საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100120003506729
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№633აპ-20 ქ. თბილისი
მ–ე ს., 633აპ-20 8 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და ითხოვს მასში ცვლილების შეტანასა და ს. მ–სათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა დაზარალებულების მდგომარეობა, რომელთაც არ ანაზღაურებიათ ზიანი და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი და მისი პირობითად ჩათვლა სასჯელის მიზნების უზრუნველყოფის ნაცვლად წაახალისებს დამნაშავეს, ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილის განაჩენით ს. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 30 მაისის ეპიზოდი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ს. მ.-სს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. მ–მ ჩაიდინა საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 30 მაისს ა-ს რაიონის სოფელ ვ–ში არსებული სოფლის სასაფლაოდან ს. მ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჟ. ბ–ის გარდაცვლილი ნათესავების - გ. მ–ისა და გ. გ–ის საფლავების ალუმინის დეტალებს, რომლებიც 90 ლარად ჩააბარა ქ. ა–ში, .......ის ქუჩაზე მდებარე ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, რითაც ჟ. ბ–ს მიაყენა ქონებრივი და მორალური ზიანი.
- 2019 წლის 6 ივნისს ..........ის რაიონის სოფელ ...........ში არსებული სოფლის სასაფლაოდან ს. მ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფ. მ–ის გარდაცვლილი შვილის - ც. მ–ის, ნ. მ–ის გარდაცვლილი ნათესავების - ა. მ–ის, მისი მეუღლის - კ. (ე–ე) ..............ისა და გ. კ–ის გარდაცვლილი მამის - ა. კ–ის საფლავების ალუმინის დეტალებს, რომლებიც 112 ლარად ჩააბარა ქ. ............ში, ........ის ქუჩაზე მდებარე ფერადი ლითონების მიმღებ პუნქტში, რითაც დაზარალებულებს მიაყენა ქონებრივი და მორალური ზიანი.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიშვილმა, რომელიც ითხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას ს. მ–თვის სასჯელის დამძიმების კუთხით.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 8 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფ მართლმსაჯულებას) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ს. მ-ს სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით, რომლის გამკაცრება და რეალურად მოხდა სასჯელის მიზნების მისაღწევად მოცემულ შემთხვევაში არ არის აუცილებელი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს ან/და აანაზღაუროს ზიანი, წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კახაბერ ლეკიშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი