ჩადენის დროს - 2019 წლის 15 თებერვალს მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, ნაცვლად 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე უნდა შეფარდებოდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა არის - 1 წელი.
11. საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მ. ბ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და გულწრფელი სინანული) და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნდა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. ბ-ს პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით დაწესებული მინიმალური სასჯელი განუსაზღვრა, რომლის გამკაცრების საფუძველი არ არსებობდა.
12. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიუთითებს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331-ე, 1332-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443-ე, 149-ე−1511-ე, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2018 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები არც ამ შემთხვევაში იყვნენ უფლებამოსილნი, მ. ბ-სათვის დაენიშნათ კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმზე უფრო ნაკლები სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამავე კოდექსის 55-ე მუხლით (სასამართლოს შეუძლია დანიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება) ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით (თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად) გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ოჯახის წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილი არ ყოფილა არცერთი ზემოაღნიშნული წინაპირობა.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სადავოდ არ გამხდარა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმაც უპირობოდ დადგენილად მიიჩნიეს, რომ მ. ბ-მ დანაშაული ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, რაზეც მიუთითებს მისი ქმედების დამატებით მე-111 მუხლით კვალიფიკაცია, რაც იყო ცალსახა წინაპირობა იმისა, რომ ნაცვლად 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე მას უნდა შეფარდებოდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ზომა არის - 1 წელი.
16. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებელს არ მიუთითებია მსჯავრდებულის მიმართ არსებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის აღუსრულებელ განაჩენსა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის წესზე და სააპელაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ვერ იმსჯელებდა განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამგვარი ინტერპრეტაცია დასაშვებია, თუ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო არ გასცდება მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებს და არ დაარღვევს კანონის იმპერატიულ დანაწესს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ამდენად, კანონი სასამართლოს დისკრეციის სფეროს მიაკუთვნებს იმ საკითხს, საბოლოო სასჯელის განსაზღვრის რომელი წესი გამოიყენოს საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ კანონის იმგვარი განმარტება, რომ, თითქოსდა, სასამართლო თავისი მიხედულებით წყვეტს, განსაზღვროს თუ არა საბოლოო სასჯელი განაჩენთა ერთობლიობის დროს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება აღუსრულებელი განაჩენის არსებობა, არ არის მართებული.
18. სადავოდ არ გამხდარა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო საჯელად განესაზღვრა - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი. დადგენილია, რომ მ. ბ. პენიტენციური დაწესებულებიდან სასჯელის მოხდით გათავისუფლდა 2019 წლის 4 იანვარს, თუმცა განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 1000 ლარი აღუსრულებელია.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენი უნდა შეიცვალოს და მ. ბ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა შეეფარდოს კანონიერი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოო სასჯელი განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რაც სრულად შეესაბამება სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემობებს და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მ. ბ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ განესაზღვროს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. მ. ბ-ს სასჯელის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის მიღების დღიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი