განაჩენი შეიცვალა

სისხლის სამართლის 10.12.2020
საქმის ნომერი
58აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
10.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142220700116023

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №58აგ-20 თბილისი

გ. ი., 58აგ-20 10 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით ი. გ., - დაბადებული … წლის 17 მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3 წლით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

ü სასამართლომ დაადგინა, რომ ი. გ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü 2017 წლის 9 მაისს ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ ი. გ-ს …. დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებების - ,,ბუპრენორფინისა“ და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი.

ü ზემოაღნიშნულ განაჩენს საფუძვლად დაედო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე, რომლითაც ი. გ. ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება).

ü 2016 წლის 27 აგვისტოს ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნით ი. გ-ს ლაბორატორიულად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) მოხმარება.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ი. გ.- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 155 საათით, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლოს შრომა - 155 საათით და ჯარიმა - 831,78 ლარი; მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 6 თვით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 2 წლით - ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

ü სასამართლომ დაადგინა, რომ ი. გ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

ü ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევ ი. გ-ს 2017 წლის 9 ნოემბერს … დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტი.

3. 2020 წლის 8 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ი. გ-მ, რომელმაც ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილების საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილების საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენით ი. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ი. გ. გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, თუმცა უცვლელად დარჩა ი. გ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. გ-მ და მოითხოვა განაჩენის შეცვლა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის № 1/13/732 და 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს როგორც 2017 წლის 18 მაისის, ასევე 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენზე და, ამდენად, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

6. 2020 წლის 6 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა ი. გ-მ, რომლითაც ითხოვს, არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენზე, ვინაიდან 2020 წლის 15 ივნისის დადგენილებით იგი ბრალდებულად არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით, საქმე არსებითად განსახილველად წარმართულია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში და მიღებულია გადაწყვეტილება ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ ი. გ-ს მოთხოვნა მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, რომლის განმეორებით შეტანა დაუშვებელია.

3. ამდენად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოცემულობას, როდესაც, ერთი მხრივ, კასატორმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აცნობიერებს, რომ ეკისრება ვალდებულება, დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებები და ბლანკეტურად არ შეიბოჭოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაშვებული სამართლებრივი შეცდომების გამოსწორებისას.

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე: Marpa Zeeland B.V. and Metal Welding B.V. v. the Netherlands სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის §1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლებმა, რომლებიც დამნაშავედ ცნო რეგიონულმა სასამართლომ, გაასაჩივრეს გადაწყვეტილება, თუმცა მოგვიანებით საჩივარზე განაცხადეს უარი, ვინაიდან გენერალურმა ადვოკატმა დაარწმუნა ისინი, რომ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაციას გასცემდა. მას შემდეგ, რაც ასეთი რეკომენდაცია არ გაიცა, განმცხადებლებმა ახალი საჩივარი შეიტანეს. უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დაუშვებლად ცნო, რადგან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნებმა ფორმალურად უარი განაცხადეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე, რომელიც არ გასაჩივრებულა კანონით განსაზღვრულ ვადაში და, შესაბამისად, იყო საბოლოო.

5. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კონვენციის მე-6 მუხლის §1 არ უზრუნველყოფს გასაჩივრების უფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნები გენერალურმა ადვოკატმა დაარწმუნა, უარი ეთქვათ საჩივარზე, რაც, მათი გაგებით, განაპირობებდა მათთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას. როდესაც სასჯელი არ შემსუბუქდა და მათ საჩივართან დაკავშირებით სამართალწარმოება დასრულდა, მომჩივნები დარჩნენ სასჯელის შემსუბუქებისა და საჩივრის წარდგენის გზით საქმის გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ გარემოებებში მომჩივნებს უარი ეთქვათ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე და მათ ვერ შეძლეს, არსებითი ფორმით ესარგებლათ გასაჩივრების უფლებით. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: Marpa Zeeland B.V. and Metal Welding B.V. v. the Netherlands - 46300/99, §49-50).

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ ექცევა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ საქმის სამართლიანი განხილვის უფლების ფარგლებში, საკასაციო სასამართლო ვერც მოცემულ შემთხვევაში აუვლის გვერდს, შეაფასოს ის მინიმალური გარანტიები, რაც საქმის სამართლიანი განხილვის პირობებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში. კონვენციის მე-6 მუხლის არც ტექსტი და არც მისი სულისკვეთება არ უკრძალავს პირს, საკუთარი ნებით ცალსახად, ან ჩუმი თანხმობის გზით უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე. მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია, რომ იმისათვის, რათა ასეთი უარი კონვენციის მიზნებთან შესაბამისად ჩაითვალოს, ასეთი უარი არ უნდა იძლეოდეს ეჭვის წარმოშობის საფუძველს (უნდა განხორციელდეს არაორაზროვანი ფორმით) და ამ ვითარების დაცვის გარანტიები უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს. უფრო მეტიც, ვიდრე სავარაუდოა, რომ ბრალდებულმა შეიძლება უარი თქვას მე-6 მუხლით გარანტირებულ მნიშვნელოვან უფლებაზე, უნდა გამოჩნდეს, რომ იგი გონივრულად ითვალისწინებდა ამ ქმედების სამართლებრივ შედეგს (შეეძლო მისი ქცევის შედეგების განჭვრეტა) იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე: Hermi v. Italy, §73; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე: Sejdovic v. Italy, § 86).

7. საკასაციო სასამართლომ განსახილველ საქმეში შეაფასა კასატორის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაზე უარი და მიიჩნევს: იმ ვითარებაში, როდესაც აშკარად გამოკვეთილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი ეცლება მის მსჯავრდებას, ხოლო ი. გ., რომელსაც არ ჰყავს ადვოკატი და გონივრულად ვერ ითვალისწინებს მისი ქმედების სამართლებრივ შედეგს, მისივე ფუნდამენტური უფლებების დასაცავად, უარი უნდა ეთქვას საჩივრის განუხილველად დატოვებაზე და საქმის განხილვა უნდა გაგრძელდეს. საკასაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ საქმის განხილვის გაგრძელება ემსახურება საჯარო ინტერესსაც, ვინაიდან კანონის უკუძალით გამოყენების ფუნდამენტური უფლების უგულებელყოფა შესაძლოა, არ იყოს უკანასკნელი და უსამართლობის ჯაჭვი გაგრძელდეს, რადგან თავად ი. გ-ს განცხადებით ირკვევა, რომ ბრალდების საქმეში, სადაც გადაწყვეტილი აქვს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება, სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული მსჯავრდება არის დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება (ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები), რაც პირდაპირ მოახდენს გავლენას მის შემდგომ შესაძლო უკანონო მსჯავრდებაზე.

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. გ. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის და ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვები „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის, ი. გ. გაათავისუფლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

9. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით ი. გ-ს მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით შემდეგი მოტივით: ზემოაღნიშნული განაჩენით ი. გ. მსჯავრდებულია ნარკოტიკული საშუალებების - ,,ბუპრენორფინისა“ და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, რის გამოც მიიჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისათვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, ი. გ-ს მიმართ ვერ გავრცელდება, ვინაიდან მას ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანასთან“ ერთად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ უკანონო მოხმარების ფაქტი.

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილების შესახებ საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელზეც შუამდგომლობაში აპელირებდა ი. გ., სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ი. გ-ს მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენის გადასინჯვის წინაპირობა. სააპელაციო სასამართლომ დასძინა, რომ შუამდგომლობის ავტორს იმის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს დადგენილება ი. გ-ს ადმინისტრაციულსამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გაუქმებულია, არ წარმოუდგენია.

11. სააპელაციო სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებით საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 35-ე პუნქტში მითითებული გარემოებების არარსებობისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ მოხმარებისთვის, რითაც ფაქტობრივად საფუძველი გამოეცალა იმ დანაშაულის შემადგენლობას, რომლისთვისაც ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით მსჯავრი დაედო ი. გ-ს.

12. სააპელაციო სასამართლომ ფორმალური არგუმენტით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 აგვისტოს დადგენილება ი. გ-ს ადმინისტრაციულსამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე გაუქმებულია, უგულებელყო ის აშკარა ფაქტი, რომ ი. გ-ს ქმედებაში (ნარკოტიკული საშუალების განმეორებით უკანონო მოხმარება) გამოკვეთილი აღარ არის დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ერთ-ერთი ელემენტი და, შესაბამისად, მისი მსჯავრდება მოკლებულია მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.

13. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან გამაუქმებელი კანონის უკუძალით გამოყენების კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება ადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და გამაუქმებელი კანონის უკუძალით გავრცელებისთვის კონსტიტუციურ საფუძველს. მართალია, ის არ ბოჭავს ხელისუფლებას ისეთივე აბსოლუტური, უპირობო ვალდებულებით, როგორსაც წარმოადგენს ამავე ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამდგენი ან დამამძიმებელი კანონის უკუძალით გავრცელების აკრძალვა, მაგრამ ნამდვილად დამატებით ზღუდავს სახელმწიფოს თავისუფალი მიხედულების ფარგლებს პრინციპით - არ მოხდეს ადამიანის თავისუფლებაში ჩარევა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ/აღარ არსებობს და იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე ეს ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული ლეგიტიმური მიზნების დასაცავად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II -71).

14. ,,როდესაც ხდება ქმედების დეკრიმინალიზაცია ან სასჯელის შემსუბუქება, საფუძველი ეცლება გარკვეული დროით ადრე ჩადენილი იგივე ქმედებისთვის პასუხისმგებლობის ან უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის დაკისრებას... პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, ამასთან, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II - 64).

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,Nullum crimen, nulla poena sine lege” - კონვენციის მე-7 მუხლში ასახული გარანტია, რომელიც კანონის უზენაესობის არსებითი ელემენტია, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კონვენციის დაცვის სისტემაში, რასაც ხაზი ესმება იმ ფაქტით, რომ მე-15 მუხლი არ უშვებს მისგან გადახვევას, თუნდაც ომის ან ერის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი სხვა გადაუდებელი ვითარებისას. ის უნდა განიმარტოს და შემდეგ მოხდეს მისი შეფარდება მისი ობიექტისა და მიზნის შესაბამისად, იმგვარად, რომ საკმარისი გარანტიები შექმნას თვითნებური ბრალდების, მსჯავრდებისა და დასჯისგან (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებები საქმეებზე: S.W. v. the United Kingdom § 34, სერია A № 335-B, და C.R. v. the United Kingdom § 32, სერია A № 335-C, 2008 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე: Kafkaris v. Cyprus [GC], § 137; 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე: Rohlena v. the Czech Republic [GC], § 50).

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით ი. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მსჯავრდების ძალაში დატოვებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონის უკუძალით გამოყენების ფუნდამენტური უფლება და ეს დარღვევა უპირობოდ უნდა გამოსწორდეს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და ი. გ. უნდა გათავისუფლდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით, 314-ე მუხლის პირველი, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 ივლისის განაჩენი;

3. ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენში და ი. გ. გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

4. ცვლილება შევიდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განაჩენში და ი. გ. გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი